გენერალური კონფერენცია
მე მწამს ანგელოზების
2020 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მე მწამს ანგელოზების

უფალმა მუდამ იცის იმ გამოწვევების შესახებ, რომლების წინაშეც დგახართ. იგი გიცნობთ თქვენ, მას უყვარხართ და გპირდებით, რომ იგი გამოგიგზავნით ანგელოზებს დასახმარებლად.

დებო და ძმებო, მე მწამს ანგელოზების და მინდა, გაგიზიაროთ ჩემი მათთან დაკავშირებული გამოცდილება. და მე ვლოცულობ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამოვიცნობთ ანგელოზების მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში.

აი უხუცეს ჯეფრი ჰოლანდის სიტყვები ბოლო გენერალური კონფერენციიდან: „როცა ვსაუბრობთ მათზე, ვინც ღვთის ხელში იარაღს წარმოადგენს, ჩვენ გვახსენებენ, რომ ყველა ანგელოზი არ არის საბურველის მეორე მხარეს. ზოგიერთ მათგანთან ერთად ჩვენ დავდივართ და ვსაუბრობთ - აქ, ახლა, ყოველ დღე. ზოგი ჩვენს სამეზობლოში ცხოვრობს. … მართლაც, ცა არასდროს არ გვეჩვენება ისე ახლოს, როგორც მაშინ, როცა ჩვენ ვხედავთ ღმერთის სიყვარულს, რომელიც ვლინდება ისეთი კარგი და სუფთა ადამიანების სიკეთესა და ერთგულებაში, რომ მხოლოდ ერთი სიტყვით შეამკობთ მათ: ანგელოზები “ („The Ministry of Angels,” Liahona, Nov. 2008, 30).

ზუსტად საბურველის ამ მხარეს მყოფ ანგელოზებზე მინდა გესაუბროთ. ანგელოზები, რომლებიც ყოველდღე ჩვენ შორის ტრიალებენ, გვახსენებენ ღვთის ჩვენ მიმართ სიყვარულის შესახებ.

პირველი ანგელოზები, რომლებიც მინდა ვახსენო, ორი მისიონერი დაა, რომლებმაც მასწავლეს სახარება, როცა ახალგაზრდა მამაკაცი ვიყავი. ესენი იყვნენ და ვილმა მოლინა და და ივონეტ რივიტი. მე უმცროს დასთან ერთად დამპატიჟეს ეკლესიის ღონისძიებაზე, სადაც ეს ორი ანგელოზი გავიცანით. ვერც კი წარმოვიდგენდი, როგორ შეცვლიდა ეს უბრალო ღონისძიება ჩვენს ცხოვრებას.

ჩემს მშობლებსა და და-ძმას იმ დროს არ აინტერესებდათ ეკლესია. მათ ისიც კი არ უნდოდათ, ჩვენს სახლში მისიონერები რომ მიეღოთ, ასე რომ მე მისიონერებს ეკლესიის შენობაში ვხვდებოდი. ეს პატარა ოთახი სამლოცველოში ჩემს „წმინდა ტყედ“ იქცა.

გამოსახულება
ახალგაზრდა უხუცესი გოდოი დასთან ერთად

ერთი თვის შემდეგ, რაც ამ ანგელოზებმა სახარებას მაზიარეს, მე მოვინათლე. 16 წლის ვიყავი მაშინ. სამწუხაროდ, სურათი იმ წმინდა მოვლენიდან არ მაქვს, მაგრამ მაქვს ჩემი დისა და ჩემი ერთობლივი სურათი იმ ღონისძიებიდან. უნდა აგიხსნათ, ვინ ვინ არის ამ სურათში. ის, მარჯვნივ რომ დგას, უფრო მაღალი - მე ვარ.

ადვილი წარმოსადგენია, რა რთული იყო მოზარდისთვის, დარჩენილიყო აქტიური ეკლესიაში; მას ცხოვრების სტილი უნდა შეეცვალა, მისი ოჯახი კი სულ სხვა გზით მიდიოდა.

როცა ვცდილობდი, მოვრგებოდი ახალ ცხოვრებას, კულტურას, მეგობრებს - უადგილოდ ვგრძნობდი თავს. მრავალჯერ მარტოდ და იმედგაცრუებულად მიგრძვნია თავი. მე ვიცოდი, რომ ეკლესია ჭეშმარიტია, მაგრამ მიჭირდა, მის ნაწილად მეგრძნო თავი. მიუხედავად იმისა, რომ არაკომფორტულად და გაურკვევლად ვგრძნობდი თავს, მეყო გამბედაობა მონაწილეობა მიმეღო სამდღიან ახალგაზრდების კონფერენციაში, რომელიც ჩემი აზრით, დამეხმარებოდა ახალი მეგობრების შეძენაში. და ამ დროს კიდევ ერთი მხსნელი ანგელოზი შემხვდა, სახელად მონიკა ბრანდაო.

გამოსახულება
და გოდოი

იგი იმ რაიონში ახალი იყო, ბრაზილიის სხვა ნაწილიდან გადმოვიდა იქ საცხოვრებლად. მან მალევე მიიპყრო ჩემი ყურადღება და ჩემდა საბედნიეროდ, დამიმეგობრდა. ვფიქრობ, ის უფრო ჩემს შინაგანს ხედავდა, ვიდრე გარეგანს.

მან თავისი მეგობრები გამაცნო, რომლებიც ჩემი მეგობრებიც გახდნენ, რადგან მე ახალგაზრდების მრავალ ღონისძიებაში ვიღებდი მონაწილეობას. ამ ღონისძიებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი ინტეგრირებისთვის ახალ ცხოვრებაში.

გამოსახულება
უხუცეს გოდოის მეგობრები

ამ კარგ მეგობრებმა დიდი ცვლილება შემოიტანეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ის, რომ ჩემს სახლში ოჯახის წევრების თანადგომით სახარება არ ისწავლებოდა, რისკის ქვეშ აყენებდა ჩემი მოქცევის პროცესს. ჩემი სახარებასთან ურთიერთქმედება ეკლესიაში კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდა ჩემს მოქცევაში. და ამ დროს უფალმა დასახმარებლად კიდევ ორი ანგელოზი გამომიგზავნა.

ერთ-ერთი მათგანი იყო ლედა ვეტორი, ჩემი დილის სემინარიის მასწავლებელი. მისი სიყვარულისა და შთამაგონებელი გაკვეთილების მეშვეობით მე ვიღებდი „ღვთის კეთილი სიტყვის“ დღის ნორმას (მორონი 6:4), რომელიც ასე ძალიან მჭრდებოდა ცხოვრებაში. ეს დამეხმარა, მიმეღო სულიერი ძალა, რათა გამეგრძელებინა გზა.

კიდევ ერთი ანგელოზი, რომელიც დასახმარებლად გამომიგზავნეს, იყო ახალგაზრდა მამაკაცების პრეზიდენტი, მარკო ანტონიო ფუსკო. იგი ასევე მომამაგრეს, ყოფილიყო შინა მასწავლებლის პროგრამის უფროსი მეწყვილე. მიუხედავად ჩემი გამოუცდელობისა და განსხვავებული გარეგნობის, იგი მაძლევდა დავალებებს, მესწავლებინა სამღვდელოების ქვორუმების შეკრებებსა და შინა მასწავლებლის ვიზიტების დროს. მან მომცა შანსი, მემოქმედა, მესწავლა სახარება და არა უბრალოდ ვყოფილიყავი მისი დამკვირვებელი. იგი იმაზე მეტად მენდობოდა, ვიდრე მე ვენდობოდი საკუთარ თავს.

ყველა ამ ანგელოზისა და მრავალ სხვათა წყალობით, რომლებიც ცხოვრების იმ მნიშვნელოვან წლებში შემხვდნენ, მე საკმარისი ძალა მივიღე იმისთვის, რომ დავრჩენილიყავი აღთქმის გზაზე, როცა ჭეშმარიტების სულიერი მოწმობა მივიღე.

და სხვათაშორის, ის ახალგაზრდა გოგო, მონიკა. მას შემდეგ, რაც ორივემ მისიაში ვიმსახურეთ, ის ჩემი მეუღლე გახდა.

არ მგონია, რომ კარგი მეგობრები, საეკლესიო ვალდებულებები და ღვთის კეთილი სიტყვით კვება, რაც ამ პროცესის ნაწილი იყო, დამთხვევა ყოფილიყო. პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლი გვასწავლიდა: „არ არის ადვილი, გადმოხვიდე ამ ეკლესიაში. ეს ნიშნავს ძველი კავშირების მოჭრას. ეს ნიშნავს მეგობრების მიტოვებას. ეს შეიძლება ნიშნავდეს სანუკვარი რწმენის გვერდზე გაწევას. ეს შეიძლება მოითხოვდეს ჩვევების შეცვლას და მადის დაძლევას. ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს ნიშნავს მარტოობას და შეუცნობელის შიშს. მოქცეულს, ცხოვრების ამ რთულ პერიოდებში, უნდა კვებავდნენ და აძლიერებდნენ“ (“There Must Be Messengers,” Ensign, Oct. 1987, 5).

მოგვიანებით მან ასევე გვასწავლა: „ყოველ მათგანს ესაჭიროება სამი რამ: მეგობარი, ვალდებულება და „ღვთის კეთილი სიტყვით“ კვება“ (“Converts and Young Men,” Ensign, May 1997, 47).

რატომ გიზიარებთ ამ გამოცდილებას?

პირველ რიგში იმიტომ, რომ მივუძღვნა ეს გზავნილი მათ, ვინც ამჟამად მსგავს პროცესს გადის. იქნებ ახალმოქცეული ხართ, ან დაბრუნდით ეკლესიაში მას შემდეგ, რაც გარკვეული დროის განმავლობაში გზააბნეული დადიოდით ან უბრალოდ გიჭირთ ახალ პირობებზე მორგება. გთხოვთ, არ დაყაროთ ფარ-ხმალი თქვენს მცდელობებში, გახდეთ ამ დიდი ოჯახის ნაწილი. ეს არის ქრისტეს წმინდა სიყვარული!

როცა საქმე ეხება თქვენს ბედნიერებასა და ხსნას, ყოველთვის ღირს მცდელობების გაგრძელება. ღირს, ეცადო, მოარგო შენი ცხოვრების სტილი და ტრადიციები. უფალმა მუდამ იცის იმ გამოწვევების შესახებ, რომლების წინაშეც დგახართ. იგი გიცნობთ, მას უყვარხართ და გპირდებით, რომ გამოგიგზავნით ანგელოზებს დასახმარებლად.

მხსნელმა თქვა: „მე ვივლი თქვენ წინ“. მე ვიქნები თქვენ მარჯვნივ და მარცხნივ, ჩემი სული იქნება თქვენს [გულებში] და ჩემი ანგელოზები -- თქვენ გარშემო, რათა მხარში, ამოგიდგნენ. (მოძღვრება და აღთქმები 84:88).

ჩემი გამოცდილების გაზიარების მეორე მიზანია - გზავნილი ეკლესიის ყველა წევრს - ყოველ ჩვენგანს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არ არის უბრალო ახალმოქცეულებისთვის, დაბრუნებული მეგობრებისთვის და მათთვის, ვისაც განსხვავებული ცხოვრების სტილი აქვთ, მომენტალურად მოერგონ ახალ გარემოს. უფალმა ყოველთვის იცის იმ გამოწვევების შესახებ, რომლების წინაშეც ისინი დგანან და იგი ეძებს ანგელოზებს თქვენს დასახმარებლად. უფალი ყოველთვის ეძებს მოსურნე მოხალისეებს, რომლებიც სხვების ცხოვებაში შეასრულებენ ანგელოზების როლს.

დებო და ძმებო, გსურთ, იყოთ იარაღი უფლის ხელში? გსურთ, იყოთ ერთ-ერთი ასეთი ანგელოზი? იყოთ ღვთის დესპანი, საბურველის ამ მხარეს, ვინმესთვის, ვისზეც იგი დარდობს? თქვენ მას სჭირდებით. თქვენ მათ სჭირდებით!

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, მისიონერების იმედი გვქონდეს. ისინი ყოველთვის მზად არიან, იყვნენ ანგელოზის საქმის შემსრულებელთა პირველ რიგებში. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

თუ ყურადღებით მიიხედ-მოიხედებით, თქვენ იპოვით მრავალს, ვისაც ანგელოზის დახმარება ესაჭიროება. ეს ადამიანები შეიძლება არ არიან თეთრი პერანგებით, კაბებით ან სხვა სტანდარტული საეკლესიო სამოსით. ისინი შესაძლოა მარტო სხედან, სამლოცველოსა თუ საკლასო ოთახის უკანა რიგში, ზოგჯერ ისეთი გრძნობა აქვთ, რომ ისინი უხილავები არიან. იქნებ მათი ვარცხნილობა ცოტა ექსტრემალურია ან განსხვავებული ლექსიკონი აქვთ, მაგრამ ისინი იქ არიან და ცდილობენ.

ზოგი შეიძლება ფიქრობს: „უნდა ვიარო აქ? უნდა ვეცადო? სხვები შეიძლება ფიქრობენ, დადგება თუ არა ის დღე, როცა მათ მიიღებენ და შეიყვარებენ. ანგელოზები საჭირონი არიან, ახლავე; ანგელოზები, რომლებიც მზად არიან, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან და მოეხვიონ მათ; „ისეთი კარგი და სუფთა [ადამიანები], რომ მხოლოდ ერთი სიტყვით შეამკობთ მათ: ანგელოზები “ (ჯეფრი რ. ჰოლანდი, “The Ministry of Angels,” 30).

დებო და ძმებო, მე მწამს ანგელოზების. ჩვენ ყველანი აქ ვართ, ანგელოზთა უზარმაზარი ჯარი ხელდასხმულია ამ უკანასკნელი დღეებისთვის, სხვებისთვის მსახურებისთვის და ისინი მოსიყვარულე შემქმნელის ხელების გაგრძელებაა. მე გპირდებით, რომ თუ მსახურების სურვილი გვაქვს, უფალი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ მზრუნველი ანგელოზები. მან იცის, ვის სჭირდება ანგელოზთა დახმარება და იგი გზად გამოგვიგზავნის მათ. უფალი ყოველდღე გვიგზავნის მათ, ვისაც ანგელოზების დახმარება სჭირდებათ.

მე ისეთი მადლიერი ვარ იმ მრავალი ანგელოზებისა, რომლებსაც უფალი ცხოვრების გზაზე მომივლენდა. მე ისინი მჭირდებოდნენ. ისეთი მადლიერი ვარ მისი სახარებისთვის, რომელიც გვეხმარება, შევიცვალოთ და გვაძლევს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებას.

ეს სიყვარულის, მსახურების სახარებაა. მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა