2010-2019
ახლა არის დრო
ოქტომბერი, 2018 წ.


ახლა არის დრო

თუ თქვენ რაიმეს გადახედვა გსურთ ცხოვრებაში, ახლა არის ამის დრო.

რამდენიმე წლის წინ, როცა საქმიანი მოგზაურობისთვის ვემზადებოდი, მკერდის არეში ტკივილი ვიგრძენი. ჩემი მეუღლე შეწუხდა და გადაწყვიტა, ჩემთან ერთად წამოსულიყო. პირველივე რეისზე ტკივილი ისე გაძლიერდა, რომ სუნთქვა მიჭირდა. როცა დავეშვით, აეროპორტიდან ადგილობრივ საავადმყოფოში წავედით, სადაც სხვადასხვა გასინჯვის შემდეგ ექიმმა-პრაქტიკანტმა გვითხრა, რომ შეგვეძლო უსაფრთხოდ გაგვეგრძელებინა ფრენა.

ჩვენ ისევ დავბრუნდით აეროპორტში და შემდეგი რეისის თვითმფრინავში ჩავსხედით. დაშვებისას მფრინავმა ინტერკომით ჩემი გვარი გამოაცხადა და ითხოვა, ვინაობა განმეცხადებინა. ჩვენთან ბორტგამცილებელი მოვიდა და გვითხრა, რომ თვითმფრინავში სასწრაფო ზარი შემოვიდა და აეროპორტში მე გადაუდებელი დახმარების მანქანა მელოდებოდა, რომელიც საავადმყოფოში გადამიყვანდა.

ჩვენ გადაუდებელი დახმარების მანქანით ადგილობრივ სასწრაფო დახმარების ოთახში გაგვაქციეს. იქ ჩვენ ორი აღელვებული ექიმი დაგვხდა, რომლებმაც აგვიხსნეს, რომ არასწორი დიაგნოზი დამისვეს. მე პულმონარული ემბოლიზმი მქონდა ანუ ფილტვში თრომბი, რაც გადაუდებელ ჩარევას საჭიროებდა. ექიმებმა გვითხრეს, რომ მრავალი პაციენტისთვის ეს სასიკვდილო დიაგნოზია. იცოდნენ რა, რომ ვიყავით შორს სახლიდან და შეიძლება არ ვიყავით მზად ცხოვრების ამგვარი ცვლილებისთვის, ექიმებმა გვითხრეს, რომ თუ ჩვენს ცხოვრებაში რამე გადასაწყვეტი იყო - ახლა იყო ამის დრო.

კარგად მახსოვს, როგორ წამიერად შეიცვალა ჩემი მთლიანი ხედვა იმ მომენტში. ის, რაც რამდენიმე წუთის წინ ასეთი მნიშვნელოვანი მეჩვენებოდა, ახლა აღარ წარმოადგენდა დიდ ინტერესს. გონება გამექცა ამა ცხოვრების კომფორტსა და საზრუნავისგან მარადიული პერსპექტივისკენ - ოჯახი, შვილები, მეუღლე და საბოლოოდ, ჩემი ცხოვრების შეფასება.

როგორ ვიქცეოდით როგორც ოჯახი და როგორც ცალკეული პირები? ვცხოვრობდით კი აღთქმების თანახმად, რომლებიც დავდეთ ან ხომ არ გავუცრუეთ მოლოდინი უფალს; იქნებ უნებლიედ დავრთეთ ნება მიწიერს, გადაიტანოს ჩვენი ყურადღება იქიდან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია?

მე გიწვევთ, მიაქციოთ ყურადღება მნიშვნელოვან გაკვეთილს, რომელიც ამ შემთხვევამ მასწავლა: დაიხიეთ უკან მიწიერისგან და შეაფასეთ თქვენი ცხოვრება. თუ თქვენს ცხოვრებაში არის რაღაც, რაც ყურადღების მიქცევას საჭიროებს, ახლა არის ამის დრო.

ჩვენი ცხოვრების შეფასება

ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციის სიჭარბის დროში, სადაც დომინირებს ყურადღების გაფანტვა და ეს უფრო და უფრო ართულებს იმას, რომ გავერკვიოთ ამაქვეყნიურ არეულობაში და მთელი ყურადღება გადავიტანოთ იმაზე, რასაც მარადიული ღირებულება აქვს. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ყურადღების წარმტაცი სათაურების იერიშის ქვეშაა და ყოველივე ეს მოგვეწოდება სწრაფად ცვლილებადი ტექნოლოგიების მეშვეობით.

თუ არ შევჩერდებით და არ დავფიქრდებით, შეიძლება ვერც გავიაზროთ ის გავლენა, რომელსაც ეს აჩქარებული გარემო ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და არჩევანზე. შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ცხოვრება შთაინთქა ინფორმაციით, რომელიც შეფუთულია მიმებში, ვიდეორგოლებში და ბდღვრიალა სათაურებში. მიუხედავად იმისა, რომ არის საინტერესო და გასართობი, ამას მეტ წილად არაფერი არ აკავშირებს ჩვენს მარადიულ პროგრესთან და იმავე დროს ეს ახდენს ჩვენი მიწიერი გამოცდილების შეხედულებების ფორმირებას.

ეს სიტყვიერი ყურადღების მისაპყრობები უნდა შევადაროთ ლეხის სიზმარს. როცა ჩვენ აღთქმულ გზაზე წარმატებით მივაბიჯებთ და ხელით მაგრად ვართ ჩაჭიდებული რკინის მოაჯირზე, ჩვენ გვესმის და ვხედავთ მათ, ვინც დიდი შენობიდან „დასცინიან და თითს იშვერენ“ (1 ნეფი 8:27). შეიძლება ამას შეგნებულად არ ვაკეთებთ, მაგრამ ზოგჯერ ვჩერდებით და გადაგვაქვს ყურადღება იმაზე, რაც იწვევს ამ მღელვარებას. ზოგმა შეიძლება ხელიც გაუშვას იმ რკინის მოაჯირს და უფრო ახლოს მივიდეს, რათა უკეთ დაინახოს, რა ხდება. სხვებმა შეიძლება საერთოდ გადაუხვიონ გზას „მათ გამო, ვინც დასცინოდნენ“(1 ნეფი 8:28).

მხსნელი გვაფრთხილებდა: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები … სიცოცხლეზე ზრუნვით“ლუკა 21:34 თანამედროვე გამოცხადება გვახსენებს, რომ ბევრია მოწოდებული, მაგრამ რჩეული ცოტაა. ისინი არ არიან რჩეულნი, „რადგან გული მიმართული აქვთ ამქვეყნიურისკენ და მიისწრაფიან ადამიანური პატივისკენ“(მოძღვრება და აღთქმები 121:35); იხ. ასევე მუხლი 34). ჩვენი ცხოვრების შეფასება გვაძლევს საშუალებას, დავიხიოთ უკან ამასოფლისგან, დავფიქრდეთ იმაზე, სად ვდგავართ აღთქმულ გზაზე და საჭიროებისამებრ, დავრწმუნდეთ, რომ ხელი გვაქვს მტკიცედ ჩაჭიდებული და მზერა მიპყრობილი.

ბოლო დროს ახალგაზრდებისთვის ჩატარებულ პროგრამაში პრეზიდენტმა ნელსონმა მოუწოდა ახალგაზრდებს, უკან დაეხიათ ამასოფლიდან, მოშორებოდნენ სოციალურ მედიას შვიდ დღიანი მარხვის ჩატარებით. და გუშინ საღამოს, ქალთა სესიაზე, მან მიმართა დებს მსგავსი მოწვევით. შემდეგ მან სთხოვა, შეენიშნათ ცვლილებები მათ გრძნობებში, აზროვნებაში და აზროვნების სტილშიც კი. ამის შემდეგ მან შესთავაზა, „გულდასმით შეეფასებინათ თავიანთი ცხოვრება უფალთან… რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მყარად იდგნენ აღთქმულ გზაზე“. მან შეაგულიანა ისინი, რომ თუ მათ ცხოვრებაში იყო რაიმე, რაც მოითხოვდა ცვლილებებს, „დღეს იყო ამისათვის საუკეთესო დრო“.1

როცა ვაფასებთ იმას, რაც ჩვენს ცოხვრებაში მოითხოვს ცვლილებას, ჩვენ შეიძლება დავუსვათ საკუთარ თავს პრაქტიკული კითხვა: როგორ დავდგეთ ამქვეყნიურზე მაღლა, რაც გვიფანტავს ყურადღებას, და დავრჩეთ ჩვენ წინაშე მარადისობის ხილვაზე მზერამიპყრობილნი.

2007 წ. კონფერენციაზე პრეზიდენტმა დალინ ჰ. ოუქსმა თავის მიმართვაში სათაურით“კარგი, უკეთესი, საუკეთესო“, გვასწავლიდა, როგორ უნდა დავაყენოთ პრიორიტეტები მიწიერი მოთხოვნილებების მრავალფეროვნებაში. მან მოგვცა რჩევა: „ჩვენ უნდა დავთმოთ ზოგი რამ, თუნდაც კარგი, რათა ავირჩიოთ უკეთესი ან საუკეთესო, რადგან ამით ვითარდება იესო ქრისტეს მიმართ რწმენა და ძლიერდება ჩვენი ოჯახები.“2

ნება მიბოძეთ, ვივარაუდო, რომ ყოველივე საუკეთესო ამ ცხოვრებაში მოქცეულია იესო ქრისტესა და მარადიული ჭეშმარიტების ანუ იმის ირგვლივ, ვინ არის იგი და ვინ ვართ ჩვენ მასთან ურთიერთობაში.

ეძიეთ ჭეშმარიტება

როცა ვეძიებთ, შევიცნოთ მხსნელი, ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს ფუნდამენტალური ჭეშმარიტება იმაზე, ვინ ვართ და რატომ ვართ აქ. ამულეკი გვახსენებს, რომ „ეს ცხოვრება არის დრო … ადამიანისთვის, მოემზადოს ღმერთთან შესახვედრად“, დიახ, დრო, რომელიც გვეძლევა მარადისობისთვის მოსამზადებლად“ (ალმა 34:32–33). როგორც გვახსენებს კარგად ცნობილი აქსიომა, „ჩვენ არ ვართ მიწიერი არსებები სულიერი გამოცდილებით. ჩვენ ვართ სულიერი არსებები მიწიერი გამოცდილებით“.3

მარადიული წინსვლისთვის აუცილებელია ჩვენი ღვთიური წარმოშობის გააზრება და ეს გაგვანთავისუფლებს იმ მიწიერი მომენტებისგან, რომლებიც გვიფანტავს ყურადღებას. მხსნელმა გვასწავლა:

„თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ“

„შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“იოანე 8:31-32).

პრეზიდენმა ჯოზეფ ფ. სმითმა განაცხადა: „კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა ამ სამყაროში იქნება მის მიერ ღვთაებრივი ჭეშმარიტების გააზრება, თანაც იმდენად ზედმიწევნით და სრულყოფილად, რომ ამ სამყაროში ვერც ერთმა არსებამ ან მისმა საქციელმა ვერ შეძლოს, ზურგი შეაქცევინოს მას მიღწეულ ცოდნაზე“.4

დღეს მსოფლიოში ჭეშმარიტების გამო არსებულმა დებატებმა პიკს მიაღწია. ყოველი მხარე ამტკიცებს ჭეშმარიტებას ისე, თითქოს ეს იყოს ინდივიდუალური ინტერპრეტაციისთვის დაშვებული შეფარდებითი კონცეფცია. ახალგაზრდა ბიჭმა, ჯოზეფ სმითმა, აღმოაჩინა, რომ „იმდენად დიდი იყი დაბნეულობა და უთანხმოება“ მის ცხოვრებაში, რომ შეუძლებელი იყო … რაიმე დასკვნის გაკეთება იმაზე, ვინ მართალი იყო და ვინ მტყუანი“(ჯოზეფ სმით - ისტორია 1:8). ზუსტად „სიტყვათა ომისა და აზრთა შფოთვის შუაგულში ეძია იგი ღვთიურ მითითებას ჭეშმარიტების ძიებაში (ჯოზეფ სმით - ისტორია 1:10).

აპრილის კონფერენციაზე პრეზიდენტი ნელსონი გვასწავლიდა: „თუ გვინდა, ვიქონიოთ რაიმე იმედი იმისა, რომ გავცხრილოთ მილიონობით ხმა და ადამიანთა ფილოსოფია, რომელიც უტევს ჭეშმარიტებას, ჩვენ უნდა ვისწავლოთ გამოცხადების მიღება“.5 ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჭეშმარიტების სულზე დაყრდნობა, „რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას“.იოანე 14:17).

იმ დროს, როცა მსოფლიო სწრაფად გადაერთვება ალტერნატიულ რეალობებზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს იაკობის სიტყვები: „სული ლაპარაკობს ჭეშმარიტებას და არ ცრუობს. ამიტომ, ის ლაპარაკობს ყველაფერზე, როგორც სინამდვილეში არის და ყველაფერზე, რაც ნამდვილად იქნება; ამიტომ ეს ყველაფერი გამოგვეცხადა ნათლად ჩვენი სულების გადასარჩენად“(იაკობი 4:13).

როცა ჩვენ ამასოფლისგან უკან დავიხიეთ და ჩვენი ცხოვრება შევაფასეთ, დადგა დრო, დავფიქრდეთ იმაზე, რა უნდა შევცვალოთ. ჩვენ შეგვიძლია დიდი იმედი ვიქონიოთ იმაზედ, რომ ჩვენი მაგალითი, იესო ქრისტე, კიდევ ერთხელ გაგვიძღვება წინ. სანამ გარდაიცვლებოდა და აღდგებოდა, იგი ეხმარებოდა მის ირგვლივ მყოფთ, გაეგოთ მისი ღვთიური როლი; იგი ახსენებდა მათ: „რომ მშვიდობა გქონდეთ ჩემში“. სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“ (იოანე 16:33). მე ამაზე ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. Russell M. Nelson, “Hope of Israel” (worldwide youth devotional, June 3, 2018), hopeofisrael.lds.org.

  2. დალინ ჰ. ოუქსი, “კარგი, უკეთესი, საუკეთსო,” Liahona, ნოემბერი 2007, გვ.107.

  3. Often attributed to Pierre Teilhard de Chardin.

  4. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith(1998), 42.

  5. Russell M. Nelson, “Revelation for the Church, Revelation for Our Lives,” Liahona, May 2018, 96.