2010-2019
მამაზეციერი
ოქტომბერი, 2018 წ.


მამაზეციერი

ყოველ ჩვენგანს აქვს იმის პოტენციალი, რომ დავემსგავსოთ მამას. საამისოდ ჩვენ უნდა თაყვანი ვცეთ მამას, ძის სახელით.

მთელი თავისი ცხოვრება ჩემი მეუღლე, მელინდა, მთელი გულით ცდილობდა, ყოფილიყო ქრისტეს ერთგული მოწაფე. მაგრამ ახალგაზრდობაში იგი თვლიდა, რომ არ იყო ღირსი მამაზეციერის სიყვარულისა და დალოცვების, რადგან სწორად არ ესმოდა საკუთარი ბუნება. საბედნიეროდ, მელინდა აგრძელებდა მცნებების დაცვას, მიუხედავად სევდისა, რომელსაც გრძნობდა. რამდენიმე წლის წინ, გარკვეული მოვლენების გამო, მან უკეთ გაიგო ღმერთის ბუნება, მისი სიყვარული თავისი შვილებისადმი და მადლიერება ჩვენი თუნდაც არასრულყოფილი მცდელობებისთვის, შევასრულოთ მისი საქმე.

იგი გვიხსნის, რა გავლენა მოახდინა ამან მასზე: „ახლა ვგრძნობ, რომ მამაზეციერის გეგმა მუშაობს, რომ მას პირადად მიუძღვის წვლილი ჩვენს წარმატებებში და რომ იგი გვაწვდის იმ გაკვეთილებსა და მოვლენებს, რომლებიც გვჭირდება მასთან დასაბრუნებლად. ახლა საკუთარ თავსა და სხვებს უფრო ღმერთის თვალით ვხედავ. ახლა უფრო უშიშარი და მოსიყვარულე მშობელი, მასწავლებელი და მსახური ვარ. მღელვარებისა და დაუცველობის ნაცვლად ვგრძნობ სიმშვიდესა და ნდობას. განსჯის ნაცვლად მხარდაჭერას ვგრძნობ. ჩემი რწმენა უფრო მტკიცეა. უფრო ხშირად და ღრმად ვგრძნობ მამაზეციერის სიყვარულს“.1

მამაზეციერის ბუნებაზე, სრულყოფილებაზე და დამახასიათებელ თვისებებზე სწორი წარმოდგენა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოვამჟღავნოთ ამაღლებისთვის საკმარისი რწმენა.2 მამაზეციერის ბუნების სწორად აღქმას შეუძლია შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე და სხვებზე, დაგვეხმაროს, გავიგოთ ღმერთის უზარმაზარი სიყვარული თავისი შვილების მიმართ და მისი დიდი სურვილი, დაგვეხმაროს ჩვენ, დავემსგავსოთ მას. მისი ბუნების არასწორ აღქმას შეუძლია დაგვიტოვოს იმის გრძნობა, რომ ვერასდროს ვერ შევძლებთ უკან, მის გარემოცვაში დაბრუნებას.

ჩემი მიზანია, გასწავლოთ დღეს ძირითადი დოქტრინალური პრინციპები მამაზეციერის შესახებ, რაც დაეხმარება ყოველ ჩვენგანს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ეჭვი ეპარება იმაში, რომ ღმერთს ისინი უყვარს, უკეთ გაიგონ მისი ჭეშმარიტი ბუნება და გამოამჟღავნონ უფრო დიდი რწმენა მისი, მისი ძისა და მისი გეგმის მიმართ.

წინამიწიერი ცხოვრება

წინამიწიერ სამყაროში ჩვენ დავიბადეთ, როგორც ზეციური მშობლების სულები და ერთ ოჯახად ვცხოვრობდით მათთან.3 ისინი გვიცნობდნენ ჩვენ, გვასწავლიდნენ და ჩვენ მათ ვუყვარდით.4 ჩვენ ძალიან გვინდოდა, დავმსგავსებოდით მამაზეციერს. თუმცა ვიცოდით, რომ ამისთვის უნდა გაგვეკეთებინა შემდეგი:

  1. მიგვეღო დიდებული, უკვდავი ფიზიკური სხეული;5

  2. დავქორწინებულიყავით და შეგვექმნა ოჯახი სამღვდელოების ჩაბეჭდვის ძალით;6 და

  3. მიგვეღო სრული ცოდნა, ძალა და ღვთიური თვისებები.7

შესაბამისად, მამაზეციერმა შექმნა გეგმა, რომლის თანახმადაც გარკვეული პირობების დაცვით8 უნდა მიგვეღო ფიზიკური სხეული, რომელიც გახდებოდა უკვდავი და განდიდდებოდა აღდგომისას; დავქორწინებულიყავით და შეგვექმნა ამ მიწიერ ცხოვრებაში ოჯახი; ისინი კი, ვისაც არ ჰქონდა ამის საშუალება და იყვნენ ერთგულნი, ამას შეძლებენ მიწიერი ცხოვრების შემდეგ;9 სრულყოფილებისკენ წინსვლა და საბოლოო ჯამში ჩვენს ზეციურ მშობლებთან დაბრუნება და მათთან ოჯახებით ცხოვრება განდიდებულ მდგომარეობაში, მარადიულ ბედნიერებაში.10

წმინდა წერილი ამას უწოდებს ხსნის გეგმას.11 ჩვენ იმდენად გაგვიხარდა ეს გეგმა, როცა იგი წარმოგვიდგინეს, რომ სიხარულისგან ვყვიროდით.12 ყოველმა ჩვენგანმა მიიღო ამ გეგმის პირობები, მიწიერი ცხოვრების სირთულეებისა და გამოცდილების მიღების ჩათვლით, რაც დაგვეხმარებოდა ღვთიური თვისებების განვითარებაში.13

მიწიერი ცხოვრება

მიწიერ ცხოვრებაში მამაზეციერი უზრუნველყოფს ჩვენთვის ისეთ პირობებს, რომლებიც გვჭირდება მისი გეგმის ფარგლებში წინსვლისთვის. მამაზეციერმა იესო ხორციელად მოავლინა14 და გაუწია მას ღვთიური დახმარება მიწიერი მისიის შესასრულებლად. მამაზეციერი ყოველ ჩვენგანსაც დაეხმარება, თუკი ვეცდებით, დავიცვათ მისი მცნებები.15 მამაზეციერი გვაძლევს თავისუფალ არჩევანს.16 ჩვენი სიცოცხლე მის ხელშია და „ჩვენი დღეები ცნობილია და მათ არაფერი არ მოაკლდება“.17 და იგი გვარწმუნებს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მათ სასიკეთოდ მოგვარდება, ვისაც იგი უყრვარს.18

მამაზეციერი გვაწვდის არსობის პურს,19 რაშიც იგულისხმება როგორც საკვები, ისე ძალა, რომელიც გვჭირდება მისი მცნებების დასაცავად.20 მამაზეციერი გვაძლევს კარგ ძღვენს.21 მას ესმის ჩვენი ლოცვები და პასუხობს მათ.22 მამაზეციერი გვიხსნის ბოროტისგან, როცა ჩვენ ამის ნებას ვრთავთ.23 იგი ტირის ჩვენ გამო, როცა ვიტანჯებით.24 საბოლოო ჯამში, ყველა ჩვენი დალოცვა მოდის მამაზეციერისგან.25

მამაზეციერი წინ მიგვიძღვის და გვიქმნის პირობებს, გამომდინარე ჩვენი ძალიდან, სისუსტეებიდან და არჩევანიდან, რათა კარგი ნაყოფი მოვუტანოთ.26 მამაზეციერი გვსჯის, როცა საჭიროა, რადგან ვუყვარვართ მას.27 იგი არის „რჩევის მამა“28 რომელიც მოგვცემს რჩევას, თუკი ვთხოვთ მას.29

მამაზეციერი გვიგზავნის ცხოვრებაში სულიწმინდის ძღვენსა და გავლენას.30 სულიწმინდის ძღვენის მეშვეობით ჩვენში შეიძლება სუფევდეს დიდება ანუ მამაზეციერის გონება, ნათელი და ძალა.31 თუ ვეცდებით, გავზარდოთ ჩვენში სინათლე და ჭეშმარიტება იქამდე, სანამ თვალს არ გავუსწორებთ ღმერთის დიდებას, მამაზეციერი გამოგვიგზავნის დაპირების სულიწმინდას, რათა ჩაგვბეჭდოს მარადიული ცხოვრებისთვის და გაგვიმხილოს თავისი სახე ამ ცხოვრებასა თუ მომავალში.32

მიწიერი ცხოვრების შემდგომი ცხოვრება

მიწიერი ცხოვრების შემდგომ, სულების სამყაროში, მამაზეციერი აგრძელებს სულიწმინდის ჩვენზე გადმოღვრას და აგზავნის მისიონერებს მათთან, ვისაც სჭირდება სახარება. იგი პასუხობს ლოცვებს და ეხმარება მათ, ვისაც ესაჭიროება ჩანაცვლებითი გადარჩენის წეს-ჩვეულებები.33

მამაზეციერმა აღზარდა იესო და მისცა მას ძალა, მოევლინა აღდგომა,34 რისი მეშვეობითაც ჩვენ მივიღებთ უკვდავ სხეულს. მხსნელის გამოსყიდვასა და აღდგომას ჩვენ მივყავართ უკან, მამაზეციერის გარემოცვაში, სადაც იესო ქრისტე განგვსჯის.35

ისინი, ვისაც იმედი აქვთ „წმინდა მესიის დამსახურებებისა და მოწყალების, ასევე წყალობისა“36 მიიღებენ მამის მსგავს დიდებულ სხეულებს37 და იქნებიან მასთან „უსასრულო ბედნიერების მდგომარეობაში“.38 იქ, მამაზეციერი მოგვწმენდს ყოველ ცრემლს39 და დაგვეხმარება ჩვენს მოგზაურობაში, დავემსგავსოთ მას.

როგორც ხედავთ, მამაზეციერი ყოველთვის მზადაა ჩვენთვის.40

მამაზეციერის ბუნება

იმისთვის, რომ დავემსგავსოთ მამას, ჩვენ უნდა განვავითაროთ მისი ბუნების თვისებები. მამაზეციერის სრულყოფილება და თვისებები მოიცავს შემდეგს:

  • მამაზეციერი არის „უსასრულობა და მარადისობა“41

  • იგი სრულყოფილია თავის სამართლიანობაში, მოწყალებაში, სიკეთეში და მოთმინებაში და სურს ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო.42

  • მამაზეციერი სიყვარულია.43

  • იგი იცავს თავის აღთქმებს44

  • იგი უცვლელია.45

  • იგი არ ცრუობს.46

  • მამაზეციერი მიუკერძოებელია.47

  • მან იცის ყოველივე - წარსული, აწმყო და მომავალი, დასაბამიდან.48

  • მამაზეციერი იმაზე გონიერია,49 ვიდრე ჩვენ ყველანი50.

  • მამაზეციერს აქვს ყოველივე ძალა51 და ასრულებს ყველაფერს, რაც გულში აქვს.52

დებო და ძმებო, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ და დავეყრდნოთ მამაზეციერს. მამაზეციერი, თავისი მარადიული ხედვით, ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. მისი სიხარული, საქმე და დიდება მოახდენს ჩვენს უკვდავებასა და ამაღლებას.53 ყოველივე, რასაც იგი აკეთებს, ჩვენს სასარგებლოდაა. მას „ჩვენზე მეტად სურს [ჩვენი] მარადიული ბედნიერება“.54 და იგი „არ მოითხოვს ჩვენგან, ერთი წამის განმავლობაშიც კი, ავიტანოთ იმაზე მეტი სირთულე, ვიდრე საჭიროა ჩვენი ან ჩვენი საყვარელი ადამიანების სასარგებლოდ“.55 ამის შედეგად იგი იმის ნაცვლად, რომ განგვსაჯოს და განგვკიცხოს, ყველანაირად ცდილობს, დაგვეხმაროს წინსვლაში.56

მამაზეციერზე დამსგავსება

ჩვენ, როგორც მამაზეციერის სულიერ ვაჟებსა და ასულებს, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ დავემსგავსოთ მამას. საამისოდ ჩვენ უნდა თაყვანი ვცეთ მამას, ძის სახელით.57 ჩვენ ამას ვაკეთებთ, ვცდილობთ რა, ვიყოთ მამის ნების მორჩილნი, როგორც მხსნელი იყო,58 და მუდმივი მონანიებით.59 როცა ასე ვიქცევით, ჩვენ „ვიღებთ მადლს მადლისთვის, სანამ მივიღებთ მამის სისრულისგან60 და არ შევიმოსებით „მისი ბუნებით, სრულყოფილებითა და თვისებებით“.61

როცა ამხელა მანძილია მათ შორის, რა ვართ მიწიერ ცხოვრებაში და რა არის მამაზეციერი, არ არის საკვირველი, რომ ზოგიერთი გრძნობს, რომ მამაზეციერზე მსგავსება მიუღწეველია. მიუხედავად ამისა, წმინდა წერილი ნათელია. თუ ჩვენ მივეკვრებით ქრისტეს რწმენაში, მოვინანიებთ და ვეძიებთ ღვთის მადლს მორჩილებით, საბოლოო ჯამში ჩვენ დავემსგავსებით მამას. ჩემთვის დიდად დამამშვიდებელია ის ფაქტი, რომ ვინც ცდილობს, იყოს მორჩილი, მიიღებს მადლს მადლისთვის“ და საბოლოო ჯამში, „მიიღებს“ მისი სისავსიდან“.62 სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩვენ დამოუკიდებლად ვერ შევძლებთ იმას, რომ დავემსგავსოთ მამაზეციერს.63 ეს მოვა მადლის ზოგჯერ დიდი, ზოგჯერ კი პატარა ძღვენის მეშვეობით, რაც ერთმანეთზე დაიდება იქამდე, სანამ არ მივიღებთ სისავსეს. მაგრამ, დებო და ძმებო, ეს მოვა!

მე გიწვევთ, დაიჯეროთ, რომ მამაზეციერმა იცის, როგორ აგამაღლოთ; ეძიეთ მის ყოველდღიურ დახმარებას; იარეთ წინ ქრისტეში რწმენით, მაშინაც კი, როცა ვერ გრძნობთ ღმერთის სიყვარულს.

ჩვენ ბევრი რამ არ გვესმის იმის შესახებ, როგორ დავემსგავსოთ მამაზეციერს.64 მაგრამ მე მტკიცედ ვმოწმობ, რომ მცდელობა, დავემსგავსოთ მამაზეციერს ყოველი მსხვერპლის ღირსია.65 ეს მსხვერპლი მიწიერ ცხოვრებაში, როგორი დიდებულიც არ უნდა იყოს, ვერანაირად ვერ შეედრება იმ სიხარულს, ბედნიერებასა და სიყვარულს, რომელსაც ვიგრძნობთ ღმერთის გარემოცვაში.66 თუ გიჭირთ იმის დაჯერება, რომ მსხვერპლი, რომლის გაღებასაც გთხოვენ, ამად ღირს, თქვენ მხსნელი მოგმართავთ: „თქვენ ჯერ არ გესმით, რაოდენ დიდია დალოცვები, რომლებიც … მოგიმზადათ მამამ; … თქვენ ყოველივეს ახლა ვერ აიტანთ; მაგრამ, მხნედ იყავით, რადგან წინ გაგიძღვებით“.67

მე ვმოწმობ, რომ მამაზეციერს უყვარხართ და მას სურს, კვლავ იცხოვროთ მასთან. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.