2010-2019
დაჭრილნი
ოქტომბერი, 2018 წ.


დაჭრილნი

მიწიერი განსაცდელების წნეხში მოთმინებით იარეთ წინ და მხსნელის განკურნების ძალა მოგიტანთ სინათლეს, გაგებას, სიმშვიდესა და იმედს.

2016 წ. 22 მარტს, დილის 8 საათისკენ, ორი ტერორისტული ბომბი აფეთქდა ბრუსელის აეროპორტში. უხუცესებს რიჩარდ ნორბის, მეისონ უელსსა და ჯოზეფ ემფის ამ დროს მიჰყავდათ და ფანი ქლეინი ბრიუსელის აეროპორტში. გოგონა კლივლენდში, ოჰაიოში უნდა გაფრენილოყო მისიაში. ოცდათორმეტი ადამიანი გარდაიცვალა, ყველა მისიონერმა ჭრილობები მიიღო.

ყველაზე მძიმედ მისიონერთა შორის 66 წლის უხუცესი რიჩარდ ნორბი დაიჭრა. იგი მეუღლესთან, და პამ ნორბისთან, ერთად მსახურობდა.

უხუცესი რიჩარდ ნორბი იხსენებს იმ მომენტს:

„მაშინვე მივხვდი, რა მოხდა.

„ვეცადე, გავქცეულიყავი უსაფრთხოების მიზნით, მაგრამ იმწუთასვე დავეცი … ვხდედავდი, რომ მარცხენა ფეხი საშინელ მდგომარეობაში მქონდა. შევნიშნე შავი, ობობას ქსელის მაგვარი ჭვარტლი, რომელიც ორივე ხელზე მქონდა ჩამოკიდული. მე ფრთხილად მოვკიდე მას ხელი და მივხვდი, რომ ის ჭვარტლი კი არა, დამწვარი კანი იყო. თეთრი პერანგი უფრო და უფრო წითელი ხდებოდა ზურგზე მიღებული დაზიანების გამო.

„როცა გონებაში კარგად გავიაზრე მომხდარი, ისეთი ძლიერი აზრი მომივიდა თავში, … მხსნელმა იცოდა, სად ვიყავი, რა მოხდა და რას ვგრძნობდი იმ მომენტში“.1

რიჩარდ ნორბი ინდუცირებულ კომაში.

რიჩარდ ნორბის და მის მეუღლეს წინ რთული დღეები ჰქონდათ: ინდუცირებული კომა, შემდეგ ოპერაციები, ინფექციები და დიდი გაურკვევლობა.

რიჩარდ ნორბი გადარჩა, მაგრამ მისი ცხოვრება არასდროს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ორნახევარი წლის შემდეგ მას ჭრილობები ჯერ კიდევ უხორცდება; ფეხი ნაწილობრივ პროთეზირებული აქვს; ყოველი ნაბიჯი განსხვავდება იმისგან, რაც ბრუსელის აეროპორტში მისვლამდე იყო.

რიჩარდი და პემ ნორბი

რატომ უნდა დამართოდა ეს რიჩარდ და პემ ნორბის?2 ისინი აღთქმების ერთგულნი იყვნენ, ამ მისიამდე სპილოს ძვლის სანაპიროზე მსახურობდნენ მისიაში და შესანიშნავი ოჯახი ჰყავდათ. ზოგი გაგებით იტყვის: „ეს უსამართლობაა! ეს ასე არ უნდა იყოს! ისინი ცხოვრებას ქრისტეს სახარებას სწირავდნენ; ეს როგორ უნდა დამართოდათ“?

ეს მიწიერი ცხოვრებაა.

ტრაგედიები, მოულოდნელი გამოცდები და განსაცდელები - ფიზიკური თუ სულიერი, ყოველ ჩვენგანს ეწვევა, უბრალოდ სხვადასხვა სცენარით, რადგან ეს მიწიერი ცხოვრებაა.

როცა ვფიქრობდი კონფერენციის ამ სესიაზე გამომსვლელებზე ამ დილით, უცებ გამახსენდა, რომ ორს შვილი, სამს კი შვილიშვილი მოულოდნელად დაუბრუნდა ზეციურ სახლში. ავადმყოფობას და მწუხარებას არავინ არ დაუზოგავს და როგორც უკვე ითქვა, ამ კვირაში მიწიერი ანგელოზი, რომელიც ყველას გვიყვარს - და ბარბარა ბალარდი, საბურველის მეორე მხარეს გადავიდა. პრეზიდენტო ბალარდ, არ დავივიწყებთ თქვენს ამ დილანდელ მოწმობას.

ჩვენ ვეძებთ ბედნიერებას. ჩვენ გვსურს მშვიდობა. სიყვარულის იმედი გვაქს. უფალი უხვად გადმოღვრის ჩვენზე საოცარ კურთხევებს. მაგრამ სიხარულსა და ბედნიერებას ყოველთვის თან ახლავს ერთი გარდაუვალი რამ: იქნება მომენტები, საათები, დღეები და ზოგჯერ წლები, როცა სულს ჭრილობას მიაყენებენ.

წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენ ვიგემებთ მწარესა და ტკბილს3 და „ყველაფერს ექნება თავისი საპირისპირო“.4 იესომ თქვა: “[თქვენს მამაზეციერს] მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს.”5

სულის ჭრილობები არ არის მდიდრებისთვის ან ღარიბებისთვის, ერთი კულტურისთვის, ერისთვის ან თაობისთვის დამახასიათბელი მოვლენა. ისინი ყველას ეწვევა და მიწიერ ცხვორებასთან დაკავშირებული სწავლის პროცესის ნაწილია.

მართალი არ არის ბოროტებაზე აცრილი

ჩემი დღევანდელი გზავნილი განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც იცავს ღმერთის მცნებებს, ასრულებს ღმერთისადმი მიცემულ სიტყვას და ნორბის ოჯახის ან სხვა ამ საერთაშორისო აუდიტორიის კაცების, ქალებისა თუ ბავშვების მსგავსად, აღმოჩნდნენ მოულოდნელი მტკივნეული სირთულეებისა და გასაჭირის წინაშე.

ჩვენი ჭრილობა შეიძლება გამოწვეული იყოს სტიქიითა ან უბედური შემთხვევით. მოღალატე მეუღლის გამო, რომელიც თავდაყირა დააყენებს მართალ მეუღლესა და შვილებს. ჭრილობები შეიძლება გაჩნდეს დეპრესიის სიბნელისა და წყვდიადის, მოულოდნელი ავადმყოფობის, საყვარელი ადამიანის ტანჯვის ან მოულოდნელი სიკვდილის, ოჯახის წევრის მიერ რწმენის დაკარგვის ან სიმარტოვის გამო, როცა პირობები არ გვიწყობს ხელს მარადიული თანამგზავრის პოვნაში და ასობით სხვა, გულისგამგმირავი, მტკივნეული, თვალით შეუმჩნეველი [მწუხარებისგან]“.6

ჩვენ ყველას გვესმის, რომ სირთულეები ცხოვრების ნაწილია, მაგრამ როცა ისინი პირადად ჩვენ გვიჩნდება, შეიძლება სუნთქვა შეგვეკრას. ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ოღონდ განგაშის გარეშე. პეტრე მოციქულმა თქვა: „ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი, თითქოს უცხო რამ დაგმართოდეთ.”7 მამაზეციერის გეგმის ქსოვილში ბედნიერებისა და სიხარულის კაშკაშა ფერებთან ერთად ჩაქსოვილია ტრაგედიისა და განსაცდელის მუქი ფერებიც. ასეთი სირთულეები ხშირად ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელი ხდება.8

როცა ვყვებით ჰელამანის 2 060 ახალგაზრდა ჯარისკაცის ამბავს, ჩვენ გვიყვარს ამ ამონარიდის წაკითხვა წმინდა წერილიდან: „ღმერთის მადლითა და ჩვენ გასაოცრად, ასევე მთელი ჩვენი ჯარის გასაკვირად, არც ერთი სული არ დაღუპულა“.

მაგრამ წინადადება გრძელდება: „არ ყოფილა მათ შორის არც ერთი სული, რომელსაც არ მიეღო მრავალი ჭრილობა“.9 2 060 კაციდან ყოველმა მათგანმა მრავალი ჭრილობა მიიღო და ყოველი ჩვენგანიც ცხოვრების ბრძოლაში მიიღებს ფიზიკურ, სულიერ ან ორივენაირ ჭღილობას.

იექო ქრისტე ჩვენი კეთილი სამარიელია

არასდროს არ დანებდეთ; როგორი ღრმაც არ უნდა იყოს თქვენი სულის ჭღილობები, ვინც არ უნდა მოგაყენონ ისინი და როდისაც არ უნდა დაგჭრან და რაოდენ დიდხანს თუ ცოტა ხანს არ უნდა გაგრძელდეს ეს, თქვენ არ გიწერიათ სულიერი სიკვდილი. თქვენ სულიერად უნდა გადარჩეთ, იცხოვროთ, გაიზარდოთ რწმენაში და ენდოთ ღმერთს.

ღმერთმა იმისთვის არ შექმნა ჩვენი სულები, რომ მისგან დამოუკიდებლები ვიყოთ. ჩვენი უფალი და მხსნელი, იესო ქრისტე, თავისი განუზომელი გამოსყიდვის ძღვენით, არა მხოლოდ სიკვდილისგან გვიხსნის და გვთავაზობს, მონანიების მეშვეობით, ჩვენი ცოდვების მიტევებას, არამედ მზადაა, გვიხსნას დაჭრილი სულის ტკივილისა და მწუხარებისგან.10

გულმოწყალე სამარიელი

მხსნელი ჩვენი კეთილი სამარიელია,11 იგი „გულშემუსვრილთა განსაკურნებლად“ მოავლინეს“.12 იგი მოდის ჩვენთან მაშინ, როცა სხვები გვერდს აგვივლიან. იგი თანაგრძნობით სამკურნალო ბალზამს გვისმევს ჭრილობებზე და გვიხვევს მათ. იგი ხელით გვატარებს. მას ვედარდებით. იგი გვიხმობს: „მოდით ჩემთან … და განგკურნავთ“13

„და იესო … აიტანს ყოველგვარ ტკივილს, ტანჯვასა და ცდუნებას; … რათა … შეძლოს თავისი ხალხის … ტკივილისა და ავადმყოფობის საკუთარ თავზე აღება“.14

მოდით, გულნატკენო ხალხო, იქიდან, სადაც მძიმედ შრომობთ;

მოდით შეწყალების ტახტთან, მგზნებარედ დაიჩოქეთ.

აქ მოიტანეთ დაჭრილი გული; აქ მოგვიყევით თქვენი ტანჯვა.

არ არსებობს დედამიწაზე ისეთი მწუხარება, რომლის განკურნება ზეცას არ შეეძლოს.15

აუტანელი ტანჯვის დროს უფალმა უთხრა წინასწარმეტყველ ჯოზეფს: „ყოველივე ეს შენთვის გამოცდილება იქნება და იქნება შენს სასარგებლოდ“.16 როგორ შეიძლება, მტკივნეული ჭრილობები ჩვენთვის სასარგებლო იყოს? მიწიერი განსაცდელების წნეხში მოთმინებით იარეთ წინ და მხსნელის განკურნების ძალა მოგიტანთ სინათლეს, გაგებას, სიმშვიდესა და იმედს.17

არასდროს არ დაყაროთ ფარ-ხმალი

ილოცეთ მთელი გულით. გააძლიერეთ თქვენი რწმენა იესო ქრისტეში, იწამეთ მისი რეალობა და მადლი. ჩაეჭიდეთ მის სიტყვებს: უძლურობაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“.18

გახსოვდეთ, მონანიება ძლიერი სულიერი წამალია.19 დაიცავით მცნებები და იყავით ღირსნი ნუგეშისმცემლისა. გახსოვდეთ მხსნელის დაპირება: „ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან“.20

ტაძრის სიმშვიდე დაჭრილი სულისთვის დამაამებელი ბალზამია. დაბრუნდით უფლის სახლში დაჭრილი გულითა და ოჯახის წევრების სახელებით რაც შეიძლება ხშირად. ტაძარი ასახავს მარადისობის დიდ სცენაზე ჩვენი მიწიერი ცხოვრების მოკლე მომენტებს.21

უკან გაიხედეთ და გაიხსენეთ, რომ წინამიწიერ ცხოვრებაში თქვენ დაამტკიცეთ თქვენი ღირსება. თქვენ ხართ ღმერთის ღირებული შვილი და მისი დახმარებით თქვენ გაიმარჯვებთ ამ დაცემული სამყაროს ბრძოლებში. თქვენ ეს აქამდე გაგიკეთებიათ და ახლაც შეგიძლიათ, გააკეთოთ.

წინ იყურეთ. თქვენი მწუხარება და გასაჭირი ძალიან რეალურია, მაგრამ არა მარადიული.22 ბნელი ღამე ჩაივლის, რადგან „ძე … აღსდგა და კურნება მოაქვს ფრთებზე“23

ორივე ნორბიმ მითხრა:„გულგატეხილობა კი მოდის შემთხვევის ადგილის მოსანახულებლად, მაგრამ მას არ ეძლევა დარჩენის უფლება“.24 პავლე მოციქულმა თქვა: “შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი; შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი; დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი; გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.25 შეიძლება ძალა გამოგეცალოთ, მაგრამ არ დაყაროთ ფარ-ხმალი.26

მაშინაც კი, როცა საკუთარი მტკივნეული ჭღილობები გექნებათ, თქვენ ინსტინქტურად სხვებს გაუწევთ დახმარების ხელს, ენდობით რა მხსნელის დაპირებას: „რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს სულს, ის ჰპოვებს მას“.27 დაჭრილები, რომლებიც სხვების ჭრილობებს უვლიან, ღვთის ანგელოზნი არიან დედამიწაზე.

სულ რამდენიმე მომენტში ჩვენ მოვუსმენთ ჩვენს საყვარელ წინასწარმეტყველს, პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონს, ადამიანს უშიშარი რწმენით იესო ქრისტეში, იმედისა და მშვიდობის კაცს, ღვთის რჩეულს, თუმცა იგიც როდია დაზღვეული სულის ჭრილობებისგან.

1995 წ.მისი ქალიშვილი, ემილი, ბავშვს ელოდებოდა, როცა მას სიმსივნე აღმოაჩნდა. როცა ჯანმრთელი ბავშვი დაიბადა, ემილის იმედისა და ბედნიერების დღეები ჰქონდა. მაგრამ სიმსივნე კვლავ დაუბრუნდა და მათი საყვარელი ემილი გამოესალმა სიცოცხლეს. იგი 37 წლის გახდა და ორი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მას დარჩა მოსიყვარულე მეუღლე და ხუთი პატარა შვილი.

პრეზიდენტ ნელსონის გამოსვლა 1995 წ.

გენერალურ კონფერენციაზე, სულ მალე ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ, უხუცესი ნელსონი გამოტყდა: „მწუხარების ცრემლებს ვღვრიდი და თან ვნანობდი, რომ მეტის გაკეთება ვერ შევძელით ჩვენი ქალიშვილისთის. … მე რომ აღდგომის ძალა მქონოდა, ალბათ ვერ გავუძლებდი ცდუნებას და მკვდრეთით აღვადგენდი მას. … [მაგრამ] იესო ქრისტეს აქვს ეს გასაღებები და გამოიყენებს მათ ემილისთვის … და ყოველი ადამიანისთვის უფლის დროს“.28

პრეზიდენტ ნელსონი პუერტო რიკოში

გასულ თვეს, როცა პრეზიდენტი ნელსონი პუერტო რიკოში წმინდანებთან სტუმრობდა, მან გაიხსენა დამანგრეველი ქარიშხალი. სიყვარულითა და თანაგრძნობით იგი ამბობდა:

„[ეს] ცხოვრების ნაწილია. ამიტომაც ვართ აქ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მივიღოთ სხეული, გავიაროთ და ჩავაბაროთ გამოცდები. ზოგიერთი ეს გამოცდა ფიზიკურს ეხება, ზოგი - სულიერს და თქვენი განსაცდელები აქ როგორც ფიზიკური, ისე სულიერია“.29

„თქვენ არ დაგიყრიათ ფარ-ხმალი. ჩვენ ისე ვამაყობთ თქვენით. თქვენმა წმინდანებმა ბევრი რამ დაკარგეს, მაგრამ ყოველივე ამით თქვენ გააძლიერეთ რწმენა უფალ იესო ქრისტეში“.30

„ღვთის მცნებების დაცვით ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ სიხარული მაშინაც კი, როცა ყველაზე საშინელ ვითარებაში ვიმყოფებით“.31

ყოველი ცრემლი მოიწმინდება

ჩემო დებო და ძმებო, მე გპირდებით, რომ რაც უფრო გააძლიერებთ თქვენს რწმენას უფალ იესო ქრისტეში, მით უფრო გაიზრდება თქვენი ძალა და იმედი. მართალი, სულის მკურნალი, თავის დროსა და თავისი ხერხით, განკურნავს ყოველ თქვენს ჭრილობას.32 არანაირი უსამართლობა, დევნა, განსაცდელი, მწუხარება, გულისტკივილი, ტანჯვა, ჭრილობა - როგორი ღრმა, დიდი და მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის, არ დარჩება მისი ნუგეშის, სიმშვიდისა და იმედის გარეშე, რომელიც გაშლილი მკლავებით და ჭრილობებით ხელებზე მოგვესალმება მის გარემოცვაში დაბრუნებისას. იმ დღეს, როგორც ამას მოწმობს იოანე მოციქული, მართალნი, „დიდი გასაჭირიდან მოსულნი,”33 დადგებიან „თეთრი სამოსლით შემოსილები… ღვთის ტახტის წინ.” კრავი „იქნება [ჩვენ] შორის და … ღმერთი მოწმენდს [ჩვენ] თვალთაგან ყველა ცრემლს “.34 ეს დღე მოვა. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. პირადი საუბარი, 26 იანვარი, 2018 წ.

  2. ამის წინ რიჩარდ ნორბიმ საუბარში მითხრა: „ჩვენ ვპასუხობთ იმას, რაც გვეძლევა“. მისი დღიურიდან: „გამოცდები და სირთულეები, რომლების წინაშეც ყოველი ჩვენგანი აღმოჩნდება, გვაძლევენ საშუალებას, უკეთ გავიცნოთ მხსნელი და უფრო ღრმად გავიგოთ მისი გამოსყიდვის მსხვერპლი. ჩვენ მას ვეყრდნობით. ჩვენ მას ვეძიებთ. ჩვენ მასზე ვართ დამოკიდებულნი. ჩვენ მას ვენდობით. ჩვენ იგი მთელი გულით გვიყვარს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. მხსნელმა დაფარა ყოველი ფიზიკური და ემოციური ტკივილი, რაც მიწიერი მდგომარეობის ნაწილია. იგი ჩვენს ტკივილს იღებს. იგი შთანთქავს ჩვენს მწუხარებას“.

  3. იხ. მოძღვრება და აღთქმები 29:39.

  4. 2 ნეფი 2:11.

  5. მათე 5:45.

  6. “Lord, I Would Follow Thee,” Hymns, no. 220.

  7. 1 პეტრე 4:12.

  8. „ჩვენ გამოვცდით მათ, რათა დავინახოთ, შეასრულებენ ისინი თუ არა ყველაფერს, რასაც მათ უფალი, მათი ღმერთი, უბრძანებს“ (აბრაამი 3:25; იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 101:4-5).

  9. ალმა 57:25.

  10. პირადი მიმოწერიდან მეგობართან: „დაახლოებით ხუთწლიან ბრძოლას ემოციური ‘სხვადასხვაგვარი სიბნელითა და წყვდიადით მიჰყავხარ შენი შესაძლებლობების, რწემისა და მოთმინების კიდემდე. ‘ტანჯვის’ დღეების შემდეგ დაქანცული ხარ. ‘ტანჯვის’ დღეების შემდეგ დაქანცული ხარ. ‘ტანჯვის’ თვეების შემდეგ დაქანცული ხარ. წლების ‘ტანჯვის’ შემდეგ ურიგდებით იმას, რომ არასდროს არ შეიცვლებით უკეთესობისკენ. იმედი ხდება ყველაზე ძვირფასი და მიუწვდომელი ძღვენი. მოკლედ რომ ვთქვათ, არ ვიცი, როგორ გამოვიდოდი ამ გასაჭირიდან, რომ არა [მხსნელი]. ეს ერთადერთი ახსნაა. მე ვერ აგიხსნით, საიდან ვიცი ეს, მაგრამ ვიცი. მისი წყალობით, მე გამოვედი იმ გასაჭირიდან“.

  11. იხ. ლუკა 10:30-35.

  12. ლუკა 4:18; იხ. ასევე ესაია 61:1.

  13. 3 ნეფი 18:32.

  14. ალმა 7:11-12 „იგი ყველაზე დაბლა ჩამოვიდა და ამით ყოველივე შეიცნო” (მოძღვრება და აღთქმები 88:6).

  15. “მოდით, მოდით, წმინდანებო,” საგალობლები, გვ. 115.

  16. მოძღვრება და აღთქმები 122:7.

  17. „შენ იცი ღვთის სიდიადე; და იგი შენს ტანჯვას შენს სასარგებლოდ გადააქცევს“ (2 ნეფი 2:2). „მე ვიცი, რომ ვინც ღმერთს მიენდობა, გასაჭირში, სირთულეებში და ტანჯვაში დახმარებას მიიღებს და უკანასკნელ დღეს ამაღლდება“ (ალმა 36:3).

  18. იხ.2 კორინთელთა 12:9.

  19. See Neil L. Andersen, “The Joy of Becoming Clean,” Ensign, Apr. 1995, 50–53.

  20. იოანე 14:18.

  21. „თუ მხოლოდ ამქვეყნად გვაქვს ქრისტეს იმედი, ჩვენ ყველაზე საცოდავები ვართ“(1 კორინთლთა 15:19).

  22. მორმონის წიგნის პირველ მუხლში ნეფი გვიხსნის: „ვიხილე რა მრავალი გაჭირვება ჩემს დღეებში“ (1 ნეფი 1:1). მოგვიანებით, ნეფი ამბობს: „მე ღმერთს შევცქეროდი და ვადიდებდი მას მთელი დღის განმავლობაში და ჩემი გაჭირვების გამო არ ვბუზღუნებდი.“(1 ნეფი 18:16).

  23. 3 ნეფი 25:2.

  24. პირადი საუბარი, 26 იანვარი, 2018 წ.

  25. 2 კორინთლთა 4:8–9.

  26. პრეზიდენტ ჰიუ ბ. ბრაუნს ისრაელში ყოფნისას ჰკითხეს, რატომ უბრძანეს აბრაამს შვილის მსხვერპლად გაღება. ამის პასუხად მან თქვა: „აბრაამს უნდა რაღაც შეეტყო აბრაამის შესახებ“ (in Truman G. Madsen, Joseph Smith the Prophet [1989], 93).

  27. მათე 16:25.

  28. Russell M. Nelson, “Children of the Covenant,” Ensign, May 1995, 32.

  29. Russell M. Nelson, in Jason Swensen, “Better Days Are Ahead for the People of Puerto Rico,” Church News, Sept. 9, 2018, 4.

  30. Russell M. Nelson, in Swensen, “Better Days Are Ahead,” 3.

  31. Russell M. Nelson, in Swensen, “Better Days Are Ahead,” 4.

  32. იხ.რასელ ნელსონი, “Jesus Christ—the Master Healer,” Liahona, Nov. 2005, 85-88.

  33. გამოცხადება 7:14.

  34. იხ. გამოცხადება 17:13, 15, 17.