შერიგების მსახურება
მე ვმოწმობ იმ სულიერ სიმშვიდეზე, რომელიც მოვა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგების გზით, თუკი ვიქნებით მორჩილნი და საკმარისად გაბედულნი, მივყვეთ ყოველივე ამას.
აპრილში პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა წარმოგვიდგინა მზრუნველობის კონცეფცია როგორც ერთ-ერთი ხერხი იმისა, რომ დავიცვათ დიდი მცნება - გვიყვარდეს ღმერთი და ერთმანეთი.1 ჩვენ, როგორც ეკლესიის სხვადასხვა წოდებებზე მყოფი პირები, ღიად გიკრავთ ტაშს და გილოცავთ იმ უზარმაზარ გამოძახილს, რომელიც მოჰყვა ამ საქმეს. მადლობას გიხდით, რომ მიჰყვებით ჩვენს საყვარელ წინასწარმეტყველს ამ შესანიშნავ მცდელობაში და გირჩევთ, აღარ დაელოდოთ ამაზე მეტ მითითებებს. უბრალოდ ჩახტით აუზში და გაცურეთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანების დასახმარებლად. აიღეთ გეზი გასაჭირში მყოფთ მიმართ. ნუ შეყოვნდებით იმის გამო, რომ გადაწყვიტოთ, ზურგზე უნდა გაცუროთ თუ ძაღლის სტილში. თუ ჩვენ მივყვებით იმ ძირითად პრინციპებს, რომლებიც გვასწავლეს, მაშინ უნდა გავუთანაბრდეთ სამღვდელოების გასაღებებს და ვეძიოთ სულიწმინდა, რათა წინ გაგვიძღვეს იგი და არ დავმარცხდეთ.
ამ დილით მსურს, ვისაუბრო მსახურების კიდევ უფრო პირად ასპექტზე, რომელიც არ ხდება დავალებით, არ მოითხოვს კალენდარულ გასაუბრებას და რომელზედაც ანგარიშს ვაბარებთ არა მიწიერ, არამედ ზეციურ განზომილებაში. მოდით, გაგიზიარებთ ასეთი მსახურების სულ უბრალო მაგალითს.
გრანტ მორელ ბოუენი იყო ძალიან მშრომელი, კარგი მეუღლე და მამა, რომელიც იმ სხვა ადამიანებთან ერთად, ვინც მიწას ამუშავებენ, სირთულის წინაშე დგებოდა, როცა კარტოფილის მოსავალი არ იყო. იგი მეუღლესთან, ნორმასთან, ერთად გადავიდა სხვა ქალაქში საცხოვრებლად. მათ შეიცვალაეს საქმიანობა და დაიწყეს ეკონომიკური კეთილდღეობისკენ აღმავალ გზაზე სიარული. თუმცა, ერთხელ, სატაძრო რეკომენდაციის გასაუბრების დროს, ძმა ბოუენს ძალიან ატკინეს გული, როცა ეპისკოპოსი სკეპტიკურად გამოეხმაურა მორელის განცხადებას, რომ იგი მეათედის სრული გადამხდელი იყო.
მე არ ვიცი, ამ ორი ადამიანიდან რომელს ჰქონდა უფრო ზუსტი ინფორმაცია, მაგრამ ვიცი, რომ და ბოუენი გამოვიდა იმ გასაუბრებიდან სატაძრო რეკომენდაციით ხელში, ძმა ბოუენი კი ისეთი გაბრაზებული გამოვიდა, რომ 15 წლის განმავლობაში ფეხი არ მოუდგამს ეკლესიაში.
არ აქვს მნიშვნელობა იმას, ამ ორიდან რომელი იყი მაშინ მართალი, ცხადია, რომ მორელმაც და ეპისკოპოსმაც დაივიწყეს მხსნელის მითითება „შეურიგდი შენს მეტოქეს სასწრაფოდ“2 და პავლე მოციქულის რჩვევა „მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“.3 ფაქტია ის, რომ ისინი ვერ შეთანხმდნენ და ძმა ბოუენის სიბრაზის მზე არ ჩასულა თავიდან დღეების, შემდეგ კი კვირებისა და წლების განმავლობაში და ეს ამტკიცებს ერთ-ერთ ძველ რომაელთა ბრძენის სიტყვებს, რომელმაც თქვა: „წყრომა, თუ მას არ შეიკავებ, ხშირად იმაზე უფრო დამაზიანებელია, ვიდრე მისგანვე მიყენებული ჭრილობა“.4 მაგრამ შერისგების სასწაული ყოველთვის მისაწვდომია ჩვენთვის და თავისი ოჯახის სიყვარულის გამო, ასევე ეკლესიისა, რომელიც მან იცოდა, იყო ჭეშმარიტი, მორელ ბოუენი დაბრუნდა ეკლესიაში. მოდით, მოგიყვებით, როგორ მოხდა ეს.
ძმა ბოუენის ვაჟი, ბრედი, ჩვენი კარგი მეგობარია და სამოცდაათიანელთა ქვორუმის თავდადებული წევრი აიდაჰოს სამხრეთში. ბრედი იმ არასასიამოვნო შემთხვევის დროს 11 წლის იყო და 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდა, როგორ გადაუხვია მამამ რელიგიის ერთგულების გზიდან. მოიმკა წყრომისა და გაუგებრობის მოსავალი. რაღაც უნდა მოემოქმედათ. ასე რომ, როცა 1977 წ. მადლიერების დღე დადგა, 26 წლის ბრედი, ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის სტუდენტი, მისი მეუღლე ვალერი და პატარა ვაჟი, მიკი, ჩასხდნენ თავიანთ სტუდენტურ მანქანაში და ცუდი ამინდის მიუხედავად მონტანაში, ბილინგში, გაემგზავრნენ. ეს ოჯახი დასავლეთ იელოუსთოუნთან თოვლის გროვაში შეჯახებამაც კი არ შეაჩერა იმისგან, რომ შეეწყვიტა ძმა ბოუენთან მზრუნველობის კონტაქტი.
ბრედმა და მისმა დამ, პემიმ, სთხოვეს მამას, პირადად შეხვედროდა მათ, როცა ისინი ადგილზე ჩავიდოდნენ. „შენ არაჩვეულებრივი მამა ხარ“ - დაიწყო ემოციურად ბრედმა, „და ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, როგორ გიყვარვართ. მაგრამ რაღაც ისე არ არის და ეს მეტისმეტად დიდ ხანს გაგრძელდა. იმის გამო, რომ შენ ერთხელ გეტკინა გული, მთელი ოჯახი წლების განმავლობაში გულნატკენი დადის. ჩვენ არ ვართ მწყობრში და მხოლოდ შენ შეგიძლია ამის გამოსწორება. გთხოვ, ამდენი წლის შემდეგ, ამოიღე გულიდან ის არასასიამოვნო შემთხვევა ეპისკოპოსთან და კვლავ გაუძეხი ჩვენს ოჯახს სახარების გზაზე, როგორც ამას ადრე აკეთებდი, კარგი?
ჩამოწვა დუმილი. შემდეგ ძმა ბოუენმა შეხედა ამ ორს, რომლებიც მისი სისხლი და ხორცი იყვნენ,5 და ძალიან ჩუმად თქვა: „კარგი. კარგი.“
ძალიან გახარებულები, თუმცა გაოგნებულები მოულედნელი პასუხის გამო, ბრედ ბოუენი და მისი ოჯახი ხედავდნენ, რომ მათი მეუღლე და მამა მიდიოდა იმჟამინდელ ეპისკოპოსთან შერიგების სულით, რათა ყველაფერი გამოესწორებინა ცხოვრებაში. ამ მამაც და მოულოდნელ ვიზიტს ეპისკოპოსი, რომელიც გამუდმებით ეპატიჟებოდა ძმა ბოუენს ეკლესიაში, საუკეთესოდ გამოეხმაურა: იგი ძმა მორელს გადაეხვია და დიდ ხანს არ უშვებდა.
სულ რამდენიმე კვირის შემდეგ ძმა ბოუენი უკვე სრულად ჩაერთო ეკლესიურ ცხოვრებაში და ტაძარში შესვლის ღირსი გახდა. სულ მალე მან მიიღო მოწოდება, დამდგარიყო 25 კაციანი პრობლემური მრევლის სათავეში და მისი წყალობით მრევლი გაიზარდა - მის რიცხვმა 100-სს გადააჭარბა. ეს ხდებოდა დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, მაგრამ ქალ-ვაჟის მზრუნველობის ვედრებამ მამისადმი და მამის სურვილმა, მიუტევოს და გააგრძელოს ცხოვრება, მიუხედავად სხვების არასრულყოფილებისა, მოუტანა ბოუენების ოჯახს დალოცვები, რომლებსაც ისინი ახლაც იღებენ და მარად მიიღებენ.
დებო და ძმებო, იესომ გვთხოვა, ვიცხოვროთ „ერთად, სიყვარულში“6 “და არ იყოს თქვენ შორის კამათი“.7 „ვისაც კამათის სული აქვს, ჩემი არაა“ - გააფრთხილა მან ნეფიელები.8 ჭეშმარიტად, მეტ წილად ჩვენი ურთიერთობა ქრისტესთან განისაზღვრება და სულ მცირე მასზე გავლენას მოახდენს ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება.
„თუ გსურთ … მოდით ჩემთან“ - თქვა მან „და თუ გახსოვს, რომ შენი ძმა გეკამათა -
„წადი შენს ძმასთან და ჯერ შეურიგდი [მას], შემდეგ მოდი ჩემთან გულის სრული წადილით და მიგიღებ.9
რა თქმა უნდა, ყოველ ჩვენგანს შეუძლია გაიხსენოს უსასრულო რაოდენობის ძველი იარა, მწუხარება და მტკივნეული მოგონებები, რომლებიც იმწუთასვე ააბობოქრებენ სიმშვიდეს ვინმეს გულში, ოჯახში ან სამეზობლოში. ჩვენ ვიყავით ამ ტკივილის მიზეზი თუ ჩვენ გვატკინეს გული - ეს ჭრილობები უნდა მოშუშდეს, რათა ცხოვრება ისეთი სასიამოვნო იყოს, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა. ზუსტად როგორც საკვები მაცივარში, რომელსაც თქვენი შვილიშვილები თქვენ მაგივრად უმოწმებენ ვადებს, ამ ძველ მწუხარებასაც დიდი ხანია გაუვიდა ვადა. გთხოვთ,ნუღარ დაუთმობთ მას ძვირფას ადგილს თქვენს სულში. როგორც პროსპერომ უთხრა გულდაწყვეტილ ალონსოს “ქარიშხალში“:,„მოდით, ნუ დავიმძიმებთ მეხსიერებას იმ სიმძიმით, რომელიც აღარ არსებობს“.10
„მიუტევეთ და მოგეტევებათ“,6 გვასწავლიდა ქრისტე მთაზე ქადაგებაში. ჩვენს დღეებში კი: „მე, უფალი, მივუტევებ იმას, ვისაც მივუტევებ, მაგრამ თქვენგან მოვითხოვ, რომ მიუტევოთ ყველას“.12 თუმცა ყოველი თქვენგანისთვის, ვინც ცხოვრობს ტანჯვაში, აუცილებელია, შენიშნოთ ის, რაც მას არ უთქვამს. მას არ უთქვამს: „გეკრძალებათ, იგრძნოთ სხვებისგან მოყენებული ზიანის ტკივილი ან მწუხარება“. არც ის არ უთქვამს: „იმისთვის, რომ სრულად მიუტევო, უნდა კვლავ დაუბრუნდე მომწამლავ ურთიერთობას ან შეურაცმყოფელ, დამანგრეველ ვითარებას“. მაგრამ მიუხედავად ყველაზე საშინელი წყენისა, რომელიც შეიძლება მოგაყენონ, ჩვენ შეგვიძლია, დავდგეთ ტკივილზე მაღლა მხოლოდ მაშინ, როცა დავადგებით ჭეშმარიტი განკურნების გზას. ეს გზა არის მიტევების გზა, რომელზეც იესო ნაზარეველი დადიოდა, რომელიც ყოველ ჩვენგანს მოგვმართავს: „მოდი და გამომყევი “.13
ასეთი მოწვევით, ვიყოთ მისი მოწაფენი და ვეცადოთ, ვიმოქმედოთ მის მსგავსად, იესო გვთხოვს, ვიყოთ მისი მადლის იარაღი ანუ „ელჩები ქრისტესთვის“ „შერიგების მსახურებაში“, როგორც ეს პავლე მოციქულმა აღწერა კორინთელებში.14 ყოველი ჭრილობის მკურნალი, ის, ვინც ყოველივე მცდარს გამოასწორებს, გვთხოვს, ვიშრომოთ მასთან ერთად ამ რთული დავალების შესრულებისას - ვიყოთ მშვიდობისმყოფნი სოფლისა, რომელიც სხვაგვარად ვერ ჰპოვებს მას.
ასე რომ, როგორც ფილიპს ბრუკსმა დაწერა: „თქვენ, რომლებიც წლების განმავლობაში დაათრევთ საცოდავ გაუგებრობებს, აპირებთ რა როდისმე მათგან განთავისუფლებას; თქვენ, ვინც აცოცხლებთ კამათს, რადგან ვერ გაიაზრეთ, რომ ახლა უნდა დათმოთ თქვენი ამპარტავნობა და მოთოკოთ იგი; თქვენ, ვინც ქუჩაში ჩაუვლით ადამიანებს და არ ელაპარაკებით მათ რაიმე სულელური მიზეზის გამო… ; თქვენ, ვინც … არ გაიღებთ მადლიერების ან თანაგრძნობის სიტყვას მათ მიმართ, ვისაც მის მოლოდინში გული სტკივა და სულ … მოგვიანებით … აპირებთ ამის გაკეთებას, დაუყოვნებლივ წადით და გააკეთეთ ის, რისთვისაც მეორე შანსი შეიძლება არც მოგეცეთ“.15
ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, მე ვმოწმობ, რომ წყენის პატიება და დავიწყება, ძველია იგი თუ ახალი, არის იესო ქრისტეს გამოსყიდვის დიდების შუაგული. მე ვმოწმობ, რომ საბოლოო ჯამში მსგავსი სულიერი განკურნება შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ღვთიური გამომსყიდველისგან, რომელიც ჩქარობს ჩვენ დასახმარებლად „და კურნება იქნება მის ფრთებზე“.16 ჩვენ ვუმადლით მას და მამაზეციერს, რომელმაც გამოგზავნა იგი, რათა განახლება და ხელახლად დაბადება, მომავალი, თავისუფალი ძველი მწუხარებისგან და შეცდომებისგან, გახდეს არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ უკვე შეძენილი გაუსაძლისი ტკივილის ფასად, რისი სიმბოლოც გახდა კრავის მიერ დაღვრილი სისხლი.
მოციქულის უფლებამოსილებით, რომელიც მებოძა სამყაროს მხსნელისგან, მე ვმოწმობ იმ სიმშვიდეზე, რომელიც მოვა ღმერთთან და ერთმანეთთან შერიგების გზით, თუკი ვიქნებით მორჩილნი და საკმარისად გაბედულნი, მივყვეთ ყოველივე ამას. „„შეწყვიტეთ ერთმანეთთან კამათი“,- გვევედრებოდა უფალი.17 თუ იცით, რომ გაქვთ ძველი ჭრილობა, მოიშუშეთ იგი. იზრუნეთ ერთმანეთზე სიყვარულით.
ჩემო საყვარელო მეგობრებო, ჩვენს ერთობლივ შერიგების მზრუნველობაში გთხოვთ, იყოთ მშვიდობისმყოფელნი - გიყვარდეთ მშვიდობა, ეძიეთ მშვიდობა, შექმენით მშვიდობა, გაუფრთხილდით მშვიდობას. მე გევედრებით მშვიდობის მეფის სახელით, რომელმაც იცის ყველაფერი „მოკეთეთა სახლში ნაცემთა“ შესახებ“,18 მაგრამ მაინც იპოვა მიტევებისთვისა და დავიწყებისთვის საჭირო ძალა, რათა განკურნოს და აღირსოს ბედნიერება. მე ამას ვლოცულობ ჩემთვის და თქვენთვის, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.