ხილვა გარდაცვლილთა გამოსყიდვის შესახებ
მე ვმოწმობ, რომ პრეზიდენტ ჯოზეფ ფ. სმითის მიერ მიღებული ხილვა ჭეშმარიტია. მე ვმოწმობ, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია, გაიგოს მისი ჭეშმარიტება.
ჩემო დებო და ძმებო, ამ გამოსვლისთვის მოვემზადე ჩემი ძვირფასი მეუღლის, ბარბარას, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. მე და ჩემი ოჯახი მადლობას გიხდით სიყვარულისა და სიკეთისთვის. ვლოცულობ იმისთვის, რომ უფალმა დამლოცოს, როცა სიტყვით მოგმართავთ ამ დილით.
1918 წ. ოქტომბერში, 100 წლის წინ, პრეზიდენტ ჯოზეფ ფ. სმითს ჰქონდა დიდებული ხილვა. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესიაში უფალ იესო ქრისტესთვის თითქმის 65 წლის თავდადებული მსახურების შემდეგ და სულ რამდენიმე კვირის წინ გარდაცვალებამდე, 1918 წ. 19 ნოემბერს იგი იჯდა თავის ოთახში, ფიქრობდა ქრისტეს გამომსყიდველ მსხვერპლზე და კითხულობდა პეტრე მოციქულის ახსნას მხსნელის მზრუნველობის შესახებ სულების სამყაროში, მისი ჯვარზე გაკვრის შემდეგ.
მან დაწერა: „როცა ვკითხულობდი, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. … როცა ყოველივე ამაზე ვფიქრობდი, . …, წვდომის თვალები ამეხილა და უფლის სულმა განისვენა ჩემზე; და ვიხილე გარდაცვლილთა სულები“.1 ხილვის სრული ვერსია ჩაწერილია მოძღვრება და აღთქმები 138.
მოდით, ცოტათი უკან დავბრუნდეთ, რათა უფრო სრულად დავაფასოთ ჯოზეფ ფ. -ის მზადება ამ ნიშანდობლივი გამოცხადების მისაღებად.
ეკლესიის პრეზიდენტად ყოფნისას იგი 1906 წ. ეწვია ნავუს და გაიხსენა ბავშვობის მოგონება, როცა დაახლოებით ხუთი წლის იყო. მან თქვა: „ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ვიდექი [როცა ჯოზეფი, ბიძაჩემი და მამაჩემი, ჰაირამი] მოვიდნენ. ისინი კართიჯში მიემგზავრებოდნენ. ცხენიდან ჩამოუსვლელად მამა გადმოიხარა და მიწაზე მდგომი ხელში ამიყვანა. მან გამოსამშვიდობებლად მაკოცა, ისევ მიწაზე ჩამომსვა და ცხენი გააჭენა“.2
მეორედ ჯოზეფ ფ. იხილა ისინი, როცა მისმა დედამ, მერი ფილდინგმა, ხელში აიყვანა იგი და დაანახა გვერდიგვერდ ჩამოკიდული წამებულები, როცა ისინი 1844 წ. 27 ივნისს სასტიკად დახოცეს კართიჯის ციხეში.
ორი წლის შემდეგ ჯოზეფ ფ., ოჯახთან და ერთგულ დედასთან, მერი ფილდინგ სმითთან ერთად, დატოვა სახლი ნავუში და გაემგზავრა უინთერ ქუორთერსში. მიუხედავად იმისა, რომ ჯოზეფ ფ. ჯერ 8 წლისაც არ იყო, მას მონტროსედან (აიოვა) უინთერ ქუორთერამდე და შემდეგ სოლთ ლეიქ ველიმდე ევალებოდა ხარების გადარეკვა. როცა ისინი დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ, იგი დაახლოებით 10 წლის იყო. იმედია, რომ თქვენ, ბიჭებო, და ახალგაზრდა მამაკაცებო, ისმენთ ამას და გესმით პასუხისმგებლობა და მოლოდინი, რომელიც ჯოზეფ ფ.-ს დაეკისრა ბავშვობაში.
ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, 1852 წ, როცა იგი 13 წლის იყო, მისი საყვარელი დედა გარდაიცვალა. ჯოზეფი და მისი და-ძმა ობლად დარჩნენ.3
1854 წ. ჯოზეფ ფ.-ს მოუწოდეს მისიაში ჰავაის კუნძულებზე. იგი მაშინ 15 წლის იყო. ეს მისია სამ წელიწადზე დიდ ხანს გაგრძელდა და მისი ეკლსიაში მსახურების დასაწყისი იყო.
1859 წ. ჯოზეფ ფ.-ი იუტაში დაბრუნდა და დაოჯახდა.4 რამდენიმე წლის განმავლობაში მისი ცხოვრება დაკავებული იყო სამსახურით, ოჯახური ვალდებულებებით და ორი მისიით. 1866 წ. 1 ივლისს 27 წლის ასაკში ჯოზეფ ფ.-ის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა: პრეზიდენტმა ბრიგამ იანგმა იგი მოციქულად აკურთხა. მომდევნო წლის ოქტომბერში მან თორმეტ მოციქულთა საბჭოში დაიკავა თავისუფალი ადგილი.5 იგი ბრიგამ იანგის, ჯონ ტეილორის, უილფორდ ვუდროფისა და ლორენცო სნოუს მრჩევლად მსახურობდა, სანამ 1901 წ. თავად არ გახდა პრეზიდენტი.6
ჯოზეფ ფ. და მის მეუღლეს, ჯულიანას, პირველი შვილი შეეძინათ - მერი ჯოზეფინა.7 იგი მხოლოდ ორწლინახევრის იყო, როცა გარდაიცვალა. სულ მალე ამის შემდეგ ჯოზეფ ფ.-მ ჩაიწერა: „გუშინ ერთი თვე გახდა მას შემდეგ, რაც ჩემი … ძვირფასი ჯოზეფინა გარდაიცვალა. ოჰ, რა იქნებოდა, რომ შემეძლო, მეცოცხლებინა იგი და ქალად მენახა. მე იგი ყოველ დღე მენატრება და თავს მარტოდ ვგრძნობ. … ღმერთმა მომიტევოს ეს სისუსტე, თუ ეს არ არის სწორი, რომ ჩემი პატარები ასე ძალიან მიყვარს.“8
თავისი ცხოვრების მანძილზე პრეზიდენტმა სმითმა დაკარგა მამა, დედა, ერთი ძმა და ორი და, ორი მეუღლე და 13 შვილი. მან კარგად იცოდა, რა იყო მწუხარება და საყვარელი ადამიანების დაკარგვა.
როცა მისი ვაჟი, ალბერ ჯესი გარდაიცვალა, ჯოზეფ ფ. -მა მისწერა წერილი თავის დას, მართა ენს, რომ იგი ევედრებოდა უფალს, გადაერჩნა შვილი და ჰკითხა: „რატომ მოხდა ასე? ო, ღმერთო, რატომ უნდა მომხდარიყო ასე“?9
ლოცვების მიუხედავად, ჯოზეფ ფ.-ს იმ დროს ამ კითხვაზე პასუხი არ მიუღია.10 მან უთხრა მართა ენს, რომ „ზეცა სპილენძივით იყო მათ თავზე სიკვდილისა და სულების საკითხებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მისი რწმენა უფლის მარადიულ დაპირებებში ურყევი იყო.
უფლის დროს დამატებითი პასუხები, ნუგეში და წვდომა სულების სამყაროსთან დაკავშრებით გაეხსნა პრეზიდენტ სმითს იმ საოცარ ხილვაში, რომელიც მას 1918 წ. ოქტომბერში ჰქონდა.
ის წელი განსაკუთრებულად მტკივნეული იყო მისთვის. იგი გლოვობდა დიდ დანაკარგს მეორე მსოფლიო ომში. დახოცილთა ციფრი 20 მილიონს აცდა. ამის გარდა, მსოფლიოში გავრცელდა გრიპის პანდემია, რომელმაც 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე წაიღო.
იმ წლის განმავლობაში პრეზიდენტმა სმითმა დაკარგა სამი უძვირფასესი ოჯახის წევრი. უხუცესი ჰაირამ მაკ სმითი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, მისი პირმშო და ჩემი პაპა, უეცრად გარდაიცვალა. მას ბრმანაწლავი გაუსკდა.
პრეზიდენტმა სმითმა დაწერა: „ხმას ვერ ვიღებ - [დავმუნჯდი] გლოვისგან!… გულგატეხილი ვარ; სიცოცხლის ძალა არ მაქვს! … ოჰ! მე მიყვარდა იგი! და მუდამ მეყვარება. და ასე არის და ყოველთვის იქნება ყოველი ჩემი შვილის მიმართ, მაგრამ იგი ჩემი პირმშოა, რომელმაც პირველმა მაჩუქა სიხარული და იმედი უსაზღვრო, პატივცემული სახელის ადამიანთა შორის. … სულის სიღრმიდან მადლიერი ვარ მისთვის, ღმერთო! მაგრამ … ოჰ! მე მჭირდებოდა იგი! ჩვენ ყველას გვჭირდებოდა იგი! იგი ყველაზე სასარგებლო იყო ეკლესიისთვის. … და ახლა … ოჰ! რა უნდა ვქნა? ოჰ! ო, ღმერთო, დამეხმარე“!11
მომდევნო თვეში ტრაგიკულად გარდაიცვალა პრეზიდენტ სმითის სიძე, ალონსო კესლერი.12 პრეზიდენტმა სმითმა აღნიშნა დღიურში: „ამ ყველაზე საშინელმა და გულგამგმირავმა უბედურმა შემთხვევამ კვლავ გადააფარა მთელ ოჯახს პირქუშის საბურველი“.13
შვიდი თვის შემდეგ, 1918 წ. სექტემბერში, პრეზიდენტ სმითის რძალი (ჩემი ბებია), იდა ბაუმენ სმითი, გარდაიცვალა მეხუთე შვილზე (ბიძაჩემზე, ჰაირამზე,) მშობიარობის დროს.14
ასე რომ, 1918 წ. 3 ოქტომბერს, იყო რა დამძიმებული ომში და ეპიდემიის დროს მილიონობით დაღუპული ადამიანის გამო, ასევე თავისი ოჯახის წევრების გარდაცვალებით, პრეზიდენტმა სმითმა მიიღო ზეციდან გამოცხადება, რომელიც ცნობილია, როგორც „ხილვა გარდაცვლილთა გამოსყიდვის შესახებ“.
მან გააჟღერა გამოცხადება მომდევნო დღეს, ოქტომბრის გენერალური კონფერენციის გახსნით სესიაზე. პრეზიდენტ სმითის ჯანმრთელობა უარესდებოდა, მაგრამ მან მაინც მოკლედ თქვა: „მე ვერ გავბედავ, გავახმოვანი ის მრავალი აზრი, რომელიც ამ დილიდან გონებაში მაქვს და გადავდებ ჩემს მცდელობას მომავლისთვის, სანამ არ იქნება უფლის ნება, მოგიყვეთ ცოტაოდენი რამ იქიდან, რაც გულსა და გონებაში მაქვს. ეს ბოლო 5 თვე მარტო არ მიცხოვრია. მე ვიმყოფებოდი ლოცვის, ვედრების, რწმენისა და გამბედაობის სულში; და განუწყვეტლივ ვესაუბრებოდი უფლის სულს“.15
გამოცხადებამ, რომელიც 3 ოქტომბერს მიიღო, მას გული დაუმშვიდა და მრავალ კითხვაზე პასუხი გასცა. ჩვენც შეგვიძლია, მივიღოთ ნუგეში და გავიგოთ მეტი ჩვენი მომავლის შესახებ, როცა საყვარელ ადამიანებთან ერთად სულების სამყაროში აღმოვჩნდებით, თუ შევისწავლით ამ გამოცხადებას და დავფიქრდებით მის მნიშვნელობაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან მიმართებაში.
იმ მრავალიდან, რაც პრეზიდენტმა სმითმა იხილა, იყო მხსნელის ვიზიტი ერთგულებთან სულების სამყაროში მისი ჯვარზე სიკვდილის შემდეგ. ვახდენ ციტირებას ამ ხილვიდან:
„მიაქციეთ ყურადღება, რომ მართალთა შორის მან დარაზმა თავისი ძალები და დანიშნა უფლებამოსილებით შემოსილი მაცნეები და დაავალა მათ, მიუტანონ სახარების სინათლე მათ, ვინც სიბნელეშია, ყოველი მამაკაცისა [და ქალის] სულს;16 და ასე უქადაგებდნენ სახარებას გარდაცვლილებს. …
„და ასწავლიდნენ მათ: რწმენა ღმერთში, ცოდვების მონანიება, ჩანაცვლებითი ნათლობა გარდაცვლილთათვის, სულიწმინდის ძღვენი ხელდასხმით,
„და სახარების ყველა სხვა პრინციპებს, რომლებიც აუცილებელი იყო მათთვის, რათა ყოფილიყვნენ განსჯილნი ხორციელად, მაგრამ სულში ეცხოვრათ ღმერთთან შეთანხმებულად. …
„რადგან გარდაცვლილები თვლიდნენ მათი სულების სხეულებთან არ ყოფნას ტყვეობად.
„ამათ ასწავლიდა უფალი და მისცა მათ ძალა, აღდგნენ მისი აღდგომის შემდეგ, რათა შევიდნენ მისი მამის სასუფეველში, სადაც მათ დაადგამდნენ უკვდავებისა და მარადიული ცხოვრების გვირგვინს.
„და ასე გააგრძელონ თავიანთი შრომა, უფლის დანაპირების თანახმად და იყვნენ ყველა იმ დალოცვის ღირსნი, რომლებიც დაუნჯებული ელიან მათ, ვისაც იგი უყვარს“.17
ხილვაში პრეზიდენტმა სმითმა იხილა თავისი მამა - ჰაირამი და წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი. 74 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან იხილა ისინი ნავუში. იგი მაშინ პატარა ბიჭი იყო. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ წარმოვიდგინოთ მისი სიხარული მამისა და ბიძის დანახვისას. მან ალბათ მიიღო შთაგონება და ნუგეში იმის ცოდნით, რომ ყოველი სული ინარჩუნებს მოკვდავი სხეულის მსგავსებას და რომ ისინი მოუთმენლად ელიან დაპირებულ აღდგომას. ამ ხილვამ უფრო ფართოდ გამოაჩინა მამაზეციერის თავისი შვილებისათვის შექმნილი გეგმის სიფართოვე და სიღრმე, ასევე ქრისტეს გამომსყიდველი სიყვარული და მისი გამოსყიდვის უბადლო ძალა.18
ამ განსაკუთრებულ 100 წლის იუბილეზე მე გიწვევთ, გააზრებულად წაიკითხოთ ეს გამოცხადება. და როცა ასე მოიქცევით, დაე, დაგლოცოთ უფალმა უფრო სრული წვდომითა და მადლიერებით ღვთის სიყვარულისა და მისი ხსნისა და გამოსყიდვის გეგმისთვის თავისი შვილებისათვის.
მე ვმოწმობ, რომ პრეზიდენტ ჯოზეფ ფ. სმითის მიერ მიღებული ხილვა ჭეშმარიტია. მე ვმოწმობ, რომ ყოველ ადამიანს შეუძლია, წაიკითხოს იგი და გაიგოს ჭეშმარიტება. ისინი, ვინც არ მიიღებენ ამ ცოდნას ამ ცხოვრებაში, შეიტყობენ მის ჭეშმარიტებას, როცა ყველანი მოხვდებიან სულების სამყაროში. იქ, ყველას ეყვარება და ყველა ადიდებს ღმერთს და უფალს იესო ქრისტეს იმ დიადე ხსნის გეგმისთვის და დაპირებული აღდგომის დალოცვებისთვის, როცა სული და ხორცი კვლავ შეუერთდება ერთმანეთს და არასდროს აღარ განცალკევდება.19
რაოდენ ბედნიერი ვარ დღეს, დებო და ძმებო, იმის გამო, რომ ვიცი, სად იმყოფება ჩემი ძვირფასი ბარბარა და რომ ჩვენ კვლავ ვიცხოვრებთ, როგორც ერთი ოჯახი, მარადის. და მე ვლოცულობ იმაზედ, რომ უფლის სული მხარში გვედგას აწ და მარადის. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.