2010-2019
აირჩიეთ დღეს
ოქტომბერი, 2018 წ.


აირჩიეთ დღეს

ჩვენი მარადიული ბედნიერების სიდიადე დამოკიდებულია იმაზე, რომ ავირჩიოთ ცოცხალი ღმერთი და შევუერთდეთ მას მის საქმეში.

გამოგონილი პერსონაჟი - მერი პოპინსი გახლავთ ტიპიური ინგლისელი ძიძა, რომელიც ცოტა ჯადოქარიც არის.1 იგი აღმოსავლეთის ქარს ჩამოჰყვა და მე-20 საუკუნის ლონდონში დაეშვა, ჩერი ტრი ლეინის 17-ში, გასაჭირში მყოფ ბენკების ოჯახის დასახმარებლად. მას ევალებოდა ბავშვების - ჯეინისა და მაიკლის აღზრდა. .

ჯეინი და მაიკლი კარგად ართმევენ თავს სწავლას, მაგრამ მერი თვლის, რომ უკვე დადგა მისი წასვლის დრო. თეატრალურ ვერსიაში მერის მეგობარი, ბუხრის მწმენდავი ბერტი, ცდილობს, მერის წასვლა გადააფიქრებინოს. იგი ეუბნება: „ისინი ხომ კარგი ბავშვები არიან, მერი“?

მერი კი პასუხობს: „განა თავს შევიწუხებდი, ასე რომ არ ყოფილიყო? მაგრამ ვერ დავეხმარები მათ, თუ ისინი ხელს არ შემიწყობენ და ყველაზე რთულია, ასწავლო რამე ბავშვებს, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი იციან“.

„ხოდა“? - ეკითხება ბერტი.

მერი პასუხობს: „ხოდა ახლა დამოუკიდებლად უნდა გადადგან შემდეგი პატარა ნაბიჯი“.2

დებო და ძმებო, ჯეინისა და მაიკლის მსგავსად ჩვენც „კარგი ბავშვები ვართ“, ვის გამოც ღირს თავის შეწუხება. ჩვენს მამაზეციერს სურს ჩვენი დახმარება და დალოცვა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის არ ვაძლევთ ამის ნებას. ზოგჯერ ისეც კი ვიქცევით, თითქოს ყველაფერი ვიცით. და ჩვენც გვჭირდება „შემდეგი პატარა ნაბიჯის“ დამოუკიდებლად გადადგმა. ამიტომაც მოვევლინეთ დედამიწას წინა მიწიერი ზეციური სახლიდან. ჩვენი „პატარა ნაბიჯი“ გულისხმობს არჩევანის გაკეთებას.

ჩვენი მამაზეციერის მშობლის როლი არ გულისხმობს, აიძულოს თავისი შვილები, გააკეთონ სწორი არჩევანი; მისმა შვილებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი და საბოლოო ჯამში დაემსგავსონ მას. მას უბრალოდ ჩვენი მორჩილება რომ სდომნოდა, იგი იმ წუთასვე დაგვაჯილდოებდა ან დაგვსჯიდა, რათა გავლენა მოეხდინა ჩვენს საქციელზე.

მაგრამ ღმერთს სულაც არ სურს, რომ მისი შვილები გაწვრთნილ, მორჩილ „შინაურ ცხოველებს“ დაემსგავსონ, რომლებიც არ დაუღეჭავენ საშინაო ფეხსაცმელს ცელესტიალურ მისაღებ ოთახში.3 არა, ღმერთის სურვილია, მისი შვილები სულიერად გაიზარდონ და შეუერთდნენ მას ოჯახურ საქმეში.

ღმერთმა დააწესა გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ მისი სასუფევლის მემკვიდრენი. ეს არის აღთქმის ბილიკი, რომელსაც მივყავართ იმისკენ, რომ დავემსგავსოთ მას, მის მსგავსად ვიცხოვროთ და მარადიულად ვიცხოვროთ მის გარემოცვაში ჩვენს ოჯახებთან ერთად.4 პირადი არჩევანი იყო და არის ამ გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ჩვენ ეს შევიტყვეთ წინა მიწიერი ცხოვრების დროს. ჩვენ მივიღეთ ეს გეგმა და გავაკეთეთ დედამიწაზე მოსვლის არჩევანი.

ჩვენი რწმენის გამოსავლენად და თავისუფალი არჩევანის სწორად გამოყენების მიზნით ჩვენს გონებას დავიწყების ფარდა ჩამოეფარა, რათა არ გაგვხსენებოდა ღმერთის გეგმა. ამ საბურველის გარეშე ღმერთის მიზნები მიუღწეველი გახდებოდა, რადგან არ გვექნებოდა წინსვლა და ვერ გავხდებოდით ის სანდო მემკვიდრეები, რომლებიც მას სურს, რომ ვიყოთ.

წინასწარმეტყველმა ლეხიმ თქვა: „ასე რომ, უფალმა ღმერთმა უბოძა ადამიანს, ემოქმედა საკუთარი ნების მიხედვით. ამიტომაც, ადამიანი ვერ მოიქცეოდა თავისი ნებით, რომ არ ყოფილიყო ცდუნებული ერთით ან მეორეთი“.5 ძირეულად, ერთი არჩევანი წარადგინა იესო ქრისტემ, მამის პირმშომ. მეორე არჩევანი წარადგინა სატანამ, ლუციფერმა, რომელსაც სურს თავისუფალი არჩევანის წართმევა და ძალის ხელყოფა.6

იესო ქრისტეს სახით „ჩვენ გვყავს ქომაგი მამასთან“.7 იესო, თავისი გამომსყიდველი მსხვერპლის შემდგომ, „ავიდა ზეცაში … რათა ეთხოვა მამისგან შეწყალების უფლება ადამიანთა შვილებისთვის“. და მოითხოვა რა შეწყალების უფლება, „იგი დადგა ადამიანთა შვილების ქომაგად“.8

ქრისტეს ქომაგობა მამასთან არ უპირისპირდება ღმერთის გეგმას. იესო ქრისტე, რომელმაც შთანთქა საკუთარი ნება მამის ნებაში,9 არ დაუჭერდა მხარს არაფერს ისეთს, რაც მამას არ სურდა დასაბამიდანვე. მამაზეციერი უდაოდ გულშემატკივრობს და ტაშს უკრავს ჩვენს წარმატებებს.

ქრისტეს ქომაგობა, ნაწილობრივ მაინც, გვახსენებს, რომ მან გადაიხადა ჩვენი ცოდვების ფასი და არავინ არ რჩება ღმერთის წყალობის მიღმა.10 მათ, ვისაც სწამთ ქრისტე, ინანიებენ, ინათლებიან და ბოლომდე ითმენენ (რაც არის შერიგებამდე მიმყვანი პროცესი)11მხსნელი მიუტევებს, კურნავს და ქომაგობს. იგი არის, ვინც გვეხმარება, გვანუგეშებს და შუამდგომლობს - ადასტურებს რა და გვეხმარება, მივაღწიოთ შემწყნარებლობას ღმერთთან.12

ამის სრულიად საპირისპიროა ლუციფერი, რომელიც არის ცილისმწამებელი ანუ მბრალმდებელი. იოანე განმცხადებელმა აღწერა ლუციფერის საბოლოო დამარცხება: „მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფობა“. რატომ? იმიტომ, რომ „ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე. გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით“.13

ეს ცილისმწამებელი არის ლუციფერი. იგი ჩვენს წინააღმდეგ ლაპარაკობდა წინამიწიერ ცხოვრებაში და კვლავაც აგრძელებს ჩვენზე შეტევას. იგი ცდილობს ჩვენს დამხობას. მას სურს, რომ ჩვენ გაუთავებელ მწუხარებაში ვიმყოფებოდეთ. იგი არის, რომელიც გვეუბნება, რომ არ ვართ შესაფერისი, საკმაოდ კარგი და რომ არ არსებობს შეცდომის გამოსწორება. იგი არის დამშინებელი, ის, ვინც წიხლს გვაჭერს, როდესაც დავეცით.

ლუციფერს რომ ესწავლებინა ბავშვისთვის სიარული და ბავშვი რომ წაბორძიკებულიყო, იგი მას დაუყვირებდა, დასჯიდა და ეტყოდა, რომ აღარ ეცადა სიარული. ლუციფერის ხერხი საბოლოოდ და ყოველთვის არის გულგატეხილობა და სასოწარკვეთილება. ეს სიცრუის მამა არის ტყუილებისა და ეშმაკობის უკანასკნელი ავტორი,14 რომელიც გვატყუებს და გზას გვიბნევს, რადგან „სურს, რომ ყოველი ადამიანი მის მსგავსად უბედური იყოს“.15

ქრისტეს რომ ესწავლებინა ბავშვისთვის სიარული და ბავშვი რომ წაბორძიკებულიყო, იგი დაეხმარებოდა მას ადგომაში და შეაგულიანებდა შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად.16 ქრისტე გვეხმარება და გვანუგეშებს. მის ხერხს საბოლოოდ და ყოველთვის სიხარული და იმედი მოაქვს.

ღმერთის გეგმის ნაწილია მითითებები ჩვენთვის, რომლებიც წმინდა წერილში მოიხსენიება როგორც მცნებები. ეს მცნებები არ არის არც ახირება და არც თვითნებურად შედგენილი წესების კრებული, რომელიც გათვლილია მხოლოდ იმაზე, რომ გაგვწვრთნას მორჩილებისთვის. ისინი უკავშირდება ჩვენი ღვთაებრივი დახასიათებების განვითარებას, მამაზეციერის გარემოცვაში დაბრუნებას და მარადიული სიხარულის მიღებას. ჩვენ ბრმად არ ვემორჩილებით მის მცნებებს; ჩვენ ცნობიერად ვირჩევთ ღმერთს და მის შინ მიმავალ ბილიკს. ჩვენ იმავე მაგალითს მივყვებით, რაც ადამი და ევა, სადაც „ღმერთმა მისცა მათ მცნება მას შემდეგ, რაც გააცნო გამოსყიდვის გეგმა“.17 მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს სურს ჩვენი აღთქმის ბილიკზე დარჩენა, იგი გვიტოვებს არჩევანის გაკეთების ღირსებას.

მართლაც, ღმერთს სურს, მოელის და აძლევს მიმართულებას ყოველ თავის შვილს - გააკეთოს საკუთარი არჩევანი. იგი არ გვატანს ძალას. თავისუფალი არჩევანის ძღვენის წყალობით ღმერთი აძლევს თავის შვილებს იმის ნებას, რომ იმოქმედონ დამოუკიდებლად და არა გავლენის ქვეშ“.18 თავისუფალი არჩევანი გვაძლევს იმის საშუალებას, ავირჩიოთ ან არ ავირჩიოთ აღთქმის გზა. თავისუფალი არჩევანი გვაძლევს საშუალებას ან გადავუხვიოთ გზიდან ან არა. ზუსტად ისე, როგორც ვერ გვაიძულებენ მორჩილებას, ურჩობასაც ვერ გვაიძულებენ. ვერავინ ვერ ჩამოგვაშორებს ამ გზას, თუ ჩვენ არ დავეხმარებით ამაში. (ეს არ ეხება მათ, ვისი უფლებებიც ირღვევა. მათ გზას არ გადაუხვიეს; ისინი ძალადობის მსხვერპლნი არიან. რმერთს ისინი უყვარს, ესმით მათი და უთანაგრძნობს მათ).

როცა გზიდან გადავუხვევთ, ღმერთი წუხს, რადგან იცის, რომ ამას უეჭველად საბოლოო ჯამში მოჰყვება ბედნიერებისა და დალოცვების ნაკლებობა. წმინდა წერილში გზიდან გადახვევას უწოდებენ ცოდვას, ბედნიერებისა და დალოცვების ნაკლებობას კი დასჯას. ამ გაგებით ღმერთი არ გვსჯის; დასჯა არის ჩვენი არჩევანის შედეგი და არა მისი.

როცა აღმოვაჩენთ, რომ გზიდან გადმოვედით, ჩვენ შეგვიძლია დავრჩეთ გზის მიღმა ან იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო, უკან დავბრუნდეთ და ისევ იმ გზას დავადგეთ. წმინდა წერილში გზაზე დაბრუნების გადაწყვეტილების მიღების პროცესს მონანიება ეწოდება. თუ ვერ მოვინანიეთ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უარს ვამბობთ იმ კურთხევებზე, რომლებიც ღმერთს სურს ჩვენთვის. თუ „არ გვსურს, დავტკბეთ იმით, რისი მიღებაც შეგვეძლო“, ჩვენ … დავბრუნდებით ჩვენს ადგილას, რათა დავტკბეთ იმით, რისი მიღებისთვისაც მზად ვართ და ეს არის ჩვენი არჩევანი და არა ღმერთის.19

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხანი ვიყავით გზიდან გადასულნი ან რაოდენ შორს ვიარეთ გზის მიღმა, როგორც კი გადავწყვეტთ მარშრუტის შეცვლას, ღმერთი დაგვეხმარება დაბრუნებაში.20 ღმერთის თვალსაზრისით თუ გულწრფელად მოვინანიეთ და ქრისტეში მტკიცედ მივაბიჯებთ და გზაზე დავბრუნდით, ეს იგივე იქნება, თითქოს არასდროს არ ჩამოვშორებულვართ მას.21 მხსნელმა გადაიხადა ჩვენი ცოდვების საფასური და გაგვანთავისუფლა ბედნიერებისა და კურთხევების დაკარგვისგან. წმინდა წერილში ამას უწოდებენ მიტევებას. ნათლობის შემდეგ ყოველ წევრს ცოტად თუ ბევრად მოუცურდება გზიდან ფეხი, ზოგი კი საერთოდ გადმოხტება გზიდან. ასე რომ, ქრისტეში რწმენის გამომჟღავენება, მონანიება, მისგან დახმარების მიღება და მიტევება ერთჯერადი მოვლენა კი არა მთელი ცხოვრების პროცესია, პროცესი, რომელიც ხშირად მეორდება. ასე ხდება ჩვენი „ბოლომდე გაძლება“.22

ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ვის ვემსახუროთ.23 ჩვენი მარადიული ბედნიერების სიდიადე დამოკიდებულია იმაზე, რომ ავირჩიოთ ცოცხალი ღმერთი და შევუერთდეთ მას მის საქმეში. და როცა ვცდილობთ „შემდეგი პატარა ნაბიჯის“ დამოუკიდებლად გადადგმა, ჩვენ ამით არჩევანის თვისუფლების სწორად გამოყენებაში ვვარჯიშობთ. როგორც ორმა ყოფილმა მოწყალების საზოგადოების პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ „პატარები, რომლებსაც სულ თავზე ხელის გადასმა და შესწორება სჭირდებათ“.24 ღმერთს სურს, გავხდეთ ზრდასრული ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას მართავენ.

იმისთვის, რომ გავხდეთ მამაზეციერის სასუფევლის მემკვიდრენი, არსებობს ერთადერთი გზა - ავირჩიოთ მისი გეგმა; მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას გვენდოს, რომ არც კი ვთხოვოთ იმას, რაც მის ნებას ეწინააღმდეგება.25 მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ „ყველაზე ძნელია, ასწავლო რამე ბავშვებს, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერი იციან“. ამიტომ, უნდა გვქონდეს სურვილი, განვისწავლოთ უფლის ხერხით უფლისა და მისი მსახურებისგან. ნუ შეგვეპარება ეჭვი იმაში, რომ ვართ ღვთიური მშობლების საყვარელი შვილები26 და ღირს ჩვენ გამო „თავის შეწუხება“ და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ „დამოუკიდებლობა“ არ ნიშნავს „მარტოობას“.

გავიმეორებ წინასწარმეტყველ იაკობის სიტყვებს მორმონის წიგნიდან და ვიტყვი:

„ამიტომ, გაიმხნევეთ გული და გახსოვდეთ, რომ ხართ თავისუფალნი, იმოქმედოთ საკუთარი ნებით - აირჩიოთ ან მარადიული სიკვდილი ან მარადიული სიცოცხლის გზა.

ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმებო [და დებო], შეურიგდით ღვთის ნებას და არა ეშმაკისა … და გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ, რაც ღმერთს შეურიგდებით, მხოლოდ ღმერთის მადლით და მადლში გადარჩებით“.27

ასე რომ, აირჩიეთ რწმენა ქრისტეში, მონანიება, ნათლობა და სულიწმინდის მიღება; აირჩიეთ ზიარებისთვის გააზრებულად მზადება და მისი ღირსეულად მიღება; დადეთ აღთქმები ტაძარში და აირჩიეთ, ემსახუროთ ცოცხალ ღმერთს და მის შვილებს. ჩვენი არჩევანი განაპირობებს იმას, რანი ვართ და რანი გავხდებით.

დავასრულებ იაკობის დალოცვებით: „დაე, აღგადგინოთ ღმერთმა … მარადიული სიკვდილიდან გამოსყიდვის ძალით, რათა მიღებულ იქნათ ღვთის მარადიულ სასუფეველში.28 იესო ქრისტეს სახელით, ამინ.