საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღება.
დაე, ერთგულად ავიღოთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი ანუ ვხედავდეთ ისე, როგორც იგი ხედავს, ვემსახუროთ ისე, როგორც ის მსახურობდა და გვჯეროდეს, რომ მისი მადლი საკმარისია.
ჩემო დებო და ძმებო, ბოლო ხანს, როცა ვფიქრობდი პრეზიდენტ ნელსონის დავალებაზე, ვუწოდოთ ეკლესიას გამოცხადებით მიღებული სახელი, მე მივმართე წმინდა წერილს, სადაც მხსნელმა დამოძღვრა ნეფიელები ეკლესიის სახელის შესახებ.1 როცა მხსნელის სიტყვებს ვკითხულობდი, გაოგნებული დავრჩი იმით, როგორ უთხრა ხალხს: „თქვენ საკუთარ თავზე უნდა აიღოთ იესო ქრისტეს სახელი“.2 ამან მაიძულა, მეკითხა საკუთარი თავისთვის: „მე ისე ავიღე საკუთარ თავზე მხსნელის სახელი, როგორც ეს მას სურდა“?3 დღეს მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე შთაბეჭდილება, რომელიც მივიღე პასუხად ჩემს კითხვაზე.
პირველი: ქრისტეს სახელის აღება საკუთარ თავზე ნიშნავს, რომ ჩვენ ერთგულად ვცდილობთ, ვხედავდეთ ისე, როგორც ღმერთი ხედავს.4 როგორ ხედავს ღმერთი? ჯოზეფ სმითმა თქვა: „მაშინ, როცა ადამიანების ერთი ნაწილი უმოწყალოდ განიკითხავს და განკიცხავს მეორე ნაწილს, სამყაროს დიდებული მშობელი კაცობრიობის მთელ ოჯახს მამობრივი ზრუნვითა და მშობლიური დამოკიდებულებით უყურებს“, რადგან „მისი სიყვარული განუზომელია“.5
რამდენიმე წლის წინ ჩემი და გარდაიცვალა. მას რთული ცხოვრება ჰქონდა. ის სახარებას ბოლომდე ვერ იღებდა და არასდროს არ ყოფილა აქტიური წევრი. ქმარმა ოთხ შვილთან ერთად მიატოვა. იმ საღამოს, როცა იგი გარდაიცვალა, მე მას შინ მშვიდობით დაბრუნების კურთხევა მივეცი. იმ ოთახში მისი შვილებიც იმყოფებოდნენ. იმ მომენტში მივხვდი, რომ მეტისმეტად ხშირად განვსაზღვრავდი ჩემი დის სიცოცხლეს მის განსაცდელთა და არააქტიურობის მიხედვით. როცა იმ საღამოს თავზე ხელები დავასხი, რამდენიმე საყვედური მივიღე სულიწმინდისგან. მე კარგად ვიგრძენი ჩემი დის სიკეთე და დავინახე იგი ისე, როგორც მას ღმერთი ხედავდა - არა როგორც პიროვნება, რომელმაც სახარება ბოლომდე არ შემოუშვა ცხოვრებაში, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც იმ სირთულეების წინაშე დგემოდა, რომლებიც მე არ მქონია. მე დავინახე იგი, როგორც საოცარი დედა, რომელმაც, დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად, გაზარდა ოთხი ლამაზი, საოცარი შვილი. მე დავინახე იგი, როგორც დედაჩემის მეგობარი, რომელიც მამაჩემის სიკვდილის შემდეგ მას უვლიდა.
იმ ბოლო საღამოს დასთან ღმერთი მეკითხებოდა: „განა ვერ ხედავ, რომ შენს ირგვლივ ყოველი პიროვნება წმინდა არსებაა“?
ბრიგამ იანგი გვასწავლიდა:
„ნეტავ შეძლონ წმინდანებმა … და აღიქვან მამაკაცები და ქალები ისეთი, როგორიც ისინი არიან და არა ისეთი, როგორებსაც თქვენ ხედავთ“.6
რამდენჯერ გამიგონია სიტყვები: ‘ეს პიროვნება არასწორად მოიქცა და არ შეიძლება, რომ იგი წმინდანი იყოს’. … ჩვენ ვიცით, რომ ზოგი იგინება, ზოგი იტყუება … [ან] არღვევს შაბათის დრეს. … ნუ განიკითხავთ ასეთ ადამიანებს, რადგან თქვენ არ იცით უფლის ჩანაფიქრი მათ მიმართ … [ამის ნაცვლად] მოთმინებით მოეკიდეთ მათ“.7
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მხსნელი ვერ გამჩნევთ ვერც თქვენ და ვერც თქვენს ტვირთს? მხსნელი ერთნაირად უყურებდა სამარიელს, მრუშს, მებაჟეს, მკეთროვანს, შეშლილსა და ცოდვილს. ყველანი მისი მამის შვილები იყვნენ. და ყველას გამოსყიდვა შეიძლებოდა.
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მას ზურგი შეექცია ვინმესთვის, ვინც ვერ პოულობს ადგილს ღვთის სასუფეველში ან რაიმე სხვა მიზეზის გამო იტანჯება?8 მე ვერ წარმოვიდგენ ამას. ქრისტეს თვალში ყოველი სული შეუფასებელია. არავინ არ არის განწირული წარუმატებლობისთვის. მარადიული ცხოვრება ყველასთვის შესაძლებელია.9
სულიწმინდის ის საყვედური ჩემი დის საწოლთან დიდი გაკვეთილი იყო ჩემთვის: როცა სხვებს უფლის თვალით ვუყურებთ, ჩვენ ორმაგ გამარჯვებას ვზეიმობთ: მათ გამოსყიდას, ვისაც ვეხებით და ჩვენს საკუთარ გამოსყიდვას.
მეორე: იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ქრისტეს სახელი, ჩვენ არა მხოლოდ ღმერთის თვალებით უნდა ვუყუროთ სხვებს, არამედ მისი საქმეც შევასრულოთ და ვიმსახუროთ მის მსგავსად. ჩვენ ვცხოვრობთ ორი დიდი მცნების მიხედვით, ვემორჩილებით ღმერთის ნებას, ვკრებთ ისრაელს და ვრთავთ ნებას სინათლეს, „უნათებდეს გზას კაცობრიობას“.10 ჩვენ ვიღებთ მისი აღდგენილი ეკლესიის აღთქმებსა და წეს-ჩვეულებებს და ვცხოვრობთ მათი მიხედვით.11 როცა ასე ვიქცევით, ღმერთი გვმოსავს ძალით, დავლოცოთ საკუთარი თავი, ჩვენი ოჯახები და სხვების ცხოვრება.12 ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვიცნობ ვინმეს, ვისაც არ სჭირდება ზეცის ძალა ცხოვრებაში“?
ღმერთი მოახდენს სასწაულებს ჩვენში, როცა განვიწმინდებით.13 ჩვენ ვიწმინდებით იმით, რომ გულით სუფთანი ვხდებით.14 ჩვენი გული იწმინდება, როცა ვუსმენთ უფალს,15 ვინანიებთ ცოდვებს,16 ვექცევით რწმენაზე17 და გვიყვარს ისე, როგორც მას უყვარდა.18 მხსნელმა გვკითხა: „ვინაიდან, თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური?”19
მე არც თუ ისე დიდი ხნის წინ შევიტყვე, რა გადაიტანა ცხოვრებაში უხუცესმა ჯეიმს ე. ტალმიჯმა, რამაც მაიძულა, გავჩერებულიყავი და მეფიქრა იმაზე, როგორ შევიყვარო ჩემს ირგვლივ მყოფნი და ვემსახურო მათ. 1892 წ. უხუცესი ტალმიჯი, (სანამ მოციქული გახდებოდა) ახალგაზრდა პროფესორი იყო. იმ დროს სიცოცხლისთვის საშიში დიფტერიის ეპიდემია მძვინვარებდა. უხუცესმა ტალმიჯმა აღმოაჩინა უცხო ოჯახი, რომელიც მასთან ახლოს ცხოვრობდა და დაავადდა. არავის არ უნდოდა, გაერისკა და დაინფიცირებულ სახლში შესულიყო. უხუცესი ტალმიჯი კი დაუყოვნებლივ გაეშურა იმ სახლისკენ. იქ ოთხი ბავშვი დახვდა: ორწლინახევრის, რომელიც იატაკზე იწვა მკვდარი, ხუთი წლის, ათი წლის, რომელიც ტკივილისგან იტანჯებოდა და დასუსტებული ცამეტი წლის. მშობლები გლვოვისგან და დაქანცულობისგან იტანჯებოდნენ.
უხუცესმა ტალმიჯმა ჩააცვა გარდაცვლილებსაც და ცოცხლებსაც, მოგავა ყველგან იატაკი, გაიტანა დასვრილი ტანსაცმელი და დაწვა დაინფიცირებული ძონძები. იგი მთელი დღე მუშაობდა და მეორე დღეს დილით ისევ იქ დაბრუნდა. ათი წლის ბავშვი ღამე გარდაიცვალა. მან ხელში აიყვანა ხუთი წლის ბავშვი. ბავშვმა სისხლიანი ლორწო ამოახველა და მთელი სახე და ტანცაცმელი დაუსვარა. იგი წერდა: „მე მას ვერ გავუშვებდი ხელიდან“. მას ბავშვი ხელში ეკავა, სანამ იგი არ გარდაიცვალა. იგი სამივე შვილის დაკრძალვაში მოეხმარა და მგლოვიარე ოჯახისთვის საკვები და სუფთა ტანსაცმელი შეუკვეთა. სახლში დაბრუნებისას ძმა ტალმიჯმა ტანსაცმელი გაიხადა, იბანავა თუთიის ხსნარში, ოჯახისგან განცალკევდა და გადაიტანა ავადმყოფობის სუსტი ფორმა.20
ჩვენს ირგვლივ იმდენი სიცოცხლეა რისკის ქვეშ. წმინდანები იღებენ საკუთარ თავზე მხსნელის სახელს, ხდებიან რა წმინდანი და უწევენ მზრუნველობას ყველას, სადაც არ უნდა იყვნენ და ამით გადაარჩენენ სიცოცხლეს.21
და ბოლოს: მე მწამს, იმისთვის, რომ ავიღოთ ჩვენს თავზე მისი სახელი, ჩვენ უნდა ვენდოთ მას. ერთხელ საკვირაო შეკრებაზე ახალგაზრდა ქალმა მკითხა: „ჩემი მეგობარი მამაკაცი და მე ცოტა ხნის წინ დავშორდით. მან გადაწყვიტა, დაეტოვებინა ეკლესია. იგი მეუბნება, რომ არასდროს არ ყოფილა ასეთი ბედნიერი. როგორ შეიძლება ასეთი რამ?
მხსნელმა გასცა ამ კითხვას პასუხი, როცა უთხრა ნეფიელებს: „თუ თქვენი ცხოვრება არ არის აგებული ჩემს სახარებაზე და აგებულია კაცთა ან ეშმაკის საქმეებზე, ჭეშმარიტად გეუბნებით: [გექნებათ] სიხარული [ამ] საქმეში ცოტა ხნით და ნელ-ნელა ბოლო მოეღება მას“.22 იესო ქრისტეს სახარების მიღმა არ არსებობს მდგრადი სიხარული.
იმ შეკრებაზე ვფიქრობდი მრავალ კარგ ადამიანზე, რომლებიც ვიცი, იტანჯებიან დიდი ტვირთისგან და მცნებების დაცვა ძლიერ უჭირთ. მე ვკითხე საკუთარ თავს: „კიდევ რა უნდა უთხრას მათ მხსნელმა?23 მე მჯერა, იგი ჰკითხავდა: „გჯერათ ჩემი“?24 ქალს, რომელიც სისხლის დენისგან იტანჯებოდა, უთხრა: „ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა, წადი მშვიდობით”.25
ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ნაწყვეტი წმინდა წერილიდან არის იოანე 4:4სადაც წერია: „მას სამარიაზე უნდა გაევლო”
რატომ მიყვარს ეს ამონარიდი წმინდა წერილიდან? იმიტომ, რომ იესოს არ სჭირდებოდა სამარიაში წასვლა. იმ დროს იუდევლებს ეზიზღებოდათ სამარიელები და ისინი სამარიის გვერდის ავლით მოგზაურობდნენ. მაგრამ იესომ არჩია იქ წასვლა, რათა განეცხადებინა ყველასთვის, რომ იგი იყო დაპირებული მესია. ამ გზავნილის გასაზიარებლად მან აირჩია არა მხოლოდ განდევნილი ჯგუფი, არამედ ქალი - და არა რომელიმე ქალი - ის, რომელიც ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, რომელსაც იმ დროს უკანასკნელთა შორის უკანასკნელად ითვლებოდა. მე მჯერა: იესომ ეს გააკეთა, რათა ყოველ ჩვენგანს ყოველთვის ესმოდეს, რომ მისი სიყვარული ჩვენს შიშზე, ჭრილობებზე, ჩვევებზე, ეჭვზე, ცდუნებაზე, ცოდვაზე, დანგრეულ ოჯახებზე, დეპრესიასა და შფოთვაზე, ქრონიკულ დაავადებებზე, სიღარიბეზე, შეურაცხყოფაზე, გულგატეხილობაზე და მარტოობაზე დიდია.26 მას სურს, ყველამ იცოდეს, არ არსებობს არავინ და არაფერი, რასაც იგი ვერ განკურნავს და ვერ გადაიყვანს ხანგრძლივ სიხარულში.27
მისი მადლი საკმარისია.28 მხოლოდ იგი დადგა ყველაფერზე დაბლა. მისი გამოსყიდვის ძალა გვეხმარება, დავძლიოთ ნებისმიერი ტვირთი ჩვენს ცხოვრებაში.29 იმ ქალის გზავნილი ჭასთან გვამცნობს, რომ უფალმა იცის ჩვენი ცხოვრების შესახებ30 და ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის ვიაროთ მასთან, სადაც არ უნდა ვიდგეთ. მას და ყოველ ჩვენგანს იგი ეუბნება: „ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, მე რომ მივცემ, მასში გადაიქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.31
რაც არ უნდა ხდებოდეს ცხოვრებაში, რატომ უნდა შეაქციოთ ზურგი მხსნელს, რომელსაც აქვს თქვენი განკურნებისა და შინ დაბრუნების სრული ძალა? რა ფასადაც არ უნდა დაგიჯდეთ მისი რწმენა ეს ამად ღირს. ჩემო დებო და ძმებო, მოდით, გავაკეთოთ არჩევანი - გავზარდოთ რწმენა მამაზეციერისა და ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს მიმართ.
სულის სიღრმიდან ვმოწმობ, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია არის მხსნელის ეკლესია და მას ცოცხალი ქრისტე მართავს ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის მიერ. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ერთგულად ავიღოთ საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელი ანუ ვხედავდეთ ისე, როგორც იგი ხედავს, ვემსახუროთ ისე, როგორც ის მსახურობდა და გვჯეროდეს, რომ მისი მადლი საკმარისია იმისთვის, რომ მიგვიყვანოს სახლში და დაგვამკვიდროს სიხარულში. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.