2010-2019
ეკლესიის სწორი სახელწოდება
ოქტომბერი, 2018 წ.


ეკლესიის სწორი სახელწოდება

იესო ქრისტემ მიგვითითა, გვეწოდებინა ეკლესიისთვის მისი სახელი, რადგან ეს მისი ეკლესიაა, მისი ძალით სავსე.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, ამ მშვენიერ შაბათის დღეს ჩვენ ერთად ვხარობთ უფლის მრავალ კურთხევაში. ჩვენ მადლიერნი ვართ იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების თქვენი დამოწმებებისათვის, იმ მსხვერპლისთვის, რომელიც თქვენ გაიღეთ, რათა დარჩენილიყავით ან დაბრუნებულიყავით მის აღთქმის გზაზე და თქვენი თავდადებული მსახურებისთვის მის ეკლესიაში.

დღეს მე იძულებული ვარ, განვიხილო დიდად მნიშვნელოვანი საკითხი. რამდენიმე კვირის წინ მე განვაცხადე შესწორების შესახებ, რომელიც უნდა შეტანილ იქნას ეკლესიის სახელწოდებაში.1 მე ეს გავაკეთე, რადგან უფალმა მაცნობა გონებაში იმ სახელწოდების მნიშვნელობა, რომელიც მან უბოძა თავის ეკლესიას, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას.2

როგორც ამას მოელოდებოდით, ამ განცხადებას და სტილის მიმანიშნებელს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა3 . მრავალმა წევრმა იმწუთასვე ჩაასწორა ეკლესიის სახელწოდება თავიანთ ბლოგებში და სოციალურ მედია გვერდებზე. სხვებს უკვირდათ, რა საჭირო იყო აქცენტირება ამგვარ „უმნიშვნელო“ რამეზე, როცა მსოფლიოში ასეთი ამბები ტრიალებს. ზოგმა კი თქვა, რომ ეს ვერ გაკეთდებოდა, ამიტომ, არც კი ეცდებოდნენ. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, რატომ გვაწუხებს ასე ძალიან ეს საკითხი. მაგრამ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რას არ უკავშირდება ეს მცდელობა:

  • ეს არ არის სახელწოდების შეცვლა.

  • ეს არ არის ბრენდის შეცვლა.

  • ეს არ არის ზედაპირული.

  • ეს არ არის ახირება.

  • და ეს არ არის უმნიშვნელო.

ეს არის შესწორება. ეს არის უფლის ბრძანება. ჯოზეფ სმითს არ დაურქმევია აღდგენილი ეკლესიასთვის სახელი; არც მორმონს. თავად მხსნელმა თქვა: „რამეთუ ასე დაერქმევა ჩემს ეკლესიას უკანასკნელ დღეებში - უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია“.4

იქამდე, 34 წ. ჩვ. წ. ჩვენმა აღმდგარმა უფალმა მისცა მსგავსი მითითებები თავისი ეკლესიის წევრებს, როცა ეწვია ამერიკის კონტინენტს. მაშინ მან თქვა:

„დაარქმევთ ჩემს ეკლესიას ჩემს სახელს. …

„და როგორ იქნება ეს ჩემი ეკლესია, თუ მას არ დაერქმევა ჩემი სახელი? რადგან, თუ ეკლესიას დაარქმევენ მოსეს სახელს, ეს იქნება მოსეს ეკლესია; ან თუ მას უწოდებენ ადამიანის სახელს ეს იქნება ადამიანის ეკლესია; მაგრამ თუ მას ეწოდება ჩემი სახელი მაშინ ეს ჩემი ეკლესიაა“.5

ასე რომ, ეკლესიის სწორი სახელწოდება არ არის მოლაპარაკების საგანი. როცა მხსნელი ნათლად განაცხადებს ეკლესიის სახელწოდებას და მეტიც, იწყებს გაცხადებას სიტყვებით: „ასე რომ, ასე დაერქმევა ჩემს ეკლესიას“, - იგი არ ხუმრობს. და თუ ჩვენ მივცემთ ზედმეტი სახელის გამოყენების უფლებას ან თავად გამოვიყენებთ მას ან შევიტანთ ამაში ჩვენს წვლილს, ეს უფლის შეურაცხყოფა იქნება.

რა ფასი აქვს სახელწოდებას ან ამ შემთხვევაში, ზედმეტ სახელს? როცა ეს ეხება ეკლესიის ზედმეტ სახელს, როგორიცაა „LDS“, „მორმონთა ეკლესია“ ან „უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ეკლესია“, ამ სახელწოდებებში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გამოტოვებულია მხსნელის სახელი. სატანას ძირითადი გამარჯვებაა ის, რომ უფლის ეკლესიას უფლის სახელი ჩამოაშარო. როცა ჩვენ მხსნელის სახელს არაფრად ვაგდებთ, ჩვენ ამით უგულებელვყოფთ ყველაფერს, რაც ქრისტემ გააკეთა ჩვენთვის - მის გამოსყიდვასაც კი.

შეხედათ ამას მისი თვალით: წინამიწიერ ცხოვრებამდე იგი იყო იეღოვა, ძველი აღთქმის ღმერთი. თავისი მამის ხელმძღვანელობით მან შექმნა ეს სამყარო და სხვა სამყაროები.6 მან გააკეთა არჩევანი - დამორჩილებოდა მამის ნებას და გაეკეთებინა ისეთი რამ ღმერთის ყველა შვილისთვის, რასაც სხვა ვერავინ ვერ გააკეთებდა! მან დაგვდო პატივი და მოევლინა დედამიწაზე ხორციელად, მამის მხოლოდშობილ ძედ, მაგრამ მას სასტიკად შეურაცხყოფდნენ, დასცინოდნენ, აფურთხებდნენ და ამათრახებდნენ. გეთსიმანიის ბაღში ჩვენმა მხსნელმა აიღო საკუთარ თავზე ყოველი ტკივილი, ყოველი ცოდვა და ყოველი ტანჯვა, რომელიც ოდესმე გამოუცდია ვინმეს, ვინც ცხოვრობდა ან იცხოვრებს დედამიწაზე. ამ აუტანელი ტვირთის ქვეშ მას ყოველი ფორიდან სისხლი მოსდიოდა.7 ყოველი ეს ტანჯვა კიდევ უფრო გამძაფრდა, როცა იგი სასტიკად ჯვარზე გააკრეს.

ამ აუტანელი გამოცდილების და შემდგომ აღდგომის მეშვეობით - უსაზღვრო გამოსყიდვით, მან ყველას უკვდავება აჩუქა და გამოისყიდა ყოველი ჩვენგანი ცოდვის შედეგისგან ჩვენი მხრიდან მონანიების პირობით.

მხსნელის აღდგომისა და მოციქულების სიკვდილის შემდეგ სამყარო სიბნელეში ჩაიძირა. შემდეგ, 1820 წ, მამაზეციერი და მისი ძე, იესო ქრისტე, მოევლინნენ წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს, რათა უფლის ეკლესიის აღდგენა დაეწყო.

მას შემდეგ, რაც ამდენი გადაიტანა - მას შემდეგ, რაც ყველაფერი გააკეთა კაცობრიობისთვის, მე სინანულით ვხვდები იმას, რომ ჩვენ შეუმჩნევლად მივიღეთ ის, რომ უფლის აღდგენილ ეკლესიაში გვეძახიან სხვადასხვა სახელებს, რომლებშიც არ ფიგურირებს იესო ქრისტეს წმინდა სახელი!

ყოველ კვირას, თუკი ღირსეულად ვიღებთ ზიარებას, ჩვენ ვდებთ ახალ წმინდა დაპირებას მამაზეციერთან, რომ მზად ვართ, ავიღოთ ჩვენს თავზე მისი ძის, იესო ქრისტეს, სახელი.8 ჩვენ ვპირდებით, რომ მივყვებით მას, მოვინანიებთ, დავიცავთ მის მცნებებს და ყოველთვის გვემახსოვრება იგი.

როცა ჩვენ მისი ეკლესიის სახელწოდებიდან მის სახელს ამოვიღებთ, ჩვენ უნებურად აღარ აღვიქვამთ მას ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად.

მხსნელის სახელის აღება ჩვენ თავზე მოიცავს (ჩვენი ქმედებებისა და სიტყვების მეშვეობით) სხვებისადმი დამოწმებასა და განცხადებას: იესო არის ქრისტე. ყოფილა ისე, რომ როცა ვინმე „მორმონებს“ გვიწოდებდა, გვეშინოდა, რომ მათ ვაწყენინებთ და ამიტომ აღარ დაგვიცავს მხსნელი, იმ სახელის გამოც კი, რომელსაც მისი ეკლესია ატარებს?

თუ ჩვენ კოლექტიურად ან ინდივიდუალურად გვაქვს წვდომა იესო ქრისტეს გამოსყიდვაზე, რომელიც განგვწმენდს, გვკურნავს, გვაძლიერებს, განგვადიდებს და საბოლოოდ აგვამაღლებს, მაშინ ნათლად უნდა მივიღოთ იგი, როგორც ამ ძალის წყარო. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ იმით, რომ ვუწოდოთ მის ეკლესიას სახელი, რომელიც მან განაცხადა.

მსოფლიოს უმეტესი ნაწილისთვის უფლის ეკლესია ამჟამად შენიღბულია, როგორც „მორმონთა ეკლესია“. მაგრამ ჩვენ, როგორც უფლის ეკლესიის წევრებმა, ვიცით, ვინ დგას მის სათავეში: თავად იესო ქრისტე. სამწუხაროდ მრავალთ, ვისაც ესმის ტერმინი მორმონი, შეიძლება იფიქრონ, რომ ჩვენ თაყვანს ვცემთ მორმონს. ეს ასე არაა! ჩვენ პატივს ვცემთ ამ დიდ ამერიკელ წინასწარმეტყველს.9 ჩვენ არ ვართ მორმონის მოწაფეები. ჩვენ უფლის მოწაფეები ვართ.

აღდგენილი ეკლესიის ადრეულ დღეებში ტერმინები მორმონთა ეკლესია და მორმონები 10 გამოიყენებოდა, როგორც ეპითეტები - სასტიკი, შეურაცმყოფელი ტერმინები - რომლებიც გათვლილი იყო იმაზე, რომ დაემალათ უფლის ხელი იესო ქრისტეს ეკლესიის აღდგენაში ამ უკანასკნელ დღეებში.11

დებო და ძმებო, უამრავი საერო კამათია ამ ეკლესიის სწორი სახელის აღდგენასთან დაკავშირებით. ჩვენ ვცხოვრობთ ციფრულ სამყაროში და ძიების საშუალებების მეშვეობით სწრაფად ვპოულობთ საჭირო ინფორმაციას, უფლის ეკლესიაზე ინფორმაციის ჩათვლით და კრიტიკოსები გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე შესწორება არ არის ბრძნული ნაბიჯი. სხვები ფიქრობენ, რომ რადგან ასე ფართოდ ვართ ცნობილნი, როგორც „მორმონები“ და „მორმონთა ეკლესია“ ჩვენ უნდა საუკეთესოდ გამოვიყენოთ ეს.

ეს რომ ყოფილიყო დისკუსია ადამინთა მიერ შექმნილ ორგანიზაციის ბრენდირებაზე, ეს არგუმენტები ალბათ გადაწონიდა. მაგრამ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხში ჩვენ ვუმზერთ მას, ვისი ეკლესიაც არის ეს და ვაღიარებთ, რომ უფლის გზა არ არის და არც არასოდეს იქნება, ადამიანის გზა. თუ მოთმინებას გამოვიჩენთ და ჩვენს როლს შევასრულებთ, უფალი წაგვიძღვება ამ მნიშვნელოვან საკითხში. ბოლოსდაბოლოს ჩვენ ვიცით, რომ უფალი ეხმარება მათ, ვინც ეძებს მისი ნების შესრულებას, ზუსტად როგორც იგი დაეხმარა ნეფის მის დავალებაში - აეშენებინა გემი ოკეანის გადასაკვეთად.12

ჩვენ გვინდა, ვიყოთ თავაზიანნი და მომთმენნი ჩვენს მცდელობებში, გამოვასწოროთ ეს შეცდომები. პასუხისმგებელი მედია გაგებით მოეკიდება ამ მოთხოვნას.

წინა გენერალურ კონფერენციაზე უხუცესმა ბენჯამინ დე ჰოიოსმა ისაუბრა მსგავს მოვლენაზე. მან თქვა:

„რამდენიმე წლის წინ, როცა ვმუშაობდი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობების ოფისში მექსიკაში, [მე და მეწყვილე] დაგვპატიჟეს რადიოში, თოქ შოუზე. … [პროგრამის ერთ-ერთმა დირექტორმა] გვკითხა: „რატომ აქვს ეკლესიას ასეთი გრძელი სახელწოდება?. …

„მე და ჩემს მეწყვილეს გაგვეღიმა ასეთი მნიშვნელოვანი შეკითხვის გამო და დავიწყეთ იმის ახსნა, რომ ეკლესიის სახელწოდება არ იყო შერჩეული ადამიანის მიერ. იგი მხსნელმა წარადგინა. … პროგრამის დირექტორმა იმწუთასვე, პატივისცემით, გვიპასუხა: „მაშინ ჩვენ გავიმეორებთ მას დიდი სიამოვნებით“.13

ეს შემთხვევა ჩვენთვის ნიმუშია. თითო-თითო ინდივიდუალური მცდელობით ჩვენ მოგვეთხოვება, გამოვასწოროთ შეცდომები, რომლებიც წლების განმავლობაში იქნა მიღებული.14 მსოფლიოს მეორე ნახევარი ან შემოუერთდება და ან არა ჩვენს მცდელობას, მოგვმართონ სწორი სახელით. მაგრამ თუ მსოფლიო მეტ წილად მიმართავს ეკლესიას და მის წევრებს მცდარი სახელით და ჩვენც იმავეს ვიზამთ, არ იქნება გულწრფელი, თუ ამის გამო გავნაწყენდებით.

ჩვენი სტილის მიმანიშნებელი დაგვეხმარება. იქ წერია: „უპირატესობა ენიჭება ეკლესიის სრულ სახელწოდებას: უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია.’ როცა საჭიროა უფრო შემოკლებული [მეორე] ვერსია, მიზანშეწონილია ‘ეკლესია’ ან ‘იესო ქრისტეს ეკლესია“. ‘იესო ქრისტეს აღდგენილი ეკლესია’ ასევე ზუსტი და მისასალმებელი ტერმინია“15

თუ ვინმემ გკითხათ: „მორმონი ხარ“? თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ: „თუ იმას მეკითხებით, ვარ თუ არა უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი დიახ, ვარ“!

თუ ვინმე გკითხავთ“ :უკანასკნელ დღეთა წმინდანი ხარ“?16 შეგიძლიათ უპასუხოთ: „დიახ. მე მწამს იესო ქრისტე და მე მისი აღდგენილი ეკლეისიის წევრი ვარ“.

ჩემო დებო და ძმებო, მე გპირდებით, რომ თუ ძალიან ვეცდებით, აღვადგინოთ უფლის ეკლესიის სწორი სახელი, ის, ვისი ეკლესიაც არის ეს, გადმოღვრის უკანასკნელ დღეთა წმინდანებზე თავის ძალასა და ისეთ კურთხევებს,17 რომლის მსგავსიც არასოდეს გვინახავს. ჩვენ გვექნება ღმერთის ძალა და ცოდნა, რომელიც დაგვეხმარება იესო ქრისტეს აღდგენილი სახარების კურთხევების მიტანაში ყოველ ერთან, ტომთან, თემთან და ხალხთან და მოვამზადებთ სამყაროს უფლის მეორე მოსვლისთვის.

ასე რომ, რა არის სახელში? როცა საქმე ეხება უფლის ეკლესიის სახელს, პასუხია: „ყველაფერი“! იესო ქრისტემ მიგვითითა, გვეწოდებინა ეკლესიისთვის მისი სახელი, რადგან ეს მისი ეკლესიაა, მისი ძალით სავსე.

მე ვიცი, რომ ღმერთი ცოცხალია. იესო არის ქრისტე. იგი დღეს წინ უძღვის თავის ეკლესიას. მე ამას ვმოწმობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. „უფალმა მაცნობა გონებაში იმ სახელწოდების მნიშვნელობა, რომელიც მან გამოუცხადა თავის ეკლესიას, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიას. ჩვენ წინ გველის მის ნებასთან ჰარმონიაში მოსვლის სამუშაო. ბოლო კვირების განმავლობაში ეკლესიის სხვადასხვა ხელმძღვანელებმა და განყოფილებებმა წამოიწყეს ამისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ინიციატივა. დამატებითი ინფორმაცია ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო თვეებში“ (რასელ მ. ნელსონი, „ეკლესიის სახელწოდება“ [ოფიციალური განცხადება, 2018 წ. 16 აგვისტო], mormonnewsroom.org).

  2. ეკლესიის წინამორბედი პრეზიდენტებიც გამოდიოდნენ მსგავსი თხოვნით. მაგალითად, პრეზიდენტმა ჯორჯ ალბერტ სმითმა თქვა: „ნუ განაწყენებთ უფალს და ნუ დაუძახებთ მის ეკლესიას მორმონთა ეკლესიას. მან არ დაარქვა ეკლესიას მორმონთა ეკლესია“ (in Conference Report, Apr. 1948, 160).

  3. იხ. “სტილის მიმანიშნებელი - ეკლესიის სახელწოდება,” mormonnewsroom.org.

  4. მოძღვრება და აღთქმები 115:4.

  5. 3 ნეფი 27:7-8

  6. იხ. მოსე 1:33.

  7. იხ. მოძღვრება და აღთქმები 19:18.

  8. იხ. მორონი 4:3; მოძღვრება და აღთქმები 20:37, 77.

  9. მორმონი იყო მორმონის წიგნის ოთხ მნიშვნელოვან ავტორთა შორის ერთ-ერთი. სამი სხვა იყო: ნეფი, იაკობი და მორონი. ყველანი იყვნენ უფლის თვითმხილველები, მისი შთგონებული მთარგმნელის, წინასწარმეტყველის ჯოზეფ სმითის ჩათვლით.

  10. სიტყვა მორმონიტებიც კი გამოიყენებოდა დასაცინად (see History of the Church, 2:62–63, 126).

  11. სხვა ეპითეტებიც გამოიყენებოდა ახალი აღთქმის დღეებში. პავლე მოციქულს, როდესაც იგი დააყენეს ფელიქსის წინაშე, „ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღოლი უწოდეს“ (საქმეები 24:5). ფრაზა „ნაზარენები“, როგორც ეს აღნიშნა ერთ-ერთმა კომენტატორმა, „გამოიყენებოდა ქრისტიანების დასამცირებლად“. მათ ასე უწოდებდნენ იესოს გამო, რომელიც ნაზარეთიდან იყო (ალბერტ ბარნსი, Notes, Explanatory and Practical, on the Acts of the Apostles [1937], 313).

    ამის მსგავსად, მეორე კომენტატორი წერს: „რადგან ჩვენს უფალს ზიზღით ეძახდნენ ‘ნაზარეველს’ (მათე 26:71), იუდევლებიც მის მიმდევრებს ნაზარევლებს უწოდებდნენ. ისინი არ აღიარებდნენ, რომ ის ხალხი ქრისტიანები იყვნენ ანუ მესიას მოწაფენი“(The Pulpit Commentary: The Acts of the Apostles, ed. H. D. M. Spence and Joseph S. Exell [1884], 2:231).

    იმავე თემაზე ისაუბრა უხუცესმა ნილ ა. მაქსველმა: „წმინდა წერილის ისტორიაში ვხედავთ ხშირ მცდელობებს, დაამცირონ წინასწარმეტყველები მათი უარყოფის მიზნით. ამისთვის მათ დამამცირებელ სახელს უწოდებდნენ. თუმცა, მეტ წილად, მათ იგნორირებდნენ როგორც თანამედროვეები ისე საერო ისტორია. ბოლოსდაბოლოს, ადრეულ ქრისტიანებს უწოდებდნენ ‘ნაზარევლების სექტა’ (Acts 24:5.)” (“Out of Obscurity,” Ensign, Nov. 1984, 10).

  12. იხ. 1 ნეფი 18:1–2.

  13. Benjamín De Hoyos, “Called to Be Saints,” Liahona, May 2011, 106.

  14. ჩვენ სხვებს ვერ გავუწევთ კონტროლს იმაზე, რას დაგვიძახებენ, მაგრამ საკუთარ თავზესრული კონტროლი გვაქვს. თუ ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, არ გამოვიყენებთ ეკლესიის სწორ სახელწოდებას, რატომ უნდა ველოდოთ ამას სხვებისგან?

  15. სტილის მიმანიშნებელი - ეკლესიის სახელწოდება,” mormonnewsroom.org.

  16. ტერმინი წმინდანი ხშირად გამოიყენება ბიბლიაში. პავლე მოციქულის წერილში ეფესელებთან იგი იყენებს სიტყვას წმინდანი სულ მცირე ერთხელ ყოველ თავში. წმინდანი არის ადაიანი, რომელსაც სწამს იესო ქრისტე და ცდილობს, მიჰყვეს მას.

  17. იხ. მოძღვრება და აღთქმები 121:33.

ამობეჭდვა