წმინდა წერილი
ეფერი 11


თავი 11

ომები, უთანხმოებები და სიბოროტე სუფევს იარედიელთა ცხოვრებაში. წინასწარმეტყველები წინასწარმეტყველებენ იარედიელთა მთლიან განადგურებას, თუ ისინი არ მოინანიებენ. ხალხი უარყოფს წინასწარმეტყველთა სიტყვებს.

1 და კომის დღეების ჟამს მოვიდა მრავალი წინასწარმეტყველი და ამ დიადი ხალხის განადგურება იწინასწარმეტყველა, თუ არ მოინანიებდნენ და არ მიუბრუნდებოდნენ უფალს და არ დათმობდნენ თავიანთ მკვლელობებსა და სიბოროტეს.

2 და იყო ასე, რომ ხალხმა უარყო წინასწარმეტყველები და ისინი კომთან გაიქცნენ მფარველობისთვის, ვინაიდან ხალხს სურდა მათი განადგურება.

3 და მათ უწინასწარმეტყველეს კომს მრავალი რამ; და იგი კურთხეული იყო მთელი თავისი დარჩენილი დღენი.

4 და მან იცოცხლა ღრმა სიბერემდე და შეეძინა შიბლომი; და შიბლომი მმართველობდა მის მაგივრად. და შიბლომის ძმა აჯანყდა მის წინააღმდეგ და მთელ მიწაზე დაიწყო ძალზედ დიდი ომი.

5 და იყო ასე: შიბლომის ძმამ ბრძანა, რომ ყველა წინასწარმეტყველი, რომელიც ხალხის განადგურებაზე წინასწარმეტყველებდა, სიკვდილით უნდა დასჯილიყო;

6 და მთელ მიწაზე იყო დიდი უბედურება, ვინაიდან ისინი მოწმობდნენ დიდი წყევლის მოსვლაზე მიწასა და ასევე ხალხზე; და რომ მათ შორის იქნებოდა დიდი განადგურება, როგორიც აქამდე დედამიწის პირზე არ ყოფილა; და მათი ძვლები მიწაყრილის გროვებად გადაიქცეოდა მიწის პირზე, თუ არ მოინანიებდნენ საკუთარ სიბოროტეს.

7 და ისინი ყურს არ უგდებდნენ უფლის ხმას, თავიანთი ბოროტი შეთქმულებების გამო, ამიტომ, მთელ მიწაზე დაიწყო ომები და განხეთქილებები, ასევე დიდი შიმშილი და ჭირი, ისეთი, რომ მოიტანა დიდი განადგურება, როგორიც დედამიწის პირზე ჯერ არ ენახათ; და ეს ყველაფერი იყო შიბლომის დღეების ჟამს.

8 და ხალხმა დაიწყო თავიანთი ურჯულოების მონანიება; და რამდენადაც ამას აკეთებდნენ, იმდენად უფალმა მათზე წყალობა გამოიჩინა.

9 და იყო ასე, რომ შიბლომი მოკლეს და შეთი დაატყვევეს და მან მთელი თავისი დღენი ტყვეობაში გაატარა.

10 და იყო ასე, რომ მისმა შვილმა, აჰაჰმა, მიიღო სამეფო; და იგი მმართველობდა ხალხზე მთელი თავისი დღეები. და ყოველგვარ ურჯულოებას სჩადიოდა თავის დღეებისას, რამაც მოიტანა მრავალი სისხლისღვრა; და მისი დღეები იყო მცირე.

11 და ეთემმა, იყო რა აჰაჰის შთამომავალი, მიიღო სამეფო; და იგი, თავის დღეებში, აკეთებდა იმას, რაც იყო ბოროტი.

12 და იყო ასე, რომ ეთემის დღეებისას მოვიდა მრავალი წინასწარმეტყველი და კვლავ უწინასწარმეტყველებდა ხალხს; დიახ, ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ უფალი მათ მთლიანად გაანადგურებდა დედამიწის პირზე, თუ არ მოინანიებდნენ თავიანთ ურჯულოებას.

13 და იყო ასე, რომ ადამიანებმა გაიქვავეს გული და არ სურდათ მათთვის ყურის დაგდება; და წინასწარმეტყველები დამწუხრდნენ და ხალხს გაერიდნენ.

14 და იყო ასე, რომ ეთემი, მთელი თავისი დღენი, სამართალს აღასრულებდა სიბოროტით; და მას შეეძინა მორონი. და იყო ასე, რომ მორონი მმართველობდა მის მაგივრად; და მორონი აკეთებდა იმას, რაც ბოროტი იყო უფლის წინაშე.

15 და იყო ასე, რომ ხალხში დაიწყო ჯანყი, საიდუმლო შეთქმულების გამო, რომელიც შეიქმნა ძალაუფლებისა და სარგებლის მოსაპოვებლად; და მათ შორის გამოჩნდა ურჯულოებით ძლევამოსილი კაცი და შეებრძოლა მორონს, რომლითაც დაამხო ნახევარი სამეფო; და მრავალი წლის განმავლობაში დაპყრობილი ჰქონდა სამეფოს ნახევარი.

16 და იყო ასე, რომ მორონმა იგი დაამხო და კვლავ მიიღო სამეფო.

17 და იყო ასე, რომ გამოჩნდა კიდევ ერთი ძლევამოსილი კაცი და იგი იყო იარედის ძმის შთამომავალი.

18 და იყო ასე, რომ მან დაამხო მორონი და მიიღო სამეფო; ამიტომ, მორონი მთელი თავისი დარჩენილი დღენი ტყვეობაში იმყოფებოდა; და მას შეეძინა კორიანტორი.

19 და იყო ასე, რომ კორიანტორი მთელი თავისი დღენი იმყოფებოდა ტყვეობაში.

20 და კორიანტორის დღეების ჟამს იქ მოვიდა მრავალი წინასწარმეტყველი და იწინასწარმეტყველა დიდი და საოცარი რამ და იღაღადეს ხალხისთვის მონანიება, რომ, თუ არ მოინანიებდნენ, უფალი ღმერთი მათ წინააღმდეგ აღასრულებდა სამართალს, მათი სრული განადგურებით.

21 და უფალი ღმერთი, თავისი ძალით, გამოაგზავნიდა ან მოავლენდა სხვა ხალხს ამ მიწის დასაუფლებლად ისე, როგორც მან მოიყვანა მათი მამები.

22 და მათ უარყვეს წინასწარმეტყველთა ყველა სიტყვა, თავიანთი საიდუმლო საზოგადოებისა და ბოროტი სისაძაგლის გამო.

23 და იყო ასე, რომ კორიანტორს შეეძინა ეფერი და გარდაიცვალა, იცხოვრა რა მთელი თავისი დღენი ტყვეობაში.