წმინდა წერილი
ეფერი 13


თავი 13

ეფერი ლაპარაკობს ახალ იერუსალიმზე, რომელიც უნდა ააშენონ ამერიკაში იოსების შთამომავლებმა. იგი წინასწარმეტყველებს, მას აძევებენ, იგი წერს იარედიელთა ისტორიას და წინასწარმეტყველებს მათ განადგურებას. მთელ მიწაზე ომი მძვინვარებს.

1 და ახლა მე, მორონი, ვასრულებ ჩემს ჩანაწერებს, იმ ხალხის განადგურების შესახებ, რომელზეც ვწერდი.

2 ვინაიდან აჰა, მათ უარყვეს ეფერის ყველა სიტყვა; ვინაიდან მან ჭეშმარიტად უთხრა მათ ყოველივე ამის შესახებ, ადამიანის დასაბამიდან; და მას შემდეგ, რაც წყლებმა ამ მიწის პირიდან უკან დაიხია, იგი რჩეულ მიწად იქცა ყველა სხვა მიწათა შორის, უფლის მიერ რჩეულ მიწად; ამიტომ, უფალს სურს, რომ მას ემსახუროს ყოველი ადამიანი, რომელიც ამ მიწის პირზე იმყოფება;

3 და რომ ეს იყოს ადგილი ახალი იერუსალიმისა, რომელიც გადმოვა ზეციდან და წმინდა სამლოცველო უფლისა.

4 აჰა, ეფერმა იხილა ქრისტეს დღეები და მან ილაპარაკა ამ მიწაზე ახალი იერუსალიმის შესახებ.

5 და მან ასევე ილაპარაკა ისრაელის სახლის და იერუსალიმის შესახებ, საიდანაც მოვა ლეხი, რომ მას შემდეგ, რაც იგი განადგურდება, იგი კვლავ აშენდება – უფლის წმინდა ქალაქი; ამიტომ, ვერ გახდებოდა ახალი იერუსალიმი, ვინაიდან იგი არსებობდა ძველად, მაგრამ იგი თავიდან აშენდება და იქცევა უფლის წმინდა ქალაქად; და იგი აშენდება ისრაელის სახლისთვის –

6 და ახალი იერუსალიმი უნდა აშენდეს ამ მიწაზე, არსებული ნიმუშის მიხედვით, იოსების შთამომავლების ნარჩენისთვის.

7 ვინაიდან, როგორც იოსებმა მოიყვანა თავისი მამა ეგვიპტეს მიწაზე, ისე გარდაიცვალა იგი იქ; ასე რომ, უფალმა იოსების შთამომავლების ნარჩენი გამოიყვანა იერუსალიმის მიწიდან, რათა ყოფილიყო მოწყალე იოსების შთამომავლებზე, რათა იგი არ დაღუპულიყო ისევე, როგორც იგი მოწყალე იყო იოსების მამისადმი, რათა იგი არ დაღუპულიყო.

8 ამიტომ, იოსების სახლის ნარჩენი აღშენდება ამ მიწაზე და ეს იქნება მათი მემკვიდრეობის მიწა; და ისინი ააგებენ უფლისთვის წმინდა ქალაქს, ძველი იერუსალიმის მაგვარს; და მათ ვეღარ შემუსრავენ, სანამ არ მოვა დასასრული, როდესაც დედამიწა გადავა.

9 და იქნება იქ ახალი ზეცა და ახალი დედამიწა; და ისინი იქნებიან ძველის მაგვარი, მხოლოდ ძველი იქნება გარდაცვლილი და ყველაფერი იქნება ახალი.

10 და მაშინ მოვა ახალი იერუსალიმი; და კურთხეულნი არიან იქ მცხოვრებნი, ვინაიდან არიან ისინი, რომელთა სამოსი გათეთრდა კრავის სისხლით; და ისინი არიან, რომლებიც ითვლებიან იოსების შთამომავალთა ნარჩენს შორის, რომლებიც ისრაელის სახლს მიეკუთვნებოდნენ.

11 და შემდეგ, ასევე მოდის ძველი იერუსალიმი; და კურთხეულნი არიან მისი მცხოვრებნი, ვინაიდან კრავის სისხლით არიან განწმენდილნი; და ისინი არიან, რომლებიც იყვნენ გაფანტულნი და დედამიწის ოთხივე კიდიდან და ჩრდილოეთ ქვეყნებიდან შეკრებილნი; და არიან მონაწილენი აღთქმის შესრულებისა, რომელიც ღმერთმა დადო მათ მამასთან, აბრაამთან.

12 და როდესაც ყოველივე ეს მოხდება, აღსრულდება წმინდა წერილი, რომელიც ამბობს, რომ არიან ისინი, რომლებიც იყვნენ პირველნი, რომლებიც იქნებიან ბოლონი; და არიან ისინი, რომლებიც იყვნენ ბოლონი, რომელნიც გახდებიან პირველნი.

13 და ვაპირებდი მეტის დაწერას, მაგრამ ამეკრძალა; ხოლო დიადი და საოცარი იყო ეფერის წინასწარმეტყველებანი, მაგრამ არაფრად აგდებდნენ მას და გააძევეს; და დღისით კლდის გამოქვაბულში აფარებდა თავს და გამოდიოდა ღამე და უცქერდა ყოველივე იმას, რაც ხალხს თავზე დაატყდებოდა.

14 და როდესაც ცხოვრობდა კლდის გამოქვაბულში, მან შეადგინა ამ ჩანაწერის დანარჩენი ნაწილი, უყურებდა რა ღამით განადგურებას, რომელიც ხალხს თავს ატყდებოდა.

15 და იყო ასე, რომ იმავე წელს, როდესაც იგი ხალხისგან გააძევეს, იქ დაიწყო დიდი ომი ხალხს შორის, ვინაიდან იყვნენ ბევრნი, რომლებიც აჯანყდნენ და იყვნენ რა ძლევამოსილი ხალხი, სურდათ კორიანტუმრის განადგურება თავიანთი საიდუმლო ბოროტი გეგმებით, რომლებზეც უკვე ითქვა.

16 და ახლა, კორიანტუმრს თავად შესწავლილი ჰქონდა ომის ყველანაირი ხელოვნება და ყველა ამქვეყნიური მზაკვრობა, ამიტომ, შეებრძოლა მათ, რომლებსაც სურდათ მისი განადგურება.

17 მაგრამ მან არ მოინანია, არც მისმა მიმზიდველმა ვაჟიშვილებმა და ქალიშვილებმა; არც კოჰორის მიმზიდველმა ვაჟიშვილებმა და ქალიშვილებმა; არც კორიჰორის მიმზიდველმა ვაჟიშვილებმა და ქალიშვილებმა; და ბოლოს, არ იყო იმ მიწის პირზე არცერთი მიმზიდველი ვაჟიშვილი და ქალიშვილი, რომელმაც მოინანია საკუთარი ცოდვები.

18 ამიტომ, იყო ასე, რომ პირველ წელს, როდესაც ეფერი ცხოვრობდა კლდის გამოქვაბულში, იქ იყო მრავალი ადამიანი, რომელიც საიდუმლო შეთქმულებების მახვილით დახოცეს, იბრძოდნენ რა კორიანტუმრის წინააღმდეგ, რომ სამეფოს დაუფლებოდნენ.

19 და იყო ასე: კორიანტუმრის შვილები ბევრს იბრძოდნენ და ღვრიდნენ ბევრ სისხლს.

20 და მეორე წელს ეფერამდე მოვიდა უფლის სიტყვა, რომ წასულიყო და კორიანტუმრისთვის ეწინასწარმეტყველა, რომ თუ იგი და მისი მთელი ოჯახი მოინანიებდა, უფალი მას თავის სამეფოს მისცემდა და ხალხს დაინდობდა –

21 თუ არა და განადგურდებოდნენ ისინი და მთელი მისი ოჯახი, მის გარდა და იგი იცოცხლებდა მხოლოდ იმიტომ, რომ ეხილა წინასწარმეტყველებების აღსრულება, რომ ამ მიწას მემკვიდრეობით მიიღებდა სხვა ხალხი; და ისინი დაასაფლავებდნენ კორიანტუმრს; და ყოველი სული განადგურდებოდა, კორიანტუმრის გარდა.

22 და იყო ასე, რომ კორიანტუმრმა არ მოინანია, არც მისმა ოჯახმა, არც ხალხმა; და ომი არ შეწყდა და სურდათ ეფერის მოკვლა, ხოლო იგი გაიქცა მათგან და კვლავ კლდის გამოქვაბულს შეაფარა თავი.

23 და იყო ასე, რომ შარედი აჯანყდა და ასევე შეებრძოლა კორიანტუმრს; და დაამარცხა ისე, რომ იგი მესამე წელს დაატყვევა.

24 და მეოთხე წელს კორიანტუმრის შვილებმა დაამარცხეს შარედი და მამას კვლავ დაუბრუნეს სამეფო.

25 და ახლა მთელი მიწის პირზე ომი დაიწყო, ყოველი ადამიანი საკუთარი დაჯგუფებით იბრძოდა იმისთვის, რაც თავად სურდა.

26 და იყვნენ მძარცველები და ბოლოს, მთელი მიწის პირზე მყოფი ყველანაირი სიბოროტე.

27 და იყო ასე, რომ კორიანტუმრი ძალზედ განრისხდა შარედზე და მის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა საკუთარი ჯარებით; და შეეჯახნენ ერთმანეთს დიდი მრისხანებით; და ისინი გილგალის ველზე შეეჯახნენ და ბრძოლა ძალზედ გამწვავდა.

28 და იყო ასე: შარედი იბრძოდა მის წინააღმდეგ სამი დღის განმავლობაში. და იყო ასე, რომ კორიანტუმრმა იგი დაამარცხა და უკან სდია იქამდე, სანამ ჰეშლონის ვაკეებამდე არ მივიდა.

29 და იყო ასე, რომ შარედი მას კვლავ შეებრძოლა ვაკეებზე; და აჰა, მან დაამარცხა კორიანტუმრი და კვლავ უკუაგდო იგი გილგალის ველზე.

30 და კორიანტუმრი კვლავ შეებრძოლა შარედს გილგალის ველზე, სადაც მან დაამარცხა შარედი და მოკლა იგი.

31 ხოლო შარედმა კორიანტუმრი ბარძაყში დაჭრა, ამგვარად, მას ორი წლის განმავლობაში აღარ შეეძლო კვლავ საბრძოლველად წასვლა იმ დროს, როდესაც იმ მიწის პირზე მთელი ხალხი სისხლს ღვრიდა და არავინ იყო იქ, რომ ისინი შეეჩერებინა.