წმინდა წერილი
ეფერი 8


თავი 8

სამეფოს გამო წარმოიშვა დაპირისპირება. აკიში მოაწყობს საიდუმლო შეთქმულებას მეფის მოსაკლავად. საიდუმლო შეთქმულებები არის ეშმაკისეული და მოაქვს ერთა განადგურება. თანამედროვე წარმართები იღებენ გაფრთხილებას საიდუმლო შეთქმულების შესახებ, რომელიც შეეცდება თავისუფლების დამხობას ყველა მიწაზე, ერსა და ქვეყანაში.

1 და იყო ასე, რომ მას შეეძინა ომერი და ომერი მმართველობდა მის მაგივრად. და ომერს შეეძინა იარედი; და იარედს შეეძინა ვაჟიშვილები და ქალიშვილები.

2 და იარედი აუჯანყდა საკუთარ მამას; და მოვიდა და ცხოვრობდა ჰეთის მიწაზე. და იყო ასე, რომ მან მზაკვრული სიტყვებით მრავალი ადამიანი შეაცდინა, სანამ არ გადაიბირა ნახევარი სამეფო.

3 და როდესაც ნახევარი სამეფო გადაიბირა, იგი მამამისს შეებრძოლა და დაატყვევა საკუთარი მამა და ტყვეობაში მსახურობა აიძულა;

4 და ახლა, ომერის მმართველობის დღეებისას, მან ტყვეობაში გაატარა საკუთარი დღეების ნახევარი. და იყო ასე, რომ მას შეეძინა ვაჟიშვილები და ქალიშვილები, რომელთა შორის იყვნენ ესრომი და კორიანტუმრი;

5 და ისინი იყვნენ ძალზედ განრისხებულნი თავიანთი ძმის, იარედის, საქციელით, ისე, რომ ჯარი შეკრიბეს და იარედს შეებრძოლნენ. და იყო ასე, რომ მას ღამით შეებრძოლნენ.

6 და იყო ასე: როდესაც მათ იარედის ჯარი ამოხოცეს, მზად იყვნენ ისიც მოეკლათ; და იგი შეეხვეწა, რომ არ მოეკლათ და სამეფოს თავის მამას დაუთმობდა. და იყო ასე, რომ მას სიცოცხლე უბოძეს.

7 და ახლა, იარედი ძალზედ დაღონდა საკუთარი სამეფოს დაკარგვის გამო, ვინაიდან გული მიძღვნილი ჰქონდა სამეფოსა და ამქვეყნიური დიდებისადმი.

8 ახლა, იარედის ქალიშვილმა, იყო რა ძალზედ გონიერი და ხედავდა მამამისის მწუხარებას, გადაწყვიტა, მოეფიქრებინა გეგმა, რის მეშვეობითაც შეძლებდა თავისი მამისთვის სამეფოს დაბრუნებას.

9 ახლა, იარედის ქალიშვილი იყო ძალზედ მიმზიდველი. და იყო ასე, რომ იგი ესაუბრა საკუთარ მამას და უთხრა: რის გამო არის მამაჩემი ასე დაღონებული? ნუთუ არ წაუკითხავს ის ჩანაწერი, რომელიც გადმოიტანეს ჩვენმა მამებმა დიდ სიღრმეზე, აჰა, ნუთუ არ არის ჩანაწერი ძველი დროის შესახებ, სადაც ისინი საკუთარი საიდუმლო გეგმებით მოიპოვებდნენ სამეფოებსა და დიად დიდებულებას?

10 და ახლა, დაე, მამაჩემმა გააგზავნოს აკიშთან, კიმნორის შვილთან; და აჰა, მე ვარ მიმზიდველი და ვიცეკვებ მის წინაშე და ვასიამოვნებ, რათა მოისურვოს ჩემი ცოლად შერთვა; ამიტომ, თუ მოისურვებს, რომ მას ცოლად მიმათხოვო, შენ ეტყვი: მე გაგატან მას ცოლად, თუ მომიტან მამაჩემის, მეფის, თავს.

11 და ახლა, ომერი იყო აკიშის მეგობარი; ამიტომ, როდესაც იარედმა გააგზავნა აკიშთან, იარედის ქალიშვილმა იცეკვა მის წინაშე და ასიამოვნა ისე, რომ მან მოისურვა იარედის ქალიშვილის ცოლად შერთვა. და იყო ასე, რომ მან იარედს უთხრა: მომათხოვე იგი ცოლად.

12 და იარედმა უთხრა მას: მე მას მოგათხოვებ, თუ მამაჩემის, მეფის, თავს მომიტან.

13 და იყო ასე, რომ აკიშმა შეკრიბა იარედის სახლში ყველა თავისი ნათესავი და მათ უთხრა: შემომფიცავთ, რომ ჩემი ერთგულნი იქნებით იმაში, რასაც მოგთხოვთ?

14 და იყო ასე, რომ მათ ყველამ შეჰფიცეს ზეცის ღმერთითა და ზეცით, ასევე დედამიწითა და საკუთარი თავით, რომ ის, რომელიც ხელს არ შეუწყობს აკიშის სურვილის აღსრულებას, საკუთარ თავს დაკარგავს; და რომელიც გათქვამს იმას, რასაც აკიში მათ გაანდობს, ისიც დაკარგავს საკუთარ თავს.

15 და იყო ასე, რომ ისინი დაეთანხმდნენ აკიშს. და აკიშმა დადო მათთან ფიცი, რომელსაც ძველად დებდნენ ისინი, რომლებიც ასევე ძალაუფლებისკენ ისწრაფოდნენ, რომელმაც გადმოცემით მოაღწია თავად კაენისგან, რომელიც დასაბამიდანვე იყო მკვლელი.

16 და მათ ამხნევებდა ეშმაკის ძალა, რომ ხალხთან დაედოთ ასეთი ფიცი, რათა ყოფილიყვნენ სიბნელეში, მათ დასახმარებლად, რომლებიც ძალაუფლებისკენ ისწრაფოდნენ, რათა მიეღოთ ძალაუფლება და ჩაედინათ მკვლელობები, ეძარცვათ და ეცრუათ და ეკეთებინათ ყოველგვარი სიბოროტე და მრუშობა.

17 და ეს იყო იარედის ქალიშვილი, რომელმაც გულში ჩაუდო მას, მოეძია ეს ძველი საქმენი; და იარედმა აკიშს ჩაუდო ეს გულში; ამგვარად, აკიშმა გადასცა ეს თავის ნათესავებსა და მეგობრებს, აიყოლია რა მიმზიდველი დაპირებებით, ეკეთებინათ ის, რასაც იგი მოისურვებდა.

18 და იყო ასე, რომ მათ მოაწყეს საიდუმლო შეთქმულება ისე, როგორც ძველად; შეთქმულება, რომელიც ყველაზე ბილწი და ბოროტია ღმერთის თვალში;

19 ვინაიდან უფალი არ მოქმედებს საიდუმლო შეთქმულებებით და არ სურს, რომ ადამიანმა ღვაროს სისხლი და ადამიანის დასაბამიდანვე კრძალავს ყოველივე ამას.

20 და ახლა მე, მორონი, არ ვწერ, რანაირი იყო მათი ფიცი და შეთქმულებები, ვინაიდან გამენდო, რომ ისინი არის ყველა ხალხში და ლამანიელებშიც.

21 და მათ გამოიწვიეს ამ ხალხის განადგურება, რომელზეც ახლა ვლაპარაკობ და ასევე ნეფის ხალხის განადგურება.

22 და ერი, რომელიც მხარს დაუჭერს ასეთ საიდუმლო შეთქმულებებს, რათა მიიღოს ძალაუფლება და სარგებელი, ამის მთელ ერში გავრცელებამდეც კი, აჰა, ის განადგურდება; ვინაიდან უფალი არ დაუშვებს, რომ მისი წმინდანთა სისხლი, რომელსაც ისინი დაღვრიან, შურისგებისთვის მუდმივად შესტიროდეს მიწიდან და მან არ იძიოს მათთვის შური.

23 ამიტომ, წარმართნო, ასეთია ღმერთის სიბრძნე, რომ ეს თქვენ დაგანახოთ, რათა ამის გამო საკუთარი ცოდვები მოინანიოთ და არ დაუშვათ, რომ დაგძლიონ ამ სასიკვდილო შეთქმულებებმა, რომლებიც იმისთვის არის შექმნილი, რომ მიიღონ ძალაუფლება და სარგებელი – და რომ მოგევლინოთ ეს საქმე, დიახ, საქმე განადგურებისა, დიახ, თავად მარადიული ღმერთის სამართალის მახვილი დაგეცემათ დასაქცევად და გასანადგურებლად, თუ თქვენ შორის ამგვარ რამეს დაუშვებთ.

24 ამიტომ, უფალი ბრძანებს: როდესაც იხილავთ, რომ ასეთი რამ ხდება თქვენ შორის, უნდა გამოფხიზლდეთ თქვენი საშინელი მდგომარეობიდან ამ საიდუმლო შეთქმულების გამო, რომელიც იქნება თქვენ შორის; თუ არა და ვარამი მას, მათი სისხლისთვის, რომლებიც მოკლულნი იქნენ; ვინაიდან მტვრიდან შეჰღაღადებენ, მასზედ შურისგებისთვის, ასევე მათზედ, რომლებმაც იგი შექმნეს.

25 ვინაიდან ასეა, რომ მისი შემქმნელი ცდილობს დაამხოს ყველა მიწის, ერისა და ქვეყნის თავისუფლება; და მოიტანს მთელი ხალხის განადგურებას, ვინაიდან ეშმაკის მიერ არის შექმნილი, რომელიც არის ყოველი სიცრუის მამა; იმავე მატყუარისა, რომელმაც შეაცდინა ჩვენი პირველი მშობლები, დიახ, იმავე მატყუარისა, რომელმაც დასაბამიდანვე ადამიანს მკვლელობისკენ უბიძგა; რომელიც უქვავებდა ადამიანებს გულს, რათა მათ წინასწარმეტყველები დასაბამიდანვე დაეხოცათ, ჩაექოლათ და გაეძევებინათ.

26 ამიტომ, მე, მორონის, მიბრძანეს დამეწერა ყოველივე ეს, რათა ბოლო მოეღოს ამ სიბოროტეს, რათა მოვიდეს დრო, როდესაც სატანას აღარ ექნება ძალა ადამიანთა შვილების გულებზე და მოწადინებულნი იყვნენ მუდამ სიკეთის კეთებისათვის, რათა მივიდნენ სამართლიანობის ყოველ წყარომდე და გადარჩნენ.