წმინდა წერილი
ეფერი 12


თავი 12

წინასწარმეტყველი ეფერი მოუწოდებს ხალხს, იწამონ ღმერთი. მორონი იხსენებს რწმენით მოვლენილ საოცრებებსა და სასწაულებს. რწმენის მეშვეობით იარედის ძმამ იხილა ქრისტე. უფალი არგუნებს ადამიანს სისუსტეებს, რათა იგი იყოს თავმდაბალი. იარედის ძმამ რწმენის ძალით დაძრა ზერინის მთა. ხსნისთვის აუცილებელია რწმენა, იმედი და გულმოწყალება. მორონიმ პირისპირ იხილა იესო.

1 და იყო ასე, რომ ეფერის დღეები გადიოდა კორიანტუმრის დღეების ჟამს; და კორიანტუმრი იყო მთელი იმ მიწის მეფე.

2 და ეფერი იყო უფლის წინასწარმეტყველი; ამიტომ, ეფერი მოვიდა კორიანტუმრის დღეებისას და დაიწყო ხალხისთვის წინასწარმეტყველება, რამეთუ ვერ შეაკავებდნენ მას უფლის სულის გამო, რომელიც იყო მასში.

3 ვინაიდან იგი ღაღადებდა დილიდან მზის ჩასვლამდე, მოუწოდებდა ხალხს, ეწამათ ღმერთი მოსანანიებლად, რომ არ ყოფილიყვნენ განადგურებულნი, ეუბნებოდა რა მათ, რომ რწმენით შესაძლებელია ყველაფრის შესრულება –

4 ამიტომ, ვინც ღმერთს იწამებს, შეუძლია ჭეშმარიტად ჰქონდეს იმედი უკეთესი ქვეყნისა, დიახ, ღმერთის მარჯვენა ხელის მხარეს, და ეს რწმენიდან წამოსული იმედი იქცევა ადამიანთა სულების ღუზად, რომელიც გააძლიერებს და განამტკიცებს მათ, ყოველთვის აღსავსე კეთილი საქმეებით, რომლებიც გაუძღვებათ წინ ღმერთის სადიდებლად.

5 და იყო ასე, რომ ეფერმა ხალხს უწინასწარმეტყველა დიდი და საოცარი რამ, რაც მათ არ იწამეს, ვინაიდან ვერ ხედავდნენ მას.

6 ახლა, მე, მორონიმ, მინდა გითხრათ ცოტაოდენი ყოველივე ამის შესახებ; მსურს დავანახო ქვეყანას, რომ რწმენა არის ის, რისი იმედიც აქვთ და არის უხილავი; ამიტომ, ნუ იკამათებთ იმის გამო, რასაც ვერ ხედავთ, ვინაიდან ვერ მიიღებთ ვერანაირ დამოწმებას, სანამ არ გამოიცდება თქვენი რწმენა.

7 ვინაიდან რწმენის გამო გამოეცხადა ქრისტე ჩვენს მამებს, მას შემდეგ, რაც იგი მკვდრეთით აღდგა; და არ ეცხადებოდა მათ, სანამ არ იწამეს იგი; ამიტომ, აუცილებელია, რომ ზოგიერთს რწმენა ჰქონდეს, ვინაიდან იგი არ გამოეცხადა ქვეყანას.

8 მაგრამ ადამიანების რწმენის წყალობით იგი გამოეცხადა ქვეყანას და განადიდა მამის სახელი და მოამზადა გზა, რომ სხვებმაც შეძლონ ზეციური ძღვენის მიღება, რათა ჰქონდეთ იმედი იმისა, რაც არ უნახავთ.

9 ამიტომ, თქვენც ასევე შეგიძლიათ გქონდეთ იმედი და იყოთ ძღვენის მიმღებნი, ოღონდაც გქონდეთ რწმენა.

10 აჰა, ძველად ადამიანები მოწოდებულნი იყვნენ რწმენის მეშვეობით, ღმერთის წმინდა წესის შესაბამისად.

11 ამიტომ, რწმენის მეშვეობით იქნა მოცემული მოსეს რჯული. მაგრამ თავისი ძის ძღვენის მეშვეობით ღმერთმა მოამზადა უკეთესი გზა; და ის აღსრულდა რწმენით.

12 ვინაიდან, რომ არ ყოფილიყო რწმენა ადამიანთა შვილებს შორის, ღმერთი ვერ მოახდენდა ვერცერთ სასწაულს მათში; ამიტომ, იგი არ გამოეცხადა მათ, სანამ არ იწამეს იგი.

13 აჰა, ეს იყო ალმასა და ამულეკის რწმენა, რამაც გამოიწვია საპყრობილის მიწაზე დაცემა.

14 აჰა, ეს იყო ნეფისა და ლეხის რწმენა, რის გამოც ცვლილება მოხდა ლამანიელებში, ისეთი, რომ მოინათლნენ ცეცხლითა და სულიწმინდით.

15 აჰა, ეს იყო ამონისა და მისი ძმების რწმენა, რომელმაც მოახდინა ასეთი დიდი სასწაული ლამანიელთა შორის.

16 დიახ, და ყველამ, ვინც სასწაულები მოახდინა – რწმენის მეშვეობით მოახდინა ისინი, მათაც, რომლებიც იყვნენ ქრისტემდე და ასევე რომლებიც იყვნენ შემდეგ.

17 და ეს რწმენის გამო სამმა მოწაფემ მიიღო დაპირება, რომ ისინი არ იგემებენ სიკვდილს; და ვერ მიიღეს ეს დაპირება, სანამ არ იწამეს.

18 და არავის მოუხდენია სასწაული, სანამ არ იწამეს, ამიტომ მათ ჯერ იწამეს ძე ღვთისა.

19 და იყვნენ მრავალნი, რომელთა რწმენა იყო იმდენად ძლიერი ქრისტეს მოსვლამდეც, რომ შეუძლებელი იყო საბურველს მიღმა მათი შეკავება და ჭეშმარიტად იხილეს საკუთარი თვალით ის, რაც იხილეს რწმენის თვალით და გაიხარეს.

20 და აჰა, ამ ჩანაწერში ჩვენ ვიხილეთ, რომ ერთ-ერთი მათგანი იყო იარედის ძმა; ვინაიდან იმდენად დიდი იყო მისი ღმერთში რწმენა, რომ როდესაც ღმერთმა თითი გაიწოდა, მან ვერ შეძლო მისი დაფარვა იარედის ძმის თვალთახედვიდან, თავისი სიტყვის გამო, რომელიც უთხრა და რომელიც მან მიიღო რწმენით.

21 და მას შემდეგ, რაც იარედის ძმამ იხილა უფლის თითი იმ დაპირების შესაბამისად, რომელიც იარედის ძმამ მიიღო რწმენით, უფალს აღარ შეეძლო მის თვალთაგან რაიმეს დაფარვა; ამიტომ, დაანახა მას ყველაფერი, ვინაიდან ვეღარ შეაკავებდა საბურველს მიღმა.

22 და რწმენის გამო მიიღეს ჩემმა მამებმა დაპირება, რომ ყოველივე ეს მივიდოდა მათ ძმებთან წარმართთა მეშვეობით; ამიტომაც მიბრძანა უფალმა, დიახ, თავად იესო ქრისტემ.

23 და მას ვუთხარი: უფალო, წარმართები დასცინებენ ამას ჩვენი დამწერლობის სისუსტის გამო; ვინაიდან, უფალო, შენ შეგვქმენი ძლიერნი რწმენით მეტყველებაში, მაგრამ არა დამწერლობაში, ვინაიდან შეგვქმენი ისეთნი, რომ მთელ ხალხს შეეძლო მრავლის თქმა სულიწმინდით, რომელიც შენ მას უბოძე;

24 და შეგვქმენი ისე, რომ შეგვიძლია დავწეროთ მხოლოდ მცირედი ჩვენი ხელის მოუქნელობის გამო. აჰა, არ შეგვქმენი ძლიერნი წერაში იარედის ძმის მსგავსად, ვინაიდან უბოძე მას ის, რომ მისი ჩანაწერები ყოფილიყო ძლევამოსილი, ისეთი, როგორიც ხარ შენ და აიძულონ ადამიანები, წაიკითხონ ისინი.

25 შენ ასევე გახადე ჩვენი სიტყვები ძლევამოსილი და დიადი ისე, რომ არ შეგვიძლია მათი დაწერა; ამიტომ, როდესაც ვწერთ, ჩვენ ვხედავთ ჩვენს სისუსტეს და ვბორძიკობთ ჩვენი სიტყვების დალაგებისას; და ვშიშობ, წარმართებმა არ დასცინონ ჩვენს სიტყვებს.

26 და როდესაც ეს ვთქვი, უფალმა მომმართა სიტყვებით: უგუნურნი დასცინიან, მაგრამ ისინი იგლოვებენ; და ჩემი მადლი საკმარისია თვინიერთათვის, რათა ვერ ისარგებლონ თქვენი სისუსტით;

27 და თუ ადამიანები ჩემთან მოვლენ, მე მათ დავანახებ თავიანთ სისუსტეს. მე ვუბოძებ ადამიანს სისუსტეს, რათა იყოს თავმდაბალი; და ჩემი მადლი საკმარისია ყველა ადამიანისთვის, რომელიც ჩემ წინაშე თავს დაიმდაბლებს; ვინაიდან თუ ჩემ წინაშე თავს დაიმდაბლებენ და ექნებათ ჩემში რწმენა, მაშინ სისუსტეს მათთვის სიძლიერედ ვაქცევ.

28 აჰა, მე დავანახებ წარმართებს თავიანთ სისუსტეს და დავანახებ, რომ რწმენას, იმედს და გულმოწყალებას მოჰყავს ჩემთან – ყოველი სამართლიანობის წყაროსთან.

29 და მე, მორონიმ, მოვისმინე რა ეს სიტყვები, დავმშვიდდი და ვთქვი: უფალო, აღსრულდეს შენი სამართალი, ვინაიდან ვიცი, რომ შენ მიაგებ ადამიანთა შვილებს თავიანთი რწმენისამებრ;

30 ვინაიდან იარედის ძმამ უთხრა მთა ზერინს: დაიძარი, – და იგი დაიძრა. და რომ არ ჰქონოდა რწმენა, იგი არ დაიძვრებოდა; ამიტომ, შენ მოქმედებ მას შემდეგ, რაც ადამიანი იწამებს.

31 ვინაიდან, ამგვარად გამოეცხადე საკუთარ მოწაფეებს; რადგან მას შემდეგ, რაც მათ გამოიჩინეს რწმენა და ლაპარაკობდნენ შენი სახელით, მათ გამოეცხადე შენ, დიადი ძალით.

32 და ასევე მახსოვს, თქვი, რომ ადამიანისთვის მოამზადე საცხოვრებელი, დიახ, შენი მამის სავანეთა შორის, რის გამოც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უფრო დიდი იმედი; ამიტომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს იმედი, თორემ ვერ მიიღებს მემკვიდრეობას იმ ადგილში, რომელიც შენ მისთვის მოამზადე.

33 და კიდევ მახსოვს, შენ თქვი, რომ შეგიყვარდა ქვეყანა ისე, რომ სიცოცხლე შესწირე ამა ქვეყნისთვის, რათა კვლავ დაიბრუნო იგი ადამიანთა შვილებისთვის ადგილის მოსამზადებლად.

34 და ახლა ვიცი: სიყვარული, რომელსაც განიცდი ადამიანთა შვილების მიმართ, არის გულმოწყალება; ამიტომ, თუ ადამიანებს არ ექნებათ მოწყალება, ისინი ვერ დაიმკვიდრებენ იმ ადგილს, რომელიც მოამზადე შენი მამის სავანეებში.

35 ამიტომ, შენი ნათქვამიდან ვიცი, რომ, თუ წარმართებს არ ექნებათ გულმოწყალება ჩვენი სისუსტისადმი, შენ მათ გამოცდი და წაართმევ ტალანტს, დიახ, ტალანტს, რომელიც მიიღეს და უბოძებ მათ, ვისაც უფრო უხვად ექნება.

36 და იყო ასე, რომ უფლისადმი ვილოცე, რათა წარმართებს უბოძოს მადლი, ჰქონოდათ გულმოწყალება.

37 და იყო ასე, რომ უფალმა მითხრა: თუ მათ არ აქვთ გულმოწყალება, ეს შენ არ გეხება, შენ ერთგული იყავი; ამიტომ, სამოსელი შენი განიწმინდება. და ვინაიდან საკუთარი სისუსტე იხილე, შენ განმტკიცდები იმდენად, რომ მამაჩემის სავანეში, ჩემ მიერ მომზადებულ ადგილზე დაჯდები.

38 და ახლა, მე, მორონი, ვემშვიდობები წარმართებს, დიახ, ასევე ჩემს ძმებს, რომლებიც მიყვარს, ქრისტეს სამსჯავროს წინაშე შეხვედრამდე, სადაც ყველა ადამიანი გაიგებს, რომ ჩემი სამოსელი არ არის გასვრილი თქვენი სისხლით.

39 და მაშინ გაიგებთ, რომ ვნახე იესო, რომ იგი მელაპარაკა პირისპირ და ყოველივე ამის შესახებ მელაპარაკებოდა აშკარა თავმდაბლობით, როგორც ერთი ადამიანი ელაპარაკება მეორეს, ჩემს მშობლიურ ენაზე;

40 და ჩავიწერე მხოლოდ მცირეოდენი, წერაში ჩემი სისუსტის გამო.

41 და ახლა მსურს, მოგიწოდოთ, ეძიოთ ის იესო, რომელზეც წერდნენ წინასწარმეტყველები და მოციქულები, რათა მადლი მამა ღმერთისა, ასევე უფალი იესო ქრისტესი და სულიწმინდის, რომელიც მათზე მოწმობს, მარად იყოს თქვენში. ამინ.