წმინდა წერილი
ეფერი 7


თავი 7

ორიჰა სამართლიანად მმართველობს. ხელისუფლების დამხობის მცდელობასთან ერთად წარმოიქმნება მეტოქე სამეფოები – შული და კოჰორი. წინასწარმეტყველები გმობენ ადამიანთა სიბოროტესა და კერპთაყვანისმცემლობას, რომელნიც მოგვიანებით მოინანიებენ.

1 და იყო ასე, რომ ორიჰა მთელი თავისი დღენი, რაც მრავლად იყო, სამართლიანად აღასრულებდა სასამართლოს ამ მიწაზე.

2 და მას ჰყავდა ვაჟიშვილები და ქალიშვილები; დიახ, მას შეეძინა ოცდათერთმეტი, რომელთა შორის იყო ოცდასამი ვაჟიშვილი.

3 და იყო ასე, რომ სიბერეში ასევე შეეძინა ქიბი. და იყო ასე, რომ ქიბი მმართველობდა მის მაგივრად და ქიბს შეეძინა კორიჰორი.

4 და როდესაც კორიჰორი გახდა ოცდათორმეტი წლის, იგი აუჯანყდა თავის მამას და წავიდა და ცხოვრობდა ნეჰორის მიწაზე; და მას შეეძინა ვაჟიშვილები და ქალიშვილები და ისინი გახდნენ ძალზედ მიმზიდველნი, ამიტომ, მრავალი ადამიანი კორიჰორს თან გაჰყვა.

5 და როდესაც მან შეკრიბა ჯარი, იგი წამოვიდა მორონის მიწაზე, სადაც მეფე იმყოფებოდა და იგი დაატყვევა, რითაც აღსრულდა იარედის ძმის სიტყვა, რომ ეს მათ ტყვეობამდე მიიყვანდა.

6 ახლა, მორონის მიწა, სადაც მეფე იმყოფებოდა, მდებარეობდა ახლოს მიწასთან, რომელსაც ნეფიელები აოხრებულს უწოდებდნენ.

7 და იყო ასე: ქიბი და ასევე მისი ხალხი იმყოფებოდნენ საკუთარი შვილის, კორიჰორის, ტყვეობაში ღრმა სიბერემდე; მიუხედავად ამისა, ქიბს სიბერეში შეეძინა შული, იმ დროს, როდესაც ტყვეობაში იმყოფებოდა.

8 და იყო ასე, რომ შული იყო საკუთარ ძმაზე განრისხებული; და შული გაიზარდა და გახდა ძლიერი ადამიანი: და იგი იყო ასევე ძალზედ გონიერი.

9 ამიტომ, იგი მივიდა ეფრემის გორაკთან და გამოადნო მადანი გორაკიდან და გააკეთა ფოლადის ხმლები მათთვის, რომლებიც თან წაიყვანა; და მას შემდეგ, რაც ისინი ხმლებით შეაიარაღა, დაბრუნდა ქალაქ ნეჰორში და შეებრძოლა საკუთარ ძმას, კორიჰორს, ამგვარად, იგი დაეუფლა სამეფოს და დაუბრუნა ის თავის მამას, ქიბს.

10 და ახლა, იმის გამო, რაც შულმა გააკეთა, მამამისმა მეფობა მას გადაულოცა, ამიტომ, მან მამამისის მაგივრად დაიწყო მმართველობა.

11 და იყო ასე, რომ იგი გონიერად აღასრულებდა სამართალს; და საკუთარი სამეფო გაავრცელა მთელი მიწის პირზე, ვინაიდან ძალზედ გამრავლდა ხალხი.

12 და იყო ასე, რომ შულს ასევე შეეძინა მრავალი ვაჟიშვილი და ქალიშვილი.

13 და კორიჰორმა მოინანია მის მიერ ჩადენილი მრავალი სიბოროტე; ამიტომ, შულმა მას საკუთარ სამეფოში ძალაუფლება უბოძა.

14 და იყო ასე, რომ კორიჰორს ჰყავდა მრავალი ვაჟიშვილი და ქალიშვილი. და კორიჰორის ვაჟიშვილებს შორის იყო ერთი, რომელსაც ერქვა ნოე.

15 და იყო ასე: ნოე აუჯანყდა შულს, მეფეს და ასევე კორიჰორს, თავის მამას, და თან აიყოლია თავისი ძმა, კოჰორი, და ასევე ყველა თავისი ძმა და მრავალნი ხალხიდან.

16 და იგი შეებრძოლა შულს, მეფეს, რითიც დაიპყრო მათი პირველი მემკვიდრეობის მიწა; და გახდა მიწის იმ ნაწილის მეფე.

17 და იყო ასე, რომ იგი კვლავ შეებრძოლა შულს, მეფეს; და დაატყვევა შული, მეფე, და წაიყვანა იგი ტყვედ მორონში.

18 და იყო ასე, რომ როდესაც აპირებდა მის მოკვლას, შულის შვილებმა ღამით შეაღწიეს ნოეს სახლში და იგი მოკლეს, გატეხეს ციხის კარები, გამოიყვანეს თავიანთი მამა და მის სამეფოში საკუთარ ტახტზე დასვეს.

19 ამიტომ, ნოეს შვილმა მის მაგივრად ააშენა სამეფო; ამისდა მიუხედავად, მათ ვეღარ დაამყარეს თავიანთი ძალაუფლება მეფე შულზე; და ხალხი, რომელიც იმყოფებოდა მეფე შულის მმართველობის ქვეშ, ძალზედ აყვავდა და გაძლიერდა.

20 და ქვეყანა ორად იყო გაყოფილი; და იყო ორი სამეფო: სამეფო შულის და სამეფო კოჰორის, ნოეს ძისა.

21 და კოჰორმა, ნოეს შვილმა, ბრძანა, რომ მისი ხალხი შებრძოლებოდა შულს, სადაც შულმა ისინი დაამარცხა და კოჰორი მოკლა.

22 და ახლა, კოჰორს ჰყავდა შვილი, რომელსაც ერქვა ნიმროდი; და ნიმროდმა გადასცა კოჰორის სამეფო შულს; და მოიპოვა კეთილგანწყობა შულის თვალში, ამიტომ შულმა გამოიჩინა დიდი კეთილგანწყობა მასზედ და იგი შულის სამეფოში იქცეოდა საკუთარი სურვილისამებრ.

23 და შულის მმართველობის დროს ხალხში ასევე მოვიდნენ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის მიერ იყვნენ მოვლენილნი, წინასწარმეტყველებდნენ რა, რომ ხალხის სიბოროტე და კერპთაყვანისმცემლობა მიწაზე მოიტანდა წყევლას და იქნებოდნენ განადგურებულნი, თუ არ მოინანიებდნენ.

24 და იყო ასე, რომ ხალხი ლანძღავდა წინასწარმეტყველებს და დასცინოდა მათ. და იყო ასე, რომ მეფე შულმა აღასრულა მართლმსაჯულება ყველა მათ წინააღმდეგ, რომლებიც ლანძღავდნენ წინასწარმეტყველებს.

25 და მთელ მიწაზე დააწესა კანონი, რომლითაც მისცა ძალაუფლება წინასწარმეტყველებს, რომ შეეძლოთ წასულიყვნენ, სადაც მოისურვებდნენ; და ამგვარად, ხალხი მონანიებამდე იქნა მიყვანილი.

26 და ვინაიდან ხალხმა მოინანია საკუთარი ურჯულოება და კერპთაყვანისმცემლობა, უფალმა დაინდო ისინი და მათ კვლავ იწყეს აყვავება მიწაზე. და იყო ასე, რომ სიბერეში შულს შეეძინა ვაჟიშვილები და ქალიშვილები.

27 და შულის დღეების ჟამს აღარ იყო ომები და მას ახსოვდა ის დიდი საქმენი, რაც უფალმა გააკეთა მისი მამებისთვის, მოიყვანა რა ისინი დიდი სიღრმეების გადაღმა აღთქმულ მიწაზე; ამიტომ, სამართლიანად აღასრულებდა სამართალს მთელი თავისი დღეები.