წმინდა წერილი
ეფერი 14


თავი 14

ხალხის ურჯულოებას მიწაზე წყევლა მოაქვს. კორიანტუმრი იწყებს ომს გილეადის წინააღმდეგ, შემდეგ ლიბისა და შემდგომ შიზის წინააღმდეგ. მიწა დაფარა სისხლისღვრამ და ხოცვა-ჟლეტამ.

1 და ახლა, იქ მთელ მიწაზე დიდმა წყევლამ იწყო გავრცელება ხალხის ურჯულოების გამო, ისეთმა, რომ თუ ადამიანი თავის იარაღს ან ხმალს დადებდა თაროზე ან ადგილზე, სადაც მას ინახავდა, აჰა, მომდევნო დღეს მას ვეღარ იპოვიდა, ესოდენ დიდი იყო წყევლა იმ მიწაზე.

2 ამიტომ, ყოველი ადამიანი საკუთარი ხელებით ჩაჭიდებული იყო იმაზე, რაც მას ეკუთვნოდა და არ სურდა არც სესხება და არც გასესხება; და ყოველ ადამიანს მარჯვენა ხელი ედო საკუთარი მახვილის ტარზე, რათა დაეცვა საკუთარი ქონება, სიცოცხლე და თავისი ცოლისა და შვილების სიცოცხლე.

3 და ახლა, შარედის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ, აჰა, გამოჩნდა შარედის ძმა და შეებრძოლა კორიანტუმრს და დაამარცხა კორიანტუმრმა ამ ბრძოლაში და სდია მას აკიშის უდაბნომდე.

4 და იყო ასე, რომ შარედის ძმა შეებრძოლა მას აკიშის უდაბნოში; და ბრძოლა ძალზედ გამწვავდა და მრავალი ათასი დაეცა მახვილით განგმირული.

5 და იყო ასე, რომ კორიანტუმრმა უდაბნოში ალყა შემოარტყა; და შარედის ძმა გამოვიდა უდაბნოდან ღამით და დახოცა კორიანტუმრის ჯარის ნაწილი, როდესაც ისინი ნასვამები იყვნენ.

6 და იგი მივიდა მორონის მიწაზე და კორიანტუმრის ტახტზე დაჯდა.

7 და იყო ასე, რომ კორიანტუმრი უდაბნოში იმყოფებოდა საკუთარ ჯართან ერთად ორი წლის განმავლობაში, რა დროშიც მიიღო დიდი ძალები თავისი ჯარისთვის.

8 ახლა, შარედის ძმამ, რომლის სახელი იყო გილეადი, საიდუმლო შეთქმულებებით, ასევე მიიღო თავის ჯარისთვის დიდი ძალები.

9 და იყო ასე, რომ მისმა მღვდელმთავარმა იგი მოკლა, როდესაც საკუთარ ტახტზე იჯდა.

10 და იყო ასე, რომ ერთმა ვინმემ, საიდუმლო შეთქმულებებიდან, მოკლა იგი საიდუმლო გასასვლელში და სამეფო თვითონ მიიღო; და მისი სახელი იყო ლიბი; და ლიბი იყო დიდი აღნაგობის კაცი, მთელ იმ ხალხში ნებისმიერ კაცზე დიდი.

11 და იყო ასე, რომ ლიბის მმართველობის პირველ წელს კორიანტუმრი მოვიდა მორონის მიწაზე და ლიბს შეებრძოლა.

12 და იყო ასე: როდესაც იგი ლიბს ებრძოდა, ლიბმა ხელში დაჰკრა ისე, რომ იგი დაიჭრა; ამისდა მიუხედავად, კორიანტუმრის ჯარი წინ, ლიბისკენ მიიწევდა, ისე, რომ იგი ზღვის სანაპიროს საზღვრებისკენ გაიქცა.

13 და იყო ასე, რომ კორიანტუმრი გამოედევნა მას; და ლიბი მას ზღვის სანაპიროზე შეებრძოლა.

14 და იყო ასე, რომ ლიბმა დაამარცხა კორიანტუმრის ჯარი, ასე რომ ისინი კვლავ გაიქცნენ აკიშის უდაბნოში.

15 და იყო ასე, რომ ლიბმა მას სდია, სანამ არ მივიდა აგოშის ვაკეებთან. და კორიანტუმრმა, როდესაც ლიბს გაურბოდა, თან წაიყვანა მთელი ხალხი მიწის იმ ნაწილში, საითაც გარბოდა.

16 და როდესაც აგოშის ვაკეებს მიაღწია, იგი ლიბს შეებრძოლა და დაჰკრა ისე, რომ იგი მოკვდა; ამისდა მიუხედავად, ლიბის ძმა გამოვიდა მის ნაცვლად კორიანტუმრის წინააღმდეგ და ბრძოლა ძალზედ გამწვავდა, რომლის დროსაც კორიანტუმრი კვლავ გაიქცა ლიბის ძმის ჯარისგან.

17 ახლა, ლიბის ძმას სახელად ერქვა შიზი. და იყო ასე, რომ შიზი უკან მისდევდა კორიანტუმრს და მან დაამხო მრავალი ქალაქი, ხოცავდა ქალებსა და ბავშვებს და წვავდა ქალაქებს.

18 და შიში გავრცელდა მთელ იმ მიწაზე შიზის მიმართ; დიახ, ღაღადი ისმოდა მთელ იმ მიწაზე – ვინ აღუდგება შიზის ჯარს? აჰა, იგი თავის წინ აღგვის ყველაფერს მიწიდან.

19 და იყო ასე, რომ მთელ იმ მიწაზე ხალხმა დაიწყო ჯარებად დარაზმვა.

20 და ისინი გაიყვნენ; ნაწილი გაიქცა შიზის ჯარში და ნაწილი გაიქცა კორიანტუმრის ჯარში.

21 და ისეთი დიდი და ხანგრძლივი იყო ომი და იმდენად ხანგრძლივი იყო სისხლისღვრისა და ხოცვა-ჟლეტის სურათი, რომ მთელი მიწის პირი მოფენილი იყო დახოცილთა გვამებით.

22 იმდენად სწრაფი და ნაჩქარევი იყო ომი, რომ აღარავინ დარჩა მოკლულთა დასამარხად და ისინი მიდიოდნენ სისხლისღვრიდან სისხლისღვრამდე, ტოვებდნენ რა მიწის პირზე მიმოფანტულ გვამებს – კაცების, ქალებისა და ბავშვების, რათა მატლების ნადავლად ქცეულიყვნენ.

23 და მათგან წამოსული სუნი გავრცელდა მთელი მიწის პირზე, მთელი იმ მიწის პირზეც კი; ამიტომ, ხალხი შეწუხდა მათგან წამოსული სუნით დღისითა და ღამით.

24 ამისდა მიუხედავად, შიზმა არ შეწყვიტა კორიანტუმრის დევნა; ვინაიდან დაიფიცა, რომ შურს იძიებდა კორიანტუმრზე საკუთარი ძმის სისხლისათვის, რომელიც მოკლეს და უფლის სიტყვის თანახმად, რომელიც ეფერთან მოვიდა, კორიანტუმრი მახვილისგან არ დაეცემოდა.

25 და ამგვარად ვხედავთ, რომ უფალი მათ მოევლინა მთელი თავისი რისხვით და მათმა სიბოროტემ და სისაძაგლემ მოამზადა გზა მათი მარადიული განადგურებისთვის.

26 და იყო ასე, რომ შიზი მისდევდა კორიანტუმრს აღმოსავლეთისკენ, ზღვის სანაპიროს საზღვრებამდეც და იქ იგი ებრძოდა შიზს სამი დღის განმავლობაში.

27 და იმდენად დიდი იყო შიზის ჯარებს შორის განადგურება, რომ ხალხს შეეშინდა და ზურგი აქცია კორიანტუმრის ჯარს; და გაიქცნენ კორიჰორის მიწისკენ და მოერეკებოდნენ წინ მცხოვრებს, ყველას, ვისაც არ სურდა მათთან შეერთება.

28 და მათ კარვები გაშალეს კორიჰორის ველზე და კორიანტუმრმა გაშალა კარვები შურის ველზე. ახლა, შურის ველი მდებარეობდა კომნორის გორაკთან ახლოს; ამიტომ, კორიანტუმრმა ერთად შეკრიბა თავისი ჯარები კომნორის გორაკზე და დაჰყვირა საყვირით შიზის ჯარებს, რათა ისინი ბრძოლაში გამოეწვია.

29 და იყო ასე, რომ ისინი წინ წამოვიდნენ, მაგრამ კვლავ უკუაგდებულ იქნენ; და წამოვიდნენ წინ მეორეჯერ და კვლავ უკუაგდეს. და იყო ასე, რომ ისინი კვლავ წინ წამოვიდნენ მესამეჯერ და ბრძოლა ძალზედ გამწვავდა.

30 და იყო ასე, რომ შიზმა შემუსრა კორიანტუმრი ისე, რომ მიაყენა მრავალი ღრმა ჭრილობა; და კორიანტუმრმა, დაკარგა რა სისხლი, გონება დაკარგა; და იგი ისე, როგორც მკვდარი გაიყვანეს.

31 ახლა, დანაკარგი ორივე მხრიდან კაცების, ქალებისა და ბავშვების იმდენად დიდი იყო, რომ შიზმა ბრძანა, აღარ გამოდევნებოდნენ კორიანტუმრის ჯარებს; ამიტომ, ისინი თავიანთ ბანაკს დაუბრუნდნენ.