წმინდა წერილი
ეფერი 6


თავი 6

იარედიელთა ბარჟებს ქარი აღთქმული მიწისკენ მიაქანებს. ხალხი ადიდებს უფალს მისი სიკეთისთვის. ორიჰა მათ მეფედ დაინიშნა. იარედი და მისი ძმა გარდაიცვლებიან.

1 და ახლა მე, მორონი, ვაგრძელებ იარედისა და მისი ძმის ჩანაწერებს.

2 ვინაიდან, იყო ასე: მას შემდეგ, რაც უფალმა მოამზადა ის ქვები, რომლებიც იარედის ძმამ მთაზე აიტანა, იარედის ძმა ჩამოვიდა მთიდან და ისინი იმ გემებში გაანაწილა, რომლებიც მომზადებული იყო, სათითაოდ, ყოველი მათგანის ბოლოში, და აჰა, მათ გაანათეს გემები.

3 და ამგვარად, უფალმა ბრძანა, რომ ქვებს სიბნელეში გაენათებინა, რათა სინათლე მიეცათ კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის, რათა სიბნელეში არ გადაელახათ დიდი წყლები.

4 და იყო ასე: როდესაც მოიმარაგეს ყველანაირი საკვები, რათა თავი გამოეკვებათ წყლებზე, ასევე საკვები წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელისთვის და ყველანაირი მხეცების, ცხოველებისა თუ ფრინველებისთვის, რომლებიც მათ უნდა თან წაეყვანათ – და იყო ასე: როდესაც მათ ყოველივე ეს გააკეთეს, ავიდნენ თავიანთ გემებსა თუ ბარჟებზე და ზღვაში გავიდნენ, მიანდეს რა საკუთარი თავი უფალს, თავიანთ ღმერთს.

5 და იყო ასე, რომ უფალმა ღმერთმა ბრძანა, მძვინვარე ქარს დაებერა წყლებზე აღთქმული მიწის მიმართულებით; და ასე მიექანებოდნენ ისინი ზღვის ტალღებზე ზურგის ქარით.

6 და იყო ასე, რომ ისინი მრავალჯერ ჩავიდნენ ზღვის სიღრმეებში მთისხელა ტალღების გამო, რომლებიც ზემოდან აცხრებოდათ და ასევე მძვინვარე ქარის მიერ გამოწვეული, დიდი და საშინელი ქარიშხლებისგან.

7 და იყო ასე: როდესაც სიღრმეში ჩადიოდნენ, იქ არ იყო ისეთი წყალი, რომელიც მათ ავნებდათ, ვინაიდან მათი გემები იყო ჭურჭელივით მკვრივი და ასევე ნოეს კიდობანივით მყარი; ამიტომ, როდესაც მრავალ წყალში ექცეოდნენ, შეჰღაღადებდნენ უფალს და მას ისინი წყლის ზედაპირზე ამოჰყავდა.

8 და იყო ასე, რომ არასდროს ჩამცხრალა ქარი, რომელიც აღთქმული მიწისკენ უბერავდა, როდესაც წყალზე იყვნენ და ასე მიაქანებდა მათ ზურგის ქარი.

9 და ისინი უფლისადმი სადიდებელს გალობდნენ; დიახ, იარედის ძმა გალობდა უფლისადმი სადიდებელს და მთელი დღე მადლს სწირავდა და აქებდა უფალს; და ღამის დადგომისასაც, ისინი არ წყვეტდნენ უფლის ქებას.

10 და ამგვარად, მიექანებოდნენ წინ და ვერცერთი ზღვის ურჩხული ვერ ავნებდა მათ, ვერც ვეშაპი, რომელსაც შეეძლო ზიანის მიყენება; და სინათლე ჰქონდათ გამუდმებით, როგორც წყალზედ, ასევე წყალქვეშ.

11 და ამგვარად, წინ მიექანებოდნენ წყლებზე სამას ორმოცდაოთხი დღე.

12 და ისინი გადმოვიდნენ აღთქმული მიწის ნაპირზე. და როდესაც ფეხი დადგეს აღთქმული მიწის ზღვის ნაპირზე, ქედი მოიხარეს მიწის პირზე და უფლის წინ თავი დაიმდაბლეს და სიხარულის ცრემლი დაღვარეს უფლის წინაშე, მის მიერ გამოჩენილი მრავალი დიდსულოვანი მოწყალებისათვის.

13 და იყო ასე, რომ მივიდნენ მიწის პირზე და დაიწყეს მისი დამუშავება.

14 და იარედს ჰყავდა ოთხი შვილი; და მათ ერქვათ იაკომი, გილგა, მაჰა და ორიჰა.

15 და იარედის ძმასაც ასევე ჰყავდა ვაჟიშვილები და ქალიშვილები.

16 და იარედისა და მისი ძმის მეგობრები რაოდენობით დაახლოებით ოცდაორი სული იყვნენ; და მათაც ეყოლათ ვაჟიშვილები და ქალიშვილები, სანამ აღთქმულ მიწაზე მოვიდოდნენ, ამიტომ, ისინი გამრავლდნენ.

17 და მათ ასწავლიდნენ, თავმდაბლად ევლოთ უფლის წინაშე და ისინი ასევე ზეციდანაც იღებდნენ დარიგებებს.

18 და იყო ასე: დაიწყეს მათ მიწის პირზე გავრცელება, გამრავლება და მიწის დამუშავება; და განმტკიცდნენ იმ მიწაზე.

19 და იარედის ძმამ იგრძნო თავისი სიბერე და იხილა, რომ მალე სამარეში უნდა ჩასულიყო; ამიტომ, უთხრა იარედს: მოდი, შევკრიბოთ ჩვენი ხალხი, რათა დავთვალოთ ისინი, რომ მათგან გავიგოთ, რა სურთ ჩვენგან, სანამ სამარეში ჩავალთ.

20 და ამდაგვარად, ხალხი ერთად შეიკრიბა. ახლა, იარედის ძმის ვაჟიშვილებისა და ქალიშვილების რაოდენობა იყო ოცდაორი სული; და იარედის ვაჟიშვილებისა და ქალიშვილების რაოდენობა იყო თორმეტი, ჰყავდა რა ოთხი ვაჟიშვილი.

21 და იყო ასე: მათ დათვალეს საკუთარი ხალხი და მას შემდეგ, რაც ისინი დათვალეს, დაუსვეს შეკითხვა, თუ რა სურდათ, რომ მათ სამარეში ჩასვლამდე გაეკეთებინათ.

22 და იყო ასე, რომ ხალხმა მოისურვა მათგან, რომ ზეთი ეცხოთ ერთ-ერთ თავიანთ ვაჟიშვილისთვის, რათა იგი გამხდარიყო მათი მეფე.

23 და ახლა, აჰა, ამან დაამწუხრა ისინი. და იარედის ძმამ მათ უთხრა: ეს უსათუოდ ტყვეობამდე მიგიყვანთ.

24 მაგრამ იარედმა უთხრა თავის ძმას: დართე ნება, რომ ჰყავდეთ მეფე. და ამიტომ, მან უთხრა მათ: აირჩიეთ მეფე ჩვენი ვაჟიშვილებიდან, რომელიც გსურთ.

25 და იყო ასე, რომ მათ აირჩიეს იარედის ძმის პირველშობილი; და მას სახელად ერქვა პაგაგი. და იყო ასე, რომ მან უარი თქვა მათ მეფობაზე. და ხალხმა მოისურვა, რომ მამამისს დაეძალებინა მისთვის, მაგრამ მამამისმა უარი თქვა; და უბრძანა მათ, რომ არავისთვის არ დაეძალებინათ მათი მეფობა.

26 და იყო ასე, რომ ირჩევდნენ პაგაგის ყოველ ძმას და ისინი უარზე იყვნენ.

27 და იყო ასე, რომ არც იარედის ვაჟიშვილებს არ სურდათ, არცერთს, გარდა ერთისა; და ორიჰას სცხეს ზეთი, რათა ყოფილიყო ხალხის მეფე.

28 და მან დაიწყო მმართველობა და ხალხმა დაიწყო აყვავება; და ძალზედ გამდიდრდნენ ისინი.

29 და იყო ასე, რომ გარდაიცვალა იარედი და ასევე მისი ძმა.

30 და იყო ასე, რომ ორიჰა უფლის წინაშე დადიოდა თავმდაბლურად და ახსოვდა, რაოდენ დიდი რამ გააკეთა უფალმა მისი მამისთვის და ასევე ასწავლიდა თავის ხალხს, რაოდენ დიდი რამ გააკეთა უფალმა მათი მამებისთვის.