იყავით სხვებისთვის მაგალითი და ნათელი
როცა მხსნელის მაგალითს მივყვებით, ჩვენ გვეძლევა საშუალება, ვიყოთ ნათელი სხვების ცხოვრებაში.
დებო და ძმებო, რა მშვენიერია ისევ თქვენთან ყოფნა. როგორც იცით, აპრილში, ჩვენი ერთად ყოფნის შემდეგ, უეცრად სამი საყვარელი მოციქული დავკარგეთ - პრეზიდენტი ბოიდ პეკარი, უხუცესი ლ. ტომ პერი და უხუცესი რიჩარდ ჯ. სკოტი. ისინი თავიანთ ზეციურ სახლებში დაბრუნდნენ. ჩვენ ისინი გვენატრება. რაოდენ მოხარულნი ვართ მათი ქრისტესმიერი სიყვარულის მაგალითისთვის და შთამაგონებელი სწავლებებისთვის, რაც მათ ყოველ ჩვენგანს დაუტოვეს.
ჩვენ გულითადად მივესალმებით ჩვენს ახალ მოციქულებს - უხუცეს რონალდ ა. რასბანდს, უხუცეს გარი ე.სტივსნსონს და უხუცეს დეილ გ. რენლანდს.
ბოლო ხანებში, როცა ვკითხულობდი და ვუფიქრდებოდი წმინდა წერილს, განსაკუთრებით ორი ამონარიდი დამამახსოვრდა. ორივე კარგად არის ჩვენთვის ცნობილი. პირველია მთაზე ქადაგებიდან: „ისევე ანათებდეს თქვენი ნათელი, ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“.1 მეორე ამონარიდი მომივიდა აზრად, როცა პირველის მნიშვნელობაზე ვფიქრობდი. ეს არის პავლე მოციქულის წერილიდან ტიმოთეს:“მორწმუნეთათვის მაგალითი იყავი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმინდეში“.2
ჩემი აზრით, მეორე ამონარიდი წმინდა წერილიდან მეტწილად აღწერს, როგორ შევასრულოთ ის, რასაც პირველში ვკითხულობთ. ჩვენ ვხდებით მაგალითნი მორწმუნეთათვის იმით, რომ ვცხოვრობთ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენასა და სიწმინდეში. როცა ასე ვიქცევით, ჩვენი ნათელი სხვებისთვის შესამჩნევი იქნება.
ყოველი ჩვენგანი მოევლინა დედამიწას ქრისტეს ნათელით. როცა მხსნელის მაგალითს მივყვებით და ვცხოვრობთ ისე, როგორც იგი ცხოვრობდა და ასწავლიდა, ჩვენში ნათელი იგიზგიზებს და სხვებსაც გაუნათებს გზას.
პავლე მოციქულმა ჩამოგვითვალა მორწმნუნის ექვსი ნიშანი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს ნათელს, იკაშკაშოს.
მე ერთად მოვიხსენიებ პირველ ორ ნიშანს: იყავით მაგალითი სიტყვაში და საქმეში. ჩვენს მიერ ნათქვამ სიტყვებს შეუძლია აგვამაღლონ და შთაგვაგონონ ან ზიანი მოგვაყენონ და დაგვაკნინონ. დღევანდელ სამყაროში მკრეხელობის სიჭარბეა და ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ იგი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ძნელია ყური წაიყრუო, როცა ღვთაებას ჩვეულებრივად და დაუფიქრებლად მოიხსენიებენ. უხეში კომენტარები ტელევიზიის, ფილმების, წიგნების და მუსიკის თითქოს და ჩვეულებრივი ნაწილი გახდა. ხშირად გამოიყენება შეურაცხმყოფელი სიტყვები. მოდით ვესაუბროთ სხვებს სიყვარულითა და პატივისცემით, ვიზრუნოთ ენის სისუფთავეზე და თავი ავარიდოთ ისეთ სიტყვებსა და კომენტარებს, რომელნიც სხვებისთვის საწყენია. დაე, მივყვეთ მხსნელის მაგალითს, რომელიც შემწყნარებელი და კეთლი იყო თავისი მსახურებისას.
შემდეგი, პავლე მოციქულის მიერ ნახსენები ნიშანი, არის სიყვარული, რომელიც განმარტებულია, როგორც ქრისტეს წმინდა სიყვარული.3 დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ მათზე, ვინც მარტონი, ავად ან იმედგაცრუებულნი არიან. ჩვენ გვეძლევა საშუალება, დავეხმაროთ მათ და სული ავუმაღლოთ. მხსნელმა მოუტანა იმედი იმედგაცრუებულებს, სუსტებს კი მისცა ძალა. იგი სნეულთა მკურნალი იყო; ხეიბრები კვლავ დადიოდნენ, ბრმებს თვალი ეხილებოდათ, ყრუებს კი სმენა უბრუნდებოდათ. მან მკვდრეთითაც კი აღადგინა. თავისი მსახურებისას იგი სიყვარულით მისწვდა გასაჭირში მყოფთ. როცა ვბაძავთ მის მაგალითს, ჩვენ სხვების ცხოვრებას ვლოცავთ, ჩვენი საკუთარი ცხოვრების ჩათვლით.
კიდევ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი სულში. ჩემთვის ეს ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებაში უნდა გვქონდეს სიკეთე, მადლიერება, მიტევება და კეთილი ნება. ეს დახასიათებები უზრუნველყოფს ჩვენთვის ისეთ სულს, რომელიც ჩვენს ირგვლივ მყოფთ ცხოვრებას შეეხება. მე ცხოვრების მანძილზე უამრავი შეხება მქონდა მსგავსი სულის მქონე ადამიანებთან. ჩვენ მათთან ყოფნისას განსაკუთრებულ გრძნობას განვიცდით, რომლის გამოც გვსურს ასეთ ადამიანებთან ყოფნა და მათი მაგალითის მიბაძვა. ისინი ქრისტეს ნათელს ასხივებენ და გვეხმარებიან, შევიგრძნოთ მისი ჩვენდამი სიყვარული.
იმის დასანახად, რომ ნათელი, რომელსაც წმინდა და მოსიყვარულე სული ანათებს, სხვების მიერ ხილულია, მე გაგიზიარებთ წლების წინ მიღებულ გამოცდილებას.
იმ დროს, ეკლესიის ხელმძღვანელები ხვდებოდნენ ოფიციალურ პირებს იერუსალიმში, რათა იჯარის ხელშეკრულება გაეფორმებინათ მიწის იმ ნაკვეთზე, სადაც ეკლესიის იერუსალიმის ცენტრი აშენდებოდა. საჭირო ნებართვის მოსაპოვებლად ეკლესია უნდა დათანხმებოდა იმას, რომ ჩვენი წევრები, რომლებიც ამ ცენტრში იქნებოდნენ, არ იქადაგებდნენ. ხელშეკრულების დადების შემდეგ ერთ-ერთმა ისრაელის ოფიციალურმა პირმა, რომელიც კარგად იცნობდა ეკლესიას და მის წევრებს, თქვა, რომ მან იცოდა, ეკლესია დაიცავდა ამ არა-ქადაგების პირობას. “მაგრამ, - თქვა მან იმ სტუდენტების მიმართებაში, რომლებიც დაესწრებოდნენ ამ ცენტრს, - რა უნდა ვუყოთ სინათლეს მათ თვალებში“?4 დაე, ამ განსაკუთრებულმა სინათლემ მუდამ იგიზგიზოს თქვენში და იყოს სხვების მიერ დასანახი და მადლიერების გამომწვევი.
იყო რწმენის მაგალითი ნიშნავს, რომ ჩვენ გვწამს ღმერთი და მისი სიტყვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს და ვიკვებებით იმ მრწამსით, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ აზრებში და ქმედებებში. ჩვენი რწმენა უფალ იესო ქრისტეში და მამაზეციერში მოახდენს გავლენას ყოველ ჩვენს საქმეზე. ჩვენი დროის დაბნეულობაში, სინდისთან ჭიდილში, ყოველდღიური ცხოვრების ალიაქოთში, მტკიცე რწმენა ჩვენი ცხოვრების ღუზა ხდება. გახსოვდეთ, რომ რწმენა და ეჭვი ერთ გონებაში ერთდროულად ვერ იარსებებენ, რადგან ერთი განდევნის მეორეს.მე კვლავ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ითქვა - რწმენის მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად საჭიროა წმინდა წერილის წაკითხვა, შესწავლა და გააზრება. აუცილებელია მამაზეცერთან საუბარი ლოცვაში. ჩვენ ვერ ვუარყოფთ ყოველივე ამას, რადგან მოწინააღმდეგე და მისი ჯარი დაუნდობლად ეძებენ სუსტ ადგილს ჩვენს აბჯარში, ერთგულების გაგრილებას. უფალმა თქვა: ბეჯითად ეძიეთ, ყოველთვის ილოცეთ და იყავით მორწმუნენი და ყველაფერი თქვნენს სასიკეთოდ მოგვარდება“.5
ბოლოს და ბოლოს, უნდა ვიყოთ სუფთანი, რაც ნიშნავს იყო სუფთა სხეულით, გონებითა და სულით, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სხეული ტაძარია, რომელსაც პატივისცემითა და მოწიწებით უნდა მოვექცეთ. ჩვენი გონება უნდ იყოს სავსე სულის ასამაღლებელი და კეთილშობილი აზრებით და იყოს თავისუფალი იმისგან, რაც აბინძურებს მას. იმისთვვის, რომ სულიწმინდა ჩვენი მარადიული თანამგზავრი იყოს, საჭიროა ამის ღირსეულნი ვიყოთ. დებო და ძმებო, სიწმინდე მოუტანს ჩვენს გონებას სიმშვიდეს და გავხდებით ღირსნი მივიღოთ მხსნელის დაპირებები, რადგან მან თქვა: „ნეტარნი არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ“.6
როცა ვამტკიცებთ იმას, რომ ვართ მაგალითი სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში და სიწმინდეში, ჩვენ ვხდებით ღირსნი ვიყოთ ნათელი ამასოფლისა.
ნება მიბოძეთ, გითხრათ ყველას, განსაკუთრებით კი თქვენ, ახალგაზრდებო, რომ რაც უფო მეტად შორდება სამყარო მოსიყვარულე მამაზეციერის მიერ მოცემულ პრინციპებსა და მითითებებს, მით უფრო მეტად გამოვირჩევით ბრბოსგან, რადგან ჩვენ გავნსხვავდებით მათგან. ჩვენ გამოვირჩევით, რადგან მოკრძალებულათ ვიცვამთ. ჩვენ განვსხვავდებით, რადგან არ გამოვიყენებთ უხამსს სიტყვებს და არ ვიღებთ სხეულისთვის მავნე ნივთიერებებს. ჩვენ გამოვირჩევით, რადგან თავს ვარიდებთ შავ იუმორს და უწმაწურ კომენტარებს. ჩვენ განსხვავებულნი ვიქნებით, როცა ავირჩევთ არ ავავსოთ გონება მედია საშუალებების მიერ შემოთავაზებულ მდაბიო დამაკნინებელ არჩევანს, რაც განდევნის სულიწმინდას ჩვენი სახლებიდან და ცხოვრებიდან. ჩვენ გამოვირჩევით, როცა მორალს ავირჩევთ ანუ იმას, რაც ჰარმონიაში იქნება სახარების პრინციპებსა და სტანდარებთან. ყოველივე ეს, რაც განგვასხვავებს სამყაროსგან, მოგვგვრის იმ სინათლესა და სულს, რომელიც იგიზგიზებს ამ სამყაროში, რომელიც უფრო და უფრო ბნელდება.
ხშირად ძნელია იყო განსხვავებული და განუდგე ბრბოს. ბუნებრივია გეშინოდეს იმისი, რას იფიქრებენ ან იტყვიან სხვები. მანუგეშებელია სიტყვები ფსალმუნიდან: „უფალი შუქი არის და ხსნაა ჩემი: ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა: ვისგან შევძრწუნდე“?7 როცა ქრისტე ჩვენი ცხოვრების შუაგულია, შიში ჩვენი მრწამსის სიმამაცით შეიცვლება.
ცხოვრება არავისთვის არ არის სრულყოფილი, ზოგჯერ სირთლეები და პრობლემები გვთრგუნავს და ჩვენს სინათლეს ამკრთალებს. მიუხედავად ამისა, მამაზეციერისა და სხვების დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ისევ მოვიპოვოთ ის სინათლე, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვინათებს გზას და მოგვცემს ნათელს, რომელიც შეიძლება სხვებსაც დასჭირდეთ.
ამის საილუსტრაციოდ, გაგიზიარებთ რამდენიმე სიტყვას ჩემი საყვარელი ლექსიდან, რომელიც პირველად მრავალი წლის წინ წავიკითხე:
ღამით უცნობი შემხვდა;
მისი ლამფა არ ანათებდა
მე გავჩერდი და ჩემი ლამფიდან
მას ავანთებინე ლამფა.
ცოტა ხანში ქარიშხალი ამოვარდა
და ყველაფერი ირგვლივ შეაზანზარა,
და როცა ქარი ჩადგა, ჩემი ლამფა ჩამქრალი იყო.
ჩემო დებო და ძმებო, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ყოველდღე ვანათოთ. როცა მივყვებით მხსნელის მაგალითს, ჩვენ გვეძლევა საშუალება ვიყოთ სხვების ცხოვრებაში ნათელი, იყოს ეს ჩვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები თუ უბრალოდ უცნობები.
ყოველ თქვენგანს გეუბნებით, რომ თქვენ ხართ ზეციური მამის ძე და ასული. თქვენ მოხვედით მისი გარემოცვიდან დედამიწაზე მოკლე ხნით საცხოვრებლად, მხსნელის სიყვარულისა და სწავლების ასარეკლად და სხვებისთვის გაბედულად სინათლის გამოსასხივებლად, რათა ყველამ იხილოს იგი. როცა ეს დრო დედამიწაზე ამოიწურება, თუ შეასრულეთ თქვენი ნაწილი, თქვენ მიიღებთ დიდებულ დალოცვას - ღმერთთან სამარადისოდ ცხოვრების სახით.
რამდენად დამაჯერებელია მხსნელის სიტყვები: „მე ვარ ნათელი სოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სოცოცხლის ნათელი ექნება მას“.9 მე ვმოწმობ მასზე. იგი არის ჩვენი მხსნელი და გამომსყიდველი, ჩვენი ქომაგი მამასთან. იგი ჩვენი მაგალითი და ძალაა. იგი არის „ნათელი, რომელიც სიბნელეში ანათებს“.10 დაე, ყოველმა ჩვენგანმა, ვისაც ესმის ჩემი ხმა, დადოს ფიცი, რომ მიჰყვება უფალს, მაშასადამე გახდება კაშკაშა ნათელი მსოფლიოსთვის. მე ამაზედ ვლოცულობ თავად იესო ქრისტეს, უფლის წმინდა სახელით, ამინ.