2010-2019
რისთვის არის საჭირო ეკლესია
ოქტომბერი 2015


რისთვის არის საჭირო ეკლესია

ღირს დაფიქრება იმაზე, რატომ აირჩია იესო ქრისტემ თავისი ეკლესია მისივე და მამაზეციერის სამუშაოს შესასრულებლად

ჩემი ცხოვრების მანძილზე ეკლესიის გენერალური კონფერენცია ყოველთვის იყო გამამხნევებელი სულიერი მოვლენა, თავად ეკლესია კი ის ადგილი, სადაც უფლის შესაცნობად მოვდივარ. მე მესმის, რომ ზოგიერთნი თავს რელიგიურ ან სულიერ ადამიანებად თვლიან და მაინც უარს ამბობენ ეკლესიის საქმიანობაში მონაწილეობის მიღებას ან ვერ ხედავენ ამგვარი დაწესებულების საჭიროებას. რელიგიურობა მათთვის მხოლოდ პირადი საკითხია. მაგრამ მაინც, ეკლესია იმის ქმნილებაა, ვისზეც ჩვენ სულიერებად ვართ დაყრდნობილნი ანუ იესო ქრისტეზე. ღირს დაფიქრდე იმაზე, რატომ აირჩია მან ეკლესია, თავისი ეკლესია, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია იმისთვის, რომ შეასრულოს საკუთარი და მამის საქმე, რათა „მოუტანოს ადამიანებს უკვდავება და მარადიული ცხოვრება“.1

იესო ქრისტეს სახარებას ქადაგებდნენ დაწყებული ადამის დროიდან, ხოლო ხსნის აუცილებელ წეს-ჩვეულებებს, როგორიცაა ნათლობა, ატარებდნენ ოჯახის ფარგლებში სამღვდელოების წესით.2 როცა საზოგადოება გაფართოვდა და შედგებოდა არა მხოლოდ ნათესავებისგან, ღმერთმა ასევე მოიხმო წინასწამეტყველები, მაცნეები და მასწავლებლები. ჩვენ ვკითხულობთ, რომ მოსეს დროს იყო უფრო ფორმალური სტრუქტურები, რომლებშიც შედიოდნენ უხუცესები, მღვდლები და მოსამართლეები. მორმონის წიგნის ისტორიიდან ვიცით, რომ ალმამ დააარსა ეკლესია მღვდლებისა და მასწავლებლების შემადგენლობით.

შემდეგ, დროთა მერიდიანში, იესომ ისე წაიყვანა სამუშაო, რომ სახარება პარალელურად დაარსებულიყო მრავალ ერსა და ხალხს შორის. ეს ორგანიზაცია, იესო ქრისტეს ეკლესია დაფუძნდა „წინასწარმეტყველებზე და მოციქულებზე, სადაც თავად იესო ქრისტე არის ქვაკუთხედი“.3 ამის გარდა იყვნენ დამატებითი მსახურები: სამოცდაათიანელები, უხუცესები, ეპისკოპოსები, მღვდლები, მასწავლებლები და დიაკვნები. იესომ, თავისი აღდგომის შემდეგ, მსგავსად დააარსა ეკლესია მსოფლიოს დასავლეთ ნაწილშიში.

მისი დედამიწაზე ცხოვრების დროს დაარსებული ეკლესიის დაშლისა და განდგომის შემდეგ უფალმა ხელახლად დააარსა იესო ქრისრეს ეკლესია და საბოლოოდ, წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითის საშუალებით. უძველესი მიზანი კვლავ იგივეა - იესო ქრისტეს სახარების შესახებ კარგი ამბის ქადაგება და ხსნის წეს-ჩვეულებების ჩატარება ანუ სხვაგვარად, ადამიანების ქრისტესთან მიყვანა.4 ახლა, ამ აღდგენილი ეკლესიის ორგანიზაციის მეშვეობით, გამოსყიდვის დაპირება ხელმისაწვდომია მკვდართა სულებისთვისაც კი, რომლებმაც მიწიერი ცხოვრების დროს არაფერი არ იცოდნენ მხსნელის მადლის შესახებ ან ჰქონდათ მცირე ცოდნა.

როგორ ასრულებს უფლის მიზნებს მისი ეკლესია? მნიშვბელოვანია აღიარო, რომ ღვთის საბოლოო მიზანია ჩვენი წინსვლა. მას სურს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ მადლით სიარული, სანამ სრულად არ მივიღებთ ყველაფერს5, რისი მოცემაც მას შეუძლია ჩვენთვის. ეს მოითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ იყო კარგი ან სულიერი, ეს მოითხოვს რწმენას იესო ქრისტესი, მონანიებას, ნათლობას წყლითა და სულიწნინდით და ბოლომდე გაძლებას.6 ამის სიმარტოვეში შესრულება შეუძლებელია, ამიტომ, უფლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეკლესის არსებობისა არის წნინდანთა თემის შექმნა, რომლებიც ერთმანეთს მხარში დაუდგებიან „სწორ და ვიწრო გზაზე, რომელსაც მარადიულ ცხოვრებამდე მივყავართ“.7

„მან [ქრისტემ] დააყენა ერთნი მოციქულებად, მეორენი - წინასწარმეტყველებად, ზოგნი- მახარებლად, ზოგნი - მწყემსებად და მოძღვრებად;

„ ... რათა სრულეყოთ წნინდები მსახურების საქმისთვის - ქრისტეს სახელის აღსაშენებლად,

„ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შეცნობას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას“.8

იესო ქრისტე არის „ჩვენი რწმენის შემქმნელი და დამგვირგვინებელი.9 როცა ვუერთდებით ქრისტეს სხეულს - ეკლესიას, ჩვენ ამით საკუთარ თავზე მისი სახელის აღების მნიშვნელოვან ნაწილს ვასრულებთ.10 ჩვენ ვიცით, რომ ადრინდელ ეკლესიაში ხშირად იკრიბებოდნენ ლოცვისა და მარხვის მიზნით, ასევე იმისთვის, რომ ესაუბრათ ერთმანეთთან მათი სულების კეთილდღეობის შესახებ11 და რომ მოესმინათ უფლის სიტყვა.12 ასეა ეკლესიაში დღეს. რწმენით გაერთიანებულნი, ჩვენ ვასწავლით და ვმოძღვრავთ ერთმანეთს და ვცდილობთ მივაღწიოთ მოწაფეობის სრულ ზომას, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას.13 ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ერთმანეთს უფლის შეცნობაში, სანამ ყოველი მოყვასი არ შეიცნობს მას. ... და არ იტყვის: ვიცი უფალი: რადგან მათ ყველამ უნდა მიცნობდნენ, დიდმაც და პატარამაც, ამბობს უფალი“14

ეკლესიაში ჩვენ ვსწავლობთ არა მხოლოდ ღვთიურ დოქტრინას, არამედ ვიღებთ მისი პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილებას. ეკლესიის წევრები, როგორც ქრისტეს სხეული, ემსახურებიან ერთმანეთს ყოველდღიური ცხოვრების რეალობაში. ჩვენ ყველანი არასრულყოფილნი ვართ - თავად ვიღებთ წყენას და სხვებსაც ვტკენთ გულს. ჩვენ ხშირად ვუწყობთ ერთმანეთს გამოცდას ხასიათის გამო. ქრისტეს სხეულში ჩვენ უნდა გავცდეთ კონცეპციებს და მაღალფარდოვან სიტყვებს და პრაქტიკაში განვიცადოთ „ერთმანეთთან სიყვარულში“ ცხოვრების გამოცდილება.15

რელიგია არ არის მხოლოდ საკუთარ ჩარჩოში მოქცეული, პირიქით - ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ მსახურებისთვის. ჩვენ ვართ თვალები, ხელები, ფეხები და ქრისტეს სხეულის სხვა ნაწილები და „ის ასოები, რომელნიც ყველაზე უძლურნი ჩანან, უფრო მეტად საჭირონი არიან“.16 ჩვენ გვჭირდება ეს მოწოდებები და გვჭირდება მსახურობა.

ჩემს მეურვეობაში იყო ადამიანი, რომელსაც მშობლები არა მარტო მხარს არ უჭერდნენ, არამედ ეწინააღმდეგებოდნენ მის ეკლესიაში აქტიურობას. მან ერთხელ ასეთი რამ თქვა ზიარების შეკრებაზე: „მამაჩემს არ ესმის, რატომ უნდა წავიდეს ყველა ეკლესიაში, როცა მათ შეუძლიათ სათხილამუროდ წასვლა, მაგრამ მე ნამდვილად მომწონს ეკლესიაში სიარული. ეკლესიაში ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე მოგზაურობაში ვართ და მე ამ მოგზაურობაში ძლიერი ახალგაზრდები შტამაგონებენ, სუფთა ბავშვები და ის, რასაც ვხედავ და ვსწავლობ სხვა ზრდასრული ადამიანებისგან. მე ვძლიერდები და ენთუზიაზმით განვეწყობი სახარებით ცხოვრების სიხარულით.

ამასობაში ეკლესიის მრევლი და მეურვეობები გვთავაზობენ ყოველკვირეულ დასვენებისა და განახლების შეკრებებს, წუთისოფლის დასავიწყებელ დროსა და ადგილს - კვირა დღეს. ეს არის დღე „უფალში დასატკბობად“,17 იმის გამოსაცდელად, რომ ზიარების მიღებასთან ერთად სულიერი განკურნება მოდის და იმისთვის, რომ მივიღოთ დაპირება, რომ მისი სული იქნება ჩვენთან.18

ერთ-ერთი ყველაზე დიდი კურთხევა, რაც მოყვება იმას, რომ ვართ ქრისტეს სხეული, თუმცა ზოგჯერ ეს შეიძლება სულაც არ მოგვეჩვენოს კურთხევად, არის ცოდვასა და შეცდომებზე მითითება. ჩვენ გვახასიათებს საკუთარი თავისა და ბრალის გამართლება და ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რა უნდა გამოვასწოროთ ან როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. მათ გარეშე, ვისაც შეუძლია ჩვენთვის შენიშვნის მიცემა „ზოგჯერ მწვავედ, როცა მათ სულიწმინდა ამოძრავებთ“,19 ჩვენ შეიძლება არ გვეყოს გამბედაობა შევიცვალოთ და უფრო სრულყოფილად მივყვეთ მოძღვარს. მონანიება ინდივიდუალური რამ არის, მაგრამ ურთიერთობა ამ ზოგჯერ მტკივნეულ გზაზე ეკლესიის ფარგლებშია.20

ამ განხილვისას, როცა ეკლესიას წარმოვადგენთ როგორც ქრისტეს სხეულს, უნდა ყოველთვის ვფიქრობდეთ ორ რამეზე: ერთი არის ის, რომ ჩვენ ვისწრაფით არა ეკლესიაში მოქცევისკენ, არამედ ქრისტეში და მის სახარებაში მოქცევისკენ და ამ მოქცევას ეკლესია ახორციელებს.21 მორმონის წიგნი ყველაზე კარგად გამოხატავს ამას, როცა ამბობს, რომ ადამიანები „მოქცეულნი იყვნენ უფალში და იყვნენ ერთიანნი ქრისტეს ეკლესიაში “.22 მეორე: ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ თავიდან ეკლესია იყო ოჯახი და დღესაც კი, როგორც ცალ-ცალკე ორგანიზაციები, ოჯახი და ეკლესია ემსახურება და აძლიერებს ერთმანეთს. არც ანაცვლებენ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ეკლესია, როგორი კარგიც არ უნდა იყოს, ვერ შეცვლის მშობლებს. სახარების სწავლებისა და ეკლესიის მიერ ჩატარებული მღვდლობის წეს-ჩვეულებების აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ოჯახებმა შეძლონ მარადიულ ცხოვრებაში გადასვლა.

არის მეორე მთავარი მიზეზი, რის გამოც მხსნელი მუშაობს ეკლესიის მეშვეობით, თავისი ეკლესიის, და ეს არის ისეთი საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ვერ მოგვარდება ცალკეული პირების ან უფრო პატარა ჯგუფების მიერ. ერთი ნათელი მაგალითია - სიღარიბესთან ბრძოლა. ცხადია, რომ ჩვენ, როგორც ინდივიდუალური პირები და ოჯახები, ყურადღებას ვაქცევთ სხვების ფიზიკურ საჭიროებებს, „ვუზიარებთ ერთმანეთს როგორც მიწიერს, ისე სულიერს, მათი საჭიროებებისა და სურვილების შესაბამისად“.23 მაგრამ ერთად, ეკლესიაში, ღარიბებზე და ღატაკებზე ზრუნვა ბევრად უფრო დიდია მეტი საჭიროებების დასაფარად.24 ეკლესია, მისი მოწყალების საზოგადოება და სამღვდელოების ქვორუმებს აქვთ იმის უნარი, რომ მრავალ ადამიანს გაუწიონ დახმარება ისეთ ადგილებში, სადაც სტიქიას, ომს ან დევნას აქვს ადგილი.

უფლის ეკლესიის უუნარობის შემთხვევაში მხსნელის დაპირება - მიუტანოს სახარება მთელ მსოფლიოს, ვერ განხორციელდებოდა.25 არ იქნებოდა მოციქულთა გასაღებები, სტრუქტურა, ტექნოლოგიები, ფინანსები და ათასობით მისიონერის თავდადებული მსახურება ამ სამუშაოს შესასრულებლად. გახსოვდეთ, რომ სასუფევლის ეს სახარება უნდა ექადაგოს მთელ მსოფლიოს, ყველა ერის დასამოწმებლად და შემდგომ დადგება დასასრული“.26

ეკლესიას შეუძლია ტაძრების, რომლებიც უფლის სახლებია, აშენება და ამოქმედება, სადაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წეს-ჩვეულებები ტარდება და აღთქმები იდება. ჯოზეფ სმითმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ასაკის ღვთის ხალხის შეკრების აზრი არის „უფლისთვის ისეთი სახლის აშენება, სადაც იგი შეძლებს გამოუცხადოს თავის ხალხს თავისი სახლის წეს-ჩვეულებანი და საკუთარი სასუფევლის დიდება და ასწავლოს ადამიანებს ხსნის საშუალებანი; რამეთუ არსებობს გარკვეული წეს-ჩვეულებანი და პრინციპები, რომლებიც, როცა მათ ისწავლი და იყენებ, უნდა ჩატარდეს ამ მიზნისთვის აშენებულ ადგილებში და სახლებში.27

თუ ვინმეს სწამს, რომ ყველა გზა ზეცაში მიდის ან რომ ხსნისთვის არ არსებობს განსაკუთრებული მოთხოვნილებები, ასეთი ადამიანი ვერ დაინახავს სახარების ქადაგების საჭიროებას ან ცოცხლებისა თუ მკვდრების ხსნისთვის აუცილებელ წეს-ჩვეულებების ჩატარებას და აღთქმების დადებას. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ უკვდავებაზე, არამედ მარადიულ ცხოვრებაზე და იმაზე, რომ სახარების გზა და სახარების აღთქმები აუცილებელია. მხსნელს სჭირდება ეკლესია იმისთვის, რომ გახადოს ისინი ხელმისაწვდომი ღვთის ყოველი შვილისთვის - როგორც ცოცხალთათვის, ისე გარდაცვლილთათვის.

და ბოლო მიზეზი, რომელსაც აღვნიშნავ, რისთვისაც უფალმა დააარსა თავისი ეკლესია, არის ყველაზე უნიკალური - ეკლესია, ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე ღვთის სასუფეველია.

როცა 1830-იან წლებში უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია დაარსების პროცესში იყო, უფალმა უთხრა წინასწარმეტყველ ჯოზეფ სმითს: „ამაღლდით გულში და გაიხარეთ, რამეთუ თქვენია სასუფეველი ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლელსიის გასაღებები“.28 ამ გასაღებებით ეკლესიის სამღვდელოების მატარებლები იცავენ მხსნწლის დოქტრინის სისუფთავეს და ხსნის წეს-ჩვეულებების ხელშეუხლებლობას.29 ისინი ეხმარებიან მათ მომზადებაში, ვისაც სურთ მათი მიღება, განსაჯონ, არიან თუ არა ღირსნი ისინი, ვისაც სურს მათი მიღება და შემდეგ ასრულებენ მათ.

სასუფევლის გასაღებებით უფლის მსახურებს შეუძლიათ ამოიცნონ ჭეშმარიტება და სიცრუე და კიდევ ერთხელ ავტორიტეტულად განაცხადონ: „ასე ამბობს უფალი“. სამწუხაროდ, ზოგი ნაწყენია ეკლესიაზე, რადგან სურს საკუთარი სიმართლის დაცვა, მაგრამ რეალობაში ეს არის ჩინებული კურთხევა - მიიღო „ცოდნა ყველაფრის, რაც [სინამდვილეში] არის, იყო და იქნება“,30 თუკი ამის გამოცხადებისთვის იქნება ნება უფლისა.

როცა დანიელმა ახსნა ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის სიზმარი და აცნობა მეფეს, „რა იქნება უკანასკნელ დღეებში“,31 მან განაცხადა, რომ „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა, და ეს სამეფო სხვა ხალხის ხელში არ გადავა. იგი შემუსრავს და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იქნება“.32 ეკლესია არის ის ნაწინასწარმეტყელები სამეფო, შექმნილი არა ადამიანის, არამედ ზეციერი ღვთის მიერ და იგი მიგორავს, როგორც ადამიანის ხელის გარეშე მთიდან მოკვეთილი ქვა დედამიწის ასავსებად.33

მისი დანიშნულებაა- სიონის დაარსება იესო ქრისტეს ათასწლეული დაბრუნებისა და გამეფების მოსამზადებლად. ამ დღის დადგომამდე ეს არ იქნება სამეფო პოლიტიკური გაგებით - როგორც მხსნელმა თქვა, „ჩემი მეფობა არ არის ამ სოფლისა“.34 ის უფრო დედამიწაზე მისი უფლებამოსილების წყაროა, მისი წმინდა წეს-ჩვეულებების შემსრულებელი, მისი ტაძრების დარაჯი, მისი სიმართლის დამცველი და განმცხადებელი, გაფანტული ისრაელის შეკრების ადგილი და „ქარიშხლისგან დაცვისა და თავის შეფარების ადგილი, ასევე რისხვისა, როცა იგი გადმოენთხევა მთელ დედამიწას“.35

მე დავასრულებ წინასწარმეტყველის ვედრებითა და ლოცვით:

„შეჰღაღადეთ უფალს, რათა მისი სამეფო გავრცელდეს დედამიწაზე, რათა მისმა მცხოვრებმა შეძლონ მისი მიღება და მოემზადონ მომავალი დღეებისთვის, როცა ძე კაცისა ჩამოვა ციდან, შემოსილი თავისი დიდების სამოსით, ღვთის სასუფევლის შესახვედრად, რომელიც დაარსებულია დედამიწაზე.

„ასე რომ, დაე ღვთის სამეფომ მოიცვას დედამიწა, რათა ზეცის სასუფეველი დამკვიდრდეს, რათა შენ, ღმერთო, იყო განდიდებული დედამიწაზე ისევე, როგორც ზეცაში, რომ შენი მტერი დაგემორჩილოს, რამეთუ შენია პატივი, ძალა და დიდება, აწ და მარადის“.36

იესო ქრისტეს სახელით, ამინ.