2010-2019
მკვეთრად ააჟღერეთ საყვირი
ოქტომბერი 2015


მკვეთრად ააჟღერეთ საყვირი

სამყაროს სჭირდება ქრისტეს მოწაფეები, რომლებსაც შეეძლოთ გარკვევით და გულიანად სახარების გზავნილის გაზიარება.

გასულ ზაფხულს მე და ჩემს მეუღლეს სტუმრად ორი უმცროსი შვილიშვილი გვყავდა. მათი მშობლები მონაწილეობას იღებდნენ პალოს პიონერთა ღონისძიებაში. ჩვენს ქალიშვილს უნდოდა, რომ ბიჭებს აუცილებლად ფორტეპიანოზე დაკვრაში ევარჯიშათ, სანამ ჩვენთან იქნებოდნენ. მან იცოდა, რომ პაპა-ბებიასთან ყოფნისას სულ რამდენიმე დღეში ადვილად შეიძლებოდა გადავიწყებოდათ დაკვრაში ვარჯიში. ერთხელ საღამოს გადავწყვიტე 13 წლის შვილიშვილთან, ენდრიუსთან, დავმჯდარიყავი და მომესმინა, როგორ ვარჯიშობდა იგი.

ეს ბიჭი ენერგიით სავსეა და ძალიან უყვარს გარეთ თამაში. იგი სიამოვნებით გაატარაებდა მთელ დღეს ნადირობასა და თევზაობაში. როცა იგი დაკვრაში ვარჯიშობდა, ადვილი მისახვედრი იყო, რომ მას დაკვრას სადმე ახლო მდინარეზე თევზაობა ერჩივნა. მე ვუსმენდი, როგორ აბრახუნებდა ნაცნობი სიმღერის ყოველ აკორდს. ყოველ ნოტს იმავე აქცენტითა და თვლით უკრავდა, რის გამოც მელოდიის ამოცნობა რთული ხდებოდა. მე მის გვერდით სკამზე დავჯექი და ავუხსენი, რატომ იყო მნიშვნელოვანი გაეკეთებინა მეტი აქცენტი მელოდიის ძირითად ნოტებზე და ნაკლები - თანმხლებ ნოტებზე. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ფორტეპიანო საოცარ მექანიკურ მოწყობილობაზე მეტი რამ იყო. იგი შეიძლება მისი საკუთარი ხმის, გრძნობების გამოხატვის ან კომუნიკაციის საშუალება იყოს. ზუსტად ისე, როგორც ადამიანი საუბრობს და მსუბუქად გადადის ერთი სიტყვიდან მეორეზე, ისე მელოდიაც, ერთი ნოტიდან მეორეზე გადასვლისას მსუბუქად უნდა გადადიოდეს.

ჩვენ ერთად ვიცინოდით, როცა იგი კვლავ თავიდან იწყებდა. მისი ღიმილი ფოსოებიან ლოყებზე სულ უფრო მეტად ფართოვდებოდა, როცა აქამდე ველური ბგერები ნაცნობ მელოდიად აჟღერდა. გზავნილი ცხადი გახდა: „მე შვილი ვარ ღვთისა, მან აქ გამომიშვა“.1 მე ვკითხე ენდრიუს, დაინახა თუ არა მან სხვაობა გზავნილში. მან მიპასუხა: „ხო, პაპა, მე ამას ვგრძნობ“!

პავლე მოციქული კორინთელთა გზავნილში ადარებს საუბარს მუსიკალურ ინსტრუმენტს:

“ასევე უსულო საგნები, რომლებიც ხმას გამოსცემენ - სტვირი ან ებანი, თუ ხმებში არ იძლევიან განსხვავებებს, როგორ შეიცნობა, რას უკრავენ სტვირზე ან ებანზე“?

„საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად“?2

თუ როდისმე ყოფილა ისეთი დრო, რომ სამყაროს სჭირდებოდა ქრისტეს მოწაფეები, რომლებსაც შეეძლოთ გარკვევით და გულიანად სახარების გზავნილის გაზიარება, ახლა ზუსტად ეს დროა. ჩვენ გვჭირდება საყვირის მკვეთრი ხმა.

ქრისტე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუკეთესო მაგალითი იყო. იგი ყოველთვის გვიჩვენებდა სიმამაცეს დაეცვა ის, რაც მართალი იყო. მისი სიტყვები ექოსავით ისმის საუკუნეებში, როცა იგი გვიწვევს გვახსოვდეს ღმერთისა და მოყვასის სიყვარული, ღვთის ყოველი მცნების დაცვა და ცხოვრება ისე, თითქოს ვიყოთ სამყაროს ნათელი. მას არ ეშინოდა თავისი დროის მიწიერი ძლევამოსილი მმართველების წინააღმდეგ გამოსვლა, მაშინაც კი, როცა ეს ეწინააღმდეგოდა მამაზეციერის მიერ მინიჭებულ მისიას. მისი სიტყვები ადამიანების დასაბნევად კი არა, არამედ მათი გულების ასაჩუყებლად იყო ნათქვამი. მან ნათლად იცოდა თავისი მამის ნება ყველაფერში, რაც თქვა და მოიმოქმედა.

მე ასევე მომწონს პეტრეს მაგალითი, რომელიც სიმამაცითა და გარკვევით წინ აღუდგა ამასოფლის ადამიანს ორმოცდამეათე დღეს. ამ დღეს ხალხი სხვადასხვა ქვეყნებიდან შეიკრიბა და აკრიტიკებდა ადრეულ წმინდანებს, რადგან ესმოდათ, რომ ისინი სხვადასხვა ენებზე მეტყველებდნენ და ეგონათ, რომ ისინი დათვრნენ. პეტრე, რომლის სულშიც სულიწმინდა ამოქმედდა, გადაეფარა ეკლესიას და მის წევრებს. იგი მოწმობდა ასეთი სიტყვებით: „იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრნო, იყოს ეს თქვენთვის ცნობილი და ყური დაუგდეთ ჩემს სიტყვებს“.3

შემდეგ მან მოახდინა ციტირება წმინდა წერილიდან, სადაც ქრისტე წინასწარმეტყველებს და გაუზიარა თავისი პირდაპირი მოწმობა: „ამრიგად, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.4

მრავალმა მოისმინა მისი სიტყვები, იგრძნო სულიწმინდა და 3000 სული შეუერთდა ადრეული ეკლესიის რიგებს. ეს არის ძლიერი მტკიცება იმისა, რომ ერთ ადამიანს, ქალსა თუ მამაკაცს, რომელიც მზად არის დაამოწმოს მაშინ, როცა სამყარო თითქოს და საპირისპირო მიმართლებით მიდის, შეუძლია მოახდინოს ცვლილება.

როცა ჩვენ, როგორც ეკლესიის წევრები, ვიღებთ გადაწყვეტილებას დავდგეთ და ძლიერად ვმოწმოთ უფლის სწავლებისა და მისი ეკლესიის შესახებ, ჩვენში რაღაც იცვლება. ჩვენ მის იერს ვიღებთ. ჩვენ მის სულს ვუახლოვდებით. იგი, თავის ჯერზე, ივლის ჩვენ წინ და იქნება [ჩვენს] მარჯვნივ და მარცხნივ და [მისი] სული იქნება [ჩვენს] გულებში და [მისი] ანგელოზები [ჩვენს] ირგვლივ, [ჩვენს] ასამაღლებლად“.5

ქრისტეს მოწაფეები არ ეძებენ გამართლებას დოქტრინისთვის, როცა იგი არ შეესაბამება მსოფლიოს ამჟამინდელ კონცეპციას. პავლე მოციქული იყო კიდევ ერთი მამაცი მოწაფე, რომელმაც პირდაპირ გამოაცხადა: „მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღვთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის სახსნელად“.6 ჭეშმარიტი მოწაფენი წარმოადგენენ უფალს მაშინ, როცა ეს არც თუ ისე მოხერხებულია. ჭეშმარიტ მოწაფეს სურს ადამიანების გულების შთაგონება, და არა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა.

ხშირად არ არის მოხერხებული ან კომფორტული დაიცვა ქრისტე. დარწმუნებული ვარ, პავლე მოციქული ზუსტად ამ მდგომარეობაში იყო, როცა იგი მეფე აგრიპამ დაიბარა და სთხოვეს, გაემართლებინა თავი და მისი ისტორია მოეყოლა. პავლე მოციქულმა, უყოყმანოდ გამოაცხადა თავისი მრწამსი ისეთი ძალით, რომ ამ ავბედითმა მეფემ აღიარა, რომ „ცოტაც და“ ქრისტიანი გახდებოდა.

პავლე მოციქულის პასუხი იყო დასტური იმისა, რომ მას სურდა ადამიანებს სრულად გაეგოთ, რა ჰქონდა მას სათქმელი. მან უთხრა მეფე აგრიპას, რომ მისი სურვილი იყო, ყოველი, ვინც მოისმენდა მას, არა „ცოტაც და“ გაქრისტაინებულიყო, არამედ „ერთად“ გამხდარიყვნენ ქრისტეს მოწაფენი.7 მათ, ვინც გასაგებად საუბრობენ, შეუძლიათ ამის განხორციელება.

მრავალი წლის განმავლობაში ვსწავლობდი ლეხის ხილვას მორმონის წიგნიდან.8 მე ყოველთვის მეგონა, რომ დიდი და ფართო შენობა იყო ადგილი, სადაც მხოლოდ ყველაზე ურჩნი იმყოფებოდნენ. შენობა სავსე იყო ხალხით, რომლებიც დასცინოდნენ და თითს იშვერდნენ ერთგულების მიმართ, რომელნიც რკინის მოაჯირს იყვნენ ჩაჭიდებულნი, რაც ღვთის სიტყვას წარმოადგენდა, და იკვლევდნენ გზას სიცოცხლის ხისკენ, რაც ღვთის სიყვარულს წარმოადგენდა. ზოგი ვერ უძლებდა დაცინვას და უხვევდა გზიდან. სხვებმა გადაწყვიტეს მათთან ერთად შესულიყვნენ შენობაში. ჰქონდათ მათ სიმამამცე თამამად ელაპარაკათ კრიტიკისა და ამქვეყნიური გზავნილების საწინააღმდეგოდ?

როცა ვუყურებ დღეს სამყაროს, რომელიც შორდება ღმერთს, ვფიქრობ, რომ ის შენობა იზრდება. მრავალი იპოვის საკუთარ თავს იმ დიდი და ფართო შენობის შემოსასვლელში და ვერც კი გაიაზრებს, რომ მისი კულტურის ნაწილი ხდება. ისინი ხშირად ნებდებიან ცდუნებებს და იმ გზავნილებს. ჩვენ საბოლოოდ ვპოულობთ ამათ მათთან ერთად, ვინც აკრიტიკებს ან დასცინის სხვებს, და ისინიც მათ უერთდებიან.

წლების განმავლობაში ვფიქრობდი, რომ დამცინავი ბრბო დასცინის ერთგული ადამიანების ცხოვრების წესს, მაგრამ ბრბო იმ შენობაში დღეს სხვაგვარად მოქმედებს. ისინი, ვინც დასცინიან, ხშირად ცდილობენ სახარების უბრალო გზავნილის ჩახშობას იმით, რომ ეკლესიის ისტორიას ან წინასწარმეტყველს ან სხვა ხელმძღვანელს აკრიტიკებენ. ისინი ასევე უტევენ ჩვენი სწავლების შუაგულს და ღვთის კანონებს, რომელნიც მოგვეცა დედამიწის შექმნის დღიდან. ჩვენ, როგორც ქრისტეს მოწაფეებმა და მისი ეკლესიის წევრებმა, არასდროს არ უნდა გაუშვათ ხელი იმ რკინის მოაჯირს. ჩვენ უნდა ამოვუშვათ სულიდან საყვირის მკვეთრი ხმა.

მარტივი გზავნილია ის, რომ ღმერთი არის ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერი და იესო ქრისტე მისი ძეა. სახარება აღდგენილ იქნა ამ უკანასკნელ დღეებში ცოცხალი წინასწარმეტყველების საშუალებით და ამის დასტურია მორმონის წიგნი. ბედნიერების გზა გადის ოჯახის ფუძეზე, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაწესებული და გაცხადებული მამაზეციერის მიერ. ეს არის ამ გზავნილის ის ნაცნობი მელოდია, რომელსაც მრავალი ამოიცნობს, რადგან მათ ის წინამიწიერ ცხოვრებაში აქვთ გაგონილი.

დადგა იმის დრო, რომ ჩვენ, როგორც უკანასკნელი დღეების წმინდანები, დავდგეთ ფეხზე და ვმოწმობდეთ. დროა სახარების მელოდიის ნოტებმა გადაფარონ სამყაროს ხმაური. მე ვამატებ ჩემს მოწმობას ამ სამყაროს მხსნელისა და გამომსყიდველის გზავნილს. იგი ცოცხალია. მისი სახარება აღდგენილ იქნა; ბედნიერებისა და მშვიდობის კურთხევა მიღწევადია ამ ცხოვრებაში, თუკი დავიცავთ მის მცნებებს და ვივლით მის კვალზე. ეს არის ჩემი მოწმობა იესო ქრისტეს სახელით, ამინ.