2010-2019
ღმერთის თვალით დანახული
ოქტომბერი 2015


ღმერთის თვალით დანახული

იმისთვის, რომ სხვებს შედეგიანად ვემსახუროთ, ჩვენ უნდა დავინახოთ ისინი მშბლის თვალით და მამაზეციერის თვალით.

ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო, მადლობას გიხდით გუშინ ჩემი მხარდაჭერისთვის თორმეტ მოციქულთა ქვორუმში. რთულია აღწერო, რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის. განსაკუთრებით მადლიერი ვიყავი ორი არაჩვეულებრივი ქალბატონის მხარდაჭერის გამო, რომლებიც ამდენს ნიშნავენ ჩემს ცხოვრებაში: ჩემი მეუღლის, რუთის და ძვირფასი, ძვირფასი, ძვირფასი ქალიშვილის, ეშლის.

ჩემი მოწოდება არის მოწმობა ამ წყობის დასაწყისში უფლის მიერ გაკეთებული განცხადების ჭეშმარიტებისა. მან თქვა, რომ მისი სახარების სისრულეს იქადაგებენ სუსტნი და უბრალონი დედამიწის ყველა კიდეში.1 მე ვარ ამ სუსტთა და უბრალოთა ერთ-ერთი წარმომადგენელი. რამდენიმე ათეული წლის წინ, როცა მომანიჭეს ეპისკოპოსის წოდება შეერთებული შტატების აღმოსავლეთ მეურვეობაში, ჩემმა ძმამ, რომელიც ჩემზე ცოტათი უფროსი და ბევრად ჭკვიანია, დამირეკა ტელეფონზე და მითხრა: „უნდა იცოდე, რომ უფალმა მოგიხმო არა იმის გამო, რომ რაც გააკეთე. შენს შემთხვევაში ეს ალბათ მოხდა მიუხედავად იმისა, რაც გაგიკეთებია. უფალმა მოგიხმო იმისთვის, რომ შენი მეშვეობით მოახდინოს გარკვეული საქმენი და ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა შენ მის ნებას შეასრულებ“. ვაღიარებ, რომ ჩემი უფროსი ძმის სიბრძნე დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

რაღაც მნიშვნელოვანი ხდება მისიონერულ სამსახურში, როცა ადამიანი გაიაზრებს, რომ მოწოდება მის ირგვლივ კი არ ტრიალებს, არამედ უფლის, მისი სამუშაოსა და მამაზეციერის შვილებს ეხება. ჩემი აზრით იგივე ითქმის მოციქულის შესახებ. ეს მოწოდება ჩემი კი არა, უფლის, მისი სამუშაოსა და მამაზეციერის შვილების ირგვლივ ტრიალებს. რა დავალება ან მოწოდებაც არ უნდა იყოს ეკლესიაში, უნარიანად მსახურებისთვის აუცილებელია იცოდე, რომ ყოველი ადამიანი, რომელსაც ვემსახურებით, არის „ზეციური მშობლების სულიერი ძე და ასული, ასე რომ ... გააჩნია ღვთაებრივი ბუნება და დანიშნულება“.2

ადრე ვმუშაობდი კარდიოლოგად, სპეციალობით გულის დაავადებები და ტრანსპლანტაცია, ამიტომაც უმძიმეს პაციენტებთან მქონდა საქმე. ჩემი მეუღლე ხუმრობს, რომ ცუდი ნიშანია გახდეს ჩემი პაციენტი. ხუმროის გარეშე, ხშირად მინახავს სიკვდილი და ამის გამო განვავითარე ემოციური სიშორის პოლიტიკა, როცა ვხედავდი, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. ამგვარად, იმედგაცრუებისა და მწუხარების გრძნობა ასატანი ხდებოდა.

1986 წელს ახალგაზრდა მამაკაცს, სახელად ჩედ, გულის დაავადება აღმოაჩნდა და ტრანსპლანტაციას საჭიროებდა. მან თხუთმეტი წელი გაძლო. ჩედი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ რაც შეიძლება ჯანსაღი, სრულფასოვანი ცხოვრებით ეცხოვრა. მან მისიაში იმსახურა, მუშაობდა და მშობლების ერთგული შვილი იყო. თუმცა ცხოვრების ბოლო წლები მისთვის რთული იყო და მას ხშირად უწევდა საავადმყოფოში დაწოლა.

ერთხელ საღამოს იგი საავადმყოფოში მოიყვანეს გულის სრული ბლოკადით. მე კოლეგებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი სისხლის მიმოქცევის აღდგენას. ბოლოს ცხადი გახდა, რომ ჩედი ვერ გადარჩებოდა. ჩვენ შევწყვიტეთ უშედეგო მცდელობები და მე სიკვდილი დავადასტურე. მიუხედავად იმისა, რომ გულგატეხილი და დამწუხრებული ვიყავი, მე პროფესიონალური განწყობა შევინარჩუნე. ჩემთვის ვფიქრობდი: „ჩედს კარგი მოვლა ჰქონდა. მან გაცილებით მეტხანს იცოცხლა“. თუმცა ეს ემოციური დისტანცია გაქრა, როცა სასწრაფო დახმარების ოთახში მისი მშობლები შემოვიდნენ და საოპერაციო მაგიდაზე გარდაცვლილი შვილი ნახეს. იმ მომენტში მე ჩედი მისი დედ-მამის თვალით დავინახე. დავინახე ის დიდი იმედები და მოლოდინი, რაც მათ ჰქონდათ და სურვილი - ეცხოვრა კიდევ ცოტა მეტი და უკეთესი ცხოვრებით. როცა ეს გავიაზრე, ავქვითინდი. არასდროს არ დამავიწყდება, რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, ჩედის მშობლები აქეთ მანუგეშებდნენ.

მე ახლა მესმის, რომ იმისთვის, რომ სხვებს ეფექტურად ემსახურო ეკლესიაში, ჩვენ ისინი მათი მშობლების ან მამაზეციერის თვალით უნდა დავინახოთ. მხოლოდ მაშინ შევძლებთ სულის ჭეშმარიტი ფასის გააზრებას. მხოლოდ მაშინ შევძლებთ მამაზეციერის სიყვარულის შეგრძნებას, რომელიც მას ყოველი მისი შვილის მიმართ აქვს. მხოლოდ მაშინ შევძლებთ ვიგრძნოთ მხსნელის ზრუნვა მათზე. ჩვენ სრულად ვერ შევასრულებთ ჩვენს აღთქმის დაპირებას - ვიგლოვოთ მგლოვიარებთან და ვანუგეშოთ ისინი, ვინც ამას საჭიროებენ, თუკი არ დავინახავთ მათ ღმერთის თვალით.3 ასეთი პერსპექტივა გულს სხვების იმედგაცრუებისკენ, შიშისკენ და გულის ტკივილისკენ გაგვიხსნის. მაგრამ მამაზეციერი დაგვეხმარება და გვანუგეშებს, ისე, როგორც ჩედის მშობლები მამშვიდებდნენ წლების წინ. ჩვენ უნდა ვიქონიოთ თვალები, რომელნიც ხედავენ, ყურები, რომლებსაც ესმით და გულები, რომლებმაც იციან და გრძნობენ, შევძლებთ თუ არა გადარჩენას, რისკენაც ასე ხშირად მოგვიწოდებს პრეზიდენტი თომას ს. მონსონი..4

მხოლოდ როცა მამაზეციერის თვალით ვიყურებით, ჩვენ შეგვიძლია „ქრისტეს წმინდა სიყვარულით“ ავივსოთ.5 ყოველ დღე უნდა ვევედროთ ღმერთს ამ სიყვარულს. მორმონი გვასწავლიდა: „ასე რომ, ჩემო საყვარელო ძმებო, ილოცეთ მამაზეციერისადმი მთელი თქვენი გულის ძალით, რათა აივსოთ მისი სიყვარულით, რომელიც მან გადმოღვარა ყველაზე, ვინც მისი ძის, იესო ქრისტეს, ჭეშმარიტი მიმდევარია“.6

მთელი გულით მინდა ვიყო იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი.7 მე მიყვარს იგი. მე თაყვანს ვცემ მას. მე ვმოწმობ მის რეალობაზე. მე ვმოწმობ, რომ იგი არის ცხებული, მესია. მე ვარ მოწმე მისი შეუდარებელი მოწყალებისა, თანაგრძნობისა და სიყვარულის. მე ვამატებ ჩემს მოწმობას იმ მოციქულთა მოწმობას, რომლებმაც 2000 წ. გამოაცხადეს, რომ „იესო არის ცოცხალი ქრისტე, ღვთის უკვდავი ძე. ... იგი არის ნათელი, სიცოცხლე და იმედი ამასოფლისა“.8

მე ვმოწმობ, რომ 1820 წ. ნიუ-იორკის შტატის ტყეში აღმდგარი უფალი, ღმერთთან, ჩვენს მამაზეციერთან ერთად, გამოეცხადა ჯოზეფ სმითს, ზუსტად ისე, როგორც მან გვიამბო. ეს ასე იყო. მღვდლობის გასაღებები დღეს დედამიწაზეა და მათ მეშვეობით ტარდება ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები. მე ეს ვიცი. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

შენიშვნები

  1. მოძღვრება და აღთქმები 1:23.

  2. “ოჯახი: მოწოდება მსოფლიოს,“ Ensign or Liahona, Nov. 2010, 129; წაკითხულ იქნა პრეზიდენტ გორდონ ბ. ჰინკლის მიერ, როგორც მისი გზავნილის ნაწილი, 1995წ. 23 სექტემბერს, სოლთ ლეიკ სითში, იუტაში, მოწყალების საზოგადოების გენერალურ შეკრებაზე.

  3. See მოსია 18:8–10.

  4. See, for example, Thomas S. Monson, “To the Rescue,” Ensign, May 2001; Liahona, July 2001; “Our Responsibility to Rescue,” Ensign or Liahona, ოქტ. 2013, 4–5. პრეზიდენტმა მონსონმა ხაზი გაუსვა ამ გზავნილის კონცეპციებს მთავარი ხელმძვანელი პიებისთვის 2015 წ. 30 სექტემბერს, შეახსენა რა შეკრებილთ, რომ ეს იყო მთავარი ხელმძღვანელი პირთათვის და სამოცდაათიანელთათვის მიერ ტრენინგზე ნათქვამი სიტყვა 2009 წ. აპრილის გენერალურ კონფერენციაზე.

  5. მორონი 7:47.

  6. მორონი 7:48.

  7. See მოძღვება და აღთქმები 18:27–28 :

    „და თორმეტი მეყოლება მოწაფედ და აიღებენ საკუთარ თავზე ჩემს სახელს; და თორმეტნი არიან, რომელნიც მოინდომებენ საკუთარ თავზე ჩემი სახელის აღებას, გულის სრული წადილით“.

    „და თუ სურთ საკუთარ თავზე ჩემი სახელის აღება გულის სრული წადილით, მათ მოუწოდებ უქადაგონ ჩემი სახარება ყოველ ცოცხალ არსებას“.

  8. “The Living Christ: The Testimony of the Apostles,” Ensign or Liahona, Apr. 2000, 3. ამით, მე გადატანითი მნიშვნელობით ვამატებ ხელმოწერას ამ დოკუმენტს, ვარ რა მოწმე იმავე დამოწმებისა, რაც მოციქულებმა გაგვიზიარეს.