რა ამაღლებული ვარ
ჩემი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ შეიქმნა მრავალი განსაკუთრებული გამოცდილებიდან, როცა შევიცანი მისი დიადი სიყვარული ყოველი ჩვენგანის მიმართ.
ძვირფასო დებო და ძმებო მთელს მსოფლიოში, მე ძალიან მადლიერი ვარ პირველი პრეზიდენტობისა ამ მოწვევის გამო - გაგიზიაროთ ჩემი მორჩილი მოწმობა ამ წმინდა შაბათ დღეს. ჩემს ახლანდელ გრძნობებს აღწერს უკანასკნელ დღეთა წმინდანთა საყვარელი ჰიმნი:
რა ამაღლებული ვარ ქრისტეს სიყვარულით,
შემკრთალი ვუცქერ და ვტკბები მის სიდიადით. ...
იესო ზეციდან მოგვევლინა მხსნელად
და მოვიდა ამ ქვეყნად ჩემს გადასარჩენად,
მისმა სიყვარულმა მომიტანა შვება,
დამიფარა ცოდვისგან, ამაცილა ვნება. ...
ო, მშვენიერია, მშვენიერია!1
რამდენიმე დღის წინ მე მქონდა უპირატესობა, შევხვედროდი პირველ პრეზიდენტობას და მიმეღო ეს მოწოდება ჩვენი ძვირფასი წინასწარმეტყველისგან, თომას ს. მონსონისგან. მე მინდა ყველას დაგიმოწმოთ პრეზიდენტი მონსონის ძალისა და სიყვარულის შესახებ, როცა მან მითხრა: „ეს მოწოდება მოდის უფალ იესო ქრისტესგან“.
მე აღფრთოვანებული ვარ და გულის სიღრმემდე შეძრული ამ სიტყვების მნიშვნელობით, რომლებიც ასე ნაზად ითქვა ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის მიერ. პრეზიდენტო მონსონ, პრეზიდენტო აირინგ, პრეზიდენტო უხტდორფ, მიყვარხართ და ამიერიდან ვემსახურები უფალს და თქვენ მთელი გულით, ძალით, გონებითა და ღონით.
ო, როგორ მიყვარდა პრეზიდენტი ბოიდ კ. პეკარი, უხუცესები ტომ პერი და რიჩარდ გ. სკოტი. მე ისინი ძალზედ მენატრებიან. დალოცვილი ვარ, რადგან ამ ძვირფასი ძმების ფერხთით განვისწავლე. ცოტაოდენითაც კი ვერ შევცვლი მათ, მაგრამ პატივი მაქვს მათ მხრებზე ვიდგე და გავაგრძელო უფლის მსახურების საქმე.
როცა ვფიქრობ მათზე, ვინც დამეხმარა გავმხდარიყავი ის, რაც ვარ, პირველ რიგში ვფიქრობ ჩემს საყვარელ, თავდადებულ მარადიულ თანამგზავრზე, მელანიზე. წლების განმავლობაში იგი მეხმარებოდა, მძერწავდა, როგორც თიხას, რათა გავმხდარიყავი იესო ქრისტეს დახვეწილი მოწაფე. მისი სიყვარული და თანადგომა, ჩვენი ხუთი შვილი, მათი მეუღლეები და ჩვენი ოცდაოთხი შვილიშვილი მხარში მიდგანან. ჩემო ძვირფასო ოჯახო, მიყვარხართ.
ისე, როგორც ძველად ნეფი, მეც სახარებაში გაზრდილთა კარგი მშობლების შვილი ვარ და ისინიჩ ექვსი თაობის კარგი გაზრდილნი არიან. ჩემი წინაპრები ინგლისიდან და დანიიდან შეუერთდნენ ეკლესიას. ამ ადრინდელმა პიონერებმა ყველაფერი შესწირეს, რათა იესო ქრისტეს სახარებით ეცხოვრათ და მათ შთამომავლობისთვის ისეთი მემკვიდრეობა დაეტოვებინათ, რომელსაც ისინი გაჰყვებოდნენ. მე ძალზედ მადლერი ვარ ამ მრავალწინაპრიანი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა ოჯახისთვის. მე ვიცი, რომ ეს მისაღწევად ღირსეული მიზანია ყოველი ჩვენგანისთვის.
მრავალმა სხვა ადამიანმა შეიტანა თავისი წვლილი იმაში, რომ ჩემი ცხოვრება ამ ახალი მოწოდებისთვის მომემზადებინა. ესენი არიან ჩემი ბავშვობის მეგობრები და ოჯახი, ადრინდელი ხელმძღვანელები, მასწავლებლები და ცხოვრების მასწავლებლები. მათ რიცხვში შედიან ასევე ისინი ჩემი ადრეული მისიისგან აღმოსავლეთ შტატებში და ჩვენი საყვარელი მისიონერები ნიუ-იორკის ჩრდილო მისიიდან. მე მეტად მადლიერი ვარ იმ მრავალი ადამიანის, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებაზე და ჩამოაყალიბეს იგი.
მე სათუთად მოვიხსენებ ჩემს სამოცდაათიანელთა ძმებთან მსახურებას. თხუთმეტი წლის მანძილზე მე ერთ-ერთ საუკეთესო ქვორუმში ვმსახურობდი ეკლესიის მოსიყვარულე ძმებთან. მადლობას გიხდით, ჩემო ძვირფასო მსახურებო. ახლა მოუთმენლად ველი ახალი ქვორუმის წევრობას. პრეზიდენტო რასელ მ. ნელსონ, ღრმად მიყვარხართ თქვენც და თორმეტ მოციქულთა ქვორუმის ყოველი წევრი.
მე და და რასბანდი დალოცვილნი ვიყავით იმით, რომ მთელს მსოფლიოში მრავალი დავალებით გვიწევდა მრევლისა და მისიების სტუმრობა. ჩვენ გვიყვარს წმინდანები ყველგან! თქვენმა რწმენამ ჩვენი რწმენა გაზარდა; თქვენმა მოწმობებმა ჩვენს მოწმობებს შემატეს ძალა.
მე დღეს ასეთ გზავნილს დაგიტოვებდით: უფალმა თქვა: „გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“.2 მე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ არ არსებობს არჩევანი, ცოდვა ან შეცდომა, რომელსაც თქვენ ან ნებისმიერი სხვა ადამიანი არ დაუშვებს, რაც შეცვლის უფლის სიყვარულს თქვენს მიმართ ან მათ მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამართლებს ცოდვილ საქციელს - მე დარწმუნებული ვარ ამაში, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მივწვდეთ ჩვენს მოყვასს სიყვარულით, მოვიწვიოთ, დავარწმუნოთ იგი, ვემსახუროთ მას და გადავარჩინოთ. იესო ქრისტე არ განიხილავდა ადამიანის ეროვნებას, თანამდებობას და ვითარებას იმისთვის, რომ მისთვის ღრმა ჭეშმარიტება ესწავლებინა.
მე არაერთხელ მკითხეს, როდის მივიღე დამოწმება.
არც კი მახსოვს დრო, როცა არ მწამდა მამაზეციერი და იესო ქრისტე. მე ისინი მიყვარდა იმ დროიდან, როცა შევიტყვე მათ შესახებ ჩემი ანგელოზი დედის მუხლებთან, წმინდა წერილისა და სახარების ისტორიების კითხვისას. ეს ადრინდელი რწმენა ახლა ცოდნაში და დამოწმებაში გადაიზარდა მამაზეციერის მიმართ, რომელიც ისმენს და პასუხობს ჩვენს ლოცვებს. ჩემი მოწმობა იესო ქრისტეს შესახებ მრავალი განსაკუთრებული გამოცდილებისგან შეიქმნა, როცა შევიტყვე ყოველი ჩვენგანის მიმართ მისი დიდი სიყვარულის შესახებ.
მადლიერი ვარ ჩვენი მხსნელის გამოსყიდვისთვის და მსურს, ალმას მსგავსად გავაჟღერო ეს ღვთის საყვირით.3 მე ვიცი, რომ ჯოზეფ სმითი ღვთის აღდგენის წინასწარმეტყველია და რომ მორმონის წიგნი ღვთის სიტყვაა. მე ვიცი, რომ პრეზიდენტი თომას ს. მონსონი ღვთის ჭეშმარიტი მსახური და დღეს დედამიწაზე წინასწარმეტყველია.
მე ვლოცულობ, რომ როცა მივყვებით ჩვენს წინასწარმეტყველს, ვიქონიოთ გულში მოწყალება ერთმანეთის მიმართ და გავხდეთ ცოცხალი მოწმენი და ვიყოთ „ამაღლებული ქრისტეს სიყვარულით“. ო, დაე, ეს იყოს „მშვენიერი, მშვენიერი [თქვენთვის] და ჩემთვის“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.