2010-2019
დალოცვილნი და ბედნიერნი არიან ისინი, ვინც იცავენ ღმერთის მცნებებს
ოქტომბერი 2015


დალოცვილნი და ბედნიერნი არიან ისინი, ვინც იცავენ ღმერთის მცნებებს

უფლის მიერ შექმნილი ბარიერები უზრუნველყოფს ჩვენთვის უსაფრთხო თავშესაფარს ბოროტი და გამანადგურებელი გავლენებისგან.

რამდენიმე წლის წინ, როცა ავსტრალიაში ვიყავი, გავემგზავრე მშვენიერ ნალისფორმის ყურეში, რომელიც ცნობილი იყო სერფინგის გამო. როცა სანაპიროზე მივდიოდი, ძეტად მოვიხიბლე დიდი ტალღებით, რომლებიც ყურეს იქით იმსხვრეოდნენ და ყურეში, ნაპირისკენ, მომცრო ტალღებად მოგორავდნენ.

სეირნობა გავნაგრძე და შევხვდი ამერიკელი სერფერების ჯგუფს. ისინი აშკარად შეწუხებულნი ჩანდნენ რაღაცის გამო, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ და ხელებს ზღვისკენ იშვერდნენ. როცა ვკითხე, რა მოხდა, მათ ყურეს იქით მიმანიშნეს, სადაც დიდი ტალღები იმსხვრეოდა.

„გაიხედეთ იქით“, - გაბრაზებით მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა. „ხედავთ ბარიერს“? როცა კარგად დავაკვირდი, შევნიშნე ბარიერი, რომელიც ყურეს მთელ სიგრძეზე იყო გადაჭიმული, ზუსტად იქ, სადაც დიდი, მომაჯადოებელი ტალღები იმსხვრეოდა. როგორც ჩანს, ბარიერი გაკეთებული იყო მძიმე მოწნული მასალისგან და მას წყლის ზედაპირზე ტივტივები იჭერდნენ. სერფერების თქმით, იგი ოკეანის ფსკერამდე იყო ჩასული.

ამერიკელი სერფერი განაგრძობდა: ჩვენ აქ ცხოვრებაში ერთხელ გვეღრსა ჩამოსვლა, რათა ამ დიდ ტალღბზე გვეცურავა. ჩვენ შეგვიძლია შედარებით პატარა, ტალღებზე ვიცურაოთ, რომლებიც ყურეში შემოდიან, მაგრამ დიდ ტალღებზე ვერ ვიცურავებთ. წარმოდგენა არ გვაქვს, რისთვის არის იქ ბარიერი, თუმცა ერთი რამ კარგად ვიცით - ჩვენ მოგზაურობა ჩაგვიშალეს“.

იმ დროს, როცა ამერიკელი სერფერები უფრო მეტად ემოციებს აყვნენ, მე სხვა სერფერმა დამაინტერესა, რომელიც ახლომახლო იყო. ეს იყო ასაკოვანი მამაკაცი, აშკარად ადგილობრივი. როგორც ჩანს, ის მოთმინებას კარგავდა, როცა ისმენდა გაუთავებელ წუწუნს ბარიერის შესახებ.

ბოლოს იგი წამოდგა და ჯგუფისკენ წამოვიდა. უსიტყვოდ მან ზურგჩანთიდან ბინოკლი ამოიღო და ერთ-ერთ სერფერს მისცა და ბარიერზე მიანიშნა. ყოველმა სერფერმა ბინოკლში ჩაიხედა. დადგა ჩემი ჯერი. გადიდებული მასშტაბის წყალობით მე დავინახე ის, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი: ზურგის ფარფლი. ბარიერის მეორე მხარეს დიდი ზვიგენები რიფთან ახლოს რაღაცას ჭამდნენ.

ჯგუფი უცებ დადუმდა. ასაკოვანმა სერფინგისტმა გამოართვა მათ ბინოკლი და შებრუნდა, რათა წასულიყო. თან თქვა ისეთი სიტყვები, რომლებიც არასდროს არ დამავიწყდება: „ძალიან ნუ გააკრიტიკებთ ბარიერს, - თქვა მან. ეს ერთადერთი რამ არის, რაც შესანსვლისგან გიცავთ“.

ჩვენ იმ მშვენიერ სანაპიროზე ვიდექით და ჩვენი ხედვა უცებ შეიცვალა. ბარიერი, რომელიც გვეგონა ხისტი და შემზღუდველი, რომელმაც დიდ ტალღებზე სრიალის სიხარული და სიამოვნება წაგვართვა, აღმოჩნდა სულ სხვა რამ. ამ განახლებული ხედვით, როცა ვიცოდით, რომ ზედაპირის ქვეშ საფრთხე იყო ჩასაფრებული, ბარიერი ახლა წარმოგვედგინა როგორც დაცვა, უსაფრთხოება და სიმშვიდე.

როცა მე და თქვენც ცხოვრების ბილიკზე დავდივართ და ვცდილობთ ოცნებების ახდენას, ღვთის მცნებები და სტანდარტები, ბარიერის მსგავსად, ზოგჯერ გასაგებად რთულია. შესაძლოა ისინი ხისტად და შეუპოვრად მოგვეჩვენონ, რაც გვიხერგავს გზას, რომელიც თითქოს ასეთი მხიარული და ამაღელვებელია და რომელსაც მრავალი სხვა ადამიანი მიჰყვება. როგორც პავლე მოციქულმა აგვიხსნა: „ჩვენ ახლა ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად“,1 { ისეთი შეზღუდული ხედვით, რომ ხშირად არ გვესმის, რა დიდი საფრთხეა ჩამალული ზედაპირის ქვეშ.

მაგრამ ვისაც „ყველაფერი ესმის“2 ზუსტად იცის, სად იმალება საფრთხე. უფალი გვაძლევს ღვთიურ მიმართულებას, მისი ბრძანებებისა და მოსიყვარულე დარიგებით, რათა თავიდან აგვაცილოს ეს საფრთხე, რომ მოვნიშნოთ ჩვენი ცხოვრების კურსი, რომელიც დაცულია სულიერი მტაცებლებისგან და ცოდვის დაღებული ყბისგან.3

ჩვენ ვამჟღავნებთ სიყვარულს და რწმენას ღმერთის მიმართ, როცა საუკეთესოდ ვცდილობთ ყოველდღე მივყვეთ იმ კურსს, რომელიც მან დაგვისახა და ასევე მის მიერ ჩვენთვის მოცემული მცნებების დაცვით. ჩვენ განსაკუთრებით ვავლენთ რწმენას და სიყვარულს ისეთ სიტუაციებში, როცა სრულად არ გვესმის მიზეზი, რის გამოც ღმერთმა მოგვცა გარკვეული ბრძანება ან გზა, რომელსაც მისი სურვილისამებრ უნდა გავყვეთ. ეს შედარებით ადვილია - მიჰყვე გეზს ბარიერის შიგნით, როცა იცი, რომ ზუსტად მის იქით ბასრ კბილიანი მტაცებლების ჯგუფებია. გაცილებით უფრო რთულია გეზის შენარჩუნება ბარიერის შიგნით, როცა ერთადერთი რამ, რასაც ვხედავთ, ბარიერის იქით ამაღელვებელი და მაცდუნებელი ტალღებია. და მაინც, ასეთ დროს, როცა ვირჩევთ რწმენის გამოვლენას, ღმერთს ვენდობით და ვამჟღავნებთ სიყვარულს მის მიმართ, ჩვენ ყველაზე მეტად ვიზრდებით და ვიძენთ სარგებელს.

ახალ აღთქმაში ანანიას არ ესმოდა უფლის ბრძანება მოეძებნა და დაელოცა სავლე - ადამიანი, რომელსაც ფაქტიურად ოფიციალური ნებართვა ჰქონდა იმისთვის, რომ ქრისტეს მორწმუნენი ციხეში ჩაესვა. მაგრამ რადგან ღვთის ბრძანებას დაემორჩილა, ანანია პავლე მოციქულის სულიერ დაბადებაში დიდი როლი ითამაშა. .4

როცა უფალს ვენდობით, ვამჟღავნებთ რწმენას, ვემორჩილებით მცნებებს და მივყვებით მის მიერ დასახულ კურსს, ჩვენ უფრო ვემსგავსებით ისეთ ადამიანებს, როგორებიც უფალს სურს, რომ ვიყოთ. აი ეს „დამსგავსება“ ანუ გულის მოქცევა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც უხუცესმა დალინ ჰ. ოუქსმა გვასწავლა: . არავისთვის არ არის საკმარისი უბრალოდ მექანიკური ქმედება. მცნებები, წეს-ჩვეულებები და სახარების აღთქმები არ არის იმ სიის ნაწილი, რომელიც საჭიროა ზეციურ ანგარიშზე დეპოზიტის სახით დასადებად. იესო ქრისტეს სახარება არის გეგმა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ გავხდეთ ისეთნი, როგორც მამაზეციერს სურს, რომ ვიყოთ“.5

ასე რომ ჭეშმარიტი მორჩილებაა - მთლიანად მიენდო უფალს და ნება მისცე მას დასახოს ჩვენი კურსი როგორც მშვიდ, ისე აღელვებულ წყლებში, იმის წვდომით, რომ მას შეუძლია იმაზე მეტი გაგვხადოს, ვიდრე ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავხდეთ.

როცა ჩვენ მის ნებას ვემორჩილებით, სიმშვიდე და ბედნიერება გვემატება. მეფე ბენიამინი გვასწავლიდა, რომ ისინი, ვინც ღვთის მცნებებს იცავენ, „დალოცვილნი და ბედნიერნი“ არიან „ყველაფერში, როგორც მიწიერში, ისე სულიერში“.6 ღმერთს სურს ჩვენთვის სიხარული. მას სურს ჩვენთვის სიმშვიდე. მას სურს, ვიყოთ წარმატებულნი. მას სურს ვიყოთ უსაფრთხოდ და დაცულნი სამყაროს გავლენისგან.

სხვანაირად რომ ვთქვათ, უფლის ბრძანებები არ ჰგავს წყლისქვეშა დამღლელ ბარიერებს, რომლების თავიდან აცილება უხალისოდ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში იმისთვის, რომ მომავალ ცხოვრებაში ავმაღლდეთ. უფლის ბარიერები გვიქმნის უსაფრთხო თავშესაფარს, რომელიც გვიცავს ბოროტებისა და დამანგრეველი გავლენისგან, რამელიც სხვაგვარად სასოწარკვეთილების უფსკრულში ჩაგვითრევდა. უფლის მცნებები მოგვეცა სიყვარულისა და მზრუნველობის გამო; ისინი ამ ცხოვრებაში7 ჩვენი სიხარულისთვის არის შექმნილი, ზუსტად იმდენად, რამდენადაც განკუთვნილია ჩვენი სიხარულისა და ამაღლებისთვის მომავალ ცხოვრებაში. ისინი გვანიშნებენ, როგორ უნდა მოვიქცეთ და უფრო მეტიც, გვაცნობებენ, ვინ უნდა გავხდეთ.

იესო ქრისტე დგას, როგორც საუკეთესო მაგალითი ყველაფრისა, რაც მართალი და კარგია. მორჩილების ყველაზე დიდი აქტი მთელ მარადისობაში მოხდა მაშინ, როცა ძემ თავისი ნება მამას დაუმორჩილა. ღრმა მოწიწებით ითხოვა ქრისტემ, ააცდინოს სასმისი, რათა მას სხვა რომელიმე მისთვის მონიშნული გზით შეეძლო წასვლა, თუმცა დაემორჩილა იმ გზას, რომელიც მამაზეციერს სურდა მისთვის. ეს იყო გზა, რომელიც გადებული იყო გეთსიმანიასა და გოლგოთაზე, სადაც მან გაუძლო წარმოუდგენელს აგონიას, ტანჯვას და სადაც აბსოლუტურად მიტოვებული იყო, რადგან მამის სულმა მიატოვა იგი. მაგრამ იმავე გზის კულმინაცია იყო ცარიელ სამარხში მესამე დღეს, შეძახილით „იგი აღსდგა“8, რომელიც გაიგონეს და გულით მიიღეს მათ, ვისაც იგი უყვარდა. მის აღდგომაში იყო წარმოუდგენელი სიხარული და მის გამოსყიდვაზე დაფუძნებული ნუგეში ღვთის ყოველი შვილისთვის მთელ მარადისობაში. თავისი ნების მამის ნებას დამორჩილებით, მამის ბრძანებების შესრულებით, ქრისტემ მოგვცა მარადიული სიმშვიდის, სიხარულისა და ცხოვრების ხედვა.

მე ვმოწმობ, რომ ჩვენ ვართ მოსიყვარულე ღმერთის შვილები. მე ვმოწმობ, რომ მას სურს ვიყოთ ბედნიერნი, დაცულნი და დალოცვილნი. ამისთვის მან დაგვისახა კურსი, რომელსაც უკან მის გარემოცვაში მივყავართ და მან შექმნა ბარიერები, რომლებიც დაგვიცავენ გზაზე. როდესაც ძალიან ვეცდებით მივყვეთ ამ კურსს, ჩვენ ვიპოვით ჭეშმარიტ უსაფრთხოებას, ბედნიერებასა და სიმშვიდეს. და როცა დავემორჩილებით მის ნებას, ჩვენ გავხდებით ის, რაც მას სურს, რომ ვიყოთ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.