2010-2019
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით
ოქტომბერი 2015


თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით

ღვთის მცნებები მისი ჩვენს მიმართ სიყვარულს ამჟღავნებს, მისი კანონების დამორჩილება კი ჩვენი მის მიმართ სიყვარულის გამოხატვაა.

როცა ჩვენმა უფროსმა ქალიშვილმა, ჯენმა, თავისი მესამე შვილი, გოგონა, სამშობიაროდან სახლში მოიყვანა, მე მასთან დასახმარებლად წავედი. მას შემდეგ, რაც მისი უფროსი ქალიშვილი სკოლაში გავისტუმრეთ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯენს ყველაზე მეტად უნდოდა დასვენება. ყველაზე კარგი დახმარება ჩემი მხრიდან იქნობოდა მისი ქალიშვილის, ქლოეს, ჩემთან სახლში წაყვანა, რათა მის დედასა და ახალშობილს მეტი სიმშვიდე ჰქონოდათ.

მე ქლოე მანქანაში ჩავსვი, ღვედი შევუკარი, მეც შევიკარი ღვედი და გზას დავადექი. თუმცა სანამ ქუჩის ბოლომდე გავიდოდით, ქლოემ ღვედი შეიხსნა, დადგა და ზურგის მხრიდან ლაპარაკი დამიწყო! მე მანქანა გზის ნაპირას გავაჩერე, გადმოვედი და კვლავ ჩავსვი იგი თავის სავარძელში და ღვედი შევუკარი.

ჩვენ ისევ გზას გავუდექით, მაგრამ ცოტა ხანში იგი ისევ გათავისუფლდა თავის სავარძლიდან. მე იგივე მოქმედებები ჩავატარე, მაგრამ ამჯერად, სანამ მანქანაში დავბრუნდებოდი და ღვედს შევიკრავდი, ქლოე უკვე ფეხზე იდგა!

ასე რომ, მე მიწევდა მანქანის წარა-მარა გაჩერება, გადმოსვლა და სამი წლის ბავშვთან ჭიდაობა. და იგი მჯობნიდა!

მე ყველაფერი ვცადე იმისთვის, რომ დამერწმუნებინა იგი, რომ მანქანაში ღვედით შეკრული დარჩენა კარგი იდეა იყო, მაგრამ ვერ ვაჯერებდი! ბოლოს გადავწყვიტე, თუ/მაშინ ხერხისთვის მიმემართა.

მე ვთქვი: „ქლოე, თუ შენს სავარძელში შეკრული ღვედით დარჩები, მაშინ როგორც კი ბებიასთან ჩავალთ, პლასტილინით ვითამაშებთ“.

უკომენტაროდ.

„ქლოე, თუ შენს სავარძელში შეკრული ღვედით დარჩები, მაშინ ჩვენ ბიბიასთან სახლში პურს გამოვაცხობთ“.

უკომენტაროდ.

მე კვლავ ვცადე: „ქლოე, თუ შენს სავარძელში შეკრული ღვედით დარჩები, მაშინ ჩვენ მაღაზიასთან გავჩერდებით და ტკბილეულს გიყიდი“.

სამი მცდელობის შემდეგ მივხვდი, რომ ყოველივე ეს ამაო იყო. მას გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული და არანაირი თუ/მაშინ პირობა ვერ დაარწმუნებდა მას, დარჩენილიყო თავის სავარძელში.

ჩვენ ვერ გავჩერდებოდით მთელი დღე მანქანაში გზის პირას, მაგრამ მე მინდოდა კანონმორჩილი ვყოფილიყავი და სულაც არ იყო უსაფრთხო მანქანის ტარება, როცა ქლოე ფეხზე იდგა. მე ჩუმად ვილოცე და გავიგე სულიწმინდის ჩურჩული: „ასწავლე მას“.

მე მისკენ შევბრუნდი და ღვედი გამოვწიე მის დასანახად. ვუთხარი: „ქლოე, მე მიკეთია ეს ღვედი, რადგან იგი დამიცავს. მაგრამ შენ არ გიკეთია ღვედი. მე ძალიან მეწყინება, შენ თუ რამე დაგიშავდება“.

მან შემომხედა; მე თითქმის დავინახე, როგორ ფიქრობს იგი თავისი პატარა ტვინით, როცა მე მისგან ასე მოუთმენლად ველი პასუხს. ბოლოს, მას დიდი ცისფერი თვალები გაუბრწყინდა და მითხრა: „ბებია, შენ გინდა, ღვედი გავიკეთო, რადგან გიყვარვარ“!

როცა მე ამ პატარ ძვირფასი გოგონას მიმართ სიყვარული გამოვხატე, სულიწმინდამ მანქანა აავსო. მე არ მინდოდა ამ შეგრძნების დაკარგვა, თუმცა ვიცოდი, რომ ამის შანსი იყო, ასე რომ მანქანიდან გადმოვედი და იგი თავის სავარძელზე უსაფრთხოდ დავაბი. შემდეგ ვკითხე: „ქლოე, დარჩები შენს სავარძელში“? და დამთანხმდა! მთელი გზა მაღაზიამდე იჯდა ტკბილეულის მოლოდინში და მერე მაღაზიიდან სახლამდე, სადაც პური გამოვაცხეთ და პლასტილინით ვითამაშეთ, რადგან ქლოეს დაპირებები არ დავიწყებია!

როცა იმ დღეს იმავე გზით ვბრუნდებოდი, მე გამახსენდა ამონარიდი წმინდა წერილიდან: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებები დაიცავით“.1 ჩვენ გვაქვს წესები, რომლების მიხედვითაც ვასწავლით ბავშვებს, ვაძლევთ მათ მიმართულებას და ვიცავთ. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარს ისინი. მაგრამ ქლოე მიხვდა, რომ მე მისი სავარძელში დარჩენა მსურდა იმიტომ, რომ იგი მიყვარდა. მას არ უნდოდა იმის მიღება, რაც მისი აზრით თავისუფლების შეზღუდვა იყო - ღვედი.

ქლოეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია, შევხედოთ მცნებებს როგორც შეზღუდვებს. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ღვთის კანონები ზღუდავს ჩვენს პირად თავისუფლებას, არ გვაძლევს თავისუფალ არჩევანს და გვიმცირებს ზრდას. მაგრამ როცა მეტ წვდომას ვეძიებთ და ნებას ვრთავთ მამაზეციერს, გვასწავლოს, ჩვენ ყველგან მისი სიყვარულის შედეგებს ვხედავთ. ღვთის კანონები მისი ჩვენს მიმართ სიყვარულს ამჟღავნებს, მისი კანონების დამორჩილება კი ჩვენი მის მიმართ სიყვარულის გამოხატვაა.

თუ თქვენ, გადატანითი მნიშვნელობით, აღმოჩნდებით გზის ნაპირზე მანქანაში, შეიძლება შემოგთავაზოთ რამდენიმე პრინციპი, რომელიც დაგეხმარებათ, უსაფრთხოდ დაბრუნდეთ რწმენისა და მორჩილების გზაზე?2

პირველ რიგში, ენდეთ ღმერთს. ენდეთ მის მარადიულ გეგმას თქვენთვის. ყოველი ჩვენგანი არის „ზეციური მშობლების საყვარელი სულიერი ძე ან ასული“. მათი ჩვენდამი სიყვარული გამოიკვეთება მცნებებში. მცნებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწავლის, მიმართულების მიცემის და დაცვის ჩვენი „გამოცდილებისა და წინსვლის“ გზაზე.3

წინამიწიერ ცხოვრებაში ჩვენ გამოვიყენეთ თავისუფალი არჩევანი ღვთის გეგმის მისაღებად4 და გავიგეთ, რომ ღვთის მარადიული კანონის დამორჩილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამ გეგმის წარმატებით შესასრულებლად. წმინდა წერილში წერია: „არსებობს უცვლელი კანონი, რომელიც ამ სამყარომდე გამოქვეყნდა ზეცაში, რომელთან თანხმობაშიც ყოველი დალოცვაა“.5 თუ ამ კანონს დავემორჩილებით, ჩვენ ამ დალოცვებს მივიღებთ.

ყოველ შეცდომებთან, წინააღმდეგობასთან, მიწიერ გამოცდილებასთან დაკავშირებულ სწავლასთან ერთად ღმერთი არასდროს არ უშვებს მხედველობიდან ჩვენს მარადიულ პოტენციალს, მაშინაც კი, როცა ჩვენ ვერ ვხედავთ მას. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მას, „რადგან ღმერთს სურს თავისი შვილების უკან დაბრუნება“.6 მან თავისი ძის, იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით, უზრუნველყო ჩვენთვის საამისო გზა. გამოსყიდვა არის „ხსნის გეგმის ცენტრალური ნაწილი“.7

მეორე: ენდეთ იესოს. მორჩლებისა და წმინდა სიყვარულის საბოლოო გამოხატვა არის იესო ქრისტეს გამოსყიდვა. მან სიცოცხლე შეწირა ჩვენთვის. იესომ თქვა: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით; ისევე, როგორც მე ვიცავდი მამაჩემის მცნებებს და მის სიყვარულში ვიმყოფები.8

იესო ასწავლიდა:

„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით. ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.

„ეს არის პირველი და დიდი მცნება.

“და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი.”9

ყოველ კვირას ჩვენ გვაქვს საშუალება დავფიქრდეთ და გავიხსენოთ ჩვენი მხსნელის წმინდა სიყვარული, როცა მისი უსაზღვრო გამოსყიდვის სიმბოლოებს ვიღებთ. ზიარების დროს მე ვუყურებ, როგორ იშვერენ ხელს პურისა და წყლისკენ და როცა ჩემი ხელი მიიწევს ამ სიმბოლოებთან, მე ვდებ აღთქმას, რომ მზად ვარ ავიღო საკუთარ თავზე მისი სახელი და ყოველთვის მახსოვდეს იგი და ვიცავდე მის მცნებებს. იგი კი გვპირდება, რომ მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან“.10

მესამე: ენდე სულიწმინდის ჩურჩულს. გახსოვთ, ქლოეს შემთხვევაში, სულიწმინდამ ნაწყვეტი ჩამიჩურჩულა წმინდა წერილიდან? ეს იყო იოანე, თავი 14:15 : „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“. და ეს მნიშვნელოვანი ნაწყვეტები:

„მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ;

„ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება“.11

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ყოველ ღირსეულ დამტკიცებულ წევრს აქვს სულიწმინდის თანხლების უფლება. მარხვა, ლოცვა, წმინდა წერილის წაკითხვა და მორჩილება დიდად ზრდის ჩვენს საშუალებას გავიგოთ და ვიგრძნოთ სულიწმინდის კარნახი. აირჩიეთ, ენდოთ სულიწმინდის კარნახს.

როცა გონება აღვსილი გაქვთ ეჭვითა და შეცბუნებული ხართ, ძე და მამაზეციერი სულიწმინდას გამოგიგზავნით, რათა გაგაფრთხილოთ და წინ წაგიძღვეთ და უსაფრთხოდ გაიაროთ ამ მიწიერი მოგზაურობის ფათერაკები. იგი გაგახსენებთ, განუგეშებთ და “იმედითა და სრულყოფილი სიყვარულით აგავსებთ.”12

მეოთხე: ენდეთ ცოცხალი წინასწარმეტყველის რჩევას. მამაზეციერმა მოგვცა მისი სიტყვის მოსმენის საშუალება და მისი კანონის ცოდნის შესაძლებლობა თავისი წინასწარმეტყველების საშუალებით. უფალმა განაცხადა: „ჩემი სიტყვა ... აღსრულდება, სულ ერთია, მოხდება ეს ჩემი ხმით თუ ჩემი მსახურის ხმით“.13

ბოლო ხანებში ცოცხალმა წინასწარმეტყველებმა მოგვცეს რჩევა „დაიცავით შაბათის დღე, რათა წმინდაჰყოთ“14 და მარხვის კანონის დაცვა. მორჩილება ამ წინასწარმეტყველურ რჩევისადმი უზრუნველყოფს გზას ღვთის მცნების დაცვისთვის - გვიყვარდეს იგი და მოყვასი ჩვენი. ეს მოხდება ჩვენი იესო ქრისტეს მიმართ სიყვარულის ზრდასთან და სხვებზე ზრუნვასთან ერთად“,15

როცა ჩვენ უფლის სიტყვას მივყვებით, რომელიც გვეძლევა წინასწარმეტყველის მეშვეობით, ჩვენ დაცულნი ვართ. ღმერთმა მოუხმო პრეზიდენტ თომას ს. მონსონს, პირველ პრეზიდენტობას, ასევე თორმეტ მოციქულთა ქვორუმს, როგორც წინასწარმეტყველებს, ნათელმხილველებსა და განმცხადებლებს. ამ სამყაროში, სადაც მატულობს შიში, არეულობა, უბედურება და წყრომა, ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ მათ, რათა დავინახოთ, როგორ შეხედავს, რას იტყვის და როგორ მოიქცევა აღვსილი მოწყალებით იესო ქრისტეს მოწაფე საკამათო საკითხებში. ისინი მოწმობენ იესო ქრისტეს შესახებ და პასუხობენ მოწყალებით და ქრისტეს წმინდა სიყვარულით, რომლის მოწმენიც არიან.

ჩემი ქლოესთან გამოცდილების შემდეგ მე წმინდა წერილების კვლევა დავიწყე, რათა მეპოვა ამონარიდები სიყვარულისა და მცნებების შესახებ. მე მრავალი ასეთი ვიპოვე. თიოეული მათგანი გვახსენებს იმას, რომ მისი მცნებები ჩვენს მიმართ სიყვარულს ამჟღავნებს, მისი კანონების დამორჩილება კი ჩვენი მის მიმართ სიყვარულის გამოხატვაა.

მე ვმოწმობ, რომ თუკი ჩვენ ვენდობით ღმერთს, ჩვენს მარადიულ მამას; ვენდობით მის ძეს, იესო ქრისტეს და მის გამოსყიდვას; ვენდობით სულიწმინდის ჩურჩულს; ვენდობით ცოცხალი წინასწარმეტყველების რჩევას, ჩვენ ვიპოვით სწორ მიმართულებას გზის პირიდან და უსაფრთხოდ გავაგრძელებთ მოგზაურობას. იესო ქრიტეს სახელით, ამინ.