კურთხევებით მდიდარი
ღმერთის მრავალი კურთხევა მოითხოვს ჩვენს მონაწილეობას - მოქმედებას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს იესო ქრისტეში რწმენაზე.
ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო. ჩვენს მამაზეციერსა და იესო ქრისტეს სურთ, დალოცონ ყოველი ჩვენგანი. საუკუნეების მანძილზე მიდის თეოლოგიური დებატები იმაზედ, თუ როგორ მივიღოთ ეს კურთხევები. ზოგი ამტკიცებს, რომ კურთხევები უნდა დავიმსახუროთ; ჩვენ ვიღებთ მათ მხოლოდ ჩვენი საქმიანობის თანახმად. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ღმერთმა წინასწარ იცის, ვის და როგორ დალოცავს და ეს გადაწყეტილება უცვლელია. ორივე მოსაზრება საფუძველშივე ნაკლოვანია. კურთხევები ზეციდან არც თავდაუზოგავი „კარგი საქმიანობის კუპონებით“ მოიპოვება და არც პასიური მოლოდინით იმისა, რომ კურთხევებს ლატარეაში მოვიგებთ. არა, ჭეშმრიტებაში ბევრი ნიუანსია და იგი უფრო ეხება ურთიერთობებს მოსიყვარულე მამაზეციერსა და მის პოტენციურ მემკვიდრეებს ანუ ჩვენ შორის. აღდგენილი ჭეშმარიტება გვიმხელს, რომ კურთხევებს დამსახურების სახით არ ვიღებთ, მაგრამ ჩვენ მიერ რწმენის საფუძველზე შესრულებული მოქმედებები, როგორც თავდაპირველი ისე მიმდინარე, აუცილებელია.
როცა ვფიქრობთ იმაზე, როგორ მივიღოთ კურთხევები ღმერთისგან, მოდით შევადაროთ ზეციური კურთხევები შეშის დიდ გროვას. წარმოიდგინეთ, რომ შუაში ნაფოტებია, ზემოდან კი დაწვრილებული შეშის ფენა დევს. შემდეგ ტოტები მოჰყვება, მერე წვრილი შეშა და ბოლოს კუნძები. ეს შეშის გროვა საწვავის უზარმაზარი მარაგია, რომელიც დღეების განმავლობაში უზრუნველყოფს სითბოსა და სინათლეს. წარმოიდგინეთ ამ შეშის გროვასთან ერთი ღერი ასანთი, ფოსფორის თავით.
იმისთვის, რომ შეშამ ენერგია გამოყოს, ასანთი უნდა გაკრა და ნაფოთს მოუკიდო. ნაფოტს უცებ წაეკიდება ცეცხლი და უფრო დიდი ზომის შეშას აანთებს. როცა ეს წვის რეაქცია დაიწყება, მას ვერ შეაჩერებ, სანამ მთლიანად ან შეშა არ დაიწვება და ან ჟანგბადი არ გამოილევა.
ასანთის გაკვრა და ნაფოტების ანთება პატარა მოქმედებებია, რომლებითაც გამოიყოფა შეშის პოტენციური ენერგია. სანამ ასანთს არ გაკრავ, არაფერი არ მოხდება, როგორი დიდიც არ უნდა იყოს შეშის გროვა. თუ ასანთის ღერი აანთეს, მაგრამ ნაფოტთან არ მიიტანეს, მხოლოდ ასანთის მიერ გამოყოფილი სინათლე და სითბო მიზერულია და შეშის წვის პოტენციური ენერგია არ გამოიყოფა. როგორც კი ჟანგბადის მიწოდება შეწყდება, წვის რეაქციაც შეჩერდება.
მსგავსად ამისა ღმერთის მრავალი კურთხევაც, მისი სურვილის მიუხედავად, მოითხოვს ჩვენგან მოქმედებას, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს იესო ქრისტეში რწმენაზე. მხსნელის რწმენა არის მოქმედებისა და ძალის პრინციპი. ჯერ რწმენით ვმოქმედებთ, შემდეგ ძალა მოდის - ღმერთის ნებისა და დროის თანახმად. აუცილებლად ამ თანმიმდევრობით. მოქმედებები, რაც ჩვენ მოგვეთხოვება, ყოველთვის მცირეა იმ კურთხევებთან შედარებით, რომლებსაც საბოლოოდ ვიღებთ.
აბა, რა მოხდა, როცა ცეცხლოვანი გველები დაფრინავდნენ ძველ ისრაელიანთა აღთქმულ მიწისკენ მიმავალ გზაზე? ამ შხამიანი გველის ნაკბენი სასიკვდილო იყო. თუმცა მას, ვისაც უკბენდა გველი, შეეძლო უბრალოდ სპილენძის გველისთვის შეეხედა, რომელიც მოსემ გააკეთა და ჯოხზე აღმართა. რამდენ ენერგიას მოითხოვს უბრალო მზერა? და მათ, ვინც შეხედეს, მიიღეს ზეციური ძალა და განიკურნენ. სხვა ისრაელიანთ, რომლებიც დაკბინეს, არ შეუხედავთ გველისთვის და დაიხოცნენ. იქნებ რწმენა არ ეყოთ იმისთვის, რომ შეეხედათ? იქნებ არ სჯეროდათ, რომ ასეთი უბროლო მოქმედება დაპირებულ განკურნებას მოუტანდათ? ან იქნებ განგებ გაიქვავეს გული და არ მიიღეს ღვთის წინასწარმეტყველის რჩევა?
ღმერთისგან მომავალი კურთხევების გააქტიურების პრინციპი აუცილებელია. ჩვენც, ძველ ისრაელიანთ მსგავსად, უნდა ვიმოქმედოთ იესო ქრისტეს რწმენით, თუკი გვინდა კურთხევების მიღება. ღმერთმა გამოგვიცხადა, რომ „არსებობს კანონი, რომელიც ზეცაში დაიწერა ამ სამყაროს შექმნამდე, რომელსაც ყველა კურთხევა ეყრდნობა; და როცა ვიღებთ რაიმე კურთხევას ღმერთისგან, ეს ხდება იმ კანონისადმი დამორჩლების შედეგად, რომელზედაც ის დაფუძნებულია“. ანუ ჩვენ არ ვიღებთ კურთხევებს დამსახურების გამო, ეს მცდარი იდეაა. მაგრამ თქვენ უნდა იყოთ ამის ღირსი. ჩვენი ხსნა მოდის მხოლოდ იესოს წყალობისა და სიკეთის მეშვეობით. მისი გამოსყიდვის მსხვერპლის ძლიერება ნიშნავს იმას, რომ შეშის გროვა უსასრულოა; ჩვენი საცოდავი ქმედებები მასთან შედარებით ნულია. მაგრამ ისინი ნულის ტოლი არ არის, არც უმნიშვნელოა; სიბნელეში ანთებული ასანთის ღერი მილების მანძილზე მოჩანს. ფაქტობრივად, მისი დანახვა ზეცაშიც შესაძლებელია, რადგან რწმენის პატარა მოქმედებები მოითხოვება ღმერთის დაპირებების ასაგიზგიზებლად.
ღმერთისგან სასურველი კურთხევის მისაღებად ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ რწმენით, გადატანითი მნიშვნელობით ასანთის ანთებით, რომლისგანაც ზეციურ კურთხევებს მოეკიდება ცეცხლი. მაგალითად: ლოცვის ერთ-ერთი მიზანია, ჩვენთვის ღმერთის სასურველი კურთხევის უზრუნველყოფა, მაგრამ ეს მთლიანად დამოკიდებულია ჩვენს თხოვნაზე. მაგალითად ალმა შეჰღაღადებდა წყალობისთვის და მას ტკივილი შეუმსუბუქდა; იგი აღარ იტანჯებოდა ცოდვების გახსენებით. მისმა სიხარულმა ტკივილი გადაფარა - და ეს ყველაფერი მოხდა, რადგან მან იესო ქრისტეში რწმენით შეჰღაღადა. ჩვენთვის საჭირო გააქტიურების ენერგია არის საკმარისი რწმენა ქრისტეში, რათა ლოცვაში გულწრფელად ვთხოვოთ ღმერთს და პასუხად მივიღით მისი ნება და დრო.
ხშირად კურთხევებისთვის საჭირო გააქტიურების ენერგია მოითხოვს თხოვნაზე ან მოლოდინზე მეტს; საჭიროა ხანგრძლივი, განმეორებითი, რწმენით სავსე ქმედებები. მე-19 საუკუნის შუაში ბრიგამ იანგი წინ გაუძღვა უკანასკნელ დღეთა წმინდანების ჯგუფს ამერიკის ჩრდილოეთის ნაწილის, უდაბური არიზონას შესწავლისა და დასახლებისთვის. არიზონაში ჩასვლის შემდეგ ჯგუფს წყალი გაუთავდა და მათ ეშინოდათ, რომ დაიღუპებოდნენ. ისინი ღმერთს დახმარებას ევედრებოდნენ. სულ მალე წვიმები დაიწყო და მერე მოთოვა, ასე რომ მათ მიეცათ საშუალება, აევსოთ ჭურჭელი წყლით და მსხვილფეხა საქონლისთვის აუცილებელი მარაგი აეღოთ. მადლიერები და გამხნევებულები ისინი სოლთ ლეიქში დაბრუნდნენ და ღმერთის სიკეთით ხარობდნენ. დაბრუნებისას მათ ბრიგამ იანგს ექსპედიციის დეტალები მოახსენეს და განაცხადეს დასკვნა: არიზონა საცხოვრებლად გამოუსადეგარი იყო.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ ბრიგამ იანგმა ჰკითხა ოთახში მყოფ მამაკაცს, რას ფიქრობდა იგი ექსპედიციაზე და იმ სასწაულზე. იმ კაცმა, დენიელ ვ. ჯონსმა, პირდაპირ უპასუხა: „მე ისევ ავავსებდი ჭურჭელს, წავიდოდი და ვილოცებდი“. ძმა ბრიგამმა ძმა ჯონსს მხარზე ხელი დაადო და უთხრა: „ეს კაცი არიზონაში წამსვლელთა შემდეგ ჯგუფს უხელმძღვანელებს“.
ჩვენ ყველას გვახსოვს მომენტები, როცა ფარ-ხმალი არ დაგვიყრია, გვილოცია და შედეგად კურთხევები მიგვიღია. ამ პრინციპების განსახიერება მაიკლ და მერიენ ჰოლმსები არიან. მე და მაიკლი სამოცდაათიანელთა ოლქში ვმსახურობდით ერთად. ყოველთვის მიხაროდა, როცა მას სთხოვდნენ, ელოცა ჩვენს შეხვედრებზე, რადგან მისი ღრმა სულიერება ამ დროს აშკარავდებოდა; მან იცოდა, როგორ ესაუბრა ღმერთთან. როგორ მიყვარდა მისი ლოცვის მოსმენა! თუმცა როცა ახლად დაქორწინებულნი იყვნენ, მაიკლი და მერიენი არ ლოცულობდნენ და არ დადიოდნენ ეკლესიაში. მათ სამი შვილი ჰყავდათ, სამშენებლო კომპანია ჰქონდათ და წარმატებულად ცხოვრობდნენ. მაიკლი არანაირად არ გრძნობდა, რომ იყო რელიგიური. ერთხელ საღამოს მათთან სახლში ეპისკოპოსი მივიდა და შეაგულიანა ისინი ლოცვაზე.
ეპისკოპოსის წასვლის შემდეგ მაიკლმა და მერიენმა გადაწყვიტეს, რომ ეცდებოდნენ, ელოცათ. ძილის წინ მათ საწოლთან დაიჩოქეს და მაიკლმა უხერხულობის გრძნობით დაიწყო ლოცვა. რამდენიმე სიტყვის შემდეგ მაიკლი უცებ შეჩერდა და თქვა: „მერიენ, არ შემიძლია“. იგი ადგა და წასვლა დააპირა, მაგრამ მერიენმა მას ხელი ჩაკიდა, ისევ დააჩოქა და უთხრა: „მაიკ, შენ ეს შეგიძლია. კიდევ სცადე“! ასეთი გამხნევებით მაიკლმა მოკლე ლოცვა დაასრულა.
ჰოლმსებმა მალე რეგულარულად დაიწყეს ლოცვა. მათ მეზობლის მოპატიჟება მიიღეს და ეკლესიაშიც მივიდნენ. როცა ისინი სამლოცველოში შევიდნენ და გახსნითი ჰიმნი გაიგონეს, სულიწმინდამ ჩასჩურჩულა მათ: „ეს ჭეშმარიტებაა“. მოგვიანებით, ინკოგნიტოდ, თხოვნის გარეშე, მიკლმა სამლოცველოდან ნაგავი გაიტანა. როცა ამას აკეთებდა, მას ძლიერი გრძნობა დაეუფლა: „ეს ჩემი სახლია“.
მაიკლმა და მერიენმა მიიღეს საეკლესიო მოწოდებები და მსახურობდნენ თავიანთ მეურვეობასა და პალოში. ისინი ერთმანეთთან და სამ შვილთან ერთად ჩაიბეჭდნენ. მათ კიდევ ეყოლათ შვილები, საერთო ჯამში თორმეტი გაუჩნდათ. ჰოლმსები ორჯერ მსახურობდნენ მისიაში, პრეზიდენტისა და მისი მეწყვილის როლში.
პირველი არაკომფორტული ლოცვა იყო პატარა, თუმცა რწმენით აღსავსე მოქმედება, რომლის შედეგიც ზეციური კურთხევა გახდა. ჰოლმსები რწმენის ცეცხლს კვებავდნენ ეკლესიაში სიარულითა და მსახურებით. მათი წლების მანძილზე თავდადებული მოწაფეობა გადაიქცა იმ ჩაუქრობელ კოცონად, რომელიც დღესაც შთაგვაგონებს.
თუმცა ცეცხლი სულ უნდა იღებდეს ჟანგბადის მარაგს, რათა შეშამ საბოლოოდ გახარჯოს სრული პოტენციალი. როგორც ეს მაიკლმა და მერიენ ჰოლმსებმა გვაჩვენეს, ქრისტეს რწმენა ითხოვს უწყვეტ მოქმედებას იმისთვის, რომ წვა არ შეწყდეს. პატარა ქმედებები გვაძლევს საწვავს იმისთვის, რომ აღთქმულ გზაზე ვიაროთ და მივყავართ ღმერთის უდიდეს კურთხევებამდე. მაგრამ ჟანგბადი მიეწოდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ფეხებს ვამოძრავებთ. ზოგჯერ გვჭირდება მშვილდ-ისრის გაკეთება, სანამ მივიღებთ გამოცხადებას იმაზედ, სად ვეძიოთ საკვები. ზოგჯერ გვჭირდება იარაღების გაკეთება, სანამ მივიღებთ გამოცხადებას იმაზედ, როგორ ავაშენოთ გემი. ზოგჯერ, უფლის წინასწარმეტყველის მითითებით, ჩვენ ცოტაოდენი ზეთისა და ფქვილისგან პატარა კვერის გამოცხობა გვჭირდება იმისთვის, რომ ზეთით სავსე ქოთანი და კასრით ფქვილი მივიღოთ. ზოგჯერ უნდა „წყნარად ვიდგეთ, იმის ცოდნით, რომ ღმერთი არსებობს“ და ვენდოთ მის დროს.
როცა ღმერთისგან კურთხევებს იღებთ, თქვენ შეგიძლიათ საფუძვლად დაიდოთ ის ფაქტი, რომ ემორჩილებით მარადიულ კანონს, რომელიც უზრუნველყოფს ამ კურთხევის მიღებას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ „ეს შეუცვლელი“ კანონი არ ექვემდებარება მიწიერი განზომილების დროს, რაც ნიშნავს იმას, რომ კურთხევები ღმერთის მიერ დაწესებულ დროს მოდის. ძველი დროის წინასწარმეტყველებიც კი ზეციური სამყოფელის ძიებაში „რწმენაში დაიხოცნენ … ყველანი და ვერ მიიღეს აღთქმულნი, მხოლოდ შორიდან დაინახეს ისინი, ერწმუნენ მათ, და ესალმებოდნენ“. თუ სასურველი კურთხევა ღმერთისგან ჯერ ვერ მიიღეთ, ნუ გაოგნდებით იმის ფიქრით, კიდევ რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. ამის ნაცვლად, მიიღეთ ჯოზეფ სმითის რჩევა „გააკეთეთ ყოველი, რაც თქვენს ძალას შეესაბამება; და შემდეგ … დადექით მშვიდად, უმაღლესი დაჯერებით, რომ … იხილავთ ღმერთის ხელს“. ზოგი კურთხევა შემონახულია, ღმერთის ყველაზე ძვირფასი შვილებისთვისაც კი.
ექვსი თვის წინ წარმოგვიდგინეს ოჯახზე ორიენტირებული, ეკლესიაზე დაყრდნობილი გეგმა დოქტრინის შესასწავლად, რწმენის განსამტკიცებლად და ინდივიდებისა და ოჯახების გასაძლიერებლად. პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი დაგვპირდა, რომ ეს ცვლილებები დაგვეხმარება, სულიერად გადავრჩეთ, გავზარდოთ სახარების სიხარული და გავაღრმავოთ ჩვენი მოქცევა მამაზეციერისა და იესო ქრისტეს რწმენაში. მაგრამ ეს კურთხევები ყოველმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს. ჩვენ ყველას გვეკისრება ვალდებულება, გადავშალოთ და შევისწავლოთ მოდი, მომყევი მე - ცალკეული პირებისა და ოჯახებისთვის, წმინდა წერილთან და სხვა მოდი,მომყევი მე მასალებთან. ჩვენ უნდა განვიხილოთ ისინი ოჯახთან და მეგობრებთან, ასევე დავგეგმოთ შაბათი დღე მეტაფორული ცეცხლის დასანთებად. ან კიდევ შეგვიძლია, დავტოვოთ რესურსი სახლში შეშის გროვის სახით, რომელსაც შიგნით აქვს დამალული ენერგიის პოტენციალი.
მე გიწვევთ, ერთგულად გაააქტიუროთ ზეციური ძალა, რათა მიიღოთ ღმერთისგან კონკრეტული კურთხევები. გამოამჟღავნეთ რწმენა, რათა აანთოთ ასანთი და დაანთოთ ცეცხლი. მიაწოდეთ საჭირო ჟანგბადი, იმ დროს როცა მოთმინებით ელოდებით უფალს. ამ მოწვევით ვლოცულობ იმაზედ, რომ სულიწმინდა გაგიძღვეთ და გიხელმძღვანელოთ, რათა თქვენ, იგავებში ნახსენები „მორწმუნე კაცის მსგავსად“ იყოთ „კურთხევებით მდიდარნი“ მე ვმოწმობ, რომ ზეციერი მამა და მისი საყვარელი ძე, იესო ქრისტე, ცხოვრობენ, ზრუნავენ ჩვენს კეთილდღეობაზე და სურთ ჩვენი დალოცვა. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.