მონანიებით განწმენდილნი
ღმერთის გეგმისა და იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო ჩვენ შეგვიძლია, განვიწმინდოთ მონანიების პროცესის მეშვეობით.
მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ ვემორჩლებით ადამიანებისა და ღმერთის კანონებს. მე მომიწია ამ ორივე კანონის გამოყენება ქცევის სერიოზული დარღვევის გასამართლებისას ადრე, იუტას უზენაესი სასამართლოს კანონის მიხედვით და ამჟამად, ეკლესიის პირველი პრეზიდენტობის წევრის როლში. ადამიანებისა და ღმერთის კანონებს შორის არსებულმა კონტრასტმა გააღრმავა ჩემი მადლიერება იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალისა და რეალობის შესახებ. ადამიანის კანონების თანახმად პიროვნებას, რომელმაც ყველაზე სერიოზული დანაშაული ჩაიდინა, შეიძლება მიუსაჯონ სამუდამო პატიმრობა და მას შეწყალება არ შეეხება. მე ვმოწმობ, რომ ჩვენ ვართ მოსიყვარულე ზეციური მამის შვილები. ვიყავი მოწმე იმისა, რომ იგივე სერიოზული ცოდვების მიტევება შესაძლებელია მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენი მხსნელის გამომსყიდველი მსხერპლის გამო, რომელიც მან გაიღო „ყოველი მათგანისთვის, ვისაც აქვს მოდრეკილი გული და მომნანიებელი სული“ (2 ნეფი 2:7). ქრისტემ გამოგვისყიდა და მისი გამოსყიდვა რეალურია.
ჩვენი მხსნელის მოსიყვარულე მოწყალება გამოხატულია დიდებულ ჰიმნში, რომელიც ამწუთას გუნდმა შეგვისრულა.
იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლი უღებს კარს „ყოველ ადამიანს, რათა მოინანიოს და მივიდეს მასთან” (მოძღვრება და აღთქმები 18:11; იხ. ასევე მარკოზი 3:28; 1 ნეფი 10:18; ალმა 34:8, 16). ალმას წიგნში აღწერილია მონანიება და მიტევება მათთვისაც კი, ვინც იყვნენ ბოროტი და სისხლმოწყურებული ადამიანები (იხ. ალმა 25:16; 27:27, 30). ჩემი დღევანდელი გზავნილია, იმედი ყოველი ჩვენგანისთვის, მათთვისაც კი, ვინც დაკარგეს ეკლესიის წევრობა გარიცხვით ან სახელის ამოშლით. ჩვენ ყველანი ვართ ცოდვილები, რომლებსაც შეუძლიათ მონანიებით განწმენდა. „ცოდვის მონანიება არ არის ადვილი“, - გვითხრა პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა წინა გენერალურ კონფერენციაზე. „მაგრამ ჯილდო საფასურის ღირსია“.
I. მონანიება
მონანიება იწყება ჩვენი მხსნელით და იგი ტვირთი კი არა, სიხარულია. პრეზიდენტმა ნელსონმა გასული წლის დეკემბრის საშობაო მიმართვაში გვასწავლა: „ჭეშმარიტი მონანიება არ არის მოვლენა. იგი არის უსასრულო უპირატესობა. იგი ფუნდამენტურია წინსვლისთვის, გონების სიმშვიდისთვის, კომფორტისა და სიხარულისთვის“.
რამდენიმე ყველაზე ძლიერი სწავლება მონანიებაზე მოიპოვება მორმონის წიგნში, ალმაში, სადაც იგი უქადაგებს ეკლესიის წევრებს, რომლებსაც მოგვიანებით აღწერს, როგორც „მეტისმეტად ურწმუნოების მდგომარეობაში“ მყოფთ, რომლებიც „აღზევდ[ნენ] გულის ამპარტავნობით“, და „მიუძღვნ[ეს] გული სიმდიდრესა და ამქვეყნიურ ამაოებას“ (ალმა 7:6). ამ აღდგენილი ეკლესიის ყოველ წევრს ბევრი რამ აქვს სასწავლი ამ შთაგონებული სწავლებებიდან.
ჩვენ ვიწყებთ რწმენით იესო ქრისტეში, რადგან „ეს არის ის, რომელიც მოდის, აიღოს ამა ქვეყნის ცოდვები“. (ალმა 5:48). ჩვენ უნდა მოვინანიოთ, რადგან, როგორც ალმა გვასწავლიდა, „თუ არ მოინანიებთ თქვენ ვერანაირად ვერ მიიღებთ მემკვიდრეობით ცათა სასუფეველს“ (ალმა 5:51). მონანიება არის ღმერთის გეგმის აუცილებელი ნაწილი. რადგან ყველა ჩაიდენდა ცოდვას მიწიერ ცხოვრებაში და მოიკვეთებოდა ღმერთის გარემოცვიდან, ადამიანები ვერ „გადარჩებოდნენ“ მონანიების გარეშე (ალმა 5:31; იხ. ასევე ჰელამანი 12:22).
ამას დასაბამიდანვე ასწავლიდნენ. უფალმა უბრძანა ადამს: „ასწავლე შენს შვილებს, რომ ყოველმა ადამიანმა, ყველგან, უნდა მოინანიოს, თორემ ვერ გახდებიან ღვთის სასუფევლის მემკვიდრენი, რადგან ვერაფერი უწმინდური ვერ იქნება მის გარემოცვაში“ (მოსე 6:57). ჩვენ უნდა მოვინანიოთ ყველა ჩვენი ცოდვა - ყოველივე, რაც დავაშავეთ ან უნდა შეგვესრულებინა და არ შევასრულეთ ღვთის მცნებებთან მიმართებაში. არცერთი ადამიანი არ არის გამონაკლისი. გუშინ საღამოს პრეზიდენტმა ნელსონმა მოგვიწოდა: „ძმებო, ჩვენ ყველამ უნდა მოვინანიოთ“.
იმისთვის, რომ განვიწმინდოთ მონანიების მეშვეობით, ჩვენ უნდა ზურგი შევაქციოთ ცოდვებს და ვაღიაროთ ისინი უფალთან და საჭიროებისამებრ, მის მიწიერ მსაჯულთან (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:43). ალმა ასევე გვასწავლიდა, რომ როცა ქრისტესთან მოვდივართ, უნდა „ვაკეთოთ სამართლიანობის საქმენი“ალმა 5:35). ყოველივე ეს არის წმინდა წერილიდან ხშირად გამოყენებული მოწვევის ნაწილი - მოვიდეთ ქრისტესთან.
ჩვენ ყოველ კვირას უნდა მივიღოთ ზიარება. ამ წეს-ჩვეულებით ჩვენ ვდებთ აღთქმას და ვიღებთ კურთხევებს, რომლებიც გვეხმარება, გადავლახოთ ყველა ქმედება და სურვილი, რომელიც გვაკავებს იმ სრულყოფილების მიღებისგან, რომლის მიღწევისკენაც გვიწვევს მხსნელი (იხ. მათე 5:48; 3 ნეფი 12:48). როცა „[უარვყოფთ] ყოველივე უღმერთოს და შევიყვარებთ ღმერთს მთელი [ჩვენი] ძალით, გონებითა და სიძლიერით“ მაშინ შევძლებთ, ვიყოთ „[სრულყოფილნი ქრისტეში“ და „განწმენდილნი“ ქრისტეს სისხლის დაღვრით, რათა „გა[ვ]ხდეთ წმინდანი, უმწიკვლონი“ (მორონი 10:32-33). რა საოცარი დაპირებაა! რა სასწაულია! რა კურთხევაა!
II. პასუხისმგებლობა და მიწიერი სამართალი
ამ მიწიერი ცხოვრების ღვთის გეგმის ერთ-ერთი მიზანია „გამოცდა“ , რათა „იხილონ, გავაკეთებთ თუ არა ყველაფერს, რასაც გვიბრძანებს უფალი [ჩვენი] ღმერთი“ (აბრაამი 3:25). ამ გეგმის ნაწილის თანახმად, ჩვენ ვალდებულნი ვართ ღმერთისა და მისი რჩეული მსახურების წინაშე და ეს ვალდებულებები მოიცავს როგორც მორალურ, ისე ღვთიურ სამართალს.
უფლის ეკლესიაში მიწიერი სამართალი წევრებისთვის ან პერსპექტიული წევრებისთვის სრულდება ისეთი ხელმძღვანელების მიერ, რომელნიც ეძიებენ ღვთიურ მითითებებს. მათი ვალდებულებაა, განსაჯონ, ღირსეულია თუ არა ადამიანი, რომელიც ეძიებს ქრისტესთან მისვლას, მიიღოს ქრისტეს გამოსყიდვის ძალა მარადიული ცხოვრებისკენ მიმავალ აღთქმის ბილიკზე. მიწიერი განსჯა განსაზღვრავს, მზად არის თუ არა ადამიანი ნათლობისთვის. არის ეს პიროვნება ტაძარში შესვლისთვის რეკომენდაციის მიღების ღირსი? იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით საკმარისად მოინანია პიროვნებამ, რომლის სახელიც ამოიშალა ეკლესიის ჩანაწერებიდან, რათა ნათლობის მეშვეობით კვლავ გახდეს წევრი?
როცა ღვთის მიერ მოხმობილი მიწიერი მსაჯული მწვანე შუქს უნთებს პიროვნებას შემდეგი წინ გადასადგმელი ნაბიჯისთვის, როგორიცაა სატაძრო უპირატესობები, იგი ამით არ ადასტურებს იმას, რომ პიროვნება სრულყოფილია და იგი არ პატიობს მას ცოდვებს. უხუცესი სპენსერ ვ. კიმბალი გვასწავლიდა, რომ მიწიერი „დანაშაულებისგან თავისუფლების“ შემდეგ პიროვნებამ „უნდა ეძიოს და მოიპოვოს ზეცის ღმერთისგან საბოლოო მონანიება და მხოლოდ მას შეუძლია მისი პატიება“. და თუ ცოდვილი ქმედებანი და სურვილები ბოლო განკითხვამდე მოსანანიებელი დარჩება, ის პიროვნება, რომელმაც არ მოინანია, დარჩება უწმინდური. მონანიების საბოლოო პასუხისმგებლობა, მონანიების საბოლოო განმწმენდი ეფექტის ჩათვლით, ჩვენსა და ღმერთს შორის არის.
III. აღდგომა და საბოლოო განკითხვა
განსჯა ყველაზე ხშირად აღწერილია წმინდა წერილში ბოლო განკითხვის სახით, რომელიც მოჰყვება აღდგომას (იხ. 2 ნეფი 9:15). წმინდა წერილში ბევრგან წერია, რომ „ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე” (რომაელთა 14:10; იხ. ასევე 2 ნეფი 9:15; მოსია 27:31) “რომ გან[ვ]იკითხოთ იმ საქმეების შესაბამისად, რაც ჩადენილ იქნა მოკვდავ სხეულში” (ალმა 5:15; იხ. ასევე გამოცხადება 20:12; ალმა 41:3; 3 ნეფი 26:4). ყველა განსჯილი იქნება „თავიანთი საქმეების შესაბამისად“ (3 ნეფი 27:15) და „გულის სურვილების შესაბამისად“ (მოძღვრება და აღთქმები 137:9; იხ. ასევე ალმა 41:6).
ამ ბოლო განსჯის მიზანია, გადავწყვიტოთ, მივაღწიეთ თუ არა იმას, რაც ალმამ აღწერა, როგორც „ძლიერი ცვლილება გულში “ (იხ. ალმა 5:14, 26), სადაც ახალ ქმნილებებად ვიქეცით და არ გვაქვს „ სიბოროტის კეთების სურვილი, არამედ მუდმივად გვაქვს სიკეთის კეთების სურვილი“ (მოსია 5:2). ჩვენი საბოლოო მსაჯული ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტეა (იხ. იოანე 5:22; 2 ნეფი 9:41). მისი განსჯის შემდეგ ჩვენ ვაღიარებთ, რომ „სასჯელი მისი არის სამართლიანი“ (მოსია 16:1; 27:31; ალმა 12:15), რადგან იგი ყოვლის მცოდნეა (იხ. 2 ნეფი 9:15, 20) მას აქვს სრულყოფილი ცოდნა ჩვენი ყოველი ქმედებისა და სურვილის შესახებ, როგორც მართალი ისე მონანიებული ან უსამართლო და მოუნანიებელი ან შეუცვლელი.
წმინდა წერილში ახსნილია ამ ბოლო განსჯის პროცესი . ალმა გვასწავლის, რომ მოსიყვარულე ღმერთის სამართალი მოითხოვს, რომ აღდგომისას „ყველაფერი აღდგეს თავის შესაბამის მდგომარეობაში“ (ალმა 41:2). „თუ მათი საქმენი იყო კარგი ამ ცხოვრებაში და მათი გულის საწადელი იყო კარგი, … უკანასკნელ დღეს, [ისინი] უნდა აღდგნენ იმისათვის, რაც კარგია“ (ალმა 41:3). ამის მსგავსად, „თუ მათი საქმენი [ან მათი საწადელი] არის ბოროტი, ისინი აღდგებიან მათთვის ბოროტად“ (ალმა 41:4-5; იხ. ასევე ჰელამანი 14:3). ამის მსგავსად, წინასწარმეტყველი იაკობი გვასწავლიდა, რომ ბოლო განსჯაზე „ისინი, რომლებიც არიან მართალნი, კვლავ იქნებიან მართლები და ისინი, რომლებიც არიან ბინძურნი, კვლავ იქნებიან ბინძურნი“ (2 ნეფი 9:16; იხ. ასევე მორმონი 9:14; 1 ნეფი 15:33). ეს არის პროცესი, რომელიც წინ უძღვის იმას, რასაც მორონიმ დაარქვა „დიდი იეჰოვას საამო სამსჯავრო … ცოცხალთა და მკვდართა მარადიული მოსამართლისა“ (მორონი 10:34; იხ. ასევე 3 ნეფი 27:16).
ჩვენ უნდა მოვინანიოთ, სანამ ბოლო განსჯა დაიწყება, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სუფთანი ვართ ღმერთის წინაშე (იხ. მორმონი 3:22). როგორც ალმამ თავის ცოდვილ შვილს უთხრა, ჩვენ ვერ დავმალავთ ცოდვებს ღმერთის წინაშე „და თუ არ მოინანიებ ესენი იქნება, როგორც მოწმობა შენ წინააღმდეგ, უკანასკნელ დღეს„(ალმა 39:8). იესო ქრისტეს გამოსყიდვა გვაძლევს ერთადერთ გზას მონანიების მეშვეობით აუცილებელი განწმენდის მისაღებად და ეს უნდა მოვახერხოთ ამ მიწიერ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვასწავლეს, რომ ნაწილობრივი მონანიება შესაძლებელია სულიერ სამყაროში (იხ. მოძვრება და აღთქმები 138:31, 33, 58), ეს იმდენად არ არის განსაზღვრული. უხუცესი მელვინ ჯ. ბალარდი გვასწავლიდა: „ბევრად უფრო ადვილია, ემსახურო უფალს, როცა სული და სხეული ერთიანად მოქმედებს. ეს არის დრო, როცა ადამიანები უფრო მოქნილები და მგრძნობიარენი ხდებიან. … ეს ცხოვრება არის მონანიების დრო“.
როცა ვინანიებთ, გვაქვს უფლის დაპირება, რომ ჩვენი ცოდვები, ქმედებებისა და სურვილების ჩათვლით, განიწმინდება და ჩვენი მოწყალე ბოლო მსაჯული „აღარ გაიხსენებს მათ“ (მოძღვრება და აღთქმები 58:42; ის. ასევე ესაია 1:18; იერემია 31:34; ებრაელთა 8:12; ალმა 41:6; ჰელამანი 14:18-19). მონანიებით განწმენდილნი, ჩვენ ვხდებით ღირსნი მარადიული ცხოვრებისა, რომელიც მეფე ბენიამინმა აღწერა, როგორც ყოფნა „ღმერთთან, მარადიული ბედნიერების მდგომარეობაში“ (მოსია 2:41; იხ. ასევე მოძღვრება და აღთქმები 14:7).
ღვთის „აღდგენის გეგმის“ აღსასრულებლად (ალმა 41:2) აღდგომა აღადგენს „ყველაფერს თავის სწორ და სრულყოფილ ფორმაში“ (ალმა 40:23). ყოველი ჩვენი ფიზიკური ნაკლი, რომელიც მიწიერ ცხოვრებაში მივიღეთ, მათ შორის თანდაყოლილი, ტრავმის ან ავადმყოფობის შედეგად, გამოსწორდება სრულყოფილ მდგომარეობამდე.
ეს აღდგომა განწმენდს ჩვენს სულიერ უწმინდურებას ან დაუოკებელ სურვილებსა და ჩვევებს? ეს ასე ვერ იქნება. თანამედროვე გამოცხადებიდან ვიცით, რომ განგვსჯიან ჩვენი სურვილების გამო ისევე, როგორც ქმედებებისთვის (იხ. ალმა 41:5; მოძღვრება და აღთქმები 137:9) და შემდეგ ჩვენი აზრების გამოც კი განვისჯებით (იხ. ალმა 12:4). ამულეკი გვასწავლის, რომ არ უნდა „გადა[ვ]დოთ მონანიების დღე“ სიკვდილამდე (ალმა 34:33), რადგან, იგივე სულს, რომელიც გვაქვს სხეულში ამ ცხოვრებაში - უფლის იქნება იგი თუ ეშმაკის - „ექნება ძალა, დაეუფლოს [ჩვენს] სხეულს მარადიულ სასუფეველში“ (ალმა 34:34). ჩვენს მხსნელს აქვს ძალა და იგი მზად არის იმისთვის, რომ განგვწმინდოს ბოროტისგან. ახლა დადგა დრო, ვეძიოთ მისი დახმარება ბოროტი ან არასასურველი სურვილების მოსანანიებლად, რათა ვიყოთ სუფთანი და მოვემზადოთ ღმერთთან შესახვედრად საბოლოო განსჯაზე.
IV. მოწყალების მკლავები
ღვთის გეგმისა და მისი მცნებების მწვერვალი არის მისი სიყვარული ყოველი ჩვენგანის მიმართ, რაც არის „ყველაზე მეტად სანატრელი … ასევე ყველაზე სასიხარულო სულისათვის“ (1 ნეფი 11:22–23). წინასწარმეტყველმა ესაიამ დაგვარწმუნა, რომ ბოროტნიც კი, როცა „დაუბრუნდ[ებიან] უფალს … ის შეიწყალებს მათ, რადგან ის მრავლის მიმტევებელია“ესაია 55:7). ალმა გვასწავლიდა: „აჰა, ის იწვევს ყოველ ადამიანს, რადგან მოწყალე ხელები გაწვდილია მათკენ“ (ალმა 5:33; იხ. ასევე 2 ნეფი 26:25-33). აღმდგარმა უფალმა უთხრა ნეფიელებს: „აჰა, ჩემი მოწყალების ხელი გამოწვდილია თქვენკენ, და მივიღებ ყოველ მომსვლელს და დალოცვილები არიან ჩემთან მომავალნი” (3 ნეფი 9:14). ამ და მრავალი სხვა ამონარიდიდან წმინდა წერილიდან ვიცით, რომ ჩვენი მოსიყვარულე მხსნელი დგას გაშლილი ხელებით, რათა მიიღოს ყოველი ქალი და მამაკაცი, იმ მოსიყვარულე პირობებით, რომლებიც დაგვიდგინა იმ დიადი კურთხევებით ტკბობისთვის, რომლებიც ღმერთს აქვს თავისი შვილებისთვის.
ღმერთის გეგმისა და იესო ქრისტეს გამოსყიდვის გამო, მე ვმოწმობ, „იმედის სრულყოფილი ნათელით“, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ჩვენ შეგვიძლია განვიწმინდოთ მონანიების პროცესის მეშვეობით. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ „თუ [ჩვენ] წინ მივისწრაფით, ქრისტეს სიტყვით ვინადიმებთ და გავუძლებთ ბოლომდე, აჰა, ასე ამბობს მამა: თქვენ გექნებათ მარადიული სიცოცხლე“.(2 ნეფი 31:20). დაე, ყველანი ასე მოვიქცეთ. მე ამაზე ვლოცულობ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.