2010-2019
ქრისტე: ნათელი, რომელიც ბნელში ანათებს
2019 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


ქრისტე: სინათლე, რომელიც ბნელში ანათებს

თუ გრძნობთ, რომ თქვენი მოწმობის კაშკაშა შუქურა ქრება და სიბნელე უნდა ჩამოწვეს, გამხნევდით. დაიცავით ღმერთისადმი მიცემული დაპირებები.

ჩემი ოფისიდან მოწყალების საზოგადოების შენობაში სოლთ ლეიქ ტაძრის შესანიშნავი ხედია. ყოველ ღამით, საათივით აწყობილი, ტაძრის გარე განათება ირთვება შებინდებისას. ტაძარი მყარი განათებული შუქურაა, რომელიც პირდაპირ ჩემი ფანჯრიდან ჩანს.

ჩაბნელებული სოლთ ლეიქ ტაძარი

ერთ ღამეს, გასულ თებერვალს, ჩემს ოფისში განსაკუთრებით ბნელოდა მზის ჩასვლის შემდეგ. ფანჯრიდან რომ გავიხედე, ტაძარი ჩაბნელებული იყო. შუქები არ ენთო. მე უცებ მოვიწყინე. ვერ ვხედავდი ტაძრის შპილებს, რომლებსაც წლების მანძილზე ყოველდღე ვუყურებდი.

სოლთ ლეიქ ტაძარი ჩამქრალი შპილებით

იმ ფაქტმა, რომ ჩვეულ ადგილას სინათლის ნაცვლად სიბნელე ვიხილე, გამახსენა, რომ ჩვენი ზრდის ერთ-ერთი ძირითადი საჭიროებაა ვიყოთ კავშირში ჩვენს ნათელთან - იესო ქრისტესთან. იგი არის ჩვენი ძალის წყარო, სამყაროს სინათლე და სიცოცხლე. მასთან ძლიერი კავშირის გარეშე ჩვენ ვიწყებთ სულიერ კვდომას. სატანამ იცის ეს და ცდილობს, გამოიყენოს მიწიერი გასაჭირი, რომლის წინაშეც ყველანი აღმოვჩნდებით. იგი ცდილობს, ჩააქროს ჩვენი ნათელი, მოგვიწყოს მოკლე ჩართვა, ჩაგვიჭრას დენის წყარო და მარტონი დაგვტოვოს სიბნელეში. ეს სირთულეები მიწიერი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი პირობებია, მაგრამ სატანა ცდილობს, მოახდინოს ჩვენი იზოლირება და გვეუბნება, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ გასაჭირში.

ზოგი ჩვენგანი მწუხარებისგან პარალიზებულია.

როცა ტრაგედია გვშთანთქავს, როცა ცხოვრება ისე მოგვიჭერს, რომ სუნთქვაც კი არ შეგვიძლია, როცა იერექოში მიმავალი კაცის მსგავსად გვცემენ და გზაზე სასიკვდილოდ მიგვატოვებენ, იესო მოდის და ჭრილობებზე ზეთს გვასხამს, ნაზად გვაყენებს ფეხზე, გვაცმევს, სასტუმროში მივყავართ და გვივლის. მათ, ვინც მწუხარებაშია, ეუბნება: „მე შეგიმსუბექებთ ტვირთს, რომელიც მხრებზე გაწევთ, რომ თქვენ ვერც იგრძნობთ მათ მხრებზე … და რათა ნამდვილად იცოდეთ, რომ მე, უფალი ღმერთი, ვეწვევი ჩემს ხალხს მათი გაჭირვების ჟამს.“ ქრისტე კურნავს ჭრილობებს.

ზოგიერთი ჩვენგანი უბრალოდ ძალიან დაღლილია.

უხუცესმა ჰოლანდმა თქვა: „ვერ ვირბენთ იმაზე ჩქარა, რაც არ შეგვიძლია … მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ მრავალი თქვენგანი ძალიან, ძალიან ჩქარა მირბის და ენერგიისა და ემოციის წყაროს მაჩვენებელი ზოგჯერ ნულს უახლოვდება“. როცა მოლოდინის გამო ვითრგუნებით, შეგვიძლია უკან დავიხიოთ და ვკითხოთ მამაზეციერს, რა დავთმოთ. ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილია ვისწავლოთ, რა არ უნდა ვაკეთოთ. მაგრამ ასეც რომ იყოს, ზოგჯერ ცხოვრება ძალიან დამღლელია. „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“.

ქრისტე მზადაა, შემოგვიერთდეს და შეამსუბუქოს ჩვენი ტვირთი. ქრისტე შვებაა.

ზოგიერთ ჩვენგანს ჰგონია, რომ არ ვჯდებით ტრადიციულ ჩარჩოში.

სხვადასხვა მიზეზების გამო ჩვენ არ ვგრძნობთ იმას, რომ მიგვიღეს ან მისაღებნი ვართ. ახალ აღთქმაში ვხედავთ, რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა იესოს, რათა ყველა კატეგორიის ხალხთან დაემყარებინა კონტაქტი: კეთროვნებთან, მებაჟეებთან, ბავშვებთან, გალილეელებთან, მეძავეებთან, ქალებთან, წარმართებთან, ცოდვილებთან, სამარიელებთან, ქვრივებთან, რომაელ მთვარსარდლებთან, მრუშებთან, ფარისევლებთან და რელიგიურად უწმიდურებთან. თითქმის ყოველგან იგი მიდის ვინმესთან, ვიცნ ტრადიციულად არ იყო მიღებული საზოგადოების მიერ.

ლუკა 19 ვკითხულობთ მთავარ მებაჟეზე იერიქოში, სახელად ზაქე. იგი ხეზე ავიდა იმისთვის, რომ გზად მიმავალი იესო ენახა. ზაქეს ყველა უყურებდა, როგორც რომაელთა მიერ დაქირავებულ მექრთამესა და ცოდვილს. იესომ დაინახა იგი ხეზე და დაუძახა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე. და როცა იესომ იხილა ზაქეს გულის სიკეთე და ის, რაც სხვებისთვის გააკეთა, მან მიიღო მისი შემოწირულობა და თქვა: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა“.

ქრისტემ რბილად უთხრა ნეფიელებს: „არცერთ თქვენგანს არ ვურბძანე, წასულიყო“. პეტრე მოციქულს ჰქონდა გააზრების ღრმა მომენტი საქმეები 10 როცა მან განაცხადა: „მე მიჩვენა ღმერთმა, რომ არც ერთი ადამიანისთვის არ მეწოდებინა შებილწული ან უწმიდური“. ეს ქრისტიანი მოწაფეებისა და უკანასკნელი დღეების წმინდანთა ურყევი მოთხოვნაა - გამოამჟავნონ ერთმანეთის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარული. იესოს იგივე მოპატიჟება აქვს ჩვენთვის, რაც ზაქესთვის: „აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ მოისმენ[თ] ჩემს ხმას და გამიღებ[თ] კარს, შევალ [თქვენთან]. მე [თქვენთან] ვივახშამებ და ის ჩემთან“. ქრისტე გვხედავს ჩვენს ხეზე.

ზოგიერთი ჩვენგანი შეკითხვებით იტანჯება

რამდენიმე წლის წინ მე ძალაინ გულგატეხილი და გაღიზიანებული ვიყავი იმის გამო, რომ ვერ ვპოულობდი კითხვებზე პასუხს. შაბათს დილით სიზმარი ვნახე. სიზმარში ვხედავდი მანსარდს და ვიცოდი, რომ იქ უნდა ავსულიყავი. ირგვლივ მას ხუთი თაღი ჰქონდა, მაგრამ ფანჯრები ქვის იყო. სიზმარში ვწუწუნებდი, იქ შესვლა არ მინდოდა, რადგან შიგნით იგი ისეთი პატარა და ბნელი იყო. შემდეგ აზრი მომივიდა: იარედის ძმამ ხომ მოთმინებით გადაადნო ქვები და ისინი მინად აქცია. მინა არის ქვა, რომელმაც მდგომარეობა შეიცვალა. როცა უფალი შეეხო იარედის ძმის ქვებს, მათ ციალი დაიწყეს ჩაბნელებულ გემებში. უცებ იმ მანსარდზე მომინდა ყოფნა იმაზე მეტად, ვიდრე რომელიმე სხვა ადგილას. ეს იყო ჩემთვის ზუსტად ის ადგილი - ერთადერთი ადგილი, საიდანაც ჭეშმარიტად „ვხედავდი“. ის შეკითხვები, რომლებიც მაწუხებდა, არსად არ წასულა, მაგრამ როცა გავიღვიძე, გონებაში უფრო ნათლად მქონდა შეკითხვა: „როგორ აპირებ რწმენის გაზრდას იქამდე, რომ იარედის ძმის მსგავსად შეძლო, ქვებს ნათება დააწყებინო?

ჩვენი მიწიერი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ეძიებს წვდომას და აზრს პატარ-პატარა ნაბიჯებით. არ ვიცი, რატომ არის მიწიერ ცხოვრებაზე ჩამოფარებული საბურველი ასე სქელი. ეს არ არის ჩვენი მარადიული განვითარების სტადია, რომელზეც ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი. ეს არის ის სტადია, როდესაც ვანვითარებთ ჩვენს დარწმუნებულობას (ზოგჯერ იმედს) უხილავის რეალობის მიმართ. ზოგჯერ დარწმუნებულობა მოდის იმგვარად, რომ მისი ანალიზი რთულია, მაგრამ ჩვენს ბნელში ნათელია. იესომ თქვა: „მე ვარ ამა ქვეყნის სინათლე და სიცოცხლე და ჭეშმარიტება“. ჭშმარიტების მაძიებლები ალბათ თავიდან იფიქრებდნენ, რომ ეს ქვის ფანჯრების მიმართ უაზრო კლაუსტროფობიაა. მაგრამ მოთმინებითა და რწენით დასმული შეკითხვებით იესოს შეუძლია, აქციოს ჩვენი ქვის ფანჯრები მინად და სინათლედ. ქრისტე არის სინათლე, რომელიც უნდა ვიხილოთ.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ არასდროს არ იქნება საკმარისად კარგი

ძველ აღთქმაში ნახსენები მეწამული იყო არა მარტო კაშკაშა არამედ მდგრადი ანუ მისი ცოცხალი ფერი აღწევდა შალის ქსოვილში და არ მკრთალდებოდა, რამდენიც არ უნდა გერეცხათ. სატანა ცდილობს, გამოიყენოს ეს მიზეზი: მეწამულად შეღებილი თეთრი მატყლი ვეღარ გახდება თეთრი. მაგრამ იესო ქრისტე აცხადებს: „ჩემი გზები თქვენს გზებზე მაღალია“ და მისი მადლის სასწაული იმაშია, რომ როცა ცოდვებს მოვინანიებთ, მისი მეწამული სისხლი სისუფთავეში დაგვაბრუნებს. ეს ლოგიკურად არ ჟღერს, მაგრამ ჭეშმარიტებაა.

ჭიაფერი მატყლი

ფოტო iStock.com/iinwibisono - დან

„ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება, და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გადაიქცევა.“ უფალი მტკიცედ ამბობს: „მას ვინც [ცოდვებს] მოინანიებს – მიეტევება, და უფალს აღარ ეხსომება ისინი“. მოდით, სხვანაირად ვთქვათ, ერთად ვიმსჯელოთ. თქვენ შეცდომა დაუშვით; ყველა ცდება. მოდით ჩემთან და მოინანიეთ. მე აღარ მეხსომება ცოდვები. თქვენ შეგიძლიათ, განიკურნოთ. მე საქმე გამოგიჩინეთ. ქრისტე შალს ათეთრებს.

მაგრამ პრაქტიკულად რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ? რა დაგვაკავშირებს იესო ქრისტეს ძალასთან, როცა ეჭვი შეგვეპარება? პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა ეს უბრალოდ განმარტა: „ეს არის წმინდა აღთქმების დადება და დაცვა“. … ეს არ არის რთული გზა“. გახადეთ ქრისტე თქვენი ცხოვრების ცენტრალურ ნაწილად.

თუ გრძნობთ, რომ თქვენი მოწმობის კაშკაშა შუქურა ქრება და სიბნელე უნდა ჩამოწვეს, გამხნევდით. დაიცავით ღმერთისადმი მიცემული დაპირებები. დასვით შეკითხვები. მოთმინებით გამოადნეთ ქვიდან მინა. შებრუნდით ქრისტესკენ, რომელსაც მაინც უყვარხართ.

იესომ თქვა: „მე ვარ ნათელი ბნელში რომ ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“. ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც არ უნდა ეცადოს, ბნელი ვერ ჩააქრობს იმ ნათელს. ვერასდროს. შეგიძლიათ გჯეროდეთ, რომ მისი ნათელი იქ იქნება თქვენთვის.

სოლთ ლეიქ ტაძარი, განათებული

ჩვენ ან ჩვენი საყვარელი ადამიანები შეიძლება დროებით მოხვდნენ ბნელში. სოლთ ლეიქ ტაძრის შემთხვევაში შენობის მენეჯერმა, ძმა ვალ უაითმა, იმწუთასვე შეტყობინება მიიღო. ხალხმა შეამჩნია. რა მოუვიდა ტაძრის შუქებს? პირველ რიგში პერსონალმა პირადად შემოიარა დენის ყოველი პანელი ტაძარში და ხელით ჩართო ყველგან შუქი. შემდეგ ელემენტები შეცვალეს დენის ავტომატურ წყაროში და შეამოწმეს ისინი, რათა ენახათ, რა გამოვიდა მწყობრიდან.

ძნელია, შენით აანთო შუქი. ჩვენ მეგობრები გვჭირდება. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. ზუსტად როგორც ტაძრის პერსონალის შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ერთმანეთს, პირადად გამოვცხადდეთ, სულიერი ელემენტები დავტენოთ, შევაკეთოთ, რაც გაფუჭდა.

სოლთ ლეიქ ტაძარი შობის დროს

ჩვენი პირადი ნათელი შეიძლება იყოს, როგორც ერთი ნათურა ხეზე. მაგრამ ჩვენ მაინც ვანათებთ და ერთად, შობის დროს ტაძრის მოედნის მსგავსად, მილიონობით ადამიანის ყურადღებას მოვიზიდავთ უფლის სახლისკენ. ყველაზე კარგად კი პრეზიდენტმა ნელსონმა გაგვამხნევა: ჩვენ შეგვიძლია, საკუთარ თავს და ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს მოვუტანოთ მხსნელის ნათელი უბრალო მოქმედებით - ჩვენი აღთქმების დაცვით. სხვადასხვა ხერხით უფალი გვაჯილდოებს ამ ერთგული ქმედების გამო ძალითა და სიხარულით.

მე ვმოწმობ, რომ თქვენ უყვარხართ. უფალმა იცის, როგორ ბეჯითად ცდილობთ. თქვენ წინსვლა გაქვთ. გააგრძელეთ. იგი ხედავს ყოველ თქვენს ფარულ მსხვერპლს და ითვლის მათ თქვენი საყვარელი ადამიანებისა და თქვენს სასიკეთოდ. თქვენი საქმე ამაო არ არის. თქვენ მარტონი არ ხართ. მისი სახელი, ემანუელი, ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“. იგი, რა თქმა უნდა, თქვენთან არის.

გადადგით რამდენიმე ნაბიჯი აღთქმულ გზაზე, გინდაც ისე ბნელოდეს, რომ შორს ვერ ხედავდეთ. შუქი აინთება. მე ვმოწმობ იესოს სიტყვების ჭეშმარიტებაზე და ისინი ნათელითაა სავსე: „მომიახლოვდით და მოგიახლოვდებით; მეძიეთ ბეჯითად და მიპოვით; ითხოვეთ, და მოგეცემათ; დააკაკუნეთ, და გაგეღებათ“. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.