მზადება უფლის დაბრუნებისთვის
უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია უნიკალურად შემოსილია ძალით და აქვს უფლებამოსილება, შეასრულოს აუცილებელი მზადება უფლის მეორე მოსვლისთვის.
ორ კვირაში ჩვენ ვიზეიმებთ აღდგომას. აღდგომა ადასტურებს იესო ქრისტეს ღვთიურ ბუნებას და მამაღმერთის რეალობას. ჩვენი აზრები მხსნელს უკავშირდება და ჩვენ ვფიქრობთ: „მის შეუდარებელ სიცოცხლ[ეზე] და უსაზღვრო შესაძლებლობა[ზე] მისი დიდი გამომსყიდველი მსხვერპლშეწირვისთვის.“ იმედია, ჩვენ ასევე ვფიქრობთ მის დაბრუნებაზე, როცა იგი „მართავს ვითარცა მეუფეთა მეუფე და იმეფებს ვითარცა უფალთა უფალი.“
რამდენიმე ხნის წინ, არგენტინაში, ბუენოს აირესში, მე მონაწილეობას ვიღებდი მრავალი რელიგიური კონფესიების ხელმძღვანელების კონფერენციაში. მათი სიყვარული მოყვასისადმი უტყუარი იყო. მათ განზრახული ჰქონდათ, შეემსუბუქებინათ ადამიანთათვის გასაჭირი და დახმარებოდნენ მათ, გადაელახათ სიღარიბე და შევიწროება. მახსენდება ეკლესიის მრავალი ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის კონფერენციაზე წარდგენილი რწმენის სვხადასხვა ჯგუფების თანამშრომლობის მცდელობა. დიდი მადლიერება ვიგრძენი უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრთა სულგრძელობისთვის, რის გამოც ქრისტესმიერი მსახურება შესაძლებელი ხდება.
იმ მომენტში სულიწმინდამ დამიმტკიცა ორი რამ: პირველი - მიწიერი საჭიროებების მსახურების საქმე აუცილებელია და უნდა გაგრძელდეს. მეორე იყო მოულოდნელი, თუმცა ძლიერი და ნათელი. და იყო შემდეგი რამ: უანგარო მსახურების გარდა უაღრესად მნიშვნელოვანია, მოვამზადოთ სამყარო უფალ იესო ქრისტეს მეორე მოსვლისთვის.
როცა იგი მოვა, ჩაგვრა და უსამართლობა არა უბრალოდ შემცირდება, არამედ შეწყდება;
„მგელი იცხოვრებს კრავთან ერთად და ავაზა ციკნის გვერდით წამოწვება; და ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან; და პატარა ბავშვი წაუძღვება მათ“. …
„არ იბოროტებენ ისინი და არ გაანადგურებენ არაფერს მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც წყლებით დაფარულია ზღვა.“
სიღატაკე და ტანჯვა არა უბრალოდ შემცირდება, ისინი გაქრება:
„აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და არავითარი პაპანაქება“.
„ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმენდს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს.“
სიკვდილის ტკივილი და მწუხარებაც კი დასრულდება:
იმ დღეს ჩვილი არ გარდაიცვლება სიბერემდე; და მისი ცხოვრება დაემსგავსება ხის სიცოცხლეს;
„და როცა იგი მოკვდება - არ დაიძნებს მიწაში მაგრამ შეიცვლება თვალის დახამხამებაში და დიდებული იქნება მისი დასვენება.
ასე რომ, მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა შევამსუბუქოთ ტანჯვა და მწუხარება და უფრო ბეჯითად შევუდგეთ იმ დღისთვის მზადებას, როცა ტკივილი და ბოროტება ერთად დასრულდება, როცა „ქრისტე თვით იმეფებს დედამიწაზე; და რომ დედამიწა განახლდება და მიიღებს სამოთხისებურ დიდებას“. ეს იქნება გამოსყიდვის და განკითხვის დღე. დურჰამის ანგლიკანურმა ეპისკოპოსმა, დოქტორმა ნ. ტ. რაითმა შესაბამისად აღწერა ქრისტეს გამოსყიდვის, აღდგომისა და განსჯის მნიშვნელობა უსამართლობისა და ყველაფრის გამოსწორების მიმართებაში.
მან თქვა: „ღმერთმა დანიშნა დღე, როდესაც სამყარო სამართლიანად განისჯება იმ ადამიანის მიერ, რომელსაც იგი დანიშნავს და ყველასთვის გახდება ეს ცხადი, რადგან მკვდრეთით აღადგენს ამ ადამიანს. იესო ნაზარეველის ფაქტი, განსაკუთერბით კი მისი მკვდრეთით აღდგომა, არის საფუძველი იმისა, რომ ეს სამყარო შემთხვევით არ შექმნილა. იგი არ წარმოადგენს ქაოსს; და როცა ამჟამად სამართალს ვახდენთ, ჩვენ არ ვნაყავთ წყალს და არ ვცდილობთ, გავამაგროთ შენობა, რომელიც მაინც დაინგრევა ან შევაკეთოთ მანქანა, რომელიც ჯართშია ჩასაბარებელი. როცა ღმერთმა იესო მკვდრეთით აღადგინა, ეს მიკროკოსმიური მოვლენა იყო, რომელიც განსჯის საბოლოო აქტს მოიცავდა, მოკლედ რომ ვთქვათ, საბოლოო იმედის თესლს. ღმერთმა გამოაცხადა, ყველაზე ძლიერი ხერხით, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება, რომ იესო ნაზარეველი ჭეშმარიტად მესია იყო. … და ისტორიის ყველაზე დიდი ირონია ის არის, რომ [იესო] თავად გახდა სასტიკი, უსამართლო განსჯის საგანი, მოევლინა რა ადგილს, რომელიც ისტორიულად იყო ერთად შეკრებილი სისასტიკისა და უსამართლობის სიმბოლო, რათა ეტვირთა ის ქაოსი, სიბნელე, სისასტიკე და უსამართლობა და შთაინთქა მისი ძალა“.
იმ კონფერენციაზე ბუენოს აირესში, რომელიც ზემოთ აღვნიშნე, სულიწმინდამ ნათლად დამანახა, რომ უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია უნიკალურად შემოსილია ძალით და აქვს უფლებამოსილება, შეასრულოს აუცილებელი მზადება უფლის მეორე მოსვლისთვის; ჭეშმარიტად, იგი აღადგინეს ამ მიზნით. კიდევ სად იპოვით ხალხს, რომელიც ამჟამინდელ ერას იღებს, როგორც ნაწინასწარმეტყველებ „ჟამთა სისრულეს“, რომელშიც ღმერთმა ჩაიფიქრა, „ერთად შეკრიბოს ყოველივე ქრისტეში“? თუ თქვენ აქ ვერ იპოვით თემს, რომელიც ცდილობს, შეასრულოს ცოცხალთა და გარდაცვლილთათვის ის, რაც უნდა გაკეთდეს იმ დღისთვის მოსამზადებლად; თუ თქვენ აქ ვერ იპოვით ორგანიზაციას, რომელიც მზადაა, დახარჯოს დიდი დრო და სახსრები იმისთვის, რომ აღთქმული ხალხი მზად იყოს უფლის მისაღებად, თქვენ ამას ვერსად ვერ იპოვით.
1831 წ. უფალმა მიმართა ეკლესიას, განაცხადა რა:
„ღვთის სასუფევლის გასაღებები გადაეცათ ადამიანებს დედამიწაზე და იმ დროიდან სახარება გავრცელდება დედამიწის კიდეებამდე. …
„შეჰღაღადეთ უფალს, რათა მისი სასუფეველი გავრცელდეს დედამიწაზე, რათა მისმა მცხოვრებმა შეძლონ მისი მიღება და მოემზადონ მომავალი დღეებისთვის, როცა ძე კაცისა ჩამოვა ზეციდან, შემოსილი თავისი დიდების სამოსით, ღვთის სასუფევლის შესახვედრად, რომელიც დაარსებულია დედამიწაზე.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ახლა მოვემზადოთ იმ დღისთვის? ჩვენ შეგვიძლია მოვემზადოთ, როგორც ხალხი; ჩვენ შეგვიძლია, შევკრიბოთ უფლის აღთქმული ხალხი; და ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენი წინაპრების, „მამებისთვის“ , მიცემულ ხსნის დაპირების გამოსყიდვაში. ყოველივე ეს უნდა შესრულდეს უფლის მოსვლამდე, რაიმე ჩანაცვლებითი ფორმით.
პირველ რიგში, უფლის დაბრუნებისთვის აუცილებელია, რომ დედამიწაზე მცხოვრებნი მზად იყონ მის მისაღებად მეორე მოსვლისას. მან განაცხადა, რომ ვინც დარჩება დედამიწაზე იმ დღეს, „პატარიდან … დიდამდე, აივსება უფლის ცოდნით და აიმაღლებს ხმას და ერთხმად იმღერებენ ახალ სიმღერას, სიტყვებით: უფალმა ისევ მოიყვანა სიონი. … უფალმა ყველაფერი ერთად შეკრიბა. უფალმა ზეციდან სიონი ჩამოიტანა. უფალმა სიონი ქვემოდან აღმართა“.
ძველ დროს ღმერთმა მართალი ქალაქი სიონი თავისთვის დაიტოვა. საპირისპიროდ ამისა, ბოლო დღეს სიონი მიიღებს უფალს, როცა ის დაბრუნდება. სიონი ნიშნავს გულით სუფთას, ადამიანებს ერთი გულითა და ერთი აზროვნებით, სიმართლეში მცხოვრებთ და მათ შორის უპოვართა გარეშე. წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა განაცხადა: „ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი უნდა გახდეს სიონის შენება“. ჩვენ სიონს ვაშენებთ ოჯახებში, მეურვეობებში, მრევლში და პალოებში ერთიანობის, ღვთიურობისა და მოწყალების მეშვეობით.
ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ სიონის შენება ხდება არეულ დროში - „რისხვის, წვის, განადგურების, ტირილის, გლოვისა და გოდების დროს; და ქარბორბალივით მოევლინება იგი დედამიწის მთელ ზურგზე, ამბობს უფალი“. ასე რომ, პალოებად შეკრება ხდება „უსაფრთხოებისთვის, ქარიშხლისგან და რისხვისგან თავის დასაღწევად“.
ზუსტად როგორც ძველ დროში, ჩვენ „ხშირად ვიკრიბებით ერთად, რათა [ვიმარხულოთ], [ვილოცოთ] და ერთმანეთთან [ვისაუბროთ] [ჩვენი] სულების კეთილდღეობაზე. და … რათა [მივიღოთ] პური და [წყალი], უფალ იესოს მოსაგონებლად“. როგორც პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა აგვისხნა გენერალურ კონფერენციაზე გასულ ოქტომბერს, „ეკლესიის გრძელვადიანი მიზანია, დაეხმაროს წევრებს, გაზარდონ რწმენა ჩვენი უფლის, იესო ქრისტესი და მისი გამოსყიდვისადმი, ასევე დაეხმრაროს მათ ღმერთთან აღთქმის დადებასა და დაცვაში და ოჯახების გაძლიერებასა და ჩაბეჭდვაში“. შესაფერისად მან ხაზი გაუსვა სატაძრო აღთქმის მნიშვნელობას, შაბათის დღის წმინდად შენახვასა და ყოველდღიურ ნადიმს სახარებით, რომელიც იმართება ოჯახში და რომელსაც ხელს უწყობს ეკლესიაში ინტეგრირებული შესწავლის გრაფიკი. ჩვენ გვინდა, შევიტყოთ უფლის შესახებ და გვსურს, ვიცნობდეთ უფალს.
სიონის შენების მცდელობის აზრი არის უფლის აღთქმული, დიდი ხნის გაფანტული რჩეული ხალხის შეკრება. „ჩვენ გვწამს ისრაელის გაერთიანების, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და ათი ტომის აღდგენა“. ყველა, ვინც მოინანიებს, იწამებს ქრისტეს და მოინათლება, არის მისი აღთქმული ხალხი. თავად უფალმა იწინასწარმეტყველა, რომ მის დაბრუნებამდე სახარებას იქადაგებენ მთელს მსოფლიოში „[მისი] ხალხის დასაბრუნებლად, რომელიც არის ისრაელის სახლი“, „და შემდეგ მოვა დასასრული“. სრულდება იერემიას წინასწარმეტყველება:
„ამიტომ აჰა, დღეები მოდის, - ამბობს უფალი, - და აღარ იტყვიან: ცოცხალია უფალი, რომელმაც გამოიყვანა ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან;
„არამედ: ცოცხალია უფალი, რომელმაც მოიყვანა ისრაელის ძენი ჩრდილოეთის ქვეყნიდან და ყველა ქვეყნიდან, სადაც გააძევა ისინი; და მე დავაბრუნებ მათ თავიანთ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამებს”.
პრეზიდენტმა ნელსონმა არაერთხელ აღნიშნა, რომ „[ისრაელის] შეკრება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს დედამიწაზე ხდება. სხვა ვერაფერი ვერ შეედრება სიდიადით, მნიშვნელობითა და დიდებულებით. და თუ აირჩევთ ამას, … , შეგიძლიათ გახდეთ ამის დიდი ნაწილი“.. უკანასკნელ დღეთა წმინდანები ყოველთვის მისიონერები იყვნენ. ასობით ათასები გამოეხმაურნენ მისიონერულ მოწოდებას აღდგენის დასაწყისიდან; ათობით ათასები ამჟამად მსახურობენ. და როგორც უხუცესმა ქუენტინ ლ. კუკმა გვასწავლა სულ ცოტა ხნის წინ, ყოველ ჩვენგანს შეუძლია უბრალოდ, ბუნებრივად, სიყვარულით მიიღოს მონაწილეობა და მიიწვიოს ადამიანები ეკლესიაში, ეწვიონ მათ სახლში და გახდნენ ჩვენი რგოლის ნაწილი. მორმონის წიგნის გამოცემა იყო ნიშანი იმისა, რომ ეს შეკრება დაიწყო. თვითონ მორმონის წიგნი არის მოქცევისა და შეკრების ნიშანი.
ასევე მეორე მოსვლისთვის აუცილებელია ჩვენი წინაპრებისთვის დიდი გამოსყიდვის ძალისხმევის გამოჩენა. უფალი დაგვპირდა, რომ მეორე მოსვლამდე, სანამ დადგებოდა „უფლის დიდი და საშინელი დღე“, გამოგზავნიდა ელია წინასწარმეტყველს, „სამღვდელოების გამოსაცხადებლად“ და „შვილების გულებში მამებისთვის მიცემული დაპირების ჩასანერგად“. ელია, დაპირებისამებრ, მოევლინა. ეს მოხდა 1836 წ. 3 აპრილს, ოჰაიოს კირტლანდის ტაძარში. იმ ადგილას, იმ მომენტში, მან ჭეშმარიტად გადასცა დაპირებული მღვდლობა ანუ გარდაცვლილთა გამოსყიდვის, ასევე ყველა თაობის მარადისობაში მეუღლეების, შვილებისა და ოჯახების გაერთიანების გასაღებები. ამის გარეშე სამყაროს შექმნის მიზანი ვერ შესრულდებოდა და დედამიწა იქნებოდა დაწყევლილი ანუ „შეიმუსრებოდა“.
იტალიაში, რომის ტაძრის მიძღვნის ცერემონიამდე ახალგაზრდების ლოცვაზე, ასობით იქ მყოფმა ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა აჩვენა პრეზიდენტ ნელსონს ბარათები მათი წინაპრების სახელებით. ისინი მზად იყვნენ, გახსნისთანავე, შესულიყვნენ ტაძარში იმ წინაპრებისთვის ჩანაცვლებითი ნათლობის ჩასატარებლად. ეს იყო უაღრესად სასიხარულო მომენტი, თუმცა მხოლოდ ერთი მაგალითი დაჩქარებული მცდელობებისა, დავამკვიდროთ სიონი წასული თაობებისთვის.
იმ დროს, როცა ვცდილობთ, ბეჯითად ვაშენოთ სიონი, უფლის რჩეულთა შეკრების და გარდაცვლილთა გამოსყიდვის საქმეში ჩვენი წვლილის შეტანის ჩათვლით, ჩვენ უნდა შევჩერდეთ, რათა გავიხსენოთ, რომ ეს არის უფლის საქმე და იგი ასრულებს მას. იგი არის ვენახის პატრონი, ჩვენ კი - მისი მსახურები. იგი გვევედრება, ვიმუშაოთ მის ვენახში მთელი ძალით ამ „ბოლო ჯერზე“ და იგი ჩვენთან ერთად შრომობს. ალბათ უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა, რომ იგი ნებას გვრთავს, ვიმუშაოთ მასთან. როგორც პავლე მოციქულმა თქვა: „მე დავრგე, აპოლოსმა მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა“. უფალი აჩქარებს თავის საქმეს თავისავე დროს. ჩვენი არასრულყოფილი მცდელობების, ჩვენი „პატარა საქმეების“ გამოყენებით, უფალი ავლენს დიად საქმენს.
ეს დიადი ბოლო წყობა დინჯად მიდის კულმინაციისკენ - მხსნელის დიდებული დაბრუნებისთვის დედამიწაზე და ზეცაში სიონის გაერთიანების მისაღწევად. იესო ქრისტეს ეკლესია იღებს ვალდებულებას, მოამზადოს სამყარო ამ დღისთვის და ამზადებს კიდევაც მას. ასე რომ, ამ აღდგომას, მოდით ჭეშმარიტად ვიზეიმოთ იესო ქრისტეს აღდგომა და ყველაფერი, რასაც იგი მოასწავებს: უფლის დაბრუნება და ათასი წლის განმავლობაში მისი მეფობა სიმშვიდეში, სამართლიანი განსჯა და სამართალი ყველასთვის, უკვდავება ყოველი ადამიანისთვის, რომელსაც უცხოვრია დედამიწის ზურგზე და მარადიული ცხოვრების დაპირება. მხსნელის მკვდრეთით აღდგომა არის საბოლოო დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი გამოსწორდება. მოდით, შევუდგეთ სიონის შენებას, რათა დავიახლოვოთ ეს დღე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.