იესო ქრისტეს გამოსყიდვა
მხსნელის გამოსყიდვა არა მხოლოდ უსასრულოა თავისი მასშტაბით, არამედ ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი.
წელიწადის ამ დროს ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია და ვფიქრობთ მხსნელის გამოსყიდვაზე. ეს არის ჭეშმარიტად ყველაზე უზენაესი, ცნობიერების გასაფართოებელი და ამაღელვებელი დოქტრინა, რომელიც ცნობილია მთელს სამყაროსა თუ დედამიწის ზურგზე. ეს ჩვენი სიცოცხლის იმედისა და მიზნის მომცემია.
მაშ რა არის იესო ქრისტეს გამოსყიდვა? გარკვეულ წილად ეს არის მთელი რიგი ღვთიური მოვლენებისა, რომლებიც დაიწყო გეთსიმანიის ბაღში, გაგრძელდა ჯვარზე და რომლის კულმინაცია სამარხიდან მხსნელის აღდგომა გახდა. და ყოველივე ამის მიზეზი იყო გონებით შეუცნობელი სიყვარული ყოველი ჩვენგანის მიმართ. ამისთვის საჭირო იყო არსება, რომელიც იყო უცოდველი, რომელსაც შესწევდა სტიქიების დამორჩილების, სიკვდილისაც კი, უსაზღვრო ძალა, რომელსაც ჰქონდა ყველა ჩვენი ცოდვისა და ავადმყოფობის ატანის უსასრულო უნარი და რომელიც ფაქტობრივად, ყოველივე ამაზე ქვემოთ დადგა. ეს იყო იესო ქრისტეს მისია - მისი გამოსყიდვა.
მაშ რა იყო მისი მიზანი? ის, რომ შესაძლებელი გამხდარიყო, დავბრუნებულიყავით ღმერთის გარემოცვაში, დავმსგავსებოდით მას და გვქონოდა სრული სიხარული. ეს მოხდა ოთხი წინააღმდეგობის გადალახვით:
-
ფიზიკური სიკვდილი
-
ადამისა და ჩვენი ცოდვებით გამოწვეული სულიერი სიკვდილი
-
ჩვენი ტანჯვა და უძლურობა
-
ჩვენი სისუსტე და არასრულყოფილება
მაგრამ როგორ შეუძლია მხსნელს ამის აღსრულება სამართალის კანონის დარღვევის გარეშე?
წარმოვიდგინოთ ერთი წუთით ადამიანი, რომელიც ფიქრობს სასიამოვნო თავისუფალ ვარდნაზე და უცებ იღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას და სპონტანურად ხტება პატარა თვითმფრინავიდან. შემდეგ უცებ ხვდება ჩადენილ სისულელეს. უნდა უსაფრთხოდ დაეშვას მიწაზე, მაგრამ წინააღმდეგობა აქვს - გრავიტაციის კანონი. გასაოცარი სისწრაფით იქნევს ხელებს, იმედით, რომ გაფრინდება, მაგრამ ამაოდ. იგი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ათავსებს სხეულს, რათა ილივლივოს და შეანელოს ვარდნა, მაგრამ გრავიტაციის კანონი ხისტი და უმოწყალოა. იგი ცდილობს, გარიგება დადოს ბუნების ამ ძირითად კანონთან: „ეს შეცდომა იყო. ამას არასოდეს აღარ გავიმეორებ“. მაგრამ მისი ვედრება არავის ესმის. გრავიტაციის კანონმა არ იცის შებრალება; იგი არ უშვებს გამონაკლისს. თუმცა საბედნიეროდ, ადამიანი უცებ რაღაცას გრძნობს ზურგზე. მისმა მეგობარმა თვითმფრინავში, იგრძნო რა მოსალოდნელი სისულელე, ნახტომის წინ პარაშუტი გაუკეთა. იგი პოულობს თასმას და ქაჩავს. შვების გრძნობით იგი უსაფრთხოდ ეშვება მიწაზე. შეიძლება დავსვათ შეკითხვა: „გრავიტაციის კანონი დაირღვა თუ ის პარაშუტი ამოქმედდა იმ კანონის თანახმად, რათა უსაფრთხოდ დაშვება განხორციელებულიყო?
როცა ვცოდავთ, ჩვენ ვემსგავსებით იმ სულელ ადამიანს, რომელიც თვითმფრინავიდან გადმოხტა. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ დამოუკიდებლად, მხოლოდ სავალალო შედეგი გველის. ჩვენ სამართალის კანონს ვექვემდებარებით, რომელიც, გრავიტაციის კანონის მსგავსად, არაფერს არ გვპატიობს და ყოველთვის ზუსტად მოქმედებს. ჩვენ გადავრჩებით მხოლოდ მხსნელის გამო, მისი გამოსყიდვის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენთვის გარკვეული სახის სულიერ პარაშუტს. ჩვენ რომ იესო ქრისტეს რწმენა გვქონოდა და მოგვენანიებინა (ვგულისხმობ იმას, რომ უნდა შევასრულოთ, რაც მოგვეთხოვება - მოვქაჩოთ თასმა) მაშინ მხსნელის დამცავი ძალა ჩვენთვის ამოქმედდებოდა და სულიერი ზიანის გარეშე დავეშვებოდით.
თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ იმიტომ, რომ მხსნელმა გადალახა ოთხი წინააღმდეგობა, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუშალოს ჩვენს სულიერ ზრდას .
1. ფიზიკური სიკვდილი. მან დაძლია სიკვდილი თავისი დიდებული აღდგომით. პავლე მოციქული გვასწავლიდა: „როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში.“
2. ცოდვა. მხსნელმა სძლია ყოველი მონანიე ადამიანის ცოდვასა და დანაშაულს. ისეთი ღრმა და ყოვლის მომცველია მისი გამწმენდი ძალა, რომ ესაია დაგვპირდა: „ყირმიზივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდებაბა“.
ყოფილა შემთხვევები, შევხვედრივარ კარგ წმინდანებს, რომლებსაც უჭირთ საკუთარი თავის პატიება, რადგან თვითუნებურად შეზღუდეს მხსნელის გამოსყიდვის ძალა. უნებლიედ მათ გადაიყვანეს უსასრულო გამოსყიდვა სასრულში, რომელიც ვერ გადაფარავს მათ კონკრეტულ ცოდვას. მაგრამ ეს უსასრულო გამოსყიდვაა, რადგან მოიცავს და ჩარჩოში სვამს ყოველ ცოდვასა და სისუსტეს, ისევე როგორც სხვების მიერ მიყენებულ ყოველ შეურაცხყოფას ან ტკივილს.
ტრუმან მადსენმა გააკეთა ეს დამამშვდებელი დასკვნა:
„თუ რომელიმე თქვენგანს დააჯერეს, რომ ძალიან ღრმად შეტოპეთ … რომ მიიღეთ ცოდვის ის შხამი, რომლის გამოც შეუძლებელია, კვლავ გახდეთ ის, რაც შესაძლოა, გამხდარიყავით, მაშინ მომისმინეთ:
„მე ვმოწმობ, რომ ვერ ჩაიძირებით იმ სიღრმეზე, სადაც იესო ქრისტეს ნათელი და მისი ყოვლის მომცველი გონი ვერ მოგწვდებათ. მე ვმოწმობ, რომ სადაც მონანიების სურვილის ერთი ნაპერწკალი მაინც არსებობს, იგი იქ იქნება. იგი არა მხოლოდ თქვენს ვითარებამდე დავიდა, არამედ იმაზე დაბლაც კი დადგა, რათა ყოფილიყო ყველაფერში ჭეშმარიტების სინათლე’.[იხილეთ მოძღვრება და აღთქმები 88:6.]“
ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ასე აუცილებელია მხსნელის გამოსყიდვისა და მისი უსაზღვრო შედეგების წვდომა არის ის, რომ გაუმჯობესებულ წვდომას მოაქვს საკუთარი თავისა და სხვების მიტევების სურვილის ზრდა.
მაშინაც კი, როცა გვწამს ქრისტეს განმწმენდი ძალა, ხშირად გვებადება შეკითხვა: „როგორ გავიგო, მომეტევა ცოდვები თუ არა“? თუ სულიწმინდას ვგრძნობთ, მაშინ ეს მოწმობაა იმისა, რომ მოგვეტევა ან განწმენდის პროცესი მიდის. პრეზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი გვასწავლიდა: „თუ გიგრძვნიათ სულიწმინდის გავლენა, შეგიძლიათ დარწმუნებულნი იყოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოსყიდვის ძალა ამუშავდა“.
ზოგს უკითხავს: „მაგრამ თუ მომიტევეს, მაინც რატომ ვგრძნობ თავს დამნაშავედ“? იქნებ ღვთის წყალობით ხსოვნა იმ ცოდვაზე არის გაფრთხილება, გარკვეულ წილად სულიერი „სტოპ ნიშანი“, ყოველ შემთხვევაში დროებითი, რომელიც ამოტივტივდება, როცა დამატებითი ცდუნებების წინაშე აღმოვჩნდებით: „არ წახვიდე იმ გზით. შენ იცი, რა ტკივილის მომტანი შეიძლება გახდეს ეს“. ამ შემთხვევაში ამას ჩვენს დასასჯელად კი არა არამედ დასაცავად იყენებენ.
შესაძლებელია, გვახსოვდეს ჩვენი ცოდვები და მაინც ვიყოთ დანაშაულის გრძნობისგან თავისუფალნი?
ალმას, მონანიების შემდეგ წლების განმავლობაში ახსოვდა თავისი ცოდვები. მაგრამ როდესაც იესოს შეჰღაღადა წყალობისთვის, მან თქვა: „მე აღარ მახსოვდა ტკივილი; დიახ, აღარ ვიყავი აფორიაქებული ჩემი ცოდვების მოგონებებით“.
როგორ შეეძლო, ხსომებოდა თავისი ცოდვები, მაგრამ არ ჰქონოდა ტკივილი ან დანაშაულის გრძნობა? იმიტომ, რომ როცა ვინანიებთ, ჩვენ ვხდებით „ღმერთისგან შობილნი“. ჩვენ ვხდებით, როგორც ამას ამბობს წმინდა წერილი, „ახალი ქმნილებები“ ქრისტეში. სრული პატიოსნებით შეგვიძლია ვთქვათ: „მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც წარსულში ის ცოდვები ჩაიდინა“. მე ახალი, შეცვლილი არსება ვარ“.
3. ტანჯვა და უძლურება. ალმამ იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტე „ივლის, აიტანს რა ყველანაირ ტკივილსა და ტანჯვას და ცდუნებას“. რატომ? „რათა მისი წიაღი წყალობით აღივსოს … რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მისივე უძლურების შესაბამისად“.
როგორ აღწევს იგი ამას? ზოგჯერ იგი გვაცილებს ტანჯვას, ზოგჯერ გაძლების ძალას გვაძლევს, ზოგჯერ კი გვაძლევს მარადიულ ხედვას, რათა უკეთ გავიგოთ ყოველივე ამის წარმავალი ბუნება. მას შემდეგ, რაც ჯოზეფ სმითი დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ლიბერთის ციხეში იტანჯებოდა, მან საბოლოოდ შეჰღაღადა ღმერთს: „ღმერთო, სად ხარ“? იმის ნაცვლად, რომ იმწუთასვე შვება უზრუნველეყო, ღმერთმა უპასუხა: „შვილო ჩემო, მშიდობა ჰქონდეს შენს სულს; შენი ტანჯვა და უბედურება ხანმოკლე იქნება; და შემდეგ, თუკი ბოლომდე აიტან მას, ღმერთი აგამაღლებს“.
ჯოზეფს ახლა ესმოდა, რომ ეს მწარე გამოცდილება იყო მხოლოდ წერტილი მარადისობის სპექტრზე. ასეთი გაღრმავებული ხედვით მან მისწერა წმინდანებს იმავე ციხის საკნიდან: „ძალზედ საყვარელო ძმებო, მოდით სიხარულით გავაკეთოთ ყველაფერი, რისი ძალაც შეგვწევს; და შემდეგ შევძლებთ მშვიდად დგომას, მთელი გულდაჯერებით, რომ ვიხილავთ ღმერთის ხსნას“. მხსნელის გამოსყიდვის გამო ჩვენ შეგვიძლია, ვიქონიოთ მარადიული ხედვა, რაც ანიჭებს აზრს ჩვენს განსაცდელს და შვების იმედს.
4. სისუსტეები და არასრულყოფილება. თავისი გამოსყიდვის გამო მხსნელს აქვს მოქმედების ძალა, რომელიც ზოგჯერ მოიხსენიება როგორც მადლი, რომელიც დაგვეხმარება, დავძლიოთ სისუსტე და არასრულყოფილება და ასე გვეხმარება ჩვენს სწრაფვაში, დავემსგავსოთ მას.
მორონი ასევე გვასწავლიდა: „დიახ, მოდით ქრისტესთან და გახდით მასში სრულყოფილნი, … რათა მისი მადლით შეგიძლიათ სრულყოფილნი იყოთ ქრისტეში“. როგორც ჩანს, არსებობს სულ მცირე ორი არხი ან საშუალება იმისთის, რომ ეს ძალები, რომლებსაც ჩვენი დახვეწა და უფრო მეტიც, ჩვენი სრულყოფა შეუძლია, ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენთვის.
პირველი: ხსნის წეს-ჩვეულებები. წმინდა წერილში ნათქვამია: „წეს-ჩვეულებებში გამოიხატება ღვთის მოსაობის ძალა ზოგჯერ ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ წეს-ჩვეულებებზე როგორც ამაღლებისთვის აუცილებელ სიაზე, მაგრამ ყოველი პუნქტი ხსნის ღვთიურ ძალას, რომელიც გვეხმარება, დავემსგავსოთ ქრისტეს. მაგალითად:
-
ნათლობისას ჩვენ ვიღებთ სულიწმინდის ძღვენს, ვხდებით სუფთანი და ამით უფრო ვემსგავსებით ღმერთს.
-
როცა ვიღებთ სულიწმინდის ძალას, გონება გვინათდება და გული გვილბება, რათა გრძნობებით და აზროვნებით უფრო დავემსგავსოთ მას.
-
და როცა ცოლ-ქმრულად ჩავიბეჭდებით, ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ „ტახტის, სამეფოების, სახელმწიფოებისა და ძალის“ მიღების უფლებას როგორც ღმერთის ძღვენს.
ამ ძალის მომტანი მეორე არხი გახლავთ სულიწმინდის ძღვენნი. ქრისტეს გამოსყიდვის გამო ჩვენ გვაქვს უფლება, მივიღოთ სულიწმინდის ძღვენი და მისი თანმხლები სულიერი ძღვენნი. ეს ძღვენნი ღვთაებრიობის ატრიბუტებია; ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა ჩვენ ვიღებთ სულიწმინდის ძღვენს, ჩვენ უფრო ვემსგავსებით ღმერთს. აი რატომ გვირჩევს წმინდა წერილი ასე ხშირად, ვეძიოთ ეს ძღვენნი.
პრეზიდენტი ჯორჯ ქ. ქენონი გვასწავლიდა: „არავინ არ უნდა თქვას: მე ამას ვერაფერს ვერ ვუხერხებ; ეს ჩემი ბუნებაა’. ეს გასამართლებელი საბუთი არ არის, რადგან ღმერთი დაგვპირდა, რომ მოგვცემდა ისეთ ძღვენთ, რომლებიც აღმოფხვრიდნენ [ჩვენს სისუსტეებს]. … თუ რომელიმე ჩვენგანი არასრულყოფილია, ჩვენი მოვალეობაა, ვილოცოთ ძღვენისთვის, რომელიც სრულყოფილებად გვაქცევს“.
მხსნელის გამოსყიდვა გვაძლევს სიცოცხლეს სიკვდილის ნაცვლად, „გვირგვინს ნაცრის ნაცვლად“, განკურნებას ტკივილის სანაცვლოდ და სრულყოფილებას სისუსტეების ჩასანაცვლებლად. ეს წინააღმდეგობებისა და ამაქვეყნიური სირთულეების ზეციური ანტიდოტია.
მხსნელმა, მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირას, თქვა: „ სოფელში გასაჭირი გექნებათ მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს“. იმის გამო, რომ მხსნელმა გვიბოძა გამოსყიდვა, არ არსებობს გარე ძალა, მოვლენა ან ადამიანი, არც ცოდვა, სიკვდილი ან განშორება, რომელიც შეგვიშლის ხელს ამაღლებაში, თუკი ჩვენ დავიცავთ ღვთის მცნებებს. ამ ცოდნით ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ მხნედ და დარწმუნებით, რომ ღმერთი ჩვენთანაა ამ ღვთიურ ძიებაში.
მე ვმოწმობ, რომ მხსნელის გამოსყიდვა არ არის უსასრულო მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში, არამედ ინდივიდუალურად მისაწვდომია. იგი არა მხოლოდ დაგვაბრუნებს ღმერთის გარემოცვაში, არამედ დაგვეხმარება, დავემსგავსოთ მას, რაც არის ქრსტეს გამოსყიდვის დამაგვირგვინებელი მიზანი. მე ამაზე ვმოწმობ მადლიერებითა და დარწმუნებით, იესო ქრისტეს სახელით, ამინ.