ჩვენი სულიერეი კუნთების გავარჯიშება
ზუსტად ისე, როგორც კუნთების შესახებ კითხვით ვერ გავიზრდით კუნთებს, ასევე მხოლოდ რწმენის შესახებ კითხვით, დამატებითი მოქმედებების გარეშე, ვერ მოვიპოვებთ რწმენას.
მადლიერი ვარ იმისთვის, რომ მაქვს ფიზიკური სხეული, რაც არის მამაზეციერის დალოცვა და ერთ-ერთი საოცარი ძღვენი. ჩვენ 600 მეტი კუნთი გვაქვს. მრავალი კუნთი მოითხოვს ვარჯიშს, რათა შეძლოს ყოველდღიური მოქმედებების შესრულება. ჩვენ შეგვიძლია, დიდი გონებრივი ძალისხმევა მოვანდომოთ კუნთების შესწავლას, მაგრამ თუ გვგონია, რომ ამით კუნთებს ძალა შეემატება, ჩვენ დიდი იმედგაცრუება გველის. ჩვენი კუნთები იზრდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მათ ვიყენებთ.
მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ სულიერი ძღვენები, მრავალ ასპექტში, ასევე ვითარდება. მათი ვარჯიშიც საჭიროა. მაგალითად, რწმენის სულიერი ძღვენი არ არის გრძნობა ან განწყობა; ეს არის მოქმედების პრინციპი, რომელიც ხშირად უკავშირდება წმინდა წერილში ზმნას გამომჟღავნება. ზუსტად ისე, როგორც კუნთების შესახებ კითხვით ვერ გავიზრდით კუნთებს, ასევე მხოლოდ რწმენის შესახებ კითხვით, დამატებითი მოქმედებების გარეშე, ვერ მოვიპოვებთ რწმენას.
16 წლის რომ ვიყავი, ჩემი ყველაზე უფროსი ძმა, ივანი, რომელიც 22 წლის იყო, სახლში მოვიდა და რაღაც გაუზიარა ოჯახს. მან გადაწყვიტა, უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრი გამხდარიყო. ჩვენმა მშობლებმა მას სკეპტიკურად შეხედეს, მე კი მახსოვს, რომ ბოლომდე ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. დაახლოებით ერთი წელი გავიდა და მან უფრო დიდი სიურპრიზი მოგვიმზადა: მან გადაწყვიტა, ეკლესიის მისიონერად ემსახურა, რაც ნიშნავდა იმას, რომ ორი წლით სახლიდან წავიდოდა და ჩვენ მას ვერ ვნახავდით. მახსოვს, რომ ჩემს მშობლებს სულაც არ გახარებიათ ეს ამბავი; თუმცა, მე ვხედავდი, რომ ძმამ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ჩემი აღფრთოვანება გამოიწვია.
თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც ივანი მისიაში მსახურობდა, როცა კლასელებთან ერთად არდადეგები დავგეგმე. ჩვენ გვინდოდა, აღგვენიშნა სკოლის დამთავრება და სანაპიროზე გაგვეტარებინა რამდენიმე დღე.
მე ძმა-მისიონერს წერილი მივწერე და ჩემი საზაფხულო არდადეგების გეგმა გავაცანი. მან პასუხად მომწერა, რომ ქალაქი, სადაც იგი მისიაში მსახურობდა, ჩვენ გზად უნდა გაგვევლო. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, გავჩერებულიყავი და ძმა მომენახულებინა. მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე, რომ მისიონერებისთვის არ შეიძლებოდა ოჯახის წევრების მონახულება.
მე ყველაფერი დავგეგმე. მახსოვს, ავტობუსში ვიჯექი და ვფიქრობდი, როგორ ვიმხიარულებდით მე და ივანი ამ მშვეიერ მზიან დღეს. ჩვენ ვისაუზმებდით, ვისაუბრებდით, ქვიშაში ვითამაშებდით, გავირუჯებოდით - რა კარგად გავატარებდით დროს!
როცა ავტობუსი ტერმინალში შემოვიდა, დავინახე ივანი, რომელსაც გვერდში მეორე ახალგაზრდა ედგა. ორივეს თეთრი პერანგები ეცვათ და ჰალსტუხები ეკეთათ. ავტობუსიდან ჩამოვედი. ერთმანეთს გადავეხვიეთ და მან თავისი ძმადნაფიცი გამაცნო. ძმას იმწამსვე ჩემი გეგმები გავუზიარე, მაგრამ რა ვიცოდი, რა ჰქონდა ივანს დაგეგმილი. მან შემომხედა, გაიღიმა და თქვა: „რა თქმა უნდა“! თუმცა ჯერ საქმეები უნდა მოვითავოთ. გამოგვყვები“? მე დავთანხმდი, ვფიქრობდი რა, რომ მერეც გვექნებოდა დრო პლაჟისთვის.
იმ დღეს 10 საათზე მეტ ხანს დავყვებოდი ჩემს ძმასა და მის ძმადნაფიცს ქუჩა-ქუჩა. მთელი დღე ადამიანებს ვუღიმოდი. ვესალმებოდი მათ, ვინც ცხოვრებაში არასოდეს მინახავს. ყველას ვესაუბრებოდით, უცნობებს კარზე ვუკაკუნებდით, ვინახულებდით მათ, ვისაც ჩემი ძმა და მისი ძმადნაფიცი ასწავლიდნენ.
ერთი ასეთი ვიზიტის დროს ჩემი ძმა და მისი ძმადნაფიცი იესო ქრისტესა და ხსნის გეგმის შესახებ ასწავლიდნენ. უცებ ივანი გაჩუმდა და შემომხედა. ჩემ გასაკვირად, მან თავაზიანად მთხოვა, გამეზიარებინა ჩემი აზრი იმის შესახებ, რასაც ასწავლიდნენ. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ყველამ მზერა მე მომაპყრო. გაჭირვებით, როგორც იქნა, ვიპოვე სიტყვები და გავუზიარე მათ ჩემი გრძნობები მხსნელის შესახებ. არ ვიცოდი, სწორი იყო ის, რაც გავუზიარე თუ არა. ძმას არაფერი შეუსწორებია ჩემთვის; პირიქით, მადლობა გადამიხადა ჩემი აზრებისა და გრძნობების გაზიარებისთვის.
ერთად გატარებული დროის განმავლობაში ჩემს ძმას და მის ძმადნაფიცს ერთი წუთიც არ ჩაუტარებიათ გაკვეთილი სპეციალურად ჩემთვის, მაგრამ ზუსტად მაშინ ვისწავლე იმაზე მეტი, ვიდრე ადრე მასთან ყველა საუბრის დროს. მე ვიყავი მოწმე იმისა, როგორ ეცვლებოდათ ადამიანებს სახე, როცა ისინი სულიერ ნათელს იღებდნენ ცხოვრებაში. ვხედავდი, როგორ ებადებოდა ზოგიერთს იმედი გზავნილის მოსმენისას და მაშინ ვისწავლე, როგორ ვემსახურო სხვებს და დავივიწყო საკუთარი თავი და სურვილები. მე ვაკეთებდი იმას, რასაც მხსნელი გვასწავლიდა: „ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავისი თავი“.
ახლა უკან რომ ვიყურები, მესმის, რომ ჩემი რწმენა იმ დღეს გაიზარდა, რადგან ჩემმა ძმამ მომცა იმის საშუალება, რომ იგი მოქმედებაში გამომევლინა. მე ვამჟღავნებდი რწმენას, როცა წმინდა წერილს ვკითხულობდი, ვეძებდი მათ, ვისაც აინტერესებდა გაკვეთილები, ვმოწმობდი, ვემსახურებოდი სხვებს და ა.შ. ჩვენ იმ დღეს გასარუჯად არ წავსულვართ, მაგრამ ჩემი გული ზეციდან ჩამომავალ სინათლეში ბანაობდა. პლაჟზე ერთი ნამცეცი ქვიშაც კი არ მინახავს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი რწმენა პატარა მდოგვის მარცვალივით იზრდებოდა. მზიანი დღე ტურისტის მსგავსად არ გამიტარებია, მაგრამ შესანიშნავი გამოცდილება მივიღე და ვერც კი მივხვდი, რომ გავხდი მისიონერი, თუმცა ეკლესიის წევრი არ ვიყავი!
სულიერი კუნთების გასაძლიერებელი საშუალებები.
აღდგენილი სახარების წყალობით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ, როგორ გვეხმარება მამაზეციერი სულიერი ძღვენების განვითარებაში. იგი უფრო მოგვცემს ამ ძღვენთა განვითარების საშუალებას, ვიდრე უბრალოდ გვიბოძებს მათ სულიერი ან ფიზიკური ძალისხმევის გარეშე. ჩვენ რომ მის სულთან ერთ ტალღაზე ვიყოთ, ვისწავლიდით ამ საშუალებების გამოვლენას და შემდეგ ამის მიხედვით მოქმედებას.
თუ მეტ მოთმინებას ვეძიებთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ უნდა ვივარჯიშოთ ამაში პასუხის მოლოდინში. თუ მოყვასისადმი მეტი სიყვარული გვინდა გვქონდეს, შეგვიძლია გავაძლიეროთ იგი იმით, რომ უცნობ ადამიანს ეკლესიაში გვერდით დავუჯდეთ. იგივე ეხება რწმენას: როცა გონებაში ეჭვი დაგვებადება, იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, დაგვჭირდება, მივენდოთ უფლის ნებას. ამგვარად, ჩვენ ვავარჯიშებთ სულიერ კუნთებს და ისინი ხდება ძალის წყარო ჩვენს ცხოვრებაში.
თავიდან ალბათ ეს არ იქნება ადვილი, ალბათ დიდი გამოწვევაც კი გახდება პირველად. წინასწარმეტყველ მორონის მეშვეობით ნათქვამი უფლის სიტყვები, დღესაც გვეხება: „და თუ ადამიანები ჩემთან მოვლენ, მე მათ დავანახებ თავიანთ სისუსტეს. მე ვუბოძებ ადამიანს სისუსტეს, რათა იყოს თავმდაბალი; და ჩემი მადლი საკმარისია ყველა ადამიანისთვის, რომელიც ჩემ წინაშე თავს დაიმდაბლებს; ვინაიდან თუ ჩემ წინაშე თავს დაიმდაბლებენ და ექნებათ ჩემში რწმენა, მაშინ სისუსტეს მათთვის სიძლიერედ ვაქცევ“.
მადლიერი ვარ ჩემი ძმისთვის, ივანისთვის, რომელმაც არა მხოლოდ გამიზიარა სახარება, არამედ ირიბად მიმიწვია, მეცხოვრა მის მიხედვით და დამენახა საკუთარი სისუსტეები. იგი დამეხმარა, მიმეღო მოძღვრის მოწვევა: „მოდი და გამომყევი“- მევლო უფლის კვალდაკვალ, მეძია უფლის მსგავსად და მყვარებოდა ისე, როგორც მხსნელს ვუყვარდით. თვეები გავიდა ჩემი მისიონერული გამოცდილების შემდეგ და გადავწყვიტე ნათლობა და მისიაში მსახურება.
მოდით, მივიღოთ პრეზიდენტ რასელ მ. ნელსონის მოწვევა და შეგნებულად მოვიდეთ მხსნელთან იმ კუნთების გამოვლენით, რომლებსაც მეტი სულიერი ვარჯიში ესაჭიროება და დავიწყოთ მათი გავარჯიშება. ეს უფრო დიდ მანძილზე სირბილია და არა სპრინტი, ასე რომ, ნუ დაგავიწყდებათ ის პატარა, მაგრამ მუდმივი სულიერი მოქმედებები, რომლებიც გააძლიერებს იმ მნიშვნელოვან სულიერ კუნთებს. თუ გვინდა რწმენის გაზრდა, მოდით, ვაკეთოთ ის, რაც რწმენას მოითხოვს.
მე ვმოწმობ, რომ ჩვენ ვართ მოსიყვარულე ზეციური მამის შვილები. ჩვენ ვუყვარვართ მის ძეს, იესო ქრისტეს. იგი მოვიდა ამქვეყნად, რათა დაგვანახოს გზა და შემდეგ საკუთარი ნებით დათმო სიცოცხლე, რათა იმედი მოეცა ჩვენთვის. მხსნელი გვიწვევს, მივყვეთ მის სრულყოფილ მაგალითს, გამოვამჟღავნოთ რწმენა მისი და მისი გამოსყიდვის მიმართ და გავზარდოთ ყველა სულიერი ძღვენი, რომლითაც მან გვაკურთხა. იგი არის გზა. ეს არის ჩემი მოწმობა იესო ქრისტეს სახელით, ამინ.