ღმერთის დაუყოვნებელი სიკეთე
მაშინაც კი, როცა მოთმინებით ველოდებით უფალს, ჩვენთვის დაუყოვნებლივ მოდის გარკვეული დალოცვები.
რამდენიმე წლის წინ ჩვენი ხუთი წლის ვაჟი მოვიდა ჩემთან და განაცხადა: „მამა, მე რაღაცას მივხვდი. მე მივხვდი, რომ შენი მალე ჩემთვის ძალიან დიდი დროა“.
როცა უფალი ან მისი მსახურები ამბობენ ფრაზას „არ გავა დიდი დრო“ ან „არც თუ ისე შორს არის ის დრო“, ეს სიტყვის სრული მნიშვნელობით შეიძლება ნიშნავდეს მთელ ცხოვრებას ან კიდევ უფრო მეტ დროს. მისი დრო ჩვენს დროსგან განსხვავდება. მთავარია მოთმინება. მოთმინების გარეშე ჩვენ ვერასოდეს ვერ განვავითარებთ და ვერ გამოვამჟღავნებთ რწმენას ღმერთში სიცოცხლისა და ხსნისთვის. მაგრამ ჩემი დღევანდელი გზავნილია, რომ მაშინაც კი, როცა მოთმინებით ველოდებით უფალს, ჩვენთვის დაუყოვნებლივ მოდის გარკვეული დალოცვები.
როცა ალმა და მისი ხალხი ლამანიელებმა დაატყვეეს, ისინი გამოხსნისთვის ლოცულობდნენ. ისინი იმწუთასვე არ გამოიხსნეს, მაგრამ გამოხსნის მოლოდინში უფალმა გამოავლინა თავისი სიკეთე გარკვეული დაუყოვნებელი დალოცვების სახით. მან უმალვე მოულბო გული ლამანიელებს, რათა მათ არ მოეკლათ ისინი. მან ასევე განამტკიცა ალმას ხალხი და შეამსუბუქა მათი ტვირთი. როცა ისინი საბოლოოდ გამოიხსნეს, ალმა და მისი ხალხი ზარაჰემლაში გაემგზავრნენ, სადაც მოუყვნენ თავიანთი გამოცდილების შესახებ გაოცებულ მსმენელებს. ზარაჰემლას ხალხს უკვირდა და როცა ისინი „დაფიქრდნენ ღმერთის დაუყოვნებელ სიკეთეზე და მის ძალაზე ალმასა და მისი ძმების ლამანიელთა …მონობიდან გამოხსნისას მათ აღიმაღლეს ხმები და ღმერთს მადლობა გადაუხადეს“.
ღმერთის დაუყოვნებელი სიკეთე მოდის ყველასთან, ვინც შეჰღაღადებს მას ჭეშმარიტი ზრახვითა და გულის სრული წადილით. მათი ჩათვლით, რომლებიც შეჰღაღადებენ გულწრფელ სასოწარკვეთილებაში, როცა გამოხსნა ისეთი შორი, ტანჯვაკი ასეთი ხანგრძლივი და უფრო აუტანელიც ხდება.
ასე იყო ახალგაზრდა წინასწარმეტყველის შემთხვევაში, რომელმაც ნესტიან საპყრობილეში ტანჯვის ზღვარზე წამოიძახა: „ღმერთო, სად ხარ? … როდემდე არ ამოქმედდება შენი ხელი…? დიახ, უფალო, როდემდე…“? პასუხად უფალმა იმწუთასვე არ გამოიხსნა ჯოზეფი, მაგრამ მაშინვე სიმშვიდე უბოძა.
ღმერთი ასევე გვაძლევს იმედს საბოლოო გამოხსნისთვის. დროისა და ადგილის მიუხედავად, ქრისტეში და ქრისტეს მეშვეობით, იმედი ყოველთვის კაშკაშა ღიმილით მიგვიძღვის წინ. დაუყოვენებლივ ჩვენ წინაშე.
და ამაზე მეტიც: ჩვენ გვაქვს უფლის დაპირება: „ჩემი წყალობა კი არ დაიძვრება შენგან“.
და რაც ყველაზე მთავარია: ღმერთის სიკეთე დაუყოვნებელია. პავლე მოციქულთან ერთად მე ვმოწმობ, რომ ვერაფერი ვერ „შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში “. ჩვენი ცოდვებიც კი, გინდაც დროებით გვაშორებდნენ უფლის სულისგან, ვერ დაგვაშორებენ მისი დაუყოვნებელი, მარადიული, ღვთაებრივი მამობრივი სიყვარულისაგან.
ეს არის სულ რამდენიმე ხერხი, რომლითაც იგი „დაუყოვნებლივ [გვ]აკურთცხებს“ ახლა, იმისთვის, რომ ეს პრინციპები საჭირბოროტო გავხადო, გაგიზიარებთ ორი ადამიანის გამოცდილებას, რომელთა ცხოვრება არის ღმერთის დაუყოვნებელი სიკეთის მოწმობა.
ემილის გარდატეხის ასაკიდან ჰქონდა ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ექსპერიმენტებმა მიიყვანა იქამდე, რომ ხუთი წლის განმავლობაში იგი ჩვევის მონა გახდა და მხოლოდ ხანმოკლე კარგად ყოფნის პერიოდები ჰქონდა. ემილი მალავდა თავის პრობლემას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გახდა მეუღლე და დედა.
მისი განთავისუფლების დასაწყისი სულაც არ ჰგავდა განთავისუფლებას. ერთხელ ემილი იყო ჩვეულებრივ სამედიცინო გამოკვლევაზე, როცა უეცრად გახდა საჭირო სასწრაფო დახმარების მანქანით მისი საავდმყოფოში გადაყვანა. მას პანიკა დაეწყო, როცა წარმოიდგინა, რომ დაშორდებოდა შვილებს, მეუღლეს, სახლს.
იმ ღამით მარტო, ცივ, ბნელ ოთახში, ემილი საწოლზე მოკალათდა და ქვითინებდა. იგი საღად ვეღარ აზროვნებდა, სანამ მას სრულად მღელვარებამ, შიშმა, ასევე სულში და ოთახში ჩამოწოლილმა შემაწუხებელმა სიბნელემ არ მოიცა და ემილიმ იფიქრა, რომ იმ ღამით მოკვდებოდა. მარტო.
იმ სასოწარკვეთილებაში ემილიმ რაღაცნაირად მოიკრიბა ძალა და საწოლიდან ძირს, მუხლებზე დაემხო. ყოველგვარი პოზიორობის გარეშე, რომელიც ზოგჯერ ლოცვის დროს შემოეპარებოდა ხოლმე, იგი სრულად მიენდო უფალს სასოწარკვეთილ ვედრებაში: „ძვირფასო ღმერთო, მჭირდები. გთხოვ, დამეხმარე. არ მინდა, მარტო ვიყო. გთხოვ, გადამატანინე ეს ღამე“.
და უმალვე, როგორც ეს პეტრე მოციქულის შემთხვევაში იყო, იესომ მას ხელი გაუწოდა და მისი ჩასაძირად განწირული სული დაიჭირა. ემილის საოცარი სიმშვიდე, სიმამაცე, თვითდაჯერებულობა და სიყვარული დაეუფლა. ოთახი აღარ იყო ცივი, მან იცოდა, იგი აღარ იყო მარტო და პირველად მას შემდეგ, რაც 14 წლის იყო, ემილიმ იგრძნო, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ემილიმ „ღმერთისადმი გაიღვიძა“ და მშვიდად დაიძინა. ასე რომ, ვხედავთ: „თუ მოინანიებთ და გულს არ გაიქვავებთ , დაუყოვნებლივ აღსრულდება თქვენთვის გამოსყიდვის დიდი გეგმა“.
ემილის საბოლოო გამოჯანმრთელებას დასჭირდა დრო - თვეების მანძილზე მკურნალობა, წვრთნა და კონსულტაციები, როდესაც მას მხარში ედგა და ზოგჯერ ხელით ატარებდა უფლის სიკეთე. და უფლის სიკეთე გაგრძელდა - ემილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად სამარადისოდ ტაძარში ჩაიბეჭდა. ახლა ემილი, ზარაჰემლას ხალხის მსგავსად, მადლიერებას გამოხატავს, როცა იხსენებს ღვთის დაუყოვნებლივ სიკეთეს და ტყვეობიდან გამოხსნის ძალას.
ახლა, მეორე მამაცი მორწმუნის ცხოვრებიდან: 2013 წ. 27 დეკემბერს ალისია შროიდერმა სიხარულით მიიღო თავისი ძვირფასი მეგობრები, შონი და შარლა ჩილკოტები, რომლებმაც მოულოდნელად დაუკაკუნეს კარზე. შონმა, რომელიც ასევე ალისიას ეპისკოპოსი იყო, მას ტელეფონი მისცა ხელში და საგანგებოდ განაცხადა: „ალისია, გვიყვარხარ. ამ ზარს უნდა უპასუხო“.
ალისიას მეუღლე, მარიო რეკავდა. იგი ბავშვებთან ერთად შორს იყო წასული და დიდი ხნის განმავლობაში მათთან ერთად ავტოციგებით სრიალს აპირებდა. მოხდა უბედური შემთხვევა. მარიო სერიოზულად დაშავდა, მათი 10 წლის შვილი, კაილები კი დაიღუპა. როცა მარიომ ალისიას კაილების გარდაცვალება შეატყობინა, იგი ისეთ შოკსა და გლოვაში ჩავარდა, რომელიც ბევრს არ გამოუცდია. იგი მოტყდა. ენით აღუწერელი ტანჯვით პარალიზებული ალისია ვერც ინძრეოდა და ვერც ლაპარაკობდა.
ეპისკოპოსი და და ჩილოტი წინ გამოიქცნენ, იგი ხელში აიყვანეს და ასე ეკავათ. რაღაც დროის განმავლობაში ისინი ერთად ტიროდნენ და გლოვოდნენ. შემდეგ ეპისკოპოსმა ჩილოტმა ალისიას კურთხევა შესთავაზა.
და იმას, რაც შემდეგ მოხდა, ვერ გაიგებთ, თუკი ცოტათი მაინც არ გესმით იესო ქრისტეს გამოსყიდვა და ღმერთის დაუყოვნებელი სიკეთე. ეპისკოპოსმა ჩილკოტმა ნაზად დაასხა ხელები ალისიას თავზე და აკანკალებული ხმით დაიწყო საუბარი. ალისიამ ორი რამ გაიგონა ისე, თითქოს ამას თავად ღმერთი ამბობდა. პირველი: მან გაიგონა თავისი სახელი: ალისია სუზან შროიდერი. შემდეგ მან გაიგონა, როგორ უხმობდა ეპისკოპოსი ყოვლადშემძლე ღმერთის ძალაუფლებას. იმ მომენტში - უბრალოდ თავისი სახელისა და ღმერთის ძალის ხსენებით, ალისიას აღუწერელი სიმშვიდე და სიყვარული, ნუგეში და სიხარულიდაეუფლა. და მას ეს გრძნობა არასდროს არ მოშორებია.
ახლა, რა თქმა უნდა, ალისიას, მარიოს და მათ ოჯახს ისევ ენატრებათ კაილები და გლოვობენ მას. რთულია! როცა არ უნდა ვესაუბრებოდე მათ, ალისიას თვალები ცრემლებით ევსება, როცა მიყვება, როგორ უყვარს და ენატრება თავისი პატარა ბიჭი. და მისი თვალები მაშინაც ცრემლიანი რჩება, როცა მიყვება, როგორ დაუდგა მას მხარში დიადი მხსნელი მისი ტანჯვის ყოველ მონაკვეთში, დაწყებული მისი დაუყოვნებლივი სიკეთით მისი ყველაზე ღრმა სასოწარკვეთილებისას. იგი ახლაც გრძელდება ტკბილი შეხვედრის იმედით, რომელიც არც თუ ისე შორს არის.
ვიცი, რომ ცხოვრების გამოცდილებას ზოგჯერ მოაქვს მღელვარება და დაბნეულობა, რის გამოც რთულდება, მიიღო ან თუნდაც ამოიცნო ისეთნაირი შვება, როგორიც ემილისა და ალისიას დაეუფლა. მე ასეთი რამ გამომიცდია. მე ვმოწმობ, რომ ასეთ მომენტებში უბრალოდ ჩვენი გადარჩენა არის ღმერთის დაუყოვნებელი სიკეთის სათუთი და ძლიერი გამოცხადება. გახსოვდეთ, რომ ძველი ისრაელი საბოლოოდ გამოიხსნა „იმავე ღვთის მიერ, რომელმაც ისინი გადაარჩინა“ დღიდან დღემდე.
მე ვმოწმობ, რომ იესო ქრისტე არის დიადი გამომსყიდველი და მისი სახელით მე გპირდებით, რომ თუ მიუბრუნდებით მას ჭეშმარიტი ზრახვით და გულის სრული წადილით, იგი გამოგიხსნით ყოველივესგან, რაც უმუქრება თქვენი სიხარულის ან სიხარულის განადგურებას. გამოხსნას შეიძლება იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თქვენ გინდათ - იქნებ მთელი ცხოვრება ან იმაზე დიდი დროც. ასე რომ, ნუგეშის, სიმამაცისა და იმედის მოსაცემად, თქვენი საბოლოო გამოხსსნის დღისთვის მხარდასაჭერად და ძალის მისაცემად, მე ვმოწმობ ღმერთის დაუყოვნებელი სიკეთის შესახებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.