2010-2019
დასკვნითი სიტყვა
2019 წ. აპრილის გენერალური კონფერენცია


დასკვნითი სიტყვა

დაე, მივუძღვნათ და ისევ და ისევ მივუძღვნათ ჩვენი ცხოვრება ღმერთისა და მისი შვილების მსახურებას საბურველის ორივე მხარეს.

ჩემო საყვარელი დებო და ძმებო, ამ ისტორიული კონფერენციის დასასრულს, მე თქვენთან ერთად მადლობას ვწირავ უფალს მისი შთაგონებისთვის და დაცვისთვის. მოსმენილმა გზავნილებმა დაგვმოძღვრა და გაგვიღრმავა ცოდნა.

გამომსვლელებისთვის არ მიგვიცია კონკრეტული დავალებები. ყოველმა მათგანმა ილოცა პირადი გამოცხადებისთვის სიტყვის მოსამზადებლად. ჩემთვის ნიშანდობლივია, როგორ ერწყმის ეს თემები ასე კარგად ერთმანეთს. როცა თქვენ მათ შესწავლას დაიწყებთ, ეძიეთ, გაიგოთ, რას გასწავლით უფალი თავისი მსახურების მეშვეობით.

მუსიკა დიდებული იყო. ჩვენ დიდად მადლიერნი ვართ იმ მრავალი მუსიკოსის, რომლებმაც ჩააქსოვეს თავიანთი ნიჭი, რათა უფლის სული მოეწვიათ ყოველ სესიაზე. და უფალმა აკურთხა ლოცვები და დარბაზში მყოფნი ყოველ სესიაზე. ჭეშმარიტად, კონფერენცია კიდევ ერთხელ ყოველი ჩვენგანისთვის იქცა სულიერ ნადიმად.

ჩვენ ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ ყოველი წევრის სახლი გახდეს რწმენის სალოცავი, სადაც უფლის სული დაისადგურებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს იგრგვლივ ყველგან კამათია, ჩვენი სახლი შეიძლება იქცეს ზეციურ ადგილად, სადაც სწავლა, ლოცვა და რწმენა სიყვარულს შეერწყმევა. ჩვენ ჭეშმარიტად შეგვიძლია, გავხდეთ უფლის მოწაფენი, დავდგეთ და ვისაუბროთ მის ნაცვლად იქ, სადაც ვართ.

ღმერთის მიზანი ჩვენი მიზანი უნდა იყოს. მას სურს, რომ მისმა შვილებმა აირჩიონ მასთან დაბრუნება და იყვენ ამისთვის მომზადებულნი, შესაფერისნი, შემოსილნი და წმინდა ტაძრებში დადებული აღთქმების ერთგულნი.

ამჟამად გვაქვს 162 მიძღვნილი ტაძარი. ყველაზე ადრეულები დგანან, როგორც ჩვენი საყვარელი პიონერების რწმენისა და ხედვის მონუმენტები. ყოველი მათ მიერ აშენებული ტაძარი იყო მათი დიდი პირადი მსხვერპლისა და მცდელობის შედეგი. ყოველი მათგანი დგას, როგორც განსაცვიფრებელი ძვირფასი ქვა პიონერთა მიღწევების გვირგვინში.

ჩვენი წმინდა ვალდებულებაა მათი მოვლა. ასე რომ, ეს პიონერთა ტაძრები მალე გაივლიან განახლებისა და შეკეთების სტადიას, ზოგიერთი მათგანი კი საჭიროებს აღდგენას. იქნება მცდელობა, შევინარჩუნოთ ყოველი ტაძრის ისტორიული იერსახე, სადაც კი ეს შესაძლებელი იქნება, რათა არ დაიკარგოს დიდი ხნის წინ წასული თაობების მიერ შექმნილი შთამაგონებელი სილამაზე და უნიკალური ხელოვნება.

სეინთ ჯორჯის იუტას ტაძართან დაკავშირებული დეტალები უკვე გახმაურდა. სოლთ ლეიქ ტაძრის, ტაძრის მოედნისა და მასთან მდებარე ეკლესიის ოფისის შენობასთან პლაზას განახლების გეგმები გამოცხადდება 2019 წ. 19 აპრილს, პარასკევს.

მომავალ წლებში მანტის და ლოგანის ტაძრები იუტაში ასევე შეკეთდება. გეგმების მომზადებისთანავე მათ ასევე გამოვაქვეყნებთ.

ეს სამუშაოები მოითხოვს, რომ ყოველი ეს ტაძარი გარკვეული დროით დაიკეტოს. ეკლესიის წევრებს შეუძლიათ გააგრძელონ სატაძრო მსახურება სხვა ახლომდებარე ტაძრებში. ყოველი პროექტის დასრულებისთანავე ყოველი ისტორიული ტაძარი კვლავ გაივლის მიძღვნის ცერემონიას.

დებო და ძმებო, ჩვენს ეკლესიაში ტაძარი არის ყველაზე წმინდა ნაგებობა. როცა ვაცხადებთ გეგმებს ახალი ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს ხდება ჩვენი წმინდა ისტორიის ნაწილი. ახლა, გთხოვთ, მოისმინოთ ყურადღებით და მოწიწებით. როცა გამოვაცხადებ ტაძრის მშენებლობას თქვენთვის განსაკუთრებულ ადგილას, შეიძლება გთხოვოთ, რომ უბრალოდ დახაროთ თავი და გულში ჩუმად, მადლიერებით ილოცოთ. არ გვინდა არანაირი სიტყვიერი შემოძახილები, რომლებიც დააკნინებენ ამ კონფერენციის და უფლის წმინდა ტაძრის სიწმინდეს.

დღეს სიამოვნებით ვაცხადებთ სხვა ტაძრების მშენებლობას შემდეგ ადგილებში:

პაგო პაგო (ამერიკული სამოა); ოკინავა სითი (ოკინავა); ნეიაფუ (ტონგა); ტოელე ველი (იუტა); მოსეს ლეიქი (ვაშინგტონი); სან პედრო სულა (ჰონდურასი); ანტოფაგასტა (ჩილე); ბუდაპეშტი (უნგრეთი).

გმადლობთ, ჩემო ძვირფასო დებო და ძმებო.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ძველსა და ახალ ტაძრებზე, დაე, ყოველმა ჩვენგანმა გამოხატოს თავისი ქმედებებით, რომ ვართ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფენი. დაე, განვაახლოთ ჩვენი ცხოვრება უფლის რწმენითა და ნდობით. დაე, მივაღწიოთ მის გამოსყიდვის ძალას ყოველდღიური მონანიებით. დაე, მივუძღვნათ და ისევ და ისევ მივუძღვნათ ჩვენი ცხოვრება ღმერთისა და მისი შვილების მსახურებას საბურველის ორივე მხარეს.

გიტოვებთ ჩემს სიყვარულსა და დალოცვებს, რათა დაგარწმუნოთ, რომ ეს გამოცხადება გრძელდება ამ უფლის ეკლესიაში. იგი გაგრძელდება, „სანამ ღვთის მიზნები არ შესრულდება და დიდი იეღოვა არ გვეტყვის, რომ საქმე შესრულდა“.

მე გლოცავთ და ვმოწმობ: ღმერთი ცოცხალია! იესო არის ქრისტე. ეს მისი ეკლესიაა. ჩვენ მისი ხალხი ვართ. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.

შენიშვნა

  1. Teachings of Presidents of the Church: Joseph Smith (2007), 142.