მორმონის წიგნი
თავი 1
ამარონი არიგებს მორმონს წმინდა ჩანაწერების შესახებ. ნეფიელთა და ლამანიელთა შორის იწყება ომი. სამი ნეფიელი წაყვანილი იქნა. ვრცელდება სიბოროტე, ურწმუნოება, გრძნეულება და ჯადოქრობა. დაახლოებით 321–326 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 და ახლა მე, მორმონი, ჩანაწერს ვაკეთებ იმაზე, რაც ვიხილე და მოვისმინე და ვუწოდებ მას მორმონის წიგნს.
2 დაახლოებით იმ დროს, როდესაც ამარონმა უფლისთვის გადამალა ჩანაწერები, იგი მოვიდა ჩემთან (ვიყავი რა ათი წლის და დავიწყე ჩემი ხალხის ზოგიერთი სწავლების შესწავლა) და ამარონმა მითხრა: ვხედავ, ხარ ფხიზელი ბავშვი და სწრაფად ითვისებ;
3 ამიტომ, როდესაც გახდები დაახლოებით ოცდაოთხი წლის, მსურს გაიხსენო ის, რაც ამ ხალხის შესახებ აღიქვი; და როდესაც ამ წლოვანების გახდები, წადი ანტუმის მიწაზე, გორაკთან, რომელსაც უწოდებენ შიმს; და იქ შევინახე უფლისთვის ყველა წმინდა გრავიურა ამ ხალხის შესახებ.
4 და აჰა, აიღებ შენთვის ნეფის ფირფიტებს და დანარჩენს დატოვებ იქ, სადაც არის; და ნეფის ფირფიტებზე ამოტვიფრავ ყოველივე იმას, რაც ამ ხალხის შესახებ აღიქვი.
5 და მე, მორმონს, ვარ რა შთამომავალი ნეფისა (და მამაჩემის სახელი იყო მორმონი) მახსოვს ის, რაც ამარონმა მიბრძანა.
6 და იყო ასე, რომ ვიყავი რა თერთმეტი წლის, მამამ წამიყვანა მიწაზე სამხრეთით, ზარაჰემლას მიწაზე.
7 მთელი მიწის პირი შენობებით იყო დაფარული და ხალხი იყო უთვალავი, თითქმის როგორც ზღვის ქვიშა.
8 და იყო ასე, რომ ამ წელს ომი დაიწყო ნეფიელთა შორის, რომლებიც შედგებოდნენ ნეფიელთა, იაკობიელთა, იოსებიელთა და ზორამიელთაგან; და ომი იყო ნეფიელებსა და ლამანიელთა და ლემუელიელთა და ისმაელიელთა შორის.
9 ახლა, ლამანიელებს, ლემუელიელებსა და ისმაელიელებს ეწოდებოდათ ლამანიელები; და იყო ორი მხარე – ნეფიელები და ლამანიელები.
10 და იყო ასე, რომ მათ შორის ომი დაიწყო ზარაჰემლას საზღვრებთან, სიდონის წყლების მიდამოებში.
11 და იყო ასე: ნეფიელებმა შეკრიბეს დიდი რაოდენობის ჯარისკაცები, ოცდაათ ათასზე მეტიც კი. და იყო ასე, რომ ამავე წელს მათ ჰქონდათ რამდენიმე ბრძოლა, რომელშიც ნეფიელებმა დაამარცხეს ლამანიელები და მრავალი მათგანი დახოცეს.
12 და იყო ასე, რომ ლამანიელებმა დათმეს თავიანთი ჩანაფიქრი და მიწაზე მშვიდობა დამყარდა; და მშვიდობა გრძელდებოდა დაახლოებით ოთხი წელი, ასე რომ, იქ არ იყო სისხლისღვრა.
13 მაგრამ სიბოროტე გავრცელებული იყო მთელი მიწის პირზე ისე, რომ უფალმა წაიყვანა თავისი საყვარელი მოწაფეები და შეწყდა სასწაულებისა და განკურნებების საქმე, ხალხის ურჯულოების გამო.
14 და აღარ იყო უფლისგან ძღვენი და სულიწმინდა არავის აღარ ევლინებოდა მათი სიბოროტისა და ურწმუნოების გამო.
15 და ვიყავი რა თხუთმეტი წლის და საკმაოდ ფხიზელი გონების, უფალი გამომეცხადა და ვიგემე და გავიგე იესოს სიკეთე.
16 და ვცდილობდი, მექადაგა ამ ხალხისთვის, მაგრამ ბაგენი დამეხურა და ამეკრძალა, მექადაგა მათთვის; ვინაიდან ისინი შეგნებულად ჯანყდებოდნენ თავიანთი ღმერთის წინააღმდეგ; და საყვარელი მოწაფეები იმ მიწიდან იქნენ წაყვანილნი ხალხის ურჯულოების გამო.
17 მე კი დავრჩი მათ შორის, მაგრამ მათთვის ქადაგება აკრძალული მქონდა მათი გულქვაობის გამო; და მათი გულქვაობის გამო დაწყევლილი იყო მიწა მათთვის.
18 და ამ გადიანტონის მძარცველებით, რომლებიც ლამანიელთა შორის იყვნენ, მიწა გაივსო ისე, რომ მისმა მცხოვრებმა დაიწყეს თავიანთი საგანძურების მიწაში დამალვა; და იწყო მან ხელიდან გასხლტომა, ვინაიდან უფალმა დაწყევლა მიწა, რათა ისინი ხელიდან გასხლტომოდათ და უკან ვეღარ დაებრუნებინათ.
19 და იყო ასე, რომ იქ იყვნენ გრძნეულები და ჯადოქრები და ჯადოქრობები; და ბოროტის ძალა მოქმედებდა მთელი მიწის პირზე, აბინადის სიტყვების აღსასრულებლად და ასევე ლამანიელი სამუელისა.