თავი 6
ნეფიელები იკრიბებიან ქუმორას მიწაზე საბოლოო ბრძოლისთვის. მორმონი მალავს წმინდა წერილებს ქუმორას გორაკზე. ლამანიელები იმარჯვებენ და ნეფიელთა ხალხი ნადგურდება. ასობით ათასი იხოცება მახვილით. დაახლოებით 385 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 და ახლა, მე ვასრულებ ჩანაწერებს ჩემი ხალხის, ნეფიელების, განადგურების შესახებ. და იყო ასე, რომ ჩვენ ლამანიელების წინ მივდიოდით.
2 და მე, მორმონმა, ლამანიელთა მეფეს წერილი მივწერე და ვთხოვე, საშუალება მოეცა ჩვენთვის, რომ ერთად შეგვეკრიბა ჩვენი ხალხი ქუმორას მიწაზე, გორაკთან, რომელსაც ქუმორა ეწოდებოდა და იქ შევძლებდით მათთან შებრძოლებას.
3 და იყო ასე, რომ ლამანიელთა მეფემ მიბოძა ის, რაც მსურდა.
4 და იყო ასე, რომ ჩვენ გავემართეთ ქუმორას მიწისკენ და კარვები გავშალეთ ქუმორას გორაკის გარშემო; და ეს იყო მიწა მრავალი წყლით, მდინარითა და წყაროთი; და იმედი გვქონდა, რომ აქ ლამანიელებზე წარმატებას მივაღწევდით.
5 და როდესაც ჩაიარა სამას ოთხმოცდამეოთხე წელმა, ქუმორას მიწაზე შევკრიბეთ მთელი ჩვენი დარჩენილი ხალხი.
6 და იყო ასე, რომ როდესაც ჩვენ ერთად შევკრიბეთ მთელი ჩვენი ხალხი ქუმორას მიწაზე, აჰა, მე, მორმონმა, ვიგრძენი ჩემი სიბერე; ვიცოდი რა, რომ ეს იქნებოდა ჩემი ხალხის ბოლო ბრძოლა და მიღებული მქონდა ბრძანება უფლისგან, რომ არ დამეშვა ჩანაწერების, რომლებიც ჩვენი მამების მიერ იყო გადმოცემული და წმინდა იყო, ლამანიელთა ხელში ჩავარდნა (ვინაიდან ლამანიელები მათ გაანადგურებდნენ) ამიტომ, ეს ჩანაწერი გავაკეთე ნეფის ფირფიტებიდან და ქუმორას გორაკში დავმალე ყველა ჩანაწერი, რომლებიც ჩემთვის უფლის ხელით იყო მინდობილი, ამ რამდენიმე ფირფიტის გარდა, რომელიც ჩემს შვილს, მორონის, გადავეცი.
7 და იყო ასე, რომ ჩემმა ხალხმა, თავიანთი ცოლებითა და შვილებით, იხილა მათკენ მიმავალი ლამანიელთა ჯარები; და დაიწყეს მათი ლოდინი, სიკვდილის საშინელი შიშით, რომელიც ავსებს ყოველი ბოროტის მკერდს.
8 და იყო ასე, რომ ისინი წამოვიდნენ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად და მათი უზარმაზარი რაოდენობის გამო შიშით აღივსო ყოველი სული.
9 და იყო ასე: ისინი ჩემს ხალხს თავს დაესხნენ მახვილით, მშვილდითა და ისრით, ნაჯახითა და ყოველნაირი საომარი იარაღით.
10 და იყო ასე, რომ მრავალი ჩემი ადამიანი აკუწეს, დიახ, ჩემთან მყოფი ათი ათასიც კი; და მათ შორის დავეცი დაჭრილი; და მათ გვერდზე ჩამიარეს, მაგრამ სიცოცხლე ვერ მომისწრაფეს.
11 და როდესაც მათ გაიარეს და აკუწეს მთელი ჩემი ხალხი, გარდა ოცდაოთხი ჩვენგანისა (რომელთა შორის იყო ჩემი შვილი, მორონი) და ჩვენი ხალხის სიკვდილისგან გადარჩენილებმა, მომდევნო დღეს, როდესაც ლამანიელები თავიანთ ბანაკებს დაუბრუნდნენ, ქუმორას გორაკის წვერიდან ვიხილეთ ჩემი ხალხის ათი ათასი, რომლებიც მიწაზე იყვნენ მოკვეთილნი, რომლებსაც წინ მივუძღოდი.
12 და ვიხილეთ ასევე ჩემი ხალხის ათი ათასი, რომლებსაც ჩემი შვილი, მორონი, მიუძღოდა.
13 და აჰა, ათი ათასი გიდგიდონას მეომარი დაეცა და ისიც მათ შორის იყო.
14 და ლამაჰი დაეცა თავისი ათი ათასით; და გილგალიც დაეცა თავისი ათი ათასით; და ლიმჰა დაეცა თავისი ათი ათასით; და იენეუმი დაეცა თავისი ათი ათასით; და კუმენიჰა და მორონიჰა და ანტიონუმი და შიბლომი და შემი და იოში, ყოველი დაეცა თავისი ათი ათასით.
15 და იყო ასე, რომ იყო კიდევ ათი, რომელიც მახვილისგან დაეცა, ყოველი – თავისი ათი ათასით; დიახ, მთელი ჩემი ხალხი, გარდა იმ ოცდაოთხისა, რომლებიც ჩემთან იყვნენ, ასევე რამდენიმე, ვინც გაიქცა სამხრეთ ქვეყნებისკენ და რამდენიმე, ვინც ლამანიელთა მხარეს გადავიდა – დაეცა; და მათი ხორცი და ძვლები და სისხლი იყო მიწის პირზე, მიტოვებული მათ მიერ, ვინც ისინი დახოცა, რათა მიწაზე გახრწნილიყვნენ, დალპობილიყვნენ და თავიანთ მშობლიურ მიწას დაბრუნებოდნენ.
16 და სული მეგლიჯებოდა ტანჯვით, ჩემი ხალხის დაღუპულთა გამო; და შევღაღადე:
17 მშვენიერებო, როგორ მიატოვეთ უფლის გზები! მშვენიერებო, როგორ უარყავით ის იესო, რომელიც ხელგაშლილი იდგა თქვენ მისაღებად!
18 აჰა, ასე რომ არ მოქცეულიყავით, არ დაეცემოდით. მაგრამ, აჰა, თქვენ დაეცით და მე ვგლოვობ თქვენ დაკარგვას.
19 თქვენ, მშვენიერო ვაჟებო და ქალიშვილებო, თქვენ, მამებო და დედებო, თქვენ, ქმრებო და ცოლებო, თქვენ, მშვენიერებო, როგორ მოხდა, რომ დაეცით!
20 მაგრამ, აჰა, თქვენ წახვედით და ჩემს მწუხარებას არ შეუძლია თქვენი დაბრუნება.
21 და მალე მოვა დღე, როდესაც თქვენი მოკვდავი შეიმოსება უკვდავით და ეს სხეულები, რომლებიც ახლა ლპება ხრწნით, მალე იქცევა უხრწნელ სხეულებად; და შემდეგ წარსდგებით ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა განიკითხოთ თქვენი საქმეების შესაბამისად; და თუ აღმოჩნდება, რომ იქნებით სამართლიანნი, მაშინ ხართ კურთხეულნი თქვენს მამებთან ერთად, რომლებიც თქვენამდე წავიდნენ.
22 თქვენ რომ მანამდე მოგენანიებინათ, სანამ მოგევლინებოდათ ეს დიდი განადგურება. მაგრამ, აჰა, თქვენ წახვედით და მამამ, დიახ, მარადიულმა მამამ ზეცისა, იცის თქვენი მდგომარეობა; და იგი გექცევათ საკუთარი სამართლისა და წყალობის შესაბამისად.