წმინდა წერილი
მორმონი 3


თავი 3

მორმონი ღაღადებს მონანიებას ნეფიელებისთვის. ისინი დიდ გამარჯვებას აღწევენ და ამაყობენ საკუთარი ძალით. მორმონი უარყოფს მათ წინამძღოლობას და მისი ლოცვები მათზე – რწმენის გარეშეა. მორმონის წიგნი ისრაელის თორმეტ ტომს მოუხმობს, იწამონ სახარება. დაახლოებით 360–362 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე, რომ ლამანიელები აღარ მოდიოდნენ საომრად, სანამ კიდევ ათი წელი არ გავიდა. და აჰა, მე ჩემს ხალხს, ნეფიელებს, დავავალე, მოემზადებინათ თავიანთი მიწები და იარაღი ბრძოლის დღისთვის.

2 და იყო ასე, რომ უფალმა მითხრა: შეჰღაღადე ამ ხალხს – მოინანიეთ, ჩემთან მოდით და მოინათლეთ, განამტკიცეთ კვლავ ჩემი ეკლესია და გადარჩებით.

3 და ამ ხალხს შევღაღადე, მაგრამ ამაოდ; ისინი ვერ მიხვდნენ, რომ ეს იყო უფალი, რომელმაც გადაარჩინა და უბოძა მათ მონანიების საშუალება. და აჰა, მათ გაიქვავეს გული თავიანთი უფლის, ღმერთის, მიმართ.

4 და იყო ასე: როდესაც ათი წელი გავიდა, რაც ქრისტეს მოსვლიდან შეადგენდა სამას სამოც წელს, ლამანიელთა მეფემ წერილი გამომიგზავნა, რომლიდანაც გავიგე, რომ ისინი კვლავ ემზადებოდნენ ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად.

5 და იყო ასე, რომ მე ვუბრძანე ჩემს ხალხს, ერთად შეკრებილიყვნენ მიწა აოხრებულთან, სამხრეთ მიწისკენ მიმავალი, ვიწრო სრუტის საზღვრებში მდებარე ქალაქში.

6 და განვალაგეთ ჩვენი ჯარები, რათა შეგვეჩერებინა ლამანიელთა ჯარები, რომ ვერ დაეპყროთ ჩვენი მიწებიდან ვერცერთი, ამიტომ მათ წინააღმდეგ ვმაგრდებოდით მთელი ჩვენი ძალით.

7 და იყო ასე: სამას სამოცდაერთ წელს ლამანიელები მოადგნენ ქალაქ აოხრებულს, ჩვენ წინააღმდეგ საბრძოლველად; და იყო ასე, რომ იმ წელს ჩვენ დავამარცხეთ ისინი ისე, რომ კვლავ დაუბრუნდნენ თავიანთ საკუთარ მიწებს.

8 და სამას სამოცდამეორე წელს, კვლავ მოვიდნენ საბრძოლველად. და ჩვენ კვლავ დავამარცხეთ ისინი და დავხოცეთ მრავალი მათგანი და მათი დახოცილები ზღვაში გადავყარეთ.

9 და ახლა, ამ დიდი საქმის გამო, რომელიც ჩემმა ხალხმა, ნეფიელებმა, გააკეთეს, მათ დაიწყეს საკუთარი ძალით ტრაბახი და ზეცის წინაშე ფიცი, რომ შურს იძიებდნენ თავიანთი ძმების სისხლისთვის, რომლებიც მტერმა დაუხოცა.

10 და იფიცებოდნენ ზეცით, ასევე ღმერთის ტახტით, რომ საბრძოლველად წავიდოდნენ მტრის წინააღმდეგ და მათ მიწის პირიდან მოკვეთდნენ.

11 და იყო ასე, რომ მე, მორმონმა, ამ დროიდან მთლიანად უარი ვთქვი ამ ხალხის მეთაურობასა და წინამძღოლობაზე, მათი სიბოროტისა და სისაძაგლის გამო.

12 აჰა, მათ მივუძღოდი, მიუხედავად მათი სიბოროტისა, მრავალჯერ გავუძეხი ბრძოლაში და მიყვარდა ისინი, ღმერთის სიყვარულისამებრ, რომელიც იყო ჩემში, მთელი ჩემი გულით; და მთელი სული გადმოვღვარე ჩემი ღმერთისადმი მათთვის ლოცვისას მთელი დღის განმავლობაში; ამისდა მიუხედავად, ეს იყო რწმენის გარეშე, მათი გულქვაობის გამო.

13 და სამჯერ გამოვიხსენი ისინი მტრის ხელიდან და არ მოინანიეს ცოდვები.

14 და როდესაც იფიცებოდნენ ყველაფრით, რაც აკრძალული ჰქონდათ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მიერ, რომ წავიდოდნენ მტრის წინააღმდეგ და შურს იძიებდნენ თავიანთი ძმების სისხლისთვის, აჰა, უფლის ხმა მომესმა, სიტყვებით:

15 შურისგება ჩემია და მე მივაგებ; და ვინაიდან ამ ხალხმა არ მოინანია მას შემდეგ, რაც გამოვიხსენი, აჰა, ისინი მიწის პირიდან იქნებიან მოკვეთილნი.

16 და იყო ასე, რომ საერთოდ უარი ვთქვი მტრის წინააღმდეგ გამოსვლაზე; და მოვიქეცი ისე, როგორც უფალმა მიბრძანა; და ვიდექი, როგორც უმოქმედო მოწმე, რათა დამემოწმებინა ამა ქვეყნისთვის ის, რაც ვიხილე და მოვისმინე, სულის გამოცხადებებისამებრ, რაც მოწმობდა ყოველივე იმაზე, რაც უნდა მომხდარიყო.

17 ამიტომ, თქვენ გწერთ, წარმართნო, და ასევე თქვენ, ისრაელის სახლო, როდესაც დაიწყება ეს საქმე, მაშინ იქნებით ახლოს იმისათვის, რომ მოემზადოთ თქვენი მემკვიდრეობის მიწებზე დასაბრუნებლად;

18 დიახ, აჰა, ვწერ დედამიწის ყველა კიდისთვის; დიახ, თქვენთვის, ისრაელის თორმეტო ტომო, რომლებიც განკითხულნი იქნებით საკუთარი საქმეებისამებრ, იმ თორმეტის მიერ, რომლებიც იესომ აირჩია, რათა ყოფილიყვნენ მისი მოწაფენი იერუსალიმის მიწაზე.

19 და ვწერ ასევე ამ ხალხის ნარჩენისთვის, რომელიც ასევე განკითხული იქნება ამ მიწაზე იესოს მიერ არჩეული თორმეტის მიერ; და თავად ისინი განკითხულნი იქნებიან იმ თორმეტის მიერ, რომლებიც იესომ იერუსალიმის მიწაზე აირჩია.

20 და ეს სულმა გამომიცხადა; ამიტომ, ვწერ ყოველი თქვენგანისთვის. და იმ მიზნით გწერთ, რათა იცოდეთ, რომ ყველა უნდა წარსდგეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, დიახ, ყოველი სული, რომელიც მიეკუთვნება ადამის მთელ ადამიანურ ოჯახს; და უნდა წარსდგეთ, რათა განიკითხოთ საკუთარი საქმეებისთვის, თუნდაც იყოს კეთილი ან ბოროტი;

21 ასევე, რათა იწამოთ იესო ქრისტეს სახარება, რომელიც იქნება თქვენთან; ასევე, რათა იუდეველებმა, უფლის აღთქმულმა ხალხმა, იყოლიონ სხვა მოწმე მის გარდა, რომელიც იხილეს და მოისმინეს, რომ იესო, რომელიც მათ მოკლეს, იყო ჭეშმარიტი ქრისტე და ჭეშმარიტი ღმერთი.

22 და მსურს, დაგარწმუნოთ, დედამიწის ყველა კიდენო, რომ მოინანიოთ და მოემზადოთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე წარსადგენად.