თავი 9
მორონი მოუწოდებს მონანიებისკენ მათ, ვისაც არ სწამთ ქრისტე. იგი აცხადებს სასწაულმოქმედი ღმერთის შესახებ, რომელიც ერთგულებს აძლევს გამოცხადებებს და უბოძებს სხვადასხვაგვარ ძღვენსა და ნიშნებს. სასწაულები წყდება ურწმუნოების გამო. რომლებსაც სწამთ, თან სდევთ მინიშნებები. ადამიანებს მოუწოდებენ, იყვნენ ბრძენნი და დაიცვან მცნებები. დაახლოებით 401–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 და ახლა, მე ვლაპარაკობ მათ შესახებაც, რომლებსაც ქრისტე არ სწამთ.
2 აჰა, თუ იწამებთ მოვლინების დღეს – აჰა, როდესაც უფალი მოგევლინებათ, დიახ, იმ დიად დღესაც კი, როდესაც დედამიწა გრაგნილივით დაიხვევა და სტიქია დადნება მხურვალე სიცხისგან, დიახ, იმ დიად დღეს, როდესაც მიყვანილნი იქნებით ღვთის კრავის წინაშე წარსადგენად – მაშინ იტყვით, რომ ღმერთი არ არის?
3 ნუთუ გააგრძელებთ კვლავ ქრისტეს უარყოფას ან შეძლებთ, იხილოთ ღვთის კრავი? ნუთუ გგონიათ, რომ იქნებით მასთან საკუთარი დანაშაულის შეგნებით? ნუთუ გგონიათ, რომ ბედნიერნი იქნებით იმ წმინდა არსებასთან ყოფნით, როდესაც თქვენი სულები წამებით დაიტანჯება, იმ დანაშაულის შეგნებით, რომ ყოველთვის არღვევდით მის კანონებს?
4 აჰა, გეუბნებით, რომ უფრო უბედურნი იქნებოდით წმინდა და სამართლიან ღმერთთან ყოფნით, მის წინაშე საკუთარი სიბინძურის შეგნებით, ვიდრე განწირულ სულებთან ჯოჯოხეთში ყოფნით.
5 ვინაიდან, აჰა, როდესაც მიყვანილნი იქნებით ღმერთის წინაშე, საკუთარი სიშიშვლის დასანახად, ასევე ღმერთის სიდიადისა და იესო ქრისტეს სიწმინდისა, ეს თქვენზედ დაანთებს უქრობ ცეცხლს.
6 მაშინ უფალს მიუბრუნდით, ურწმუნოებო; მამას შეჰღაღადეთ ძლიერად იესოს სახელით, რომ იქნებ გცნონ უმწიკვლოდ, წმინდად, მშვენიერად და თეთრად, კრავის სისხლით განწმენდილად დიდსა და უკანასკნელ დღეს.
7 და კვლავ გეუბნებით, თქვენ, რომლებიც უარყოფთ ღმერთის გამოცხადებებს და ამბობთ, რომ ისინი შეწყდა, აღარ არის გამოცხადებები და წინასწარმეტყველებები, არც არანაირი ძღვენი, განკურნება, არც ენებზე ლაპარაკი და არც ენებიდან თარგმნა;
8 აჰა, გეუბნებით, ვინც ყოველივე ამას უარყოფს, არ იცის ქრისტეს სახარება; დიახ, არ წაუკითხავს წმინდა წერილი; თუ წაუკითხავს, მას ის არ ესმის.
9 ვინაიდან, ნუთუ არ ვკითხულობთ, რომ ღმერთი არის უცვლელი გუშინ, დღეს და უკუნისამდე და მასში არ არის გარდაქმნა და არც ცვლილების ჩრდილი?
10 და ახლა, თუ წარმოიდგინეთ თქვენთვის ღმერთი, რომელიც იცვლება, რომელშიც არის ცვლილების ჩრდილი, მაშინ წარმოდგენილი გაქვთ ღმერთი, რომელიც არ არის სასწაულმოქმედი ღმერთი.
11 მაგრამ, აჰა, მე დაგანახებთ სასწაულმოქმედ ღმერთს, ღმერთს აბრაამისა და ისააკისა და იაკობის ღმერთს; და იგივე ღმერთმა შექმნა ზეცა და მიწა და ყოველივე, რაც არის მასზედ.
12 აჰა, მან შექმნა ადამი და ადამიანის დაცემა მოხდა ადამის დაცემით. და ადამიანის დაცემის გამო მოვიდა იესო ქრისტე, მამა და ძე; და იესო ქრისტეს მეშვეობით მოვიდა ადამიანის გამოსყიდვა.
13 და ადამიანის გამოსყიდვით, რომელიც მოვიდა იესო ქრისტეს მეშვეობით, ისინი უკან, უფლის გარემოცვაში იქნენ მიყვანილნი; დიახ, ამგვარად ყველა ადამიანი გამოსყიდულია, რადგან ქრისტეს სიკვდილს მოაქვს აღდგომა, რომელსაც მოაქვს მარადიული ძილისგან გამოსყიდვა, ძილიდან, რომლიდანაც ყველა ადამიანი იქნება გაღვიძებული ღმერთის ძალით, როდესაც გაისმება საყვირის ხმა; და გამოვლენ, როგორც პატარები, ასევე დიდები და ყოველი წარსდგება მისი სამსჯავროს წინაშე, გამოსყიდული და გამოხსნილი სიკვდილის ამ მარადიული ბორკილებისგან, სიკვდილის, რომელიც არის ხორციელი.
14 და შემდეგ მათზე აღსრულდება წმინდის განაჩენი; და მოვა ჟამი, როდესაც ბინძური დარჩება ბინძურად; და ის, რომელიც სამართლიანია, იქნება სამართალი, რომელიც ბედნიერია, იქნება ბედნიერი; რომელიც უბედურია, უბედურად დარჩება.
15 და ახლა, თქვენ ყველას, რომლებსაც წარმოგიდგენიათ ღმერთი, რომელსაც არ შეუძლია სასწაულების მოხდენა, მსურს გკითხოთ: აღსრულდა ყველაფერი, რაც ვილაპარაკე? მოვიდა დასასრული? აჰა, გეუბნებით: არა; და ღმერთი კვლავ არის სასწაულმოქმედი ღმერთი.
16 აჰა, ნუთუ არ არის საოცარი ჩვენს თვალში ის, რაც ღმერთმა მოახდინა? დიახ, და ვის შეუძლია ჩასწვდეს ღმერთის საოცარ საქმეებს?
17 ვინ იტყვის, რომ არ იყო სასწაული მისი სიტყვით ზეცისა და დედამიწის შექმნა; და მისი სიტყვის ძალით შეიქმნა მიწის მტვრისგან ადამიანი; და მისი სიტყვის ძალით მოხდა სასწაულები?
18 და ვინ იტყვის, რომ იესო ქრისტემ არ მოახდინა მრავალი დიდი სასწაული? და მრავალი დიდი სასწაული მოხდა მოციქულთა ხელით.
19 და თუ იმ დროს ხდებოდა სასწაულები და არის რა უცვლელი არსება, რატომ შეწყვიტა ღმერთმა სასწაულმოქმედ ღმერთად ყოფნა? და აჰა, გეუბნებით: ღმერთი არ იცვლება; სხვაგვარად იგი აღარ იქნებოდა ღმერთი; და არ წყვეტს იყოს ღმერთი და იგი არის სასწაულების ღმერთი.
20 და მიზეზი, რის გამოც შეწყვიტა მან სასწაულების მოხდენა ადამიანთა შვილებს შორის, არის ის, რომ ისინი გადაშენდნენ ურწმუნოებაში და მიატოვეს სწორი გზა და არ იციან ღმერთი, რომელიც უნდა სწამდეთ.
21 აჰა, მე გეუბნებით, რომ ვისაც სწამს ქრისტე და არ ჭოჭმანობს, რაც არ უნდა სთხოვოს ქრისტეს სახელით მამას – მიეცემა; და ეს არის დაპირება ყველასთვის, დედამიწის კიდით კიდემდე.
22 რადგან, აჰა, ასე უთხრა იესო ქრისტემ, ღვთის ძემ, თავის მოწაფეებს, რომლებიც დარჩნენ, დიახ, ასევე დანარჩენ მოწაფეებსაც, ყველას გასაგონად: წადით და იქადაგეთ სახარება მთელ ქვეყანაზე ყოველი არსებისთვის;
23 და გადარჩება ის, რომელიც იწამებს და მოინათლება, მაგრამ განწირული იქნება ის, რომელიც არ იწამებს;
24 და ასეთი ნიშნები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს გააძევებენ; ახალ ენებზე ილაპარაკებენ; ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან – არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელს დაასხამენ და ისინი განიკურნებიან;
25 და ვინც ჩემს სახელს იწამებს და არ იჭოჭმანებს, მისთვის დავამოწმებ ყოველ ჩემს სიტყვას, დედამიწის კიდით კიდემდეც კი.
26 და ახლა, აჰა, ვინ აღუდგება წინ უფლის საქმეს? ვის შეუძლია უარყოს მისი სიტყვები? ვინ დაუდგება წინ უფლის ყოვლადძლიერ ძალას? ვინ შეიძულებს უფლის საქმეებს? ვინ შეიძულებს ქრისტეს შვილებს? აჰა, თქვენ ყველა, უფლის საქმის მოძულენო, ვინაიდან გაოცდებით და დაიღუპებით.
27 მაშინ ნუ შეიძულებთ და ნუ გაოცდებით, არამედ დაუგდეთ ყური უფლის სიტყვას და სთხოვეთ მამას იესოს სახელით ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ. ნუ იჭოჭმანებთ, არამედ იყავით მორწმუნენი და დაიწყეთ, როგორც ძველად და მოდით უფალთან მთელი გულით და მის წინაშე შიშითა და კანკალით იშრომეთ საკუთარი ხსნისთვის.
28 იყავით ბრძენნი თქვენი გამოცდის ჟამს; თავიდან მოიცილეთ ყველანაირი უწმინდურობა; არ სთხოვოთ არაფერი, რასაც საკუთარი ვნებებისთვის მოიხმართ, არამედ სთხოვეთ ურყევი სიმტკიცით, რომ ცდუნებას არ დანებდეთ, არამედ ემსახუროთ ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს.
29 გაფრთხილდით, რათა უღირსად არ მოინათლოთ; გაფრთხილდით, რათა ქრისტეს ზიარება უღირსად არ მიიღოთ; გაფრთხილდით, რათა აკეთებდეთ ყველაფერს ღირსეულად და აკეთებდეთ ამას ცოცხალი ღმერთის ძის, იესო ქრისტეს, სახელით; და ასე თუ მოიქცევით და ბოლომდე გაუძლებთ, თქვენ არანაირად არ იქნებით გაძევებულნი.
30 აჰა, მე მოგმართავთ, ვითარცა გელაპარაკებოდეთ მკვდრეთიდან; ვინაიდან ვიცი, რომ მიიღებთ ჩემს სიტყვებს.
31 არ განმკიცხოთ ჩემი ნაკლოვანებების გამო, არც მამაჩემი, მისი ნაკლოვანებებისთვის, არც ისინი, რომლებიც მასზე წინ წერდნენ, არამედ მადლობა უთხარით ღმერთს, რომ დაგანახათ ჩვენი ნაკლოვანებები, რათა ისწავლოთ, რომ იყოთ ჩვენზე უფრო ბრძენნი.
32 და ახლა, აჰა, ჩვენ დავწერეთ ეს ჩანაწერები ჩვენი ცოდნის შესაბამისად, დამწერლობით, რომელსაც ჩვენში ეწოდება შეცვლილი ეგვიპტური, რომელიც ჩვენამდე მოვიდა და შევცვალეთ იგი ჩვენი მეტყველების შესაბამისად.
33 და ჩვენი ფირფიტები რომ ყოფილიყო საკმარისად ფართო, დავწერდით ებრაულად; მაგრამ ჩვენ ებრაულიც შევცვალეთ; და ჩვენ რომ შეგვძლებოდა ებრაულად წერა, აჰა, თქვენ ვერ იპოვიდით ნაკლოვანებებს ჩვენს ჩანაწერებში.
34 მაგრამ უფალმა იცის ის, რაც ჩვენ დავწერეთ და ასევე, რომ არცერთმა სხვა ხალხმა არ იცის ჩვენი ენა და ვინაიდან არცერთმა სხვა ხალხმა არ იცის ჩვენი ენა, ამის გამო, მან მოამზადა მისი თარგმნის საშუალება.
35 და ყოველივე ეს დაიწერა, რათა განიწმინდოს ჩვენი სამოსი ჩვენი ძმების სისხლისგან, რომლებიც ურწმუნოებაში გადაშენდნენ.
36 და აჰა, ყოველივე ეს, რაც გვსურდა ჩვენი ძმებისთვის, დიახ, მათში ქრისტეს ცოდნის აღდგენა, შეესაბამება ყოველი წმინდანის ლოცვებს, რომლებიც ამ მიწაზე ცხოვრობდნენ.
37 დაე, გვიბოძოს უფალმა იესო ქრისტემ, რათა მათ ლოცვებს პასუხი გაეცეს თავიანთი რწმენის შესაბამისად; დაე, მამა ღმერთმა გაიხსენოს ის აღთქმა, რომელიც მან დადო ისრაელის სახლთან; დაე, აკურთხოს ისინი მარად, იესო ქრისტეს სახელის რწმენით. ამინ.