წმინდა წერილი
მორმონი 2


თავი 2

მორმონი ხელმძღვანელობს ნეფიელთა ჯარებს. მიწას წალეკავს სისხლი და ხოცვა-ჟლეტა. ნეფიელები გოდებენ და გლოვობენ განწირულთა დარდით. მათი კეთილდღეობის ჟამი დასრულდა. მორმონი იღებს ნეფის ფირფიტებს. ომები გრძელდება. დაახლოებით 327–350 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და იყო ასე: იმავე წელს იქ დაიწყო ომი ნეფიელთა და ლამანიელთა შორის. და ჩემი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, დიდი აღნაგობის ვიყავი; ამიტომ, ნეფის ხალხმა დამნიშნა თავიანთ ხელმძღვანელად ანუ ჯარების მეთაურად.

2 ამიტომ, იყო ასე: თექვსმეტი წლის ასაკში წავედი ნეფიელთა ჯარის ლამანიელთა წინააღმდეგ მეთაურად; ამგვარად, ჩაიარა სამასოცდამეექვსე წელმა.

3 და იყო ასე, რომ სამას ოცდამეშვიდე წელს ლამანიელები ჩვენზე წამოვიდნენ ძალზედ დიდი ძალებით ისე, რომ მათ ჩემი ჯარები შეაშინეს; ამიტომ, არ სურდათ ბრძოლა და დაიწყეს უკან დახევა ჩრდილოეთ ქვეყნებისკენ.

4 და იყო ასე, რომ მივედით ქალაქ ანგოლასთან და ქალაქს დავეუფლეთ და დავიწყეთ მზადება, რათა ლამანიელთაგან თავი დაგვეცვა. და იყო ასე, რომ ჩვენი ძალებით გავამაგრეთ ქალაქი, მაგრამ ჩვენი გამაგრებების მიუხედავად, ლამანიელებმა შემოგვიტიეს და ქალაქიდან გამოგვაძევეს.

5 ასევე დავითის მიწიდანაც გაგვაძევეს.

6 და ჩვენ წავედით და მივაღწიეთ იეშუას მიწას, რომელიც დასავლეთ საზღვრების ზღვის სანაპიროსთან მდებარეობდა.

7 და იყო ასე, რომ რაც შეიძლებოდა სწრაფად შევკრიბეთ ჩვენი ხალხი, რათა ერთ დაჯგუფებაში გაგვეერთიანებინა.

8 მაგრამ, აჰა, მიწა სავსე იყო მძარცველებითა და ლამანიელებით; და მიუხედავად დიდი განადგურებისა, რომელიც ემუქრებოდა ჩემს ხალხს, მათ არ მოინანიეს თავიანთი ბოროტი საქმენი; ამიტომ, მთელი მიწის პირს მოედო სისხლი და ხოცვა-ჟლეტა, როგორც ნეფიელთა, ასევე ლამანიელთა მხარეს; და ეს იყო ყოვლისმომცველი აჯანყება მთელი მიწის პირზე.

9 და ლამანიელებს ჰყავდათ მეფე, რომლის სახელი იყო აარონი; და იგი ჩვენ წინააღმდეგ მოვიდა ორმოცდაოთხი ათასიანი ჯარით. და აჰა, მას შევეწინააღმდეგე ორმოცდაორი ათასით. და იყო ასე, რომ დავამარცხე იგი ჩემი ჯარით და გაიქცა ჩემგან. და ყოველივე ეს მოხდა და ჩაიარა სამას ოცდამეათე წელმა.

10 და იყო ასე, რომ ნეფიელებმა დაიწყეს თავიანთი ურჯულოების მონანიება და ტირილი ისე, როგორც ეს სამუელმა, წინასწარმეტყველმა, იწინასწარმეტყველა; ვინაიდან, აჰა, ვერავინ ვერ ინარჩუნებდა იმას, რაც გააჩნდა, ქურდების, მძარცველების და მკვლელების, ჯადოსნობისა და ჯადოქრობის გამო, რაც იმ მიწაზე იყო.

11 ამგვარად, მთელ მიწაზე, ყოველივე ამის გამო, დაიწყო გლოვა და გოდება; და განსაკუთრებით ნეფის ხალხს შორის.

12 და იყო ასე, რომ როდესაც მე, მორმონმა, ვიხილე მათი გოდება, გლოვა და უფლისადმი მწუხარება, ჩემმა გულმა გაიხარა ჩემში; ვიცოდი რა უფლის მოწყალებისა და სულგრძელობის შესახებ, ამიტომ ვთვლიდი, რომ იგი მოწყალე იქნებოდა მათ მიმართ, რომ ისინი კვლავ სამართლიანი ხალხი გახდებოდნენ.

13 მაგრამ, აჰა, ამაო იყო ჩემი სიხარული, ვინაიდან მათი მწუხარება არ იყო მოსანანიებლად ღმერთის სიკეთის გამო; არამედ ეს იყო განწირულთა მწუხარება, ვინაიდან უფალი ყოველთვის არ უშვებდა იმას, რომ ცოდვაში ბედნიერება მიეღოთ.

14 და არ მოვიდნენ იესოსთან მოდრეკილი გულითა და მომნანიებელი სულით, არამედ ღმერთს წყევლიდნენ და სიკვდილი სურდათ. ამისდა მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლისთვის მახვილით იბრძოდნენ.

15 და იყო ასე: მწუხარება კვლავ დამიბრუნდა და ვიხილე, რომ კეთილდღეობის ჟამმა მათთვის ჩაიარა, როგორც ამქვეყნიურმა, ასევე სულიერმა, ვინაიდან ვიხილე, როგორ მოიკვეთა ათასობით მათგანი ღმერთის წინაშე ღიად ჯანყისას, და მიწის პირზე ნაკელის გროვებივით იქნენ დაყრილნი. და ასე ჩაიარა სამას ორმოცდამეოთხე წელმა.

16 და იყო ასე: სამას ორმოცდამეხუთე წელს ნეფიელები გარბოდნენ ლამანიელებისგან; და მათ სდიეს იქამდე, სანამ არ მივიდნენ იაშონის მიწამდე, სანამ შესაძლებელი არ გახდა მათი უკან დახევის შეჩერება.

17 და ახლა, ქალაქი იაშონი იყო იმ მიწასთან ახლოს, სადაც ამარონმა გადამალა ჩანაწერები უფლისთვის, რათა ისინი არ გაენადგურებინათ. და აჰა, მე მოვიქეცი ამარონის სიტყვების შესაბამისად და ავიღე ნეფის ფირფიტები და გავაკეთე ჩანაწერები ამარონის სიტყვების მიხედვით.

18 და ნეფის ფირფიტებზე გავაკეთე სრული ჩანაწერი ყველა სიბოროტისა და სისაძაგლის შესახებ, ხოლო ამ ფირფიტებზე, ყოველ მათ სიბოროტესა და სისაძაგლეზე ჩანაწერების გაკეთებისგან თავი შევიკავე, ვინაიდან, აჰა, უცვლელი სურათი სიბოროტისა და სისაძაგლის ყოველთვის ჩემ თვალწინ იყო მას შემდეგ, რაც შესაძლებლობა მქონდა ადამიანთა გზებისთვის მეცქირა.

19 ვარამი მე, მათი სიბოროტის გამო; ვინაიდან, მთელი ჩემი დღენი გული მწუხარებით მქონდა აღვსილი მათი სიბოროტის გამო; ამისდა მიუხედავად ვიცი, რომ უკანასკნელ დღეს ავმაღლდები.

20 და იყო ასე: ამ წელს, ნეფის ხალხს კვლავ აძევებდნენ და დევნიდნენ. და იყო ასე, რომ გვდევნიდნენ იქამდე, სანამ არ მივედით ჩრდილოეთის მიწაზე, რომელსაც ეწოდებოდა შემი.

21 და იყო ასე, რომ ქალაქი შემი გავამაგრეთ და ერთად შევკრიბეთ ჩვენი ხალხი, რამდენიც შევძელით, რათა იქნებ განადგურებისგან გადაგვერჩინა.

22 და იყო ასე, რომ სამას ორმოცდამეექვსე წელს მათ კვლავ დაიწყეს ჩვენზედ შემოტევა.

23 და იყო ასე, რომ მე მივმართე ჩემს ხალხს და ვარწმუნებდი მათ დიდი ძალით, რათა ლამანიელების წინ თამამად დამდგარიყვნენ და ებრძოლათ საკუთარი ცოლ-შვილისათვის, სახლებისა და ოჯახებისთვის.

24 და ჩემმა სიტყვებმა მათ სიმხნევე შემატა ისე, რომ აღარ გაექცნენ ლამანიელებს, არამედ თამამად დადგნენ მათ წინააღმდეგ.

25 და იყო ასე, რომ ოცდაათი ათასიანი ჯარით შევეწინააღმდეგეთ ორმოცდაათი ათასიან ჯარს. და იყო ასე, რომ მათ წინ დავუდექით ისეთი სიმტკიცით, რომ ისინი ჩვენგან გაიქცნენ.

26 და იყო ასე, რომ როდესაც გაიქცნენ, ჩვენ უკან დავედევნეთ ჩვენი ჯარებით და კვლავ შევეტაკეთ და დავამარცხეთ; ამისდა მიუხედავად, ჩვენთან არ იყო უფლის ძალები; დიახ, ვიყავით ჩვენი თავის იმედად, ამიტომ უფლის სული არ იყო ჩვენთან; ამიტომ დავსუსტდით, როგორც ჩვენი ძმები.

27 და გული დამიღონდა ჩემი ხალხის დიდი უბედურების – მათი სიბოროტისა და სისაძაგლის გამო. მაგრამ, აჰა, ჩვენ გამოვედით ლამანიელთა და გადიანტონის მძარცველების წინააღმდეგ, სანამ კვლავ არ დავეუფლეთ ჩვენი მემკვიდრეობის მიწებს.

28 და ჩაიარა სამას ორმოცდამეცხრე წელმა. და სამას ორმოცდამეათე წელს, ლამანიელებთან და გადიანტონის მძარცველებთან დავდეთ შეთანხმება, რომელშიც გავიყავით ჩვენი მემკვიდრეობის მიწები.

29 და ლამანიელებმა მოგვცეს ჩრდილოეთი მიწა, დიახ, სრუტემდეც კი, რომელიც მიდიოდა სამხრეთ მიწისკენ. და ჩვენ ლამანიელებს მთელი სამხრეთის მიწა მივეცით.