თავი 8
ლამანიელები ეძებენ და ანადგურებენ ნეფიელებს. მორმონის წიგნი მოევლინება ღმერთის ძალით. ვარამი უწინასწარმეტყველეს მათ, რომლებიც ანთხევენ რისხვას და უპირისპირდებიან უფლის საქმეს. ნეფიელთა ჩანაწერები მოევლინება მათი სიბოროტის, გადაგვარებისა და განდგომის ჟამს. დაახლოებით 400–421 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.
1 აჰა, მე, მორონი, ვასრულებ მამაჩემის, მორმონის, ჩანაწერებს. აჰა, მე ცოტაოდენი დამრჩა დასაწერი, რისი დაწერაც მამაჩემმა მიბრძანა.
2 და ახლა, იყო ასე, რომ ქუმორაზე დიდი და საზარელი ბრძოლის შემდეგ, აჰა, ნეფიელებს, რომლებიც გაიქცნენ სამხრეთ ქვეყნისკენ, მისდევდნენ ლამანიელები იქამდე, სანამ ყველა არ გაანადგურეს.
3 და მათ ასევე მოკლეს მამაჩემი და დავრჩი მარტო, რათა დამეწერა ჩემი ხალხის განადგურების სამწუხარო ამბავი. მაგრამ, აჰა, ისინი აღარ არიან და მე ვასრულებ მამაჩემის ბრძანებას. და მომკლავენ თუ არა ისინი – არ ვიცი.
4 ამიტომ, დავწერ და მიწაში დავმალავ ამ ჩანაწერებს; და საით წავალ – არ აქვს მნიშვნელობა.
5 აჰა, მამაჩემმა გააკეთა ეს ჩანაწერი და დაწერა მისი დანიშნულების შესახებ. და აჰა, მეც დავწერდი ამას, ფირფიტებზე ადგილი რომ მქონოდა, მაგრამ არ მაქვს და არც მადანი მაქვს, ვინაიდან ვარ მარტო. მამაჩემი ბრძოლაში მოკლეს და მთელი ჩემი ნათესაობაც, აღარც მეგობრები მყავს, არც ადგილი წასასვლელი; და არ ვიცი, როდემდე მაცოცხლებს უფალი.
6 აჰა, გავიდა ოთხასი წელი ჩვენი უფლისა და მხსნელის მოსვლის შემდეგ.
7 და აჰა, ლამანიელები ნადირობდნენ ჩემს ხალხზე, ნეფიელებზე, ქალაქიდან ქალაქში, ადგილიდან ადგილზე, იქამდე, სანამ აღარავინ დარჩა; და დიდი იყო მათი დაცემა; დიახ, დიდი და საოცარია ჩემი ხალხის, ნეფიელების, განადგურება.
8 აჰა, ეს არის უფლის ხელი, რომელმაც ეს გააკეთა. და ასევე, აჰა, ლამანიელები ომობენ ერთმანეთში; და მთელი ამ მიწის პირი – დაუსრულებელი მკვლელობებისა და სისხლისღვრის მონაცვლეობაა; და ომის დასასრული არავინ იცის.
9 და ახლა, აჰა, მე აღარ ვილაპარაკებ მათ შესახებ, ვინაიდან ამ მიწის პირზე აღარავინ არის ლამანიელთა და მძარცველთა გარდა.
10 და აღარავინ იცის ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ, იესოს მოწაფეების გარდა, რომლებიც მიწაზე დარჩნენ, სანამ ხალხის სიბოროტე არ გახდა ისეთი დიდი, რომ უფალმა არ დაუშვა, რომ ისინი ხალხთან დარჩენილიყვნენ და არავინ იცის, არიან თუ არა ისინი კვლავ მიწის პირზე.
11 რადგან, აჰა, ისინი მე და მამაჩემმა ვიხილეთ და ისინი გვემსახურნენ.
12 და ყოველი, რომელიც მიიღებს ამ ჩანაწერს და არ განსჯის მას, იმ ნაკლოვანებების გამო, რაც მასშია, ჩასწვდება უფრო დიადს, ვიდრე მათშია. აჰა, მე ვარ მორონი; და შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ყველაფერს გაგანდობდით.
13 აჰა, მე ვასრულებ ლაპარაკს ამ ხალხის შესახებ. მე ვარ მორმონის შვილი და მამაჩემი იყო ნეფის შთამომავალი.
14 და მე ვარ ის, რომელიც დამალავს ამ ჩანაწერებს უფლისთვის; ამიტომ, ფირფიტებს არ აქვს ფასი უფლის ბრძანების გამო. ვინაიდან იგი ჭეშმარიტად ამბობს, რომ მათ ვერავინ ვერ დაეუფლება სარგებლის მისაღებად; მაგრამ დიდად ძვირფასია მათზე ჩანაწერები; და ვინც მათ სინათლეზე გამოიტანს – უფალი აკურთხებს მას.
15 ვინაიდან არავის აქვს მათი სინათლეზე გამოტანის ძალაუფლება, თუ ეს ღმერთისგან არ ექნება მინიჭებული; ვინაიდან ღმერთს სურს, რომ ეს გაკეთდეს მხოლოდ მისი სიდიადისკენ მიმართული მზერით ანუ უძველესი და დიდი ხნის წინ გაფანტული, უფლის აღთქმული ხალხის საკეთილდღეოდ.
16 და კურთხეული იქნება ის, რომელიც ამას სინათლეზე გამოიტანს, ვინაიდან ბნელეთიდან გამოვა სინათლეზე, ღმერთის სიტყვის შესაბამისად; დიახ, იგი იქნება მიწიდან ამოღებული და ბნელეთიდან გამოანათებს და მივა ხალხის ცოდნამდე; და ეს ღმერთის ძალით მოხდება.
17 და თუ მათში იქნება შეცდომები, ეს იქნება ადამიანის შეცდომები. მაგრამ, აჰა, ჩვენ არაფერი ვიცით შეცდომებზე; ამისდა მიუხედავად, ღმერთმა იცის ყოველივე ეს; ამიტომ, ის, ვინც განსჯის, დაე, იყოს ფრთხილად, რათა არ აღმოჩნდეს ჯოჯოხეთის ცეცხლის ხიფათში.
18 და რომელიც იტყვის: დამანახე, თორემ გცემ – დაე, იყოს ფრთხილად, რათა არ ბრძანოს ის, რაც უფლისგან არის აკრძალული.
19 ვინაიდან, აჰა, რომელიც წინდაუხედავად განიკითხავს, თავად იქნება წინდაუხედავად განკითხული; ვინაიდან საკუთარი საქმეების შესაბამისად მიეზღვება მას; ამიტომ, ის, ვინც ცემს, თავად იქნება უფლისგან ნაცემი.
20 აჰა, რას ამბობს წმინდა წერილი – კაცმა არ უნდა სცემოს, არც უნდა განიკითხოს; ვინაიდან ჩემია განკითხვა, – ამბობს უფალი – და შურისგებაც; და მე მივაგებ.
21 ის, რომელიც ანთხევს რისხვასა და დაპირისპირებას უფლის საქმისა და უფლის აღთქმული ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც არიან ისრაელის სახლის და იტყვის: ჩვენ გავანადგურებთ უფლის საქმეს და უფალი არ გაიხსენებს თავის აღთქმას, რომელიც დადო ისრაელის სახლთან, – იგი არის ხიფათში, რომ იქნება მოკვეთილი და ცეცხლში ჩაგდებული;
22 ვინაიდან უფლის მარადიული მიზნები გაგრძელდება, სანამ არ აღსრულდება მისი ყოველი დანაპირები.
23 შეისწავლეთ ესაიას წინასწარმეტყველებანი. აჰა, მე არ შემიძლია მათი დაწერა. დიახ, აჰა, მე გეუბნებით, რომ ის წმინდანები, რომლებიც ჩემამდე წავიდნენ, რომლებიც ამ მიწას ფლობდნენ, შეჰღაღადებენ, დიახ, მტვრიდანაც კი ისინი უფალს შეჰღაღადებენ და ისე, როგორც ცოცხალია უფალი, იგი გაიხსენებს აღთქმას, რომელიც მათთან დადო.
24 და მისთვის ცნობილია მათი ლოცვები, რომ ლოცულობდნენ თავიანთი ძმების გულისათვის. და იცის მათი რწმენის შესახებ, ვინაიდან მისი მეშვეობით მთებს სძრავდნენ; და მისი სახელით მიწას აზანზარებდნენ და მისი სიტყვის ძალით საპყრობილეებს მიწასთან ასწორებდნენ; დიახ, ცეცხლოვანი ღუმელიც ვერ ავნებდა მათ, ვერც გარეული მხეცები და ვერც შხამიანი გველები, მისი სიტყვის ძალის მადლით.
25 და აჰა, მათი ლოცვები იყო მისთვის, რომელსაც უფალი უბრძანებს, რომ ყოველივე ეს მოავლინოს.
26 არავისთვის არ არის საჭირო თქმა, რომ ეს არ მოევლინება, ვინაიდან ეს აუცილებლად მოვა, ვინაიდან ასე თქვა უფალმა; მიწიდან მოევლინება ეს უფლის ხელით და ვერავინ შეეწინააღმდეგება მას; და მოევლინება იმ დღეს, როდესაც იტყვიან, რომ სასწაულები აღარ მოხდება; და ეს მოევლინება, როგორც ვინმეს მკვდრეთიდან ნათქვამი.
27 და მოევლინება იმ დღეს, როდესაც წმინდანთა სისხლი შეჰღაღადებს უფალს, საიდუმლო შეთქმულებებისა და ბნელეთის საქმეების გამო.
28 დიახ, და ეს მოევლინება იმ დღეს, როდესაც ღმერთის ძალა იქნება უარყოფილი და ეკლესიები წაიბილწება და თავიანთი გულების ამპარტავნობით აღზევებდება; დიახ, იმ დღეს, როდესაც ეკლესიის წინამძღვარნი და მასწავლებელნი აღზევდებიან გულის ამპარტავნობით, იქამდე, რომ შეშურდებათ თავიანთი ეკლესიის წევრების.
29 დიახ, ეს მოევლინება იმ დღეს, როდესაც მოაღწევს ცეცხლისა და ქარიშხლების ხმა და უცხო მიწებიდან კვამლის ბურუსი;
30 და ასევე ხმა დაირხევა ომებზე, ამბებზე ომების შესახებ და მიწისძვრებზე სხვადასხვა ადგილებში.
31 დიახ, ეს მოევლინება მაშინ, როდესაც დედამიწის პირზე იქნება დიდი დაბინძურება; იქნება მკვლელობა და ძარცვა, ტყუილი და სიცრუე, მრუშობა და ყოველგვარი სისაძაგლე; როდესაც იქნება მრავალი ისეთი, რომელიც იტყვის: გააკეთე ეს ან გააკეთე ის და არ აქვს ამას მნიშვნელობა, ვინაიდან უფალი უკანასკნელ დღეს ამას გაამართლებს. მაგრამ ვარამი ასეთებს, ვინაიდან მწარე ნაღველში იმყოფებიან და ურჯულოების ბორკილებში.
32 დიახ, ეს მოევლინება იმ დღეს, როდესაც აშენდება ეკლესიები, რომლებიც იტყვიან: მოდით ჩემთან და თქვენი ფულის სანაცვლოდ შეგენდობათ ცოდვები.
33 თქვენ, ბოროტო, უკუღმართო და ქედფიცხელო ხალხო, რატომ ააშენეთ ეკლესიები სარგებლის მისაღებად? რატომ დაამახინჯეთ ღმერთის წმინდა სიტყვა, რომ საკუთარ სულზე იწვევთ წყევლას? აჰა, შეხედეთ ღმერთის გამოცხადებებს; ვინაიდან, აჰა, მოვა დრო იმ დღეს, რომ ყოველივე ეს უნდა აღსრულდეს.
34 აჰა, უფალმა დამანახა დიდი და საოცარი რამ იმაზე, რაც მალე უნდა მოვიდეს, იმ დღეს, როდესაც ყოველივე ეს მოხდება თქვენ შორის.
35 აჰა, მოგმართავთ ისე, როგორც აქ მყოფთ და აქ არ ხართ. მაგრამ, აჰა, იესო ქრისტემ დამანახა თქვენი თავი და ვიცი თქვენი საქმენი.
36 და ვიცი, რომ დადიხართ გულის ამპარტავნობით და აღარავინ არის, გარდა რამდენიმესი, რომლებიც არ არიან აღზევებულნი საკუთარი გულის ამპარტავნობაში, რათა შეიმოსონ ძვირფასი სამოსელით, გამოავლინონ შური და დაპირისპირება და ღვარძლი და დევნა და ყოველნაირი ურჯულოება; და თქვენი ეკლესიები, დიახ, ყველა სათითაოდ, არის წაბილწული, გულის ამპარტავნობის გამო.
37 ვინაიდან, აჰა, გიყვართ ფული, ქონება, ძვირფასი სამოსელი და თქვენი ეკლესიების მორთულობა უფრო მეტად, ვიდრე ღარიბი და ღატაკი, ავადმყოფი და გაჭირვებული.
38 თქვე წაბილწულებო და თვალთმაქცებო, მასწავლებლებო, რომლებიც თავს ყიდით იმაზე, რაც დალპება, რატომ წაბილწეთ ღმერთის წმინდა ეკლესია? რატომ გრცხვენიათ საკუთარ თავზე ქრისტეს სახელის აღება? რატომ არ ფიქრობთ, რომ მარადიული ბედნიერება უფრო ძვირფასია, ვიდრე ის უბედურება, რომელიც არასდროს დასრულდება – ამა ქვეყნის ქების გამო ხომ არა?
39 რატომ ირთვებით იმით, რასაც არ აქვს სიცოცხლე და უშვებთ, რომ მშიერმა, ღატაკმა და შიშველმა, ავადმყოფმა და გაჭირვებულმა ჩაგიარონ გვერდზე და ვერ ამჩნევთ მათ?
40 დიახ, რატომ აწესებთ საიდუმლო სისაძაგლეს სარგებლის მისაღებად და უშვებთ, რომ ქვრივებმა იგლოვონ უფლის წინაშე, ასევე ობლებმა იგლოვონ უფლის წინაშე, ასევე მათი მამებისა და ქმრების სისხლმა მიწიდან შეჰღაღადოს უფალს, თქვენს თავზე შურისგებისთვის?
41 აჰა, შურისგების მახვილი აღმართულია თქვენზე და მალე მოვა დრო, როდესაც იგი მოგაგებთ თავზე შურისგებას წმინდანთა სისხლისთვის, ვინაიდან მეტს აღარ დაუშვებს მათ ტირილს.