წმინდა წერილი
მორმონი 4


თავი 4

გრძელდება ომი და ხოცვა-ჟლეტა. ბოროტი სჯის ბოროტს. ვრცელდება იმაზე უფრო დიდი სიბოროტე, ვიდრე ოდესმე ყოფილა მთელ ისრაელში. ქალებსა და ბავშვებს სწირავენ კერპებს. ლამანიელები დევნიან ნეფიელებს. დაახლოებით 363–375 წწ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, იყო ასე, რომ სამას სამოცდამესამე წელს, ნეფიელები გამოვიდნენ თავიანთი ჯარებით მიწა აოხრებულიდან, რათა ლამანიელებს შებრძოლებოდნენ.

2 და იყო ასე, რომ ნეფიელთა ჯარები უკან აქციეს მიწა აოხრებისკენ. და იმ დროს, როდესაც დაქანცულები იყვნენ, ლამანიელები ახალი ჯარებით თავს დაესხნენ; და მწვავე ბრძოლა ჰქონდათ მათ, ისეთი, რომ ლამანიელები დაეუფლნენ ქალაქ აოხრებულს და დახოცეს მრავალი ნეფიელი და მრავალი ტყვე შეიპყრეს.

3 დანარჩენები გაიქცნენ და ქალაქ ტეანკუმის მცხოვრებთ შეუერთდნენ. ახლა, ქალაქი ტეანკუმი მდებარეობდა ზღვის სანაპიროს საზღვრებთან; და იგი ასევე ქალაქ აოხრებულთან ახლოს იყო.

4 და იმის გამო, რომ ნეფიელთა ჯარები გამოვიდნენ ლამანიელთა წინააღმდეგ, მათ იწყეს დამარცხება; ეს რომ არ გაეკეთებინათ, ლამანიელებს მათზე ძალა არ ექნებოდათ.

5 მაგრამ, აჰა, ღმერთის სასჯელი მოევლინება ბოროტს; და ბოროტნი ისჯებიან ბოროტთა ხელით; ვინაიდან ბოროტნი აღვივებენ სისხლისღვრას ადამიანთა შვილების გულში.

6 და იყო ასე, რომ ლამანიელები ქალაქ ტეანკუმზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

7 და იყო ასე, რომ სამას სამოცდამეოთხე წელს, ლამანიელები ქალაქ ტეანკუმზე წამოვიდნენ, რათა ქალაქი ტეანკუმიც დაეპყროთ.

8 და იყო ასე, რომ ნეფიელებმა ისინი მოიგერიეს და უკუაგდეს. და როდესაც ნეფიელებმა იხილეს, რომ ლამანიელები უკუაგდეს, მათ კვლავ დაიწყეს ტრაბახი საკუთარი ძალით და კვლავ გამოვიდნენ თავიანთი ძალებით და კვლავ დაეუფლნენ ქალაქ აოხრებულს.

9 და ყოველივე ეს გაკეთდა და ათასობით დაიხოცა ორივე მხარეს, ნეფიელებიც და ლამანიელებიც.

10 და იყო ასე, რომ ჩაიარა სამას სამოცდამეექვსე წელმა და ლამანიელები კვლავ წამოვიდნენ ნეფიელებთან საბრძოლველად; და მაინც არ მოინანიეს ნეფიელებმა ჩადენილი ბოროტება და აგრძელებდნენ საკუთარ სიბოროტეში ყოფნას.

11 და შეუძლებელია ენით ითქვას ან ადამიანის მიერ აღიწეროს სრულად ის საშინელი სისხლისა და ხოცვა-ჟლეტის სურათი, რაც ადამიანებს შორის ხდებოდა, ნეფიელებსა და ლამანიელებს შორის; და ყოველი გული იყო გაქვავებული, ასე რომ ისინი გამუდმებით ტკბებოდნენ სისხლისღვრით.

12 არასდროს არ ყოფილა ასეთი დიდი სიბოროტე ლეხის შვილებს შორის, არც მთელი ისრაელის სახლში, უფლის სიტყვების შესაბამისად, როგორიც იყო ამ ხალხში.

13 და იყო ასე, რომ ლამანიელები დაეუფლნენ ქალაქ აოხრებულს და ეს იმის გამო, რომ რიცხობრივად ნეფიელებს აღემატებოდნენ.

14 და ისინი გაემართნენ ასევე ქალაქ ტეანკუმისკენ, გამოაძევეს მისი მცხოვრებნი და შეიპყრეს მრავალი ტყვე – ქალები და ბავშვები და შესწირეს ისინი თავიანთ კერპ-ღმერთებს.

15 და იყო ასე, რომ სამას სამოცდამეშვიდე წელს ნეფიელები, იყვნენ რა განრისხებულნი, ვინაიდან ლამანიელებმა შესწირეს მათი ქალები და ბავშვები, წავიდნენ ლამანიელების წინააღმდეგ ძალზედ დიდი მრისხანებით, ისეთით, რომ კვლავ დაამარცხეს ლამანიელები და გააძევეს საკუთარი მიწებიდან.

16 და ლამანიელები აღარ გამოდიოდნენ ნეფიელების წინააღმდეგ სამას სამოცდათხუთმეტ წლამდე.

17 და ამ წელს ისინი გამოვიდნენ ნეფიელების წინააღმდეგ მთელი თავიანთი ძალებით; და მათი დათვლა შეუძლებელი იყო დიდი რაოდენობის გამო.

18 და ამ ჟამიდან მომავალში, ნეფიელებმა ვეღარ მოიპოვეს ლამანიელებზე ძალაუფლება, ხოლო მათ დაიწყეს ნეფიელთა დევნა და იყვნენ ისინი ვითარცა ცვარი მზის ქვეშ.

19 და იყო ასე, რომ ლამანიელები წამოვიდნენ ქალაქ აოხრებულზე; და ძალზედ მწვავე ბრძოლა გაჩაღდა მიწა აოხრებულზე, რომელზეც მათ დაამარცხეს ნეფიელები.

20 და ისინი კვლავ გაიქცნენ მათგან და მივიდნენ ქალაქ ბოყაზში და იქ შეეწინააღმდეგნენ ლამანიელებს დიდი სიმამაცით, ისეთით, რომ ლამანიელებმა ვერ დაამარცხეს ისინი სანამ კვლავ, მეორეჯერ არ შეუტიეს.

21 და როდესაც მათ მეორეჯერ შეუტიეს, ნეფიელები გააძევეს და დახოცეს ძალზედ დიდი ხოცვა-ჟლეტით; მათი ქალები და ბავშვები კვლავ შესწირეს კერპებს.

22 და იყო ასე, რომ ნეფიელები კვლავ გაიქცნენ მათგან, თან წაიყვანეს ყველა მცხოვრებნი ქალაქებიდან და სოფლებიდანაც.

23 და ახლა, მე, მორმონი, ვხედავდი რა, რომ ლამანიელებმა ლამის დააქციეს მიწა, მივედი გორაკ შიმთან და ავიღე ყველა ჩანაწერი, რომელიც ამარონმა უფლისთვის გადამალა.