წმინდა წერილი
მორმონი 7


თავი 7

მორმონი მოუხმობს უკანასკნელი დღეების ლამანიელებს, იწამონ ქრისტე, მიიღონ მისი სახარება და გადარჩნენ. ყოველი, ვისაც სწამს ბიბლია, ასევე იწამებს მორმონის წიგნს. დაახლოებით 385 წ. ჩვენი წელთაღრიცხვით.

1 და ახლა, აჰა, მე ვიტყვი ცოტაოდენს ამ ხალხის ნარჩენისადმი, რომლებიც დაინდეს, თუ მოხდება ისე, რომ ღმერთი ჩემს სიტყვებს მათ მიაწვდენს, რათა გაიგონ თავიანთი მამების საქმენი; დიახ, გეუბნებით თქვენ, ისრაელის სახლის ნარჩენო; და ეს არის სიტყვები, რომლებსაც გეუბნებით:

2 იცოდეთ, რომ ისრაელის სახლს მიეკუთვნებით.

3 იცოდეთ, რომ უნდა მიხვიდეთ მონანიებამდე, თორემ ვერ გადარჩებით.

4 იცოდეთ, რომ უნდა დადოთ თქვენი საომარი იარაღი და აღარ დატკბეთ სისხლისღვრით და აღარ აიღოთ იგი, თუკი ამას ღმერთი არ გიბრძანებთ.

5 იცოდეთ, რომ უნდა მიხვიდეთ თქვენი მამების ცოდნამდე და მოინანიოთ ყველა თქვენი ცოდვა და ურჯულოება და იწამოთ იესო ქრისტე, რომ იგი არის ძე ღვთისა, და იუდეველთა მიერ იყო მოკლული და კვლავ აღმდგარი მამის ძალით, რომლითაც მან გაიმარჯვა საფლავზე; და ასევე, მასში შთაინთქა სიკვდილის ნესტარი.

6 და იგი ახორციელებს გარდაცვლილთა აღდგომას, რომლითაც ადამიანი უნდა აღდგეს, რათა წარსდგეს მისი სამსჯავროს წინაშე.

7 და მან აღასრულა ამა ქვეყნის გამოსყიდვა, რომლის მეშვეობითაც მას, ვინც უმწიკვლო აღმოჩნდება განკითხვის დღეს მის წინაშე, ებოძება ღვთის სასუფეველში ყოფნა მის გარემოცვაში, რათა ზეციერ მგალობლებთან ერთად განუწყვეტლივ უგალობონ სადიდებლები მამასა და ძეს და სულიწმინდას ანუ ერთიან ღმერთს, მარადიულ ბედნიერებაში ყოფნით, რომელსაც არ აქვს დასასრული.

8 ამიტომ, მოინანიეთ და მოინათლეთ იესოს სახელით და დაეყრდენით ქრისტეს სახარებას, რომელიც თქვენ წინაშე გაიხსნება არა მარტო ამ ჩანაწერში, არამედ იმ ჩანაწერში, რომელიც წარმართებთან მივა იუდეველებისგან, რომელი ჩანაწერიც წარმართებისგან თქვენთან მოვა.

9 რადგან, აჰა, ეს დაიწერა იმ განზრახვით, რომ იწამოთ იგი; და თუ თქვენ მას იწამებთ, ასევე იწამებთ ამას; და თუ ამას იწამებთ, გეცოდინებათ თქვენი მამების შესახებ და ასევე საოცარ საქმეებზე, რომლებიც ღმერთის ძალით მოხდა მათში.

10 და ასევე გაიგებთ, რომ ხართ იაკობის შთამომავლობის ნარჩენი, ამიტომ ითვლებით პირველი აღთქმის ხალხში; და თუ იქნება ასე, რომ იწამებთ ქრისტეს და მოინათლებით ჯერ წყლით, შემდეგ ცეცხლითა და სულიწმინდით, მიჰყვებით რა ჩვენი მხსნელის მაგალითს, იმის შესაბამისად, რაც მან გვიბრძანა, მაშინ მშვიდობა იქნება თქვენკენ განკითხვის დღეს. ამინ.