2010-2019
მოქმედების ხედვა
აპრილი 2012


მოქმედების ხედვა

თუ ჩვენ გვსურს წარმატება და არა დაღუპვა, უნდა გავიზიაროთ იგივე ხედვა, რაც ქრისტეს აქვს ჩვენს მიმართ.

ზუსტად ისე, როგორც სხვა მშობლები, ჩემი მშობლებიც უსურვებდნენ თავის შვილებს ნათელ მომავალს. მამაჩემი არ იყო ეკლესიის წევრი, უჩვეულო პირობების გამო, რომლებიც იმ დროს ჩვენს ოჯახში განვითარდა, ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს მე და ჩემ და-ძმას დაგვეტოვებინა ამერიკული სამოა წყნარ ოკეანეში და გადავსულიყავით შეერთებულ შტატებში სკოლაში სასწავლებლად.

ჩემი მშობლებისთვის, განსაკუთრებით დედისთვის, ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო ადვილი. მათ იცოდნენ, რომ ახალ გარემოში უცნობი სირთულეები გველოდა, მაგრამ მათ მაინც უკან არ დაიხიეს და გეგმის განხორციელებას რწმენითა და სიმტკიცით შეუდგნენ.

დედა უკანასკნელი დღეების წმინდანთა გარემოცვაში გაიზარდა, ამიტომ მისთვის კარგად ცნობილი იყო მარხვისა და ლოცვის კანონი. ორივემ, დედამ და მამამ იგრძნეს, რომ მათ შვილების დასახმარებლად ზეციური ლოცვა-კურთხევა ესაჭიროებოდათ. იმ გაზაფხულს მათ ყოველ კვირას ერთი დღე ჰქონდათ დათმობილი იმისთვის, რომ ემარხულათ და ჩვენთვის ელოცათ. მათი ხედვით ისინი შვილებს ნათელი მომავლისთვის ამზადებდნენ. მათ იმოქმედეს ამ ხედვის შესაბამისად და გამოავლინეს რწმენა უფლის ლოცვა-კურთხევის ძიებაში. მარხვისა და ლოცვის ძალით, მათ მიიღეს დასტური, ნუგეში და სიმშვიდე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.

როგორ ვახერხებთ ჩვენ, ცხოვრებისეულ სიძნელეებით გარშემორტყმილნი, მივიღოთ ხედვა იმაზედ, თუ რა ვაკეთოთ იმისათვის, რომ დავუახლოვდეთ მაცხოვარს? ამ ხედვასთან დაკავშირებით იგავებში გადმოცემულია შემდეგი ჭეშმარიტება: „ხილვათა გარეშე თავს აიშვებს ხალხი“ (იგავები 29:18). თუ ჩვენ გვსურს წარმატება და არა დაღუპვა, უნდა გავიზიაროთ იგივე ხედვა, რაც ქრისტეს აქვს ჩვენს მიმართ.

მაცხოვარი, იმ უბრალო მეთევზეებში, რომელთაც მოუწოდა გაჰყოლოდნენ მას, უფრო მეტს ხედავდა, ვიდრე ისინი საკუთარ თავში; მას იმის ხედვა ჰქონდა, თუ რანი შეიძლებოდა გამხდარიყვნენ ისინი. ის ხედავდა მათ სიკეთესა და პოტენციალს და არჩევანი გააკეთა მათზე. თავიდან ისინი გამოუცდელები იყვნენ, მაგრამ მიჰყვებოდნენ ქრისტეს, ხედავდნენ მის მაგალითს, მიიღეს მისი სწავლება და მისი მოწაფეები გახდნენ. იყო დრო, როცა ზოგიერთმა მოწაფემ მიატოვა იგი, რადგან ის, რასაც ისინი ისმენდნენ, ძათთვის ძნელი მისაღები იყო. ქრისტემ იცოდა, რომ სხვებსაც შეეძლოთ მისი მიტოვება, ამიტომ ჰკითხა თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა“? (იოანე 6:67). პეტრეს პასუხი გვიჩვენებს იმას, თუ როგორ შეიცვალა ის და როგორ გააცნობიერა, ვინ იყო მაცხოვარი: „ვისთან უნდა წავიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს.“ (იოანე 6:68) - მიუგო იესოს პეტრემ.

ამ ხედვით, ამ ერთგულ და თავდადებულ მოწაფეებს შესწეოდათ უნარი გადაელახათ ყველა ის სირთულე, რომელიც მათ ხვდებოდათ მაცხოვრის გარდაცვალების შემდეგ,სახარების ქადაგებისა და ეკლესიის დაარსების გამო. საბოლოოდ, ზოგიერთი მათგანი თავის დამოწმებას შეეწირა.

წმინდა წერილში არის სხვა მაგალითებიც მათ შესახებ, ვინც მოიპოვეს სახარებისეული ხედვა და შემდეგ ცხოვრებაში განახორციელეს ის. წინასწარმეტყველმა ალმამ მიიღო თავისი ხედვა მაშინ, როცა მოისმინა აბინადაის გაბედული სიტყვა და დამოწმება მეფე ნოეს წინაშე. ალმამ აბინადაის სწავლება მოქმედებაში გადაიყვანა და დაიწყო შესწავლილის ქადაგება. ის ნათლავდა ყველას, ვინც მის სიტყვას იჯერებდა (იხილეთმოსია 17:14; ; 18:116). მოციქულე პავლე, როცა პირველ წმინდანებს დევნიდა, რწმენაში მოიქცა დამასკოს გზაზე და შემდეგ ცხოვრებაში გამოიყენა სწავლება და ამოწმებდა ქრისტეს შესახებ (იხილეთ საქმეები 9:16, 2022, 29).

ჩვენს დროში მრავალმა ქალმა, კაცმა და შეუღლებულმა წყვილმა გამოეხმაურა წინასწარმეტყველის მოწოდებას იმსახუროს მისიაში. რწმენით და გაბედულად ისინი ტოვებენ სახლებს და მათთვის კარგად ნაცნობ გარემოს იმის გამო, რომ სჯერათ: მათ დიდი სიკეთის მოტანა შეუძლიათ სხვებისთვის მისიონერის როლში. როცა ისინი მსახურების ხედვით მოქმედებენ, მრავალ ცხოვრებაში დალოცვა შემოაქვთ და ამ პროცესში მათ საკუთარ ცხოვრებაშიც შემოდის ლოცვა-კურთხევა. ბოლო გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტმა მონსონმა ყველას მადლობა გადაგვიხადა ურთიერთ მსახურებისთვის და შეგვახსენა ჩვენი ვალდებულება - აქ, დედამიწაზე, დავეხმაროთ ღმერთს თავისი შვილების დალოცვაში (იხილეთ “Until We Meet Again,” Liahona და Ensign, ნოემბერი 2011, გვ.108). ამ დავალების შესრულება ტკბილია, რამეთუ ეკლესიის წევრებმა მისი ხედვა მოქმედებაში მოიყვანეს.

მაცხოვარმა იცოდა, რომ ჩვენ მისი დახმარება დაგვჭირდებოდა, ამიტომ, სანამ დაგვტოვებდა თქვა: „ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან“ (იოანე 14:18). ის ასწავლიდა თავის მოწაფეებს: „ხოლო ნუგეშისმცემელი კი, სულიწმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლინებს მამა, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს“ (იოანე 14:26). ეს ის სული წმინდაა, რომელსაც შეუძლია გაგვაძლიეროს და გვიბიძგოს იმის კეთებისკენ, რასაც მაცხოვარი, თანამედროვე წინასწარმეტყველები და მოციქულები გვასწავლიან.

როცა მოქმედებაში მოგვყავს ჩვენი ხელმძღვანელების სწავლებები, უფრო ღრმად ვგებულობთ მაცხოვრის ხედვას ჩვენს მიმართ. ამ კონფერენციის საშუალებით ჩვენ წინასწარმეტყველების და მოციქულების შთამაგონებელი რჩევები მოვისმინეთ. შეისწავლეთ ეს სწავლებანი და გულში ჩაიდეთ ამაზე ფიქრი იმ დროს, როცა სული წმინდის მეშვეობით ეძებთ დახმარებას, გაგიმხილოთ ამ სწავლების ხედვა თქვენს ცხოვრებაში. ამ ხედვით, გამოავლინეთ თქვენი რწმენა იმით, რომ იმოქმედებთ მათი რჩევების შესაბამისად.

იკვლიეთ და შეისწავლეთ წმინდა წერილები იმ განწყობით, რომ მომავალში უფრო მეტი სინათლე და ცოდნა მიიღოთ. ჩაიბეჭდეთ ისინი გულში და ნება მიეცით მათ შთაგაგონოთ, შემდეგ იმოქმედეთ თქვენი შთაგონების მიხედვით.

როგორც ოჯახში ვისწავლეთ, ჩვენ ვმოქმედებთ, როდესაც ვმარხულობთ და ვლოცულობთ. ალმამ ახსენა ლოცვა და მარხვა, როგორც რაიმეს დასტურის მიღების ხერხი, როდესაც თქვა, რომ მან ბევრი ილოცა და იმარხულა, რათა გაეგო თავისთვის, რაც სურდა (იხილეთალმა 5:46). ჩვენც, ლოცვისა და მარხვის საშუალებით, ვიგებთ, როგორ გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს.

ზოგჯერ ცხოვრებაში სირთულეების გამო ჩვენ ვაკნინებთ რწმენასა და ხედვას იმაზედ, თუ რა უნდა ვაკეთოთ. ჩვენ იმდენად დაკავებულები ვართ, რომ ხშირად ვგრძნობთ, რომ მეტის გაკეთება აღარ შეგვიძლია. რადგან ჩვენ ყველანი განვსხვავდებით, მე მორჩილად გირჩევთ გადაიტანოთ ყურადღება მაცხოვარსა და მის სწავლებაზე. რას ხედავდა ის პეტრეში, იაკობში, იოანეში და სხვა მოციქულებში ისეთს, რამაც განაპირობა მოეხმო ისინი, რათა მის კვალს გაჰყოლოდნენ? ისე, როგორც მათ შემთხვევაში, მაცხოვარს ჩვენზეც აქვს ხედვა იმაზე, თუ რანი შეიძლება გავხდეთ ჩვენ. იმისთვის, რომ გადავიტანოთ ყურადღება იმაზე, რაც მარადიულ სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს, ჩვენ იგივე რწმენა და გაბედულება გვჭირდება, რაც პირველ მოციქულებს ჰქონდათ.

როდესაც ჩვენ მაცხოვრის ცხოვრებას და მის სწავლებას ვეცნობით ვხედავთ, თუ როგორ ასწავლის ის ადამიანებს, ლოცულობს, დავრდომილეს წამოაყენებს და კურნავს. როდესაც ჩვენ ვბაძავთ მას და ვაკეთებთ იმას, რასაც ის მოიმოქმედებდა, ჩვენ ვანვითარებთ იმ ხედვას, რომელიც დაგვანახებს რანი შეიძლება გავხდეთ. თქვენ სული წმინდის დახმარებით დაილოცებით განჭვრეტის ძალით და შეძლებთ უფრო მეტი სიკეთის გაკეთებას. თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები შემოვა და ამით თქვენც და თქვენი ოჯახიც დაილოცება. მაცხოვარმა ნეფიელებთან მსახურების დროს იკითხა თუ როგორი ადამიანები უნდა გამხდარიყვნენ ისინი? და უპასუხა, რომ ისეთები, როგორიც თვითონ იყო (იხილეთ3  ნეფი 27:27). ჩვენ ამისთვის მისი დახმარება გვჭირდება, მან კი გზა დაგვანახა, გვითხრა, რომ თუ დავაკაკუნებთ, კარი გაიღება, რამეთუ ის, ვინც ითხოვს, მიეცემა, და ვინც აკაკუნებს, მის წინ კარი გაიღება (იხილეთ3  ნეფი 27:29).

მე ვიცი, რომ როცა მაცხოვრის ხედვას ვიძენთ საკუთარი თავის მიმართ და ვმოქმედებთ ამ ხედვით, ჩვენი ცხოვრება დაუჯერებლად დალოცვილი იქნება. ჩემი მშობლების ხედვის გამო მე არა მხოლოდ განათლების გამოცდილების დალოცვა მივიღე, არამედ მოვხვდი გარემოში, სადაც ვიპოვე და მივიღე სახარება. უფრო მეტიც, მე ვისწავლე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია გყავდეს კარგი ერთგული მშობლები. მარტივად რომ ვთქვათ, ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

ზუსტად ისე, როგორც ხედვამ განაპირობა ჩემი მშობლების ლოცვა და მარხვა შვილების საკეთილდღეოდ, პირველი მოციქულების ხედვამაც, ისინი მაცხოვრის მიმდევრები გახადა, ეს ხედვა დღესაც მისაწვდომია ჩვენი შთაგონებისთვის და მოქმედებისთვის. დებო და ძმებო, ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც ხედვის ისტორია, რწმენა და მოქმედების სითამამე გააჩნია. ნახეთ რას მივაღწიეთ და რა კურთხევები მივიღეთ! დაიჯერეთ, რომ უფალს შეუძლია დაგლოცოთ თქვენი ცხოვრების მიმართ ხედვით და მოქმედების გაბედულებით.

მე ვამოწმებ იმას, რომ მაცხოვარი არსებობს და მას სურს დავბრუნდეთ მასთან. ამისთვის ჩვენ გვჭირდება რწმენა - გავყვეთ და დავემსგავსოთ მას. ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა წუთებში, ის გვიწვდის ხელს და გვეუბნება:

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს.

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი - მსუბუქი“ (მათე 11:29 -30).

ზუსტად ისე, როგორც მაცხოვარი ხედავდა თავის ადრეულ მოწაფეებში პოტენციალს, ისევე ხედავს ის ამას ჩვენში. მოდით შევხედოთ საკუთარ თავს მაცხოვრის თვალით. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ყველას გვქონდეს ეს ხედვა, საჭირო რწმენა და მოქმედების გაბედულება. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.