2010-2019
განსაკუთრებული გაკვეთილები
აპრილი 2012


განსაკუთრებული გაკვეთილები

მე ვლოცულობ და ვიტოვებ იმედს იმაზედ, რომ ჩვენ კვლავაც კეთილშობილად ვატარებთ საკუთარ ტვირთს და მივწვდეთ იმათ, ვინც იტანჯება.

ბოლო ოცი თვის განმავლობაში ჩვენს ოჯახს ჰქონდა კურთხევა ეზრუნა ძალიან განსაკუთრებულ ბავშვზე.

ჩვენი შვილიშვილი, პაქსტონი, დაიბადა ძალიან იშვიათი ქრომოსომული დაავადებით. მისი გენური დაავადება, მართლაც მილიონიდან ერთია. პაქსტონის დაბადებამ ჩვენი ქალიშვილისა და მისი მეუღლის ცხოვრება მოულოდნელად შეცვალა. ეს გამოცდილება მარადისობასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ გაკვეთილად იქცა მათთვის.

უხუცესმა რასელ მ. ნელსონმა, რომელმაც ეს წუთია დაამთავრა თავისი გამოსვლა, გვითხრა:

გაურკვეველი მიზეზების გამო, ზოგიერთი ადამიანი იბადება ფიზიკური შეზღუდვებით. სხეულის სხვადასხვა ნაწილები შეიძლება არ შეესაბამებოდეს ნორმას. მარეგულირებელი სისტემები შესაძლოა დისბალანსში იმყოფებოდეს. ყოველი სხეული ავადდება და კვდება. მიუხედავად ამისა, ფიზიკური სხეული არის შეუფასებელი ძღვენი. …

ღვთაებრივი დანიშნულების მისაღწევად არ არის აუცილებელი იქონიო სრულყოფილი სხეული. რეალურად, ზოგიერთი უსაყვარლესი სული სუსტ სხეულში იმყოფება. …

საბოლოოდ მოვა დრო, როცა ყოველი სული და სხეული გაერთიანდება სრულყოფილ ფორმაში; როგორც კიდურები, ისე სახსრები დაუბრუნდებიან თავის სრულყოფილ ფორმას (იხილეთ ალმა 11:43). მაშინ, იესო ქრისტეს გამოსყიდვის წყალობით, ჩვენ შევძლებთ გავხდეთ სრულყოფილნი ქრისტეში.1

ყველანი, ვინც საყვარელი ადამიანის გამო განიცდით სიძნელეებს, მწუხარებას ან გულისტკივილს, იცოდეთ: უსაზღვროა ღმერთის, მამა ზეციერის სიყვარული და მოწყალება თქვენსა და მათ მიმართ, ვისაც თქვენ უვლით.

არიან ადამიანები, რომლებიც ასეთი ტანჯვის შემყურენი იტყვიან: როგორ დაუშვა ეს ყოვლისშემძლე ღმერთმა? შემდეგ კი ჩნდება გარდაუვალი კითხვა: რატომ დამემართა ეს მე? რატომ უნდა ვიტანჯებოდე ავადმყოფობით ან რატომ ხდება მოვლენები, რის შედეგადაც ოჯახის წევრები დროზე ადრე გარდაიცვლებიან ან ტკივილებში ატარებენ წლებს. რისთვის ეს გულისტკივილი?

ასეთ წუთებში ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ მამაზეციერის დიად ბედნიერების გეგმას. ამ გეგმის გამო, როდესაც ის წინამიწიერ ცხოვრებაში წარმოგვიდგინეს, ყველამ სიხარულით ვიყვირეთ.2 მარტივად რომ ვთქვათ, ეს ცხოვრება არის მარადიული ამაღლებისთვის მომზადება, ეს პროცესი კი გამოცდებსა და განცდებს მოითხოვს. ეს ყოველთვის ასე იყო, და გამონაკლისი არავინ არ არის.

ჩვენი მიწიერი ცხოვრებისათვის ღმერთის მიმართ რწმენა ცენტრალური ნაწილია. ღვთის მიმართ რწმენით ჩვენ ვუახლოვდებით ქრისტეს გამოსყიდვას ისეთ მომენტებში, როცა კითხვები ბევრი გვაქვს, პასუხები კი ცოტა.

აღდგომის შემდეგ, როდესაც ჩვენი მაცხოვარი, ქრისტე, ეწვია ამერიკის კონტინენტს, მან ყველას მიაწვდინა ხმა თავის მოწოდებით:

ქრისტემ ჰკითხა ხალხს, იყვნენ თუ არა მათ შორის ავადმყოფები: კოჭლები, ბრმები, გამოფიტულნი,ხეიბრები, კეთროვანნი, ყრუები ან სხვა რაიმეთი ტანჯულნი. მან სთხოვა ხალხს, მიეყვანათ ისინი მასთან და განკურნავდა მათ, რამეთუ მისი მოწყალება იყო მათზე.  …

და როცა მან ეს თქვა, მთელი ხალხი დაიძრა მისკენ თან მოყვანილ ავადმყოფებთან ერთად, კოჭლები, ბრმები, მუნჯები და სხა სენით ტანჯულნი. იესომ ყველანი განკურნა.3

ფრაზაში „მთელი ხალხი დაიძრა“დევს დიდი ძალა. დებო და ძმებო, „ყველა“ დაიძრა. ჩვენ ყველას გვაქვს სიძნელეები. და შემდეგ ფრაზა: სხვა სენით ტანჯულნი. ეს ჩვენ ყველას გვეხება, ხომ ასეა?

სულ მალე პექსტონის დაბადების შემდეგ ჩვენ ვიცოდით, რომ მამაზეციერი დაგვლოცავდა და განსაკუთრებულ გაკვეთილს გვასწავლიდა. როდესაც მე და პექსტონის მამამ მას პირველად კურთხევის მისაცემად თავზე თითები დავადეთ, მე გამახსენდა, იოანეს მეცხრე თავი: „რათა ღვთის საქმენი გამოცხადდეს მასში.“4

ღვთის საქმე აშკარად ცხადდებოდა პექსტონში.

მსახურების ფაქიზი ძალის საშუალებით, დაძაბული ემოციების ხარჯზე, თანაგრძნობის ცრემლების მეშვეობით, და მათთვის, ვინც გაჭირვებაში იმყოფება, განსაკუთრებით პექსტონისა და მისი მშობლებისთვის, ლოცვებში და სიყვარულის გამოხატვაში, ჩვენ ვსწავლობთ მოთმინებას, რწმენას და მადლიერებას.

ჩემი ბავშვობის პალოს პრეზიდენტმა, ჯეიმს ი. ფაუსტმა თქვა: „მე ძალიან მადლიერი ვარ იმ მოსიყვარულე მშობლების, რომლებიც ასე მტკიცედ იტანენ და ერევიან იმ ტანჯვასა და გულისტკივილს შვილის გამო, რომელსაც თან დაჰყვა ან მოგვიანებით განუვითარდა სერიოუზული გონებრივი ან ფიზიკური დაავადებები. ეს ტანჯვა ხშირად ყოველდღიურია და მშობელს ან ბავშვს სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. ხშირად მშობლები განუწყეტლივ, დღე და ღამეს ატარებენ შვილის მოვლაში. მრავალი დედა წლების განმავლობაში ფიზიკურად და სულიერად ბევრს შრომობს თავისი განსაკუთრებული შვილის დამშვიდებისა და ტანჯვის შემსუბუქებისათვის.“5

ისე, როგორც მოსიაშია აღწერილი, ჩვენც გავხდით პექსტონის ოჯახის მიმართ მხსნელის მიერ წმინდა სიყვარულის გადმოცემის მოწმენი, ეს სიყვარული ყველასთვის მისაწვდომია. მოსიას წიგნში აღწერილია, რომ ალმასა და მის ხალხის საზიდი ტვირთი შემსუბუქდა. უფალმა გააძლიერა ისინი, რამეთუ ადვილად შეძლებოდათ ტვირთის ტარება და ისინი სიხარულითა და მოთმინებით დანებდნენ უფლის ნებას.6

ერთხელ ღამე (პექსტონი მაშინ ახალი დაბადებული იყო) ჩვენ იუტაში, სოლთ ლეიქ სითიში, შესანიშნავი ბავშვთა სამედიცინო ცენტრის, ჩვილთა რეანიმაციის ბლოკში ვიმყოფებოდით. ჩვენ გაოცებულნი ვიყავით პექსტონის მიმართ ექიმების, ექთნების და ძიძების თავდადებულობითა და ყურადღებით. მე ვკითხე ჩემს ქალიშვილს, როგორ უნდა დაგვეფარა ხარჯები და დაახლოებით რა ეღირებოდა მკურნალობა. როდესაც ჩვენ სავარაუდო თანხა დავასახელეთ, ახლოს მდგომმა ექიმმა გვითხრა, რომ პექსტონის მკურნალობა გაცილებით უფრო ძვირი იქნებოდა იმაზე, რაც ჩვენ ვივარაუდეთ. ჩვენ გავიგეთ, რომ საფასურის დიდი ნაწილის დაფარვა ხდებოდა სხვების დროისა და ფულადი შესაწირის ხარჯზე. მისმა ნათქვამმა მორჩილებისკენ მიბიძგა, როცა დავფიქრდი იმ პატარა სულის ღირებულებაზე მათთვის, ვინც მას ასე სათუთად უვლიდა.

მე გამახსენდა, ნაცნობი ნაწყვეტი წმინდა წერილიდან, რომელმაც სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა ჩემთვის. იქ ნათქვამია, რომ ყოველი სული ძვირფასია ღვთის თვალში.7

მე ავტირდი, როცა გავიფიქრე მამაზეციერისა და მისი საყვარელი ძის, იესო ქრისტეს უსაზღვრო სიყვარულზე ყოველი ჩვენთაგანის მიმართ, ამ დროს მე ვსწავლობდი, თუ რაოდენ ფასეულია, ღმერთისთვის ყოველი სული ფიზიკურადაც და სულიერადაც.

პექსტონის ოჯახმა გააცნობიერა, რომ ისინი მიწიერი და ზეციური ანგელოზებით იყვნენ გარემოცულნი. ზოგიერთი მათგანი საჭირო დროს ჩუმად შემოდიოდა და ასევე ჩუმად გადიოდა. სხვანი კვებაზე ზრუნავდნენ, ან სარეცხს რეცხავდნენ, პექსტონის და-ძმის მოსაყვანად მიდიოდნენ, გვამხნევებდნენ და განსაკუთრებით ლოცულობდნენ ბავშვზე. ამგვარად მეორე გაკვეთილიც ვისწავლეთ: თუ შეხვდით ადამიანს, რომელიც წყალში იხრჩობა, შეეკითხებით, სჭირდება თუ არა მას თქვენი დახმარება, თუ წყალში ჩახტებით მის გადასარჩენად? დახმარების შეთავაზება, თუნდაც ხშირი და გულწრფელი, დახმარებას როდი ნიშნავს.

ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იყო დაინტერესებული შენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრებით. ამით ჩვენ არა მხოლოდ იმას ვსწავლობთ, რომ დახმარების გაწევა მნიშვნელოვანია, არამედ იმასაც, რომ სხვების დახმარებით ჩვენ თვითონ სიხარულით ვივსებით.

პრეზიდენტმა თომას ს. მონსონმა, რომელიც შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ წამოაყენოს დაცემული ადამიანი, თქვა: „ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც ცდილობს გახდეს თავისი ძმის „დარაჯი“, ცდილობს შეუმსუბუქოს მას ტანჯვა და რომელიც მიისწრაფვის იმისკენ, რომ გააუმჯობესოს ეს სამყარო. თუ შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი ადამიანები სხვებზე ბედნიერები არიან? ისინი უფრო თავდაჯერებულნი არიან. მათ კმაყოფილების აურა აქვთ, ... რამეთუ არ შეიძლება ეხმარებოდე სხვებს და საკუთარი თავისთვის არ იხვეჭდე უხვ ლოცვა-კურთხევას.“8

მიუხედავად იმისა, რომ განსაცდელის, ავადმყოფობის, უბედურების, გულისტკივილისა და ყველანაირი ტანჯვის წინაშე აღმოვჩნდებით, ჩვენი მზრუნველი, მოსიყვარულე მხსნელი ყოველთვის ჩვენთან იქნება. ის დაგვპირდა:

„ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.  …

„ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.“9

რა მადლიერები ვართ მამაზეციერის, ჩვენი საყვარელი პექსტონისთვის. მისი მეშვეობით უფალმა განაცხადა თავისი საქმე და კვლავაც გვასწავლის ამ მნიშვნელოვან, წმინდა და განსაკუთრებულ გაკვეთილებს.

მე მინდა დავამთავრო გამოსვლა ჩემი საყვარელი ჰიმნის სიტყვებით:

ბრძოლის დასრულებამდე ჩვენ ყველანი ღვთის ჯარისკაცები ვართ

გვიხარია! გვიხარია!

ჯარისკაცებო, დიდი ჯილდო გველის;

გავიმარჯვებთ და დავიდგამთ თავზე გვირგვინს.10

დებო და ძმებო, მე იმედი მაქვს და ვლოცულობ იმაზე, რომ ჩვენ კვლავაც ღირსეულად ვატარებთ საკუთარ ტვირთს და მივაღწევთ ყველასთან, ვინც გასაჭირშია, დაეცა და წამოყენება სჭირდება. დაე თითოეულმა ჩვენთაგანმა მადლობა გადაუხადოს ღმერთს, მისი ლოცვა-კურთხევისათვის და განაახლოსთავისი გადაწყვეტილება, მორჩილად ემსახუროს მამაზეციერის შვილებს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.