რას ფიქრობს ჩემზე ქრისტე?
როცა გიყვარს იგი, გწამს მისი, გჯერა მისი და მიჰყვები მას, შენ მის სიყვარულსა და მოწონებას იგრძნობ.
ბრაზილიის ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალის კორესპონდენტმა შეისწავლა ეკლესიის საფუძვლები იმისთვის, რომ მთავარ ამბებში სტატია დაეწერა. 1 მან შეამოწმა ჩვენი დოქტრინა, დაესწრო მისიონერთა მომზადების და ჰუმანიტარულ ცენტრებს, ესაუბრა ეკლესიის მეგობრებს და მათ, ვინც არც თუ ისე კარგად იყო განწყობილი ეკლესიის მიმართ. ჩემთან გასაუბრებისას კორესპონდენტი დაბნეული ჩანდა და გულწრფელად იკითხა: „როგორ შეიძლება ვინმემ არ ჩაგთვალოთ ქრისტიანებად?“ მე ვიცოდი, რომ ის ეკლესიას გულისხმობდა, მაგრამ მაინც საკუთარ თავზე მივიღე ეს შეკითხვა და შევნიშნე, რომ გულში საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: „აისახება ჩემს ცხოვრებაში მაცხოვრის მიმართ ჩემი სიყვარული და ერთგულება?“
იესომ ჰკითხა ფარისევლებს: „რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე?“2 საბოლოო შეფასებაში ჩვენი პირადი მოწაფეობა არ შეფასდება არც მეგობრებისა და არც მტრების მიერ. როგორც პავლე მოციქულმა თქვა: „ჩვენ ყველანი წარვდგებით ქრისტეს სამსჯავროს წინაშე“. 3 იმ დღეს თითოეულ ჩვენთაგანისთვის მნიშვნელოვანი იქნება კითხვა: „რას ფიქრობს ჩემზე ქრისტე?“
მთელი კაცობრიობის მიმართ თავისი სიყვარულის მიუხედავად, იესო ზოგიერთ ირგვლივ მყოფებს მიმართა „თვალთმაქცები,4 უგუნურები 5 და უსამართლობის მოქმედები“. 6 სხვებს მან მოწონებით სასუფევლის ძენი 7 და სოფლის ნათელი უწოდა. 8 იყვნენ ისეთებიც, ვისაც მან დაბრმავებული 9 და უნაყოფო10 დაარქვა, ზოგს კი გულით სუფთანი 11 და სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი. 12 ის დასტიროდა ურწმუნოებს13 და ამასოფლისებს,14, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელნიც შეაფასა როგორც რჩეულნი,15 მოწაფენი16 და მეგობრები.17 ასე რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა დასვას კითხვა: „რას ფიქრობს ჩემზე ქრისტე?“
პრეზიდენტმა თომას ს.მონსონმა აღნიშნა, რომ დღევანდელი საზოგადოება „შორდება სულიერებას...ცვლილებების ქარი გვატრიალებს,საზოგადოების მორალი ჩვენს თვალწინ ეცემა“.18 ეს არის დრო, როცა ქრისტეს სწავლებების მიმართ უპატივცემულობა და ურწმუნოება იზრდება.
ამ მშფოთვარე გარემოში ჩვენ გვიხარია ქრისტეს მოწაფეობა. გარშემო უფლის ხელს ვხედავთ. ჩვენი დანიშნულება ჩვენს თვალწინ მშვენივრად არის გადაშლილი. „ესაა საუკუნო სიცოცხლე“,- ლოცულობდა იესო, „რომ გიცნობდნენ შენ, ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც მოავლინე - იესო ქრისტეს“.19 მოწაფეობა ამ დანიშნულების ჟამს იქნება პატივისცემის ნიშანი მარადიულ ცხოვრებაში.
კონფერენციის დროს მოსმენილი გზავნილები წარმოადგენენ უფლის სადარაჯო კოშკებს ჩვენი მოწაფეობის გზაზე. როდესაც ჩვენ ვისმენდით ამ ორი დღის განმავლობაში გამოსვლებს და ვლოცულობდით სულიერი ხელმძღვანელობისთვის, მომავალში კი გავაგრძელებთ ამ მასალების შესწავლასა და ლოცვას, უფალი დაგვლოცავს სული წმინდის ძღვენის მეშვეობით გარკვეული მიმართულების მითითებით. ასეთი გრძნობები უფრო გვაახლოვებენ ღმერთთან, გვიბიძგებენ მონანიების, მორჩილების, რწმენისა და ნდობისაკენ. უფალი პასუხობს ჩვენი რწმენის ქმედებებს. “ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“. 20
იესოს შეძახილი „მომყევით მე“21 არ არის განკუთვნილი მხოლოდ მათთვის, ვინც მოემზადა სულიერ ოლიმპოზე შეჯიბრისათვის. ფაქტიურად მოწაფეობა სულაც არ არის შეჯიბრი, ის ყველასათვის მოწვევაა. ჩვენი გზა მოწაფეობისკენ არც სარბენი ბილიკის მოკლე წრეა და არც გრძელ მარათონს ვერ შეედრება. სინამდვილეში ის მთელი ცხოვრების მანძილზე ცელესტიალურ სასუფევლისკენ მოძრაობაა.
უფლის მოწვევა არის მოწოდება ყოველდღიური მოვალეობის შესასრულებლად. იესომ თქვა: „თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით“.22 „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს“. 23 შეიძლება ყოველდღე არ აღმოვჩნდეთ სათანადო სიმაღლეზე, მაგრამ თუ ვეცდებით, იესოს მიერ დაწესებული საფასური სავსეა იმედითა და გამხნევებით: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“. 24
სადაც არ უნდა იყოთ ეხლა მოწაფეობის გზაზე - სწორი არჩევანი გაგიკეთებიათ. ეს მარადისობისკენ მიმავალი გზაა. ერთად ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი ავამაღლოთ და გავაძლიეროთ, რათა მოვემზადოთ დიადი და მნიშვნელოვანი ჟამისთვის. მიუხედავად იმისა, თუ რა სირთულეები შეგვხვდება წინ, რა სისუსტეები თუ შეზღუდვები გაგვიჩნდება - მოდით ვიქონიოთ რწმენა ღვთის ძეში, რომელმაც განაცხადა: „მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია“. 25
ნება მომეცით გაგიზიაროთ მოწაფეობის ორი მაგალითი ცხოვრებაში. პირველი - პრეზიდენტ თომას ს.მონსონის მიერ, რომელიც გვიჩვენებს ჩვეულებრივი სიკეთისა და იესოს სწავლების ძალას. „უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს“.26
დაახლოებით 20 წლის წინ გენერალურ კონფერენციაზე პრეზიდენტი მონსონი საუბრობდა 12 წლის გოგონას შესახებ, რომელსაც სიმსივნე აღმოაჩნდა. მან მოგვითხრო მის სიმამაცეზე, აგრეთვე მისი მეგობრების სიკეთეზე, რომლებმაც გოგონა იუტას ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტიმპანოგუსის მთაზე აიყვანეს.
რამოდენიმე წლის წინ მე შევხვდი ჯემი პალმერ ბრინტონს და მოვისმინე ეს ამბავი სულ სხა კუთხით - თუ რა გააკეთა მისთვის პრეზიდენტმა მონსონმა.
ჯემი შეხვდა პრეზიდენტ მონსონს 1993 წ. მარტში. მას წინა დღეს უთხრეს,რომ წანაზარდი მის მარჯვენა მუხლზე სწრაფად განვითარებადი სიმსივნე იყო. გოგონას მამის დახმარებით პრეზიდენტმა მონსონმა მას სამღვდელოების კურთხევა უბოძა და შეპირდა: „შენს გასამხნევებლად იესო შენს მარჯვენა და მარცხენა მხარეს იქნება“.
„როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვდიოდი“, - ამბობს ჯემი, „მე ეტლზე მიბმული ბუშტი მოვხსენი და პრეზიდენტს გადავეცი. მასზე სახალისო წარწერა იყო: შენ ყველაზე კარგი ხარ“.
ქიმიოტერაპიის კურსისა და კიდურის შესანარჩუნებელი ოპერაციის შემდეგ პრეზიდენტ მონსონს ის არ დავიწყებია. ჯემიმ თქვა: „პრეზიდენტი მონსონი ასახიერებს ქრისტეს ჭეშმარიტ მოწაფეს. მან მწუხარებიდან დიდი და საოცარი იმედისაკენ წამიყვანა“. პირველი შეხვედრიდან სამი წლის შემდეგ ჯემი ისევ პრეზიდენტ მონსონის კაბინეტში იჯდა. შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტმა ისეთი რამ გააკეთა, რასაც ჯემი არასოდეს დაივიწყებს, თუმცა ეს პრეზიდენტ მონსონის ძალიან დამახასიათებელი თვისება იყო. მან გოგონა გააკვირვა, როდესაც სამი წლის წინ ნაჩუქარი ბუშტი ამოიღო. ბუშტზე ეწერა :“შენ ყველაზე კარგი ხარ“. პრეზიდენტმა ის შეინახა, რადგან იცოდა, რომ ამ სენისგან განკურნებული გოგონა კვლავ დაბრუნდებოდა მის კაბინეტში. ჯემისთან პირველი შეხვედრიდან თოთხმეტი წლის შემდეგ პრეზიდენტმა მონსონმა სოლთ ლეიქის ტაძარში მისი და ჯეისონ ბრინტონის ქორწინება ჩაატარა. 27
ჩვენ იმდენი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ პრეზიდენტ მონსონის მოწაფეობის მაგალითზე. ის ხშირად ახსენებს მთავარ ხელმძღვანელებს კითხვას: „რას იზავდა ქრისტე ჩემს ადგილას“?
იესომ უთხრა სინაგოგის უფროსს: “ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს“. 28 მოწაფეობა ნიშნავს გწამდეს უფლის სიმშვიდისა და გასაჭირის ჟამს, როცა ტკივილი და შიში ქრება მხოლოდ მაშინ, როცა გვჯერა, რომ ჩვენ მას ვუყვარვართ და ის ასრულებს თავის დაპირებებს.
მე ცოტა ხნის წინ შევხვდი ოჯახს, რომელიც რწმენის განსახიერების შესანიშნავი მაგალითია. პორტ-ა-პრინსელმა ჰაიტელებმა ოლგან და სოლინე საინტელუსებმა მიამბეს ეს ამბავი.
2010წ. 12 იანვარს ოლგანი იყო სამსახურში, სოლინე კი ეკლესიაში, როდესაც ჰაიტიში საშინელი მიწისძვრა მოხდა. მათი 3 შვილი: ხუთი წლის განჩი, სამი წლის ანგი და ერთი წლის განსლი თავის მეგობართან ერთად სახლში იმყოფებოდნენ.
ირგვლივ მასიური ნგრევა იყო. როგორც გახსოვთ, იმ მიწისძვრამ იანვარში ათასობით ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ოლგანი და სოლინე გარბოდნენ სახლისკენ შვილების მოსაძებნად. სამსართულიანი შენობა, რომელშიც საინტელუსების ოჯახი ცხოვრობდა, მათ დანგრეული დახვდათ.
ბავშვებმა გაქცევა ვერ მოახერხეს. სამაშველო სამუშაოებს ასე ძლიერად დანგრეულ სახლზე არავინ არ ჩაატარებდა.
ორივენი, ოლგანიც და სოლინეც მისიიდან დაბრუნებული და ტაძარში დაქორწინებულები იყვნენ. მათ სწამდათ უფლის და მისი დაპირებების, მაგრამ მაინც გულგატეხილები იყვნენ. ისინი განუწყვეტლივ ტიროდნენ.
ოლგანმა მითხრა, რომ ყველაზე მძიმე წუთებში მან ლოცვა დაიწყო. „მამაო ზეციერო, თუ არის ნება შენი, ერთი შვილი მაინც გადაგვირჩინე. გთხოვ, გთხოვ, დაგვეხმარე“. ის შენობის ნარჩენების ირგვლივ დადიოდა და შთაგონებისთვის ლოცულობდა. მეზობლები მას აწყნარებდნენ, ცდილობდნენ შეეგუებინათ იგი შვილების დაკარგვის ფაქტთან, ოლგანი კი მაინც დანგრეული შენობის ირგვლივ დადიოდა და ლოცულობდა. შემდეგ რაღაც საოცრება მოხდა. ოლგანმა გაიგონა ბავშვის ჩუმი ტირილი. ეს მისი შვილის ხმა იყო.
რამოდენიმე საათის განმავლობაში მეზობლები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გამალებულნი თხრიდნენ ნანგრევებს. სიბნელეში ჩაქუჩებისა და საჭრისის ხმაურში მაშველებს კვლავ ხმა შემოესმათ. ისინი საკუთარ ყურებს არ უჯერებდნენ. ეს პატარა ბავშვის ხმა იყო, ის მღეროდა. ხუთი წლის განჩიმ მოგვიანებით თქვა, რომ მან იცოდა, რომ მამა გაიგონებდა მის სიმღერას. დამსხვრეულმა ბეტონმა ბიჭის ხელი შეიწირა, მაგრამ ის ნანგრევების ქვეშაც თავის საყვარელ სიმღერას მღეროდა: „მე შვილი ვარ ღვთისა“. 29
სიბნელეში საათები გადიოდა. ჰაიტიში ღვთის ძვირფასი შვილები იღუპებოდნენ, მაგრამ საინტელუსების ოჯახში სასწაული მოხდა: განჩი, ანგი და განსლი მიწასთან გასწორებული შენობის ქვეშ ცოცხლები იპოვეს. 30
სასწაულები ყოველთვის ასე სწრაფად არ ხდება; ზოგჯერ ჩვენ გვიკვირს, რომ სასწაული, რომლისთვისაც ვილოცეთ, მაშინვე არ მოხდა. მაგრამ როცა გვწამს მხსნელის, დაპირებული სასწაულებიც მოხდება. ამ ცხოვრებასა თუ მომდევნო ცხოვრებაში, ყველაფერი გამოსწორდება. მხსნელი აცხადებს: „ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება“. 31 „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით: მე ვძლიე სოფელს“. 32
მე ვამოწმებ, რომ თუ თქვენ უფალი გეყვარებათ, იწამებთ მას, დაუჯერებთ და მიჰყვებით, თქვენ მის სიყვარულსა და მოწონებას დაიმსახურებთ. როდესაც დასვავთ კითხვას: „რას ფიქრობს ჩემზე ქრისტე“? თქვენ გეცოდინებათ, რომ ქრისტეს მოწაფე ხართ; თქვენ მისი მეგობარი ხართ. მისი მადლით ის გააკეთებს თქვენთვის იმას, რისი გაკეთება თქვენ თვითონ არ შეგიძლიათ.
ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი საყვარელი წინასწარმეტყველის, პრეზიდენტ თომას ს.მონსონის დასკვნით სიტყვას. პრეზიდენტი თომას ს. მონსონი ხელთდასხმულ იქნა იესო ქრისტეს მოციქულად როდესაც მე 12 წლის ვიყავი. 48 წელიწადზე მეტია, დალოცვილნი ვართ იმით, რომ ვისმეთ მის იესო ქრისტეზე დამოწმებას. მე ვამოწმებ, რომ ის ახლა დგას როგორც მაცხოვრის მთავარი მოციქული დედამიწაზე.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იესო ქრისტეს იმ მოწაფეების მიმართ, ვინც არ არიან ამ ეკლესიის წევრები, ჩვენ მორჩილად ვაცხადებთ, რომ ანგელოზები დაუბრუნდნენ დედამიწას დღეს. იესო ქრისტეს ეკლესია აღდგენილ იქნა იმ სახით, რა სახითაც ის ძველად დაარსდა, მისი ძალა-უფლებით, წეს-ჩვეულებებით და ზეციური ლოცვა-კურთხევით. მორმონის წიგნი არის კიდევ ერთი დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ.
მე ვამოწმებ, რომ იესო ქრისტე არის სამყაროს მხსნელი. ის დაიტანჯა და მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, მესამე დღეს კი აღსდგა. იგი აღსდგა. მოვა დღე, როცა ყოველი მუხლი მოიდრიკება და ყოველი ენა დაამოწმებს, რომ იგი არის ქრისტე.33 იმ დღეს ჩვენ არ ვიქნებით შეწუხებულნი იმით, „მთვლიან თუ არა სხვები ქრისტიანად?“ იმ დღეს ჩვენი მზერა მიმართული იქნება მისკენ, ჩვენი სულები კი მიჯაჭვული კითხვას: “რას ფიქრობს ჩემზე ქრისტე“? ის ცოცხალია. მე ამას ვამოწმებ იესო ქრისტეს სახელით, ამინ.