2010-2019
ადვილად ატარონ თავიანთი ტვირთი
აპრილი 2014


ადვილად ატარონ თავიანთი ტვირთი

ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებული განსაკუთრებული ტვირთი გვეხმარება იმაში, რომ დავეყრდნოთ წმინდა მესიას საოცრებებს, წყალობასა და მადლს.

მე მყავს ძვირფასი მეგობარი, რომელიც დარწმუნებული იყო ქორწინების პირველ წლებში, რომ მას და მის ოჯახს პიკაპის ტიპის ოთხ ხიდიანი მანქანა სჭირდებოდათ. მისი მეუღლე დარწმუნებული იყო, რომ მას კი არ სჭირდებოდა, უბრალოდ სურდა ახალი მანქანა. ცოლ-ქმრის შორის გამართულმა მხიარულმა დიალოგმა საფუძველი ჩაუყარა ამ ნივთის ყიდვის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვას.

„ძვირფასო, ჩვენ ოთხ ხიდიანი მანქანა გვჭირდება“.

„რატომ ფიქრობ, რომ ჩვენ ახალი მანქანა გვჭირდება“? – ჰკითხა მეუღლემ.

ქმარმა ცოლს თავისი აზრით სრულყოფილი პასუხი გასცა: „ქარიშხლის დროს შვილებისთვის რძე რომ დაგვჭირვებოდა და სურსათის მაღაზიაში მხოლოდ პიკაპით ყოფილიყო შესაძლებელი მისვლა, რას ვიზამდით“?

მეუღლემ ღიმილით უპასუხა ქმარს: „თუ ჩვენ ახალ მანქანას ვიყიდით, ჩვენ რძის ფული არ დაგვრჩება, ასე რომ რა აზრი აქვს საგანგებო სიტუაციის დროს მაღაზიაში წასვლას“?

რაღაც დროის განმავლობაში ისინი თათბირობდნენ და ბოლოს მანქანის ყიდვაზე შეთანხმდნენ. სულ მალე, ახალი მანქანის შეძენის შემდეგ, ჩემმა მეგობარმა მოისურვა ავტომობილის სარფიანობის დემონსტრირება და იმის ჩვენება, თუ რა მიზეზების გამო სურდა მისი ყიდვა. ასე რომ, მან გადაწყვიტა სახლისთვის შეშის მოტანა. შემოდგომა იყო, მთებში, სადაც იგი შეშის შეგროვებას აპირებდა, უკვე თოვლი იდო. რაც უფრო უახლოვდებოდა მთებს, მით უფრო ღრმა იყო თოვლი. ჩემმა მეგობარმა დაინახა, რომ სველი გზის საფარი საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ ახალი მანქანისადმი დიდი ნდობით გააგრძელა გზა.

სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი ძალიან შორს შეჰყვა თოვლიან გზას. როცა მან გზიდან გადაუხვია იმ ადგილას, სადაც შეშის მოჭრა დააპირა, იგი გაიჭედა. მანქანის ოთხივე ბორბალი თოვლში ადგილზე ტრიალებდა. ჩემი მეგობარი გამოუტყდა საკუთარ თავს, რომ არ იცოდა, რა უნდა ექნა იმისთვის, რომ ამ სახიფათო მდგომარეობიდან გამოსულიყო. იგი დარცხვენილი და შეწუხებული იყო.

ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა: „მე აქ ასე უბრალოდ არ ვიჯდები“. იგი მანქანიდან გადმოვიდა და შეშის ჭრა დაიწყო. მან მანქანის საბარგული მძიმე შეშით ამოავსო. შემდეგ გადაწყვიტა, რომ კიდევ ერთხელ შეეცდებოდა თოვლიდან მანქანის გაყვანას. როცა მან მანქანა დაქოქა და სიჩქარეში ჩააგდო, იგი ცოტათი წინ წაიწია. ნელ-ნელა მანქანა თოვლიდან კვლავ გზაზე გამოვიდა. ბედნიერი, მორჩილი ადამიანი, როგორც იქნა თავისუფალი იყო, მას სახლში შეეძლო წასვლა.

ჩვენი პირადი ტვირთი

მე ვლოცულობ სული წმინდის დახმარებისთვის, როცა ჩემ მეგობართან, მის მანქანასა და შეშასთან დაკავშირებულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გაკვეთილზე ვამახვილებ ყურადღებას. ეს არის ტვირთი. ზუსტად შეშის სიმძიმემ უზრუნველყო თოვლიდან გასასვლელად საჭირო წევა, რათა გზაზე დაბრუნებულიყო და შეძლებოდა გზის გაგრძელება. ზუსტად ტვირთის წყალობით მან შეძლო სახლში, ოჯახთან დაბრუნება.

ყოველი ჩვენგანი ასევე ატარებს ტვირთს. ჩვენი პირადი ტვირთი შეიცავს მოთხოვნილებას და შესაძლებლობებს, ვალდებულებებს და უპირატესობებს, გაჭირვებასა და დალოცვას, არჩევანსა და იძულებას. როცა ჩვენ პერიოდულად ლოცვით ვაფასებთ ტვირთს, ორი წამყვანი კითხვა დაგეხმარებათ: „ტვირთი, რომელსაც ვზიდავ, მიქმნის სულიერ წევას, რომელიც შესაძლებელს ხდის ქრისტეს რწმენით წავიწიო წინ, ამ ვიწრო და რთულ გზაზე და თავი ავარიდო გზაში გაჭედვას? ქმნის ის ტვირთი, რომელსაც მე ვატარებ, საკმარის სულიერ წევას იმისთვის, რომ მე საბოლოოდ სახლში, მამაზეციერთან დავბრუნდე”?

ზოგჯერ ჩვენ შეცდომით ვფიქრობთ, რომ ბედნიერება ტვირთის გარეშე ცხოვრებას ნიშნავს. მაგრამ ტვირთის ზიდვა არის ბედნიერების გეგმის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილი. რადგან ჩვენი პირადი ტვირთი საჭიროებს სულიერი წევის განვითარებას, ჩვენ უნდა ფრთხილად ვიყოთ და აქეთ-იქით არ ვათრიოთ სასიამოვნო, მაგრამ არა აუცილებელი ნივთები, რომლებზეც გადაგვაქვს ყურადღება იმის ნაცვლად, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საგნებს დავუთმოთ დრო.

გამოსყიდვის განსამტკიცებელი ძალა

მხსნელმა თქვა:

„მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ“.

„იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“.

„ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი“ (მათე 11:28–30).

უღელი არის ხის მოგრძო ნაწილი, რომელიც გამოიყენება ორი ხარის ან სხვა ცხოველების დასაკავშირებლად ტვირთის ერთად საზიდად. უღელი ცხოველებს გვერდიგვერდ განათავსებს იმისთვის, რათა ერთად იმოძრაონ დავალების შესასრულებლად.

დაფიქრდით უფლის ერთმნიშვნელოვან მოპატიჟებაზე – „იტვირთეთ ჩემი უღელი“. წმინდა აღთქმების დადება და მათი დაცვა გვერდიგვერდ უღელში გვაყენებს უფალ იესო ქრისტესთან. მხსნელი, ფაქტიურად, გვიხმობს მივენდოთ მას და ვზიდოთ ტვირთი მასთან ერთად, თუმცაღა ჩვენი საუკეთესო მცდელობები ვერ უტოლდება და ვერც შეედრება უფლის მცდელობას. როცა ჩვენ ვენდობით მას და მიწიერი მოგზაურობის დროს მასთან ერთად ვზიდავთ უღელს, მისი უღელი მართლაც ადვილია და მისი ტვირთი – მსუბუქი.

ჩვენ არასოდეს არ ვართ და არც ვიქნებით მარტონი. ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში წინ ვიაროთ ზეციური დახმარებით. მხსნელის გამოსყიდვის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის ძალა და უნარიანობა, რომელიც ჩვენ შესაძლებლობებს აღემატება (“Lord I Would Follow Thee,” ჰიმნები, no. 220). როგორც უფალმა განაცხადა, უნდა გავაგრძელოთ მოგზაურობა და ჩვენი გულები უნდა ხარობდეს; რამეთუ მე ბოლომდე თქვენთან ვიქნები“ (მოძღვრება და აღთქმები 100:12).

განიხილეთ მაგალითი მორმონის წიგნიდან, როცა ამულონი დევნიდა ალმას და მის ხალხს. ამ მოწაფეებს ტანჯვაში უფლის ხმა მოესმათ: „აწიეთ თავი და დამშვიდდით, რადგან ვიცი იმ აღთქმის შესახებ, რომელიც დადეთ ჩემთან და მე აღთქმას დავდებ ჩემს ხალხთან და გამოვიხსნი მათ მონობიდან“(მოსია 24:13).

ყურადღება მიაქციეთ აღთქმების მნიშვნელობა გამოხსნის დაპირებასთან მიმართებაში. პატიოსნებით მიღებული და დაცული აღთქმები და შესაფერისი სამღვდელოების უფლებამოსილების მქონე პირების მიერ ჩატარებული წეს-ჩვეულებები საჭიროა ყველა იმ ლოცვა-კურთხევის მისაღებად, რომლებიც იესო ქრისტეს გამოსყიდვის შედეგად არის ჩვენთვის ხელმისაწვდომი. რამეთუ სამღვდელოების წეს-ჩვეულებებში ვლინდება ღვთიური ძალა ხორციელ ადამიანთა შორის და ასევე გამოსყიდვის დალოცვაც (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:20–21).

გაიხსენეთ მხსნელის განცხადება: „ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი“(მათე 11:30) ალმასა და მისი ხალხის ამბის შემდეგ მუხლში.

„და მე ასევე შევამსუბუქებ ტვირთს, რომელიც თქვენს მხრებზეა, რომ თქვენ ვერც კი იგრძნობთ მას თქვენს ზურგზე“ (მოსია 24:14).

მრავალმა ჩვენგანმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს ნაწყვეტი წმინდა წერილიდან ნიშნავს იმას, რომ ტვირთს უცებ და სამუდამოდ მოგვაშორებენ. თუმცაღა შემდეგი მუხლი გვიხსნის იმას, თუ როგორ შეგვიმსუბუქდა ტვირთი.

„ და ახლა, ეს იყო ასე, რომ ტვირთი, რომლითაც იყვნენ დატვირთული ალმა და მისი ძმები, შემსუბუქდა, დიახ, უფალმა ისინი გააძლიერა, რომ მათ ადვილად ეტარებინათ თავიანთი ტვირთი და ისინი სიხარულით და მოთმინებით დაემორჩილნენ უფლის სრულ ნებას“ (მოსია 24:15).

სირთულეები და გამოწვევები იმწუთასვე არ მოსცილებია ხალხს. მაგრამ ალმა და მისი მიმდევრები გაძლიერდნენ და მათმა მომატებულმა უნარიანობამ შეამსუბუქა ტვირთი. გამოსყიდვის ძალის შედეგად ამ კარგმა ადამიანებმა მიიღეს ძალა იმოქმედონ, როგორც წარმომადგენლებმა (იხ. მოძღვრება და აღთქმები 58:26–29) და გავლენა მოახდინონ მათ გარემოებაზე. და „უფლის ძალაში“ (მორმონის სიტყვები 1:14; მოსია 9:17; 10:10; ალმა 20:4), ალმა და მისი ხალხი უსაფრთხოდ იყვნენ მიმართულნი ზარაჰემლას მიწაზე.

იესო ქრისტეს გამოსყიდვა არა მხოლოდ ფარავს ადამისა და ევას დაცემას და შესაძლებელს ხდის ჩვენი პირადი ცოდვებისა და შეცოდებების მიტევებას, არამედ შესაძლებელს ხდის ვაკეთოთ სიკეთე და გავხდეთ იმაზე უკეთესნი, რაც ვართ, ისე რომ გავცდეთ ჩვენს მიწიერ შესაძლებლობებს. უმეტესობამ იცის, რომ როცა რაიმეს არასწორად ვაკეთებთ და გვჭირდება დახმარება იმისთვის, რომ გადავლახოთ ცხოვრებაში ჩვენი ცოდვების შედეგი, მხსნელმა ჩვენთვის შესაძლებელი გახადა, განვიწმინდოთ მისი გამოსყიდვის ძალის მეშვეობით. მაგრამ გვესმის ჩვენ, რომ გამოსყიდვა ერთგული, მორჩილი ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვინც ღირსნი და კეთილსინდისიერნი არიან და ცდილობენ, გახდნენ უფრო კარგები და უფრო ერთგულად იმსახურონ? საინტერესოა, გავიაზრეთ ჩვენ სრულად გამოსყიდვის განმტკიცების ძალა ჩვენს ცხოვრებაში და გვაქვს მცდარი წარმოდგენა იმაზედ, რომ ჩვენ მარტოებმა უნდა ვზიდოთ ტვირთი, სრული მიზანდასახულობით, ნებისყოფით, დისციპლინით და ჩვენი აშკარად შეზღუდული შესაძლებლობებით.

ერთია იცოდე, რომ იესო ქრისტე მოევლინა დედამიწას იმისთვის, რომ სიცოცხლე გაწიროს ჩვენთვის. მაგრამ, ჩვენ ასევე უნდა მადლიერნი ვიყოთ იმისთვის, რომ უფალს სურს, მისი გამოსყიდვისა და სული წმინდის მეშვეობით, ჩვენი გამხნევება, არა მხოლოდ იმისთვის, რომ წინ გაგვიძღვეს, არამედ იმისთვის, რომ გაგვაძლიეროს და განგვკურნოს.

მხსნელი ეხმარება თავის ხალხს

ალმა გვიხსნის, თუ რატომ და როგორ გვაძლევს საშუალებას უფალი:

„და ის ივლის, აიტანს რა ყველანაირ ტკივილსა და ტანჯვას და ცდუნებას; და ეს ყველაფერი იმისათვის, რომ აღსრულდეს სიტყვა, რომელიც ამბობს: ის აიღებს თავის თავზე საკუთარი ხალხის ტკივილსა და ავადმყოფობას.

და ის თავის თავზე აიღებს სიკვდილს, რათა გაწყვიტოს სიკვდილის ბორკილები, რომლითაც შებოჭილია მისი ხალხი; და ის აიღებს თავის თავზე მათ უძლურებას, რათა მისი წიაღი მოწყალებით აღივსოს ხორციელისამებრ, რათა მან შეიცნოს ხორციელის შესაბამისად, თუ როგორ დაეხმაროს საკუთარ ხალხს მათი უძლურების შესაბამისად“ (ალმა 7:11–12).

ასე რომ, მხსნელი იტანჯა არა მხოლოდ ჩვენი ცოდვებისა და ბოროტებისთვის, არამედ ჩვენი ფიზიკური ტკივილისა და ტანჯვის გამო, ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლის, შიშისა და იმედგაცრუებების, გულგატეხილობისა და მოწყენილობის, სინანულისა და სინდისის ქენჯნის, უიმედობისა და სასოწარკვეთილების, უსამართლობისა და მიკერძოების, რომელიც განვიცდით და ემოციური ტკივილის, რომელიც გვეუფლება.

არ არსებობს ფიზიკური ტკივილი, სულიერი ტრავმა, სულის ტანჯვა ან გულის ტკივილი, სისუსტე ან უძლურობა მიწიერ ცხოვრებაში, რომელიც ჩვენზე წინ არ გამოიარა მხსნელმა. სისუსტის წუთებში შეიძლება წამოვიძახოთ: „არავინ არ იცის, როგორია ამის ატანა. არავის არ ესმის“. მაგრამ ღვთის ძემ სრულყოფილად იცის და ესმის, რადგან მან იგრძნო ჩვენი ტვირთი და ზიდა იგი. და მისი უსაზღვრო, მარადიული მსხვერპლის გამო (იხ. ალმა 34:14), მას აქვს სრულყოფილი თანაგრძნობა ჩვენს მიმართ და შეუძლია გამოგვიწოდოს მოწყალების ხელი. მას შეუძლია მოგვწვდეს, შეგვეხოს, დაგვეხმაროს, განგვკურნოს და გაგვაძლიეროს, რათა გავხდეთ იმაზე მეტი, რაც შეგვიძლია ვიყოთ და გვეხმარება გავაკეთოთ ის, რასაც ვერასდროს ვერ გავაკეთბდით, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი რომ გვქონოდა. ჭეშმარიტად, მისი უღელი ადვილია და მისი ტვირთი – მსუბუქი.

მოწვევა, დაპირება და მოწმობა

მე გიწვევთ ისწავლოთ, ილოცოთ, იფიქროთ და ეცადოთ ისწავლოთ მეტი მხსნელის გამოსყიდვის შესახებ, მაშინ, როცა აფასებთ თქვენს ინდივიდუალურ ტვირთს. ჩვენ, ჩვენი მიწიერი აზროვნებით, უამრავი რამ უბრალოდ არ გვესმის გამოსყიდვის შესახებ. მაგრამ ჩვენ გამოსყიდვის მრავალი ასპექტი უნდა გავიგოთ და ეს საჭიროც კი არის.

ჩემი მეგობრის შემთხვევაში, შეშის ტვირთი იყო სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო წევა. ცარიელი მანქანა ვერ მოძრაობდა თოვლში, მიუხედავად იმისა, რომ ოთხ ხიდიანი იყო. მძიმე ტვირთი წევის შექმნისთვის იყო საჭირო.

ეს იყო ტვირთი. ტვირთმა განაპირობა წევა, რომლის წყალობითაც ჩემი მეგობარი დაიძრა მკვდარი წერტილიდან და გზაზე დაბრუნება შეძლო, წინ წავიდა და ოჯახს დაუბრუნდა.

ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში არსებული განსაკუთრებული ტვირთი გვეხმარება იმაში, რომ დავეყრდნოთ წმინდა მესიას საოცრებებს, წყალობასა და მადლს (იხ. 2 ნეფი 2:8). მე ვმოწმობ და გპირდებით, რომ მხსნელი დაგვეხმარება მსუბუქად ტვირთის ტარებაში (იხ. მოსია 24:15). მაშინ, როცა ჩვენ მასთან უღელში ვართ წმინდა აღთქმების მეშვეობით და ვიღებთ მისი გამოსყიდვის შესაძლებლობების მომტან ძალას ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ უფრო დავიწყებთ მისი ძალის ძიებას იმისთვის, რომ გავიგოთ მისი ნება და მის მიხედვით ვიცხოვროთ. ჩვენ ასევე ვილოცებთ იმისთვის, რომ გვქონდეს ძალა შევისწავლოთ, შევცვალოთ ან მივიღოთ ჩვენი ვითარებები იმის ნაცვლად, რომ უმოწყალოდ ვლოცულობდეთ იმაზე, რომ ჩვენი ვითარება შეიცვალოს ჩვენი სურვილის შესაბამისად. ჩვენ გავხდებით მოქმედი ძალა და არა ძალა, რომელზეც მოქმედებენ. (იხ.2 ნეფი 2:14). ჩვენ ვიქნებით დალოცვილნი ამ სულიერი წევით.

დაე ყოველი ჩვენგანი გახდეს იმაზე კარგი, რაც არის, მხსნელის გამოსყიდვის მეშვეობით. დღეს 6 აპრილია 6. ჩვენ ვიცით გამოცხადებიდან, რომ დღეს არის მხსნელის დაბადების ნამდვილი, ზუსტი თარიღი. 6 აპრილი არის ასევე დღე, როცა უკანასკნელი დღეების იესო ქრისტეს ეკლესია დაარსდა (იხ.მოძღვრება და აღთქმები 20:1; Harold B. Lee, “Strengthen the Stakes of Zion,” Ensign, July 1973, 2; Spencer W. Kimball, “Why Call Me Lord, Lord, and Do Not the Things Which I Say?” Ensign, May 1975, 4; Spencer W. Kimball,“Remarks and Dedication of the Fayette, New York, Buildings,” Ensign, May 1980, 54; Discourses of President Gordon B. Hinckley, Volume 1: 1995–1999 [2005], 409.) ამ განსაკუთრებულ და წმინდა შაბათის დღეს, მე ვაცხადებ, რომ იესო ქრისტე ჩვენი გამომსყიდველია. იგი ცოცხალია და განგვწმინდავს, განგვკურნავს, წინ გაგვიძღვება, დაგვიცავს და გაგვაძლიერებს. ამაზე მე სიხარულით ვმოწმობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.