2010-2019
მორჩილება ერთგულებით
აპრილი 2014


მორჩილება ერთგულებით

მორჩილება არის უზენაესი ავტორიტეტის, თვით ღმერთის სიბრძნისა და ძალის რწმენის სიმბოლო.

საოჯახო საღამოზე, რომელსაც მე და და პერი ყოველ ორშაბათს ვატარებდით, მოულოდნელად ხალხი მოგვემატა. ჩემი ძმა, მისი ქალიშვილი, ჩემი მეუღლის ბარბარას ძმა, ჩემი დისშვილი და მისი მეუღლე საცხოვრებლად გადმოვიდნენ ჩვენს მეზობლად. ბავშვობიდან მოყოლებული პირველად მახსოვს ასეთი დალოცვა, როცა ოჯახი შენს გვერდით ცხოვრობს. მაშინ ჩემი ოჯახი დედაჩემის რამოდენიმე შორეულ ნათესავთან ერთად იმავე კვარტალში ცხოვრობდა. ბებია სონის სახლი ჩვენს გვერდით, ჩრდილოეთით იყო, დეიდა ემას სახლი კი ჩვენი სახლის გვერდით სამხრეთით. კვარტლის სამხრეთით დეიდა ჯოზეფინა ცხოვრობდა, აღმოსავლეთით კი ბიძია ალმა.

ჩემს ბავშვობაში ნათესავებთან ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა. ჩვენ ერთად ვმუშოდით, ვთამაშობდით და ვსაუბრობდით. და რა უნდა დაგვეშავებინა, რომ ჩვენი დედებისთვის ამის შესახებ ენა არ მიეტანათ? დღეს სამყარო შეცვლილია. ოჯახის წევრები მეტწილად გაფანტულები არიან. ისინი თუნდაც შედარებით ახლოს ცხოვრობენ ერთმანეთთან, მაინც კარის მეზობლები არ არიან. მე ახლაც მჯერა, რომ ჩემი ბავშვობა და ახლანდელი მდგომარეობა ზეცას წააგავს, სადაც ოჯახის საყვარელი წევრები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ. ეს მუდმივად მახსენებს ოჯახის მარადიულობას.

როცა ვიზრდებოდი, პაპასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. როგორც ოჯახის ყველახე უფროს შვილს, ზამთარში ბილიკებიდან თოვლის ახვეტა მიწევდა, ზაფხულში კი ჩვენი, პაპაჩემისა და ორი დეიდის გაზონების მოვლა მევალებოდა. პაპა, როგორც წესი, ზღურბლზე იჯდა ხოლმე, როცა მის გაზონს ვკრეჭდი. როცა ვამთავრებდი, მის გვერდით კიბეზე ვჯდებოდი და ვესაუბრებოდი. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი მოგონებებია.

ერთხელ ვკითხე პაპას, როგორ მივხვდე, რომ ყოველთვის სწორად ვიქცევი, ცხოვრება ხომ ყოველთვის ამდენ არჩევანს გვთავაზობს. როგორც ყოველთვის, პაპა პასუხად ფერმაში ცხოვრების გამოცდილებას მიზიარებდა.

მან მომიყვა, რომ ისინი ცხენებს წყვილ-წყვილად წვრთნიდნენ იმისთვის, რომ მათ ერთად ემუშავათ. მან ამიხსნა, რომ ცხენების წყვილში ყოველთვის უნდა გამოიკვეთოს ლიდერი. ცხენის მართვისა და კონტროლის ერთ-ერთი ხერხი არის აკაზმულობა და ლაგამი. თუ ცხენთა წყვილში რომელიმე გადაწყვეტს, რომ არ უნდა დაემორჩილოს წამყვანს, წყვილი ვერასდროს ვერ იმუშავებს ერთად თავისი ძალების მაქსიმალური გამოყენებით.

ახლა, მოდით შევამოწმოთ პაპაჩემის გაკვეთილი ამ მაგალითზე. ცხენების წყვილში, რომელია წამყვანი? პაპაჩემს სწამს, რომ უფალი. იგი არის ის, ვისაც აქვს მიზანი და გეგმა. იგი ასევე ცხენების წყვილთა მწვრთნელი და შემრჩევია, ყოველი ცალკეული ცხენისაც კი. წამყვანმა უკეთ იცის, რა უნდა აკეთოს; ცხენი კი მორჩილი უნდა იყოს და წამყვანს მიჰყვეს, მხოლოდ ასე ეცოდინება ცხენს, სწორად იქცევა იგი თუ არა.

რას ადარებდა პაპაჩემი აკაზმულობასა და ლაგამს? მე მჯეროდა მაშინ და ახლაც მჯერა, რომ პაპა მასწავლიდა, თუ როგორ მივყვე სულიწმინდის კარნახს. მისი ხედვის თანახმად, აკაზმულობა და ლაგამი სულიერი მცნება იყო. მორჩილი ცხენი, რომელიც კარგად გაწვრთნილი ცხენთა წყვილის ნაწილია, საჭიროებს წამყვანისგან მსუბუქ ბიძგს მიმართულების მისაცემად, რათა ცხენმა გააკეთოს ის, რაც საჭიროა. ეს მსუბუქი ბიძგი არის ჩუმი, წყნარი ხმის ეკვივალენტი, რომლითაც ჩვენ უფალი მოგვმართავს. ჩვენი თავისუფალი არჩევანის გამო ეს ბიძგი არასდროს არ არის ძლიერი ან უხეში

ადამიანები, რომლებიც უგულებელყოფენ სულიწმინდის რბილ კარნახს, ხშირად სწავლობენ (როგორც ეს უძღებმა შვილმა გააკეთა) ურჩი და დაუოკებელი ცხოვრების ბუნებრივ შედეგებზე. მხოლოდ მას შემდეგ, რაც უძღებმა შვილმა ბუნებრივი შედეგები გამოსცადა, მან თავი დაიმდაბლა და „გონს მოეგო“ და სულიწმინდის ჩურჩული გაიგონა, რომელმაც უთხრა, მამის სახლში დაბრუნებულიყო (იხ.ლუკა 15:11–32).

ასე რომ გაკვეთილი, რომელიც პაპამ მასწავლა, არის ის, რომ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ სულიწმინდისგან ბიძგის მისაღებად. მან მასწავლა, რომ ყოველთვის მივიღებდი მსგავს კარნახს, თუ გზიდან გადავუხვევდი. და მე არასდროს არ ვიგრძნობდი დანაშაულს უფრო სერიოზული შეცდომებისთვის თუ ნებას მივცემდი სულიწმინდას წინ გაუძღვეს ჩემს გადაწყვეილებებს ცხოვრებაში.

იაკობის 3:3 წერია: „აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მთელ მათ სხეულს“.

ჩვენ უნდა მგრძნობიარენი ვიყოთ ჩვენი სულიერი ლაგამის მიმართ. მოძღვრის ყველაზე ნაზი ბიძგის გამო უნდა მოვისურვოთ სრულიად შევცვალოთ ჩვენი კურსი. ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, ჩვენ უნდა ვასწავლოთ სულსაც და სხეულსაც ღვთის მცნებების ერთიანად დამორჩილება. თუ ჩვენ მოვუსმენთ სულიწმინდის ნაზ კარნახს, ეს ერთი მიზნისთვის გააერთიანებს ჩვენს სულსა და სხეულს და გაგვიძღვება უკან, მარადიული სახლისკენ დასაბრუნებლად, მარადიულ მამასთან საცხოვრებლად.

რწმენის მესამე სიმბოლო გვასწავლის მორჩილების მნიშვნელობას; „ჩვენ გვწამს ქრისტეს მიერ კაცთა ცოდვების გამოსყიდვისა, და გვჯერა სახარების წესებისა და კანონების მსოფლიოს გადარჩენისა“.

მორჩილების ტიპი, რომელიც პაპაჩემმა ახსნა თავის მაგალითში ცხენებთან, ასევე მოითხოვს განსაკუთრებულ ნდობას ანუ სრულ რწმენას წყვილის წამყვანის მიმართ. ის გაკვეთილი, რომელიც პაპაჩემმა მასწავლა, ასევე უკავშირდება სახარების პირველ პრინციპს - იესო ქრისტეს რწმენას.

პავლე მოციქული გვასწავლიდა: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1). შემდეგ მოციქულმა პავლემ გამოიყენა აბელი, ენოქი, ნოე და აბრაამი რწმენის სასწავლებლად. მან მთელი ყურადღება გადაიტანა აბრაამის ამბავზე, რადგან აბრაამი ერთგულთა მამაა.

„რწმენით დაემორჩილა აბრაამი მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, რომელიც სამემკვიდროდ უნდა მიეღო და ისე წავიდა, რომ არ იცოდა, სად მიდიოდა.

„რწმენით მდგმურობდა აღთქმულ ქვეყანაში, როგორც უცხო. …

„რწმენით მიიღო სარამაც, უნაყოფომ, ძალა თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამგადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღმთქმელი“ (ებრაელთა 11:8–9, 11).

ჩვენ ვიცით, რომ აბრაამისა და სარას ვაჟის, ისაკის მეშვეობით, აბრაამს და სარას მიეცათ დაპირება – შთამომავლობის დაპირება „როგორც ცაში ვარსკვლავები და, როგორც უთვალავი ქვიშა ზღვის ნაპირზე“ (იხ.მუხლი12; ასევე იხ. დაბადება 17:15–16). და ამის შემდეგ, აბრაამის რწმენა გამოიცადა ისეთი ხერხით, რაც უამრავი ჩვენგანისთვის წარმოუდგენელია.

მე ბევრჯერ მიფიქრია აბრაამისა და ისაკის ამბავზე და ჯერ კიდევ ვერ ვიტყვი, რომ სრულად მესმის აბრაამის ერთგულება და მორჩილება. ალბათ შევძლებ წარმოვიდგინო, თუ როგორ ერთგულად ემზადებოდა იგი დილით ადრე ასადგომად, ალაგებდა ნივთებს, მაგრამ როგორ მოახერხა სამი დღის განმავლობაში მთა მორიასკენ შვილთან, ისაკთან ერთად, სიარული? როგორ მიჰქონდათ მათ მთაში დასანთებად შეშა? როგორ ააშენა საკურთხეველი?როგორ გაკოჭა ისაკი და დადო საკურთხეველზე? როგორ აუხსნა მას, რომ მსხვერპლად უნდა შეეწირა იგი? და როგორ ეყო ძალა, შვილის მოსაკლავად დანა აღემართა? აბრაამის რწმენამ მისცა მას ძალა ზუსტად მიჰყვეს ღმერთის კარნახს იმ სასწაულ მომენტამდე, როცა მას ციდან ანგელოზმა შესძახა და გამოუცხადა, რომ მან ჩააბარა ესმტანჯავი გამოცდა. და შემდეგ უფლის ანგელოზმა გაიმეორა დაპირება აბრაამის აღთქმის შესახებ.

მე მესმის იესო ქრისტეს რწმენასთან დაკავშირებული სირთულეები და მორჩილება. ზოგიერთ ჩვენგანს უფრო გაუჭირდება, ვიდრე სხვებს. მე საკმარისი გამოცდილება მაქვს იმისთვის, რომ ვიცოდე: ცხენები შეიძლება ძალიან განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ხასიათით და შესაბამისად მათი გაწვრთნა უფრო ადვილი ან რთულია ამის გამო, მაგრამ ადამიანები კიდევ უფრო განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყოველი ჩვენგანი წარმოადგენს ღვთის ძეს ან ასულს და ჩვენ ყველას გვაქვს განუმეორებელი წინამიწიერი და მიწიერი ისტორია. შესაბამისად, არსებობს სულ რამოდენიმე გამოსავალი, რომელიც ყოველ სიტუაციაში გამოსადეგი იქნება. და მე ასევე ვაღიარებ, რომ ცხოვრება წარმოადგენს მცდელობებისა და შეცდომების წრეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდმივად მოითხოვს სახარების მეორე პრინციპს – მონანიებას.

მართალია ისიც, რომ ის დრო, რომელშიც პაპაჩემი ცხოვრობდა, უფრო მარტივი იყო, განსაკუთრებით მართალისა და მცდარის არჩევანის მიმართ. მაშინ, როცა ძალიან განათლებულ და გამჭრიახ ადამიანებს სჯერათ, რომ ჩვენი რთული დრო მოითხოვს უფრო რთულ გადაწყვეტილებებს, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი არ ცდებიან. პირიქით, მე მჯერა, რომ დღევანდელი სირთულე უფრო მეტ სიმარტივეს მოითხოვს, როგორც პაპაჩემის მიერ ჩემს კითხვაზე გაცემული პასუხი იმის თაობაზე, თუ როგორ გავიგოთ მართალსა და მცდარს შორის განსხვავება. მე ვიცი, რომ რასაც გთავაზობთ, არის უბრალო რჩევა, მაგრამ შემიძლია დაგიმიწმოთ, რომ ჩემთვის იგი შესანიშნავად მუშაობს. მე თქვენც გირჩევთ მის გამოყენებას და მეტისკენაც მოგიწოდებთ – გამოსცადეთ ჩემი სიტყვები და თუ ასე მოიქცევით, ისინი არჩევანთა სიმრავლეში ნათლად დაგანახებენ იმ ერთ და სწორს და კითხვებზე სწორ პასუხებს მოგცემენ მაშინ, როცა განსწავლულნი და საკუთარ წარმოდგენაში ბრძენნი იბნევიან.

ძალიან ხშირად ჩვენ ვფიქრობთ, რომ მორჩილება ნიშნავს პასიურად, უაზროდ მიჰყვებოდე წესს ან რომელიმე მაღალი ავტორიტეტის მქონე პირის კარნახს. ფაქტიურად, მორჩილება არის უზენაესი ავტორიტეტის, თვით ღმერთის სიბრძნისა და ძალის რწმენის სიმბოლო. როცა აბრაამმა გამოავლინა ღმერთის მიმართ ურყევი ერთგულება და მორჩილება, მაშინაც კი, როცა მას უბრძანეს შვილის მსხვერპლად შეწირვა, ღმერთმა გადაარჩინა იგი. ამის მსგავსად, როცა ჩვენ ვამჟღავნებთ ჩვენს ერთგულებას მორჩილების მეშვეობით, ღმერთი საბოლოოდ გვიხსნის.

ისინი, ვინც მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და მიჰყვებიან მხოლოდ პირად სურვილებსა და მიდრეკილებებს, იმდენად შეზღუდულნი არიან მათთან შედარებით, ვინც ღმერთს მიჰყვებიან და სარგებლობენ მისი გამჭრიახობით, ძალითა და ძღვენით. ნათქვამია, რომ ის, ვინც მხოლოდ საკუთარ თავშია გახვეული, ძალიან პატარა ნობათს წარმოადგენს. ძლიერი, აქტიური მორჩილება სუსტისა და პასიურის საპირისპიროა. ეს არის ის საშუალება, რომლითაც ჩვენ ღმერთის რწმენას ვაცხადებთ და ვხდებით ღირსნი, მივიღოთ ზეცის ძალა. მორჩილება არის არჩევანი. ეს არის არჩევანი ჩვენი შეზღუდული ცოდნისა და ძალასა და ღვთის უსაზღვრო სიბრძნისა და ყოვლისშემძლეობას შორის. პაპაჩემის გაკვეთილის თანახმად, ეს არის არჩევანი – ვიგრძნოთ პირში სულიერი ლაგამი და მივყვეთ წამყვანს.

დაე, ჩვენი ერთგულებითა და აღდგენილი სახარების წეს-ჩვეულებების მიღებით გავხდეთ აბრაამის თესლისა და აღთქმის მემკვიდრენი. მე გპირდებით, რომ მარადიული ცხოვრების ლოცვა-კურთხევები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც ერთგული და მორჩილია. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.