2010-2019
სიყვარული – სახარების არსი
აპრილი 2014


სიყვარული – სახარების არსი

ჩვენ არ შეგვიძლია ჭეშმარიტად გვიყვარდეს ღმერთი, თუ არ გვიყვარს ჩვენი თანამგზავრი მოყვასნი ამ მიწიერ მოგზაურობაში.

ჩემო საყვარელო დებო და ძმებო, როცა მხსნელი ადამიანთა შორის მსახურობდა, ერთმა რჯულის მცოდნემ ჰკითხა მას: „მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში?“

მათემ ჩაიწერა იესოს პასუხი:

„შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.

„ეს არის პირველი და დიდი მცნება.

„და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი“.1

მარკოზი ასრულებს ჩანაწერს მხსნელის განცხადებით: “ამათზე დიდი მცნება არ არსებობს“.2

ჩვენ არ შეგვიძლია ჭეშმარიტად გვიყვარდეს ღმერთი, თუ არ გვიყვარს ჩვენი თანამგზავრი მოყვასნი ამ მიწიერ მოგზაურობაში. ამის მსგავსად, ჩვენ არ შეგვიძლია სრულად გვიყვარდეს მოყვასი, თუ არ გვიყვარს ღმერთი, ჩვენი მამა. იოანე მოციქული ამბობს: „და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უნდა უყვარდეს“.3

ფაქტიურად, სიყვარული არის სახარების არსი და იესო ქრისტე ჩვენი მაგალითია. მისი ცხოვრება სიყვარულის მემკვიდრეობაა. ავადმყოფთა განკურნება, დაცემულთა წამოყენება, ცოდვილთა გადარჩენა და ბოლოს, გაბრაზებულმა ბრბომ მოუსწრაფა მას სიცოცხლე. და მაინც, გოლგოთიდან ისმის სიტყვები: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ“4მიწიერი ცხოვრების სიყვარულისა და მოწყალების გამოხატვის გვირგვინი.

არსებობს სიყვარულის გამოხატვის მრავალი ატრიბუტი, როგორებიცაა: სიკეთე, მოთმინება, უანგარობა, შეგნება და პატიება. ჩვენს ყველა ურთიერთობაში ეს და სხვა მსგავსი ატრიბუტები ჩვენს გულებში სიყვარულის დასტური გახდება.

როგორც წესი, სიყვარული მჟღავნდება ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გასაჭირის დანახვა და მასზე რეაგირება. მე ყოველთვის გულით ვატარებდი ამ მოკლე ლექსში გამოხატულ გრძნობას:

მე ღამით ვიტირე

სიბეცის გამო

როცა ვიღაცის გასაჭირი ვერ შევნიშნე.

მაგრამ ჯერ არასდროს

არ მიგრძვნია სინანული

ჭარბი სიკეთის გამო.5

მე ცოტა ხნის წინ შევიტყვე სიყვარულით აღსავსე სიკეთის გულისამაჩუყებელი მაგალითის შესახებ, ისეთის, რომლის შედეგებსაც ვერ განჭვრეტ. ეს მოხდა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში 1933 წ. დეპრესიის წლებში, როცა დასაქმების შანსი ძალიან დაბალი იყო. არლინ ბისეკერმა ეს-ესაა დაამთავრა სკოლა. სამსახურის ძებნის დიდი ხნის მცდელობების შემდეგ მან ბოლოს და ბოლოს ტრიკოტაჟის ფაბრიკაში მკერავის ადგილი იშოვა. მუშების დღიური ანაზღაურება დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენ ერთეულს შეკერავდენ წუნის გარეშე. რაც უფრო მეტ ერთეულს შეკერავდნენ, მით უფრო მეტი ანაზღაურება ექნებოდათ.

ერთხელ, როცა არლინი ახალი მოსული იყო ფაბრიკაში, იგი სირთულის წინაშე აღმოჩნდა. არლინი დაბნეული და გულდაწყვეტილი იყო. იგი საკერავ მანქანასთან იჯდა და ცდილობდა დაერღვია ის, რაც შეცდომით შეკერა. ყველა საკუთარი საქმით იყო დაკავებული, რადგან ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად, მეტი ერთეული შეკერათ, ისე რომ, არავისგან არ ჰქონდა დახმარების იმედი. არლინმა თავი დაუცველად და უიმედოდ იგრძნო. მან ჩუმად ტირილი დაიწყო.

არლინის პირდაპირ ბერნის როკი იჯდა. იგი ასაკითაც უფროსი იყო და მეტი გამოცდილებაც ჰქონდა. ბერნისმა არლინის მდგომარეობა შენიშნა, ამიტომაც თავისი საქმე მიატოვა და მასთან მივიდა. მან არლინს კეთილი დარიგებები მისცა,ხმარება გაუწია და მასთან დარჩა, სანამ არლინმა თავისი ერთეული წარმატებით არ დაამთავრა. შემდეგ კი თავის მანქანასთან დაბრუნდა, თუმცა არლინზე დახარჯული დროის გამო მან დაკარგა შანსი, მეტი ერთეული შეეკერა.

ამ ერთი მოსიყვარულე სიკეთის გამო ბერნისი და არლინი სამუდამოდ დამეგობრდნენ. ორივენი დაოჯახდნენ და შვილები იყოლიეს. სადღაც 1950 წლებში ბერნისმა, რომელიც ეკლესიის წევრი იყო, არლინსა და მის ოჯახს მორმონის წიგნი აჩუქა. 1960 წ. არლინი, მისი მეუღლე და შვილები მოინათლნენ და ეკლესიის წევრები გახდნენ. მოგვიანებით ისინი ღვთის წმინდა ტაძარში ჩაიბეჭდნენ.

ბერნისის მიერ გაღებული მოწყალების გამო, როცა საკუთარი საქმე მიატოვა და მისთვის უცნობი გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დასახმარებლად წავიდა, უამრავი ადამიანი, ცოცხალი და გარდაცვლილი, ტკბება სახარების ხსნის წეს-ჩვეულებებით.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების მიმართ სიყვარული და სიკეთე გამოვხატოთ. პრეზიდენტმა კიმბალმა თქვა: „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ვხვდებით ავტო სადგომებზე, ოფისებში, ლიფტებშე და სხვა ადგილებში, წარმოადგენენ კაცობრობის იმ ნაწილს, რომელიც ღმერთმა მოგვცა იმისთვის, რომ გვიყვარდეს ისინი და ვემსახუროთ მათ. ჩვენ დიდ სარგებელს არ მოგვიტანს ზოგადად კაცობრიობაში ძმობაზე საუბარი, თუ ჩვენ ვერ მოვექცევით ჩვენს ირგვლივ მყოფთ ისე, როგორც ჩვენს დებსა და ძმებს“.6

ხშირად სიყვარულის გამოხატვის საშუალებანი მოულოდნელად გვეძლევა. ასეთი საშუალების მაგალითი 1981 წ. ოქტომბრის გაზეთში დაიბეჭდა. ჩემზე იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა იქ აღწერილმა სიყვარულმა და თანაგრძნობამ, რომ ეს სტატია 30 წელიწადზე მეტი შენახული მქონდა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ალასკის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა პირდაპირ რეისს ანკორიჯი (ალიასკა) – სიეტლი (ვაშინგტონი), 150 მგზავრით ბორტზე, გადაიგზავნა ალასკის შორეულ ქალაქში მძიმედ დაშავებული ბავშვის გადასაყვანად. ორი წლის ბავში, სახლთან ახლოს თამაშის დროს შუშაზე დაეცა და არტერია დაიზიანა. ქალაქი ანკორიჯის სამხრეთით 725 კმ მანძილზე მდებარეობდა და რა თქმა უნდა, ფრენის ტრაექტორიაზე არ იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ექიმებმა სასწრაფო დახმარება მოითხოვეს, ასე რომ თვითმფრინავმა კურსი შეცვალა, რათა ბავშვი სიეტლის საავადმყოფოში გადაეყვანათ.

როცა თვითმფრინავი მოშორებულ ქალაქში დაეშვა, ექიმებმა უთხრეს პილოტს, რომ ბავშვს იმდენად ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რომ იგი სიეტლში გადაფრენას ვერ გადაიტანდა. მიღებული იქნა გადაწყვეტილება – გაფრენილიყვნენ უახლოეს ქალაქში, სადაც საავადმყოფო იქნებოდა, ასე რომ თვითმფრინავმა ალასკის ქალაქ ჯუნიუსკენ აიღო კურსი და კიდევ 320 კმ უნდა გაევლო.

ბიჭუნას ჯუნიუში გადაყვანის შემდეგ თვითმფრინავმა სიეტლისკენ განაგრძო ფრენა, ახლა უკვე დიდი დაგვიანებით. არც ერთ მგზავრს არ უწუწუნია, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ უმეტესობას დააგვიანდა შეხვედრებზე ან სატრანზიტო რეისებზე. ამაზე მეტიც კი, იმ საათებში ბავშვის ოჯახს საკმაოდ დიდი თანხა შეუგროვეს.

როცა თვითმფრინავი მზად იყო დასაშვებად და მფრინავმა გამოაცხადა, რომ რადიოთი შეიტყო ბავშვის გადარჩენის ამბავი, მგზავრები ამას ტაშით შეხვდნენ.7

მე გამახსენდა სიტყვები წმინდა წერილიდან, სადაც ნათქვამია, რომ მოწყალება არის ქრისტეს წმინდა სიყვარული და მათ, ვინც ჰპოვებენ მას ბოლო დღეს, არაფერი არ დაუშავდებათ.8

დებო და ძმებო, ჩვენი სიყვარულის გამოხატვის ზოგიერთი უდიდესი საშუალებები ჩვენი საკუთარი სახლის კედლებშია. ოჯახური ცხოვრების ცენტრი სიყვარული უნდა იყოს, თუმცა ზოგჯერ ეს ასე არ არის. შეიძლება იყოს ზომაზე მეტი მოუთმენლობა, კამათი, უთანხმოება, ცრემლი. პრეზიდენტი გორდონ ბ. ჰინკლი წუხდა: „რატომ ხდება ისე, რომ ისინი, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს, ჩვენი უსიამოვნო სიტყების სამიზნე ხდებიან? რატომ არის, რომ ზოგჯერ ვსაუბრობთ ისე, თითქოს ხანჯლებს ვისვრით“?9 ამ კითხვაზე პასუხი ყველას თავისი ექნება, მაგრამ საბოლოო ჯამში მთავარი ის არის, რომ მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს. თუ გვინდა დავიცვათ მცნება – გვიყვარდეს ერთმანეთი, ჩვენ უნდა ერთმანეთს კეთილად და თავაზიანად მოვექცეთ.

რა თქმა უნდა, დადგება დრო, როცა საჭირო გახდება წესრიგის დამყარება. მაგრამ მოდით გვახსოვდეს მოძღვრება და აღთქმებში მოცემული რჩევა, რომ როცა საჭიროება მოითხოვს ვიღაცისთვის საყვედურის თქმას, ამის შემდეგ ამ პიროვნების მიმართ კიდევ უფრო მეტი სიყვარული უნდა გამოიხატოს.10

იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, ვიყოთ ყურადღებიანნი და მგრძნობიარენი ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების აზრებისა და გრძნობების მიმართ. მოდით ნუ ვაწყენინებთ და ნუ გავაკრიტიკებთ. ამის ნაცვლად ვიქონიოთ თანაგრძნობა და გავამხნევოთ სხვები. ფგრთხილად უნდა ვიყოთ, რათა დაუფიქრებელი სიტყვებისა ან ქმედებების გამო არ გავანადგუროთ სხვა ადამიანის თავდაჯერებულობა.

მიტევება სიყვარულის თანამგზავრია. ოჯახებში, ისე, როგორც მეგობრებს შორის, შეიძლება იყოს წყენა და გაუგებრობა. კვლავ გავიმეორებ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ პატარა იყო ამის მიზეზი. ნუ მისცემთ ნებას წყენით მიყენებულ ჭრილობას თქვენი განადგურების საშუალებას. დაბრალება ხელს უშლის ჭრილობის შეხორცებას. მხოლოდ მიტევება კურნავს.

ერთხელ მე მესტუმრა საყვარელი ქალბატონი, აწ გარდაცვლილი და მოულოდნელად გამოხატა სინანული. მან მრავალი წლის წინ მომხდარი შემთხვევა მიამბო, როცა ერთ ფერმერთან, წარსულში მათი ოჯახის მეგობართან, ბევრჯერ უთანხმოება მოუვიდათ. ერთხელ ამ ფერმერმა სთხოვა, მათი მამულით მოკლეზე გადასულიყო თავის ნაკვეთში. აქ ქალბატონი შეჩერდა და აკანკალებული ხმით მითხრა: „ძმა მონსონ, მე მაშინ მას ამაზე უარი ვუთხარი და იმ დროიდან მას ფეხით, შემოვლითი გზით, უწევდა თავის ნაკვეთში სიარული. მე ვტყუოდი და ვნანობ ამას. ახლა იგი უკვე ცოცხლი აღარ არის, მაგრამ როგორ მინდა, შემეძლოს მისთვის ბოდიშის მოხდა. როგორ მინდა კეთილი საქმის გასაკეთებლად მეორე შანსი მომეცეს“.

როცა მე მას ვუსმენდი, გამახსენდა ჯონ გრინლიფ უიტიერის სიტყვები: „ყველა სევდიანი სიტყვებიდან, რომლებიც ოდესმე დაწერილა ან თქმულა, ყველაზე სევდიანია – ‘შეიძლებოდა’!11 დებო და ძმებო, როცა სხვებს სიყვარულითა და სიკეთით ვექცევით, ჩვენ მსგავს სინანულს ავარიდებთ თავს.

სიყვარულის გამოხატვის მრავალი აშკარა ხერხი არსებობს: ღიმილი, ხელის დაქნევა, კეთილი კომენტარი. სხვა ხერხები შეიძლება უფრო შეუმჩნეველი იყოს: ვიღაცის საქმიანობაში ინტერესის გამოხატვა, სწავლების გადმოცემა სიკეთითა და მოთმინებით, ავადმყოფისა ან ოთახის კედლებში გამოკეტილი ადამიანის მონახულება. მსგავსი სიტყვები და მოქმედებები და კიდევ მრავალი სხვა, გამოხატავს სიყვარულს.

დეილ კარნეგის, კარგად ცნობილ ამერიკელ ავტორსა და ლექტორს, სწამდა, რომ ყოველ ადამიანში არსებობს „ძალა, რომლითაც მას შეუძლია მსოფლიოში ბედნიერების შემაჯამებელი რიცხვის გაზრდა ... უბრალოდ იმით, რომ გულწრფელი მადლიერება გამოხატოს მათ მიმართ, ვინც მარტო ან გულგატეხილია“. მან თქვა: „თქვენ შეიძლება ხვალ დაგავიწყდეთ ის კეთილი სიტყვები, რაც თქვენ დღეს თქვით, მაგრამ მათ, ვისაც ეს სიტყვები უთხარით, შეიძლება მთელი ცხოვრება გულით ატარონ ისინი“.12

მოდით დავიწყოთ ახლა, ამ წუთას, სიყვარულის გამოხატვა ღვთის ყველა შვილის მიმართ, არიან ისინი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები თუ საერთოდ უცნობები. მოდით გადავწყვითოთ ყოველ დილით, გაღვიძებისას, სიყვარულითა და სიკეთით ვუპასუხოთ ყველაფერს, რის წინაშეც აღმოვჩნდებით ამ დღეს.

ჩემო დებო და ძმებო, ღმერთის სიყვარული ჩვენს მიმართ ჩვენს აზროვნების ფარგლებს სცდება. ამ სიყვარულის გამო მან გამოგზავნა თავისი ძე, რომელმაც ისე შეგვიყვარა, რომ სიცოცხლე დათმო ჩვენთვის, რათა მარადიული სიცოცხლე გვქონოდა. როცა ამ შეუდარებელი ძღვენის აზრს ჩავწვდებით, გულები სიყვარულით აგვევსება მამაზეციერის, მხსნელისა და მთელი კაცობრიობის მიმართ. ამისთვის მე გულითადად ვლოცულობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.