2010-2019
სადაც შენი საუნჯეა
აპრილი 2014


სადაც შენი საუნჯეა …

თუ ფრთხილად არ ვიქნებით, მიწიერს უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, ვიდრე სულიერს.

2007 წლის ოქტომბრის გენერალური კონფერენციის შემდეგ, სულ მალე, ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ მითხრა, რომ მსგავს რთულ გამოცდილებას არა ნაკლებ შვიდი წლის შემდეგ მივიღებ. მე სიმსუბუქე ვიგრძენი და ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს იქნება „დიდმოსავლიანი შვიდი წელი“. და აი, აქ ვარ ახლა; ჩემი შვიდი წლის დიდმოსავლიანობა დამთავრდა.

გასულ იანვარს მე და ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ, გრეისმა, მივიღეთ დავალება – მოვინახულოთ ეკლესიის წევრები ფილიპინებზე, რომლებიც ძლიერმა მიწისძვრამ და ტაიფუნმა გაანადგურა. ჩვენ ძალზედ გაგვიხარდა, რადგან ეს დავალება იყო პასუხი ჩვენს ლოცვაზე და დამოწმება ჩვენი მოსიყვარულე მამაზეციერის სიკეთესა და წყალობაზე. ამან საშუალება მოგვცა, გადავსულიყავით სურვილიდან მათ მიმართ სიყვარულისა და მწუხარების პირად გამოხატულებაზე.

წევრების უმეტესობა ჯერ კიდევ დროებით აგებულ თავშესაფრებში იმყოფებოდა; ეს იყო კარვები, საზოგადო ცენტრები და სამლოცველოები. სახლები, რომლებსაც ვსტუმრობდით, ან ნაწილობრივ იყო გადახურული და ან საერთოდ სახურავის გარეშე იყო. ხალხს მანამდეც არ ჰქონდა ბევრი რამ, ახლა კი ის მცირე რაოდენობაც აღარ გააჩნდათ. ყველგან ტალახი და ნამსხვრევები იყო. მიუხედავად ამისა, ხალხი მადლიერებით სავსე იყო იმ მცირე დახმარებისთვის, რასაც იღებდა; მიუხედავად რთული პირობებისა, ისინი ბედნიერები და კარგ განწყობაზე იყვნენ. როცა ვეკითხებოდით, როგორ იყვნენ, ყველა გვპასუხობდა: „კარგად“. ცხადია, ქრისტეში რწმენამ მათ იმის იმედი მისცა, რომ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდებოდა. კარვიდან კარავში და კარდაკარ სიარულისას მე და და ტეჰი ამ ერთგული წმინდანებისგან ბევრს ვსწავლობდით.

ყოველთვის, ტრაგედიისა ან სტიქიური უბედურების დროს, უფალი გვიჩვენებს ჩვენი აზროვნების შეცვლისა და უპირატესობების გადახედვის გზას. მოულოდნელად ყველაფერი მატერიალური, რის მისაღებადაც ამდენს ვშრომობდით, უმნიშვნელო ხდება. მნიშვნელოვანი ხდება მხოლოდ ჩვენი ოჯახი და სხვებთან ურთიერთობანი. ერთმა კარგმა დამ ასე თქვა: „მას შემდეგ, რაც წყალმა იკლო და დალაგების დრო დადგა, მე მივიხედ-მოვიხედე და გავიფიქრე: უფ, ამ წლების განმავლობაში რამდენი ნაგავი დამიგროვებია“.

მე ვფიქრობ, რომ ეს და ახლა უკეთ ხედავს იმას, რა ნივთებია აუცილებელი და რის გარეშე თავისუფლად შეუძლია ცხოვრება.

წლების განმავლობაში უამრავ წევრთან მუშაობის დროს, ჩვენ გვქონდა სიამოვნება გვენახა სულიერი ძალის მოჭარბება. ჩვენ ასევე გვინახავს როგორც მატერიალური საშუალებების სიუხვე, ასევე მათი ნაკლებობა.

ოჯახების სარჩენად ჩვენ ყველას გვიწევს ფულის შოვნა და მიწიერი კეთილდღეობის ნაწარმის შეძენა. ეს ჩვენი დროისა და ყურადღების დიდ ნაწილს მოითხოვს. სამყარო უსასრულოდ გვთავაზობს საგნებს, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ იმის ამოცნობა, რომ უკვე საკმარისი გაგვაჩნია. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, მიწიერს უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ, ვიდრე სულიერს. ამ შემთხვევაში იმის ნაცვლად, რომ სულიერი და მარადიული წინ დავაყენოთ, იგი უკანა გეგმილზე გადავა. სამწუხაროდ, აღინიშნება მყარი ტენდენცია – შეიძინო უფრო და უფრო მეტი და ახალი და უფრო დახვეწილი.

როგორ დავრწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ ამ გზას არ დავადექით? იაკობი გვაძლევს რჩევას, არ დავხარჯოთ ფული იმაზე, რაც ღირებული არ არის, არც ვიშრომოთ იმისთვის, რაც ვერ დაგვაკმაყოფილებს. იგი გვიწვევს ბეჯითად ვუსმინოთ მას და დავიმახსოვროთ მის მიერ ნათქვამი სიტყვები და მივიდეთ ისრაელის წმინდასთან, ვინადიმოთ იმით, რაც უკვდავია და არ ფუჭდება და დავტკბეთ სიუხვით.1

იმედია, არც ერთი ჩვენგანი არ ხარჯავს ფულს იმაზე, რაც არაღირებულია და არ მუშაობს იმისთვის, რაც ვერ დაგვაკმაყოფილებს.

მხსნელმა იუდეველებსაც და ნეფიელებსაც ასწავლა:

„ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ;

„დაიუნჯეთ ცაში, სადაც არც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც არც ქურდები თხრიან და იპარავენ.

„ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“.2

სხვა ვითარებაში მხსნელმა მოგვცა ეს იგავი:

„ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა:

„იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი’?

„თქვა: აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს.

„და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის, მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.

„მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?

„ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება“.3

არც ისე დიდი ხნის წინ პრეზიდენტმა უხთდორფმა მოგვცა ასეთი რჩევა:

„ჩვენი მამაზეციერი ხედავს ჩვენს რეალურ პოტენციალს. მან იცის ჩვენზე ის, რაც ჩვენ თავად არ ვიცით. იგი ცხოვრების მანძილზე გვკარნახობს იმას, რომ შევასრულოთ ჩვენი შექმნის მიზანი, ვიცხოვროთ კარგი ცხოვრებით და დავბრუნდეთ მის გარემოცვაში.

„მაშინ რატომ ვწირავთ ამდენ დროსა და ენერგიას იმას, რაც ასე წარმავალია, უმნიშვნელო და ზედაპირული? ვამბობთ უარს დავინახოთ, თუ რამდენად სულელურია ბანალური და გარდამავალის დევნა“?4

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი მიწიერი საუნჯე შედგება ამპარტავნობის, სიმდიდრის, მატერიალური საგნების, ძალისა და ადამიანთათვის პატივის მიგებისგან. ისინი არ საჭიროებენ ამაზე მეტ დროსა და ყურადღებას, ასე რომ მე ფოკუსირებას მოვახდენ იმაზე, რაც შეადგენს ჩვენს საუნჯეს ზეცაში.

რა არის ის საუნჯე ზეცაში, რისი შეგროვებაც შეგვიძლია? პირველ რიგში, კარგი იქნება განვავითაროთ რწმენის, იმედის, თავმდაბლობისა და მოწყალების ქრისტესეული თვისებები. ჩვენ დროდადრო გვახსენებენ, უარი ვთქვათ მიწიერ ადამიანზე და დავემსგავსოთ ბავშვებს.5 მხსნელის რჩევაა ვეცადოთ გავხდეთ სრულყოფილნი მსგავსად მისი და მამაზეციერისა.6

მეორე: ჩვენ უნდა მეტი დრო და ძალისხმევა მოვანდომოთ ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებას. ბოლოს და ბოლოს, „ოჯახი არის ღვთის მიერ კურთხეული [და] წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ერთეულს დროსა და მარადიულობაში“.7

მესამე: სხვებისთვის მსახურება არის ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრის ნიშანი. მან თქვა: „რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“.8

მეოთხე: ქრისტეს სწავლების გააზრება და ჩვენი მოწმობის განმტკიცება არის ის საქმე, რომელიც მოგვიტანს ჭეშმარიტ სიხარულსა და კმაყოფილებას. ჩვენ უნდა სისტემატიურად ვსწავლობდეთ ქრისტეს სიტყვებს ისე, როგორც ეს მოცემულია წმინდა წერილში და ასევე ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებს. ქრისტეს სიტყვები გვეტყვის ყველაფერს, რაც უნდა გავაკეთოთ.9

ნება მომეცით დავასრულო ჩემი გამოსვლა 73 წლის ქვრივი ქალბატონის ამბით, რომელსაც ჩვენ შევხვდით ფილიპინებზე მოგზაურობის დროს:

როცა ბოჰოლის კუნძულზე მიწისძვრა მოხდა, სახლი, რომელიც მისი და აწ გარდაცვლილი მეუღლის მძიმე შრომის შედეგად აშენდა, მიწასთან გასწორდა, იმსხვერპლა მისი ქალიშვილი და შვილიშვილი. თვითონ ეს ქალბატონი მცირე ჭრილობებითა და დაჟეჟილობებით გადარჩა. ახლა, მარტოდ-მარტო დარჩენილს, მას თავის სარჩენად მუშაობა უწევდა. იგი ხელით რეცხავს თეთრეულს და დღეში რამოდენიმეჯერ გვარიან აღმართზე ადის წყლის მოსატანად. როცა ჩვენ მას ვეწვიეთ, იგი ჯერ კიდევ კარავში ცხოვრობდა.

აი მისი სიტყვები: „უხუცესო, მე ვიღებ ყველაფერს, რისი ატანაც უფალმა მთხოვა. მე არ მაქვს ბოღმა. მე ძალზედ ვაფასებ სატაძრო რეკომენდაციას და ბალიშის ქვეშ ვინახავ მას. იცოდეთ, რომ სარეცხის რეცხვით ნაშოვნი მცირე შემოსავლიდან სრულ მეათედს ვიხდი. რაც არ უნდა მოხდეს, მე ყოველთვის გადავიხდი მეათედს“.

მე ვმოწმობ, რომ ჩვენი უპირატესობები, ტენდენციები, მიდრეკილებები, სურვილები, მადა და ვნებები პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენს შემდგომ მდგომარეობაზე. მოდით ყოველთვის გვახსოვდეს მხსნელის სიტყვები: „ვინაიდან სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება“. მე ვლოცულობ იმაზე, რომ ჩვენი გულები შესაფერის განწყობაზე იყვნენ. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.