2010-2019
წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი
აპრილი 2014


წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითი

გამოცხადებები, რომლებიც გადმოიღვარა ჯოზეფ სმითზე, არის დასტური იმისა, რომ იგი ღვთის წინასწარმეტყველი იყო.

პირველი ხილვა

ახალგაზრდა ბიჭი კითხულობს ბიბლიას და თვალი უჩერდება წმინდა წერილის ამონარიდზე. ეს არის ის წამი, რომელიც მომავალში შეცვლის მსოფლიოს.

მას დიდად სურს გაიგოს, რომელი ეკლესია მიიყვანს მას ჭეშმარიტებამდე და ხსნამდე. მან თითქმის ყველაფერი სცადა და ახლა ბიბლიას მიმართა ამ სიტყვების წასაკითხად: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა“.1

იგი ამ სიტყვებს კვლავ და კვლავ უბრუნდება. სინათლის პირველმა ნაპერწკალმა სიბნელეში შეაღწია. ეს არის ის პასუხი, ის გზა, რომელსაც სიბნელიდან და დაბნეულობიდან გამოვყავართ? შეიძლება ეს ასე ადვილი იყოს? ჰკითხეთ ღმერთს და გიპასუხებთ? ბოლოს და ბოლოს მან გადაწყვიტა, რომ ან უნდა ჰკითხოს ღმერთს ან დარჩეს სიბნელეში და გაურკვევლობაში.

მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აღელვებულია, იგი არ მირბის ჩუმ კუთხეში იმისთვის, რომ ჩქარა ილოცოს. იგი მხლოდ 14 წლისაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდა პასუხის გაგება, არ ჩქარობს. ეს არ უნდა იყოს უბრალო ლოცვა. იგი იღებს გადაწყვეტილებას იმაზე, თუ სად წავიდეს და როდის ილოცოს. იგი ღმერთთან სასაუბროდ ემზადება.

და მერე დგება ეს დღე. ეს არის მშვენიერი დილა, [1820 წ.] ადრეული გაზაფხული. 2 იგი მარტო მიდის ახლოს მდებარე ტყეში, მაღალი ხეების სიჩუმეში. იგი მიდის იმ ადგილას, სადაც წინასწარ გადაწყვიტა წასვლა,დაიჩოქებს და გულის საწადელს გაანდობს ღმერთს.

შემდეგ იგი ყვება, რა მოხდა:

„მე დავინახე მზეზე უფრო კაშკაშა სინათლის სვეტი პირდაპირ ჩემი თავის ზევით, რომელიც თანდათანობით ეშვებოდა, სანამ ბოლოს მე არ დამეცა.

„...როდესაც სინათლე მთლიანად მომეფინა, მე დავინახე ორი პიროვნება, რომლებიც იდგნენ ჰაერში ჩემს ზევით, რომელთა სიკაშკაშის და დიდების სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. ერთერთმა მათგანმა მომმართა სახელით, მიმითითა მეორეზე და სთქვა: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, მოუსმინე მას!3

მხოლოდ 24 წლის შემდეგ ჯოზეფ სმითი და მისი ძმა ჰაირამი სიცოცხლეს გამოასალმებენ იმის გამო, რაც აქ დაიწყო.

წინააღმდეგობა

ჯოზეფმა თქვა, რომ როცა 17 წლის იყო, ანგელოზმა უთხრა მას, რომ მის „სახელს მოიხსენიებენ ავად და კარგად ყველა ერში, ... და ყველა ხალხში“.4ეს წინასწარმეტყველება დღესაც სრულდება იმ დროს, როცა უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

წინააღმდეგობა, კრიტიკა და ანტაგონიზმი ჭეშმარიტების თანამგზავრები არიან. ყოველთვის, როცა ადამიანის მიზნისა და დანიშნულების შესახებ ჭეშმარიტება ცხადდება, ამას საპირისპირო ძალა უჩნდება. დაწყებული ადამიდან და ევადან ედემის ბაღში და დამთავრებული ქრისტეს მსახურებით და ჩვენს დროშიც კი, ყოველთვის იქნება მცდელობა ცხოვრების გეგმის მოტყუების, ჩაშლის ან წინააღმდეგობისა.

გაიხსენეთ, ვის ასხამდნენ ყველაზე მეტ ლაფს, ვის ეწინააღმდეგებოდნენ, სირთულეებს უქმნიდნენ, უარყოფდნენ, სცემდნენ, გარიყავდნენ და ჯვარს აცვეს, ვინც ყველაზე და ყველაფერზე ქვემოთ დადგა და იქ იპოვით ჭეშმარიტებას – ძე ღვთისა, კაცობრიობის მხსნელი. რატომ არ ანებებდნენ მას თავს?

რატომ? იმიტომ, რომ იგი არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებას მუდამ ავიწროვებენ.

შემდეგ, გაიხსენეთ ის, ვინც მოავლინა იესო ქრისტეს კიდევ ერთი მოწმობა და ახალი წმინდა წერილი, ვინც იყო იარაღი, რომლითაც იესო ქრისტეს ეკლესიის სახარების სისრულე აღდგა დედამიწაზე, გაიხსენეთ იგი და დაინახავთ, რომ მასაც ლაფს ასხამენ. რატომ არ ანებებენ მას თავს?

რატომ? იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ასწავლიდა და ჭეშმარიტებას ყოველთვის ეწინააღმდეგებიან.

გამოცხადების ნაკადი

გამოცხადებები, რომლებიც გადმოიღვარა ჯოზეფ სმითზე, არის დასტური იმისა, რომ იგი ღვთის წინასწარმეტყველი იყო. მოდით განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი, შევხედოთ სინათლესა და ჭეშმარიტებას, რომელიც გამოვლინდა მისი საშუალებით და წარმოადგენს ასეთ კონტრასტს მისი დროისა და ჩვენი დროის მრწამსს შორის.

  • ღმერთი არის პიროვნება, ამაღლებული არსება, მარადიული მამა. იგი ჩვენი მამაა.

  • მამაღმერთი, იესო ქრისტე და სულიწმინდა სამი სხვადასხვა არსებაა.5

  • თქვენ უბრალო ადამიანზე მეტი ხართ. თქვენ ხართ მარადიული მამაღმერთის შვილები და შეგიძლიათ გახდეთ მისი მსგავსნი6 თუ იწამებთ მის ძეს, მოინანიებთ, მიიღებთ წეს-ჩვეულებებს, სულიწმინდის ძღვენს და ბოლომდე გაძლებთ.7

  • იესო ქრისტეს ეკლესია დღეს წარმოადგენს იმავე ეკლესიას, რაც უფალმა დააარსა თავისი მიწიერი მსახურების დროს – წინასწარმეტყველებით და მოციქულებით, მელქიცედეკისა და ლევიტთა მღვდლობით, უხუცესებით, მღვდელმთავრებით, დიაკვნებით, მასწავლებლებით, ეპისკოპოსებითა და სამოცდაათიანელებით, ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ბიბლიაში.

  • მღვდლობის უფლებამოსილება წაღებულ იქნა დედამიწიდან მხსნელისა და მისი მოციქულების სიკვდილის შემდეგ და კვლავ იქნა აღდგენილი ჩვენს დროში.

  • გამოცხადებები არ შეწყდა; ზეცა არ დახურულა. ღმერთი დღესაც ელაპარაკება წინასწარმეტყველებს და იგი დაგველაპარაკება მეც და თქვენც.8

  • ამ ცხოვრების შემდეგ ჩვენ მარტო ზეცა და ჯოჯოხეთი არ გველის. არსებობს დიდების ხარისხები და დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვაკეთებთ ამ ცხოვრებაში.9

  • არ არის საკმარისი უბრალოდ პასიურად გწამდეს ქრისტე, ჩვენ ყოველ აზრში უნდა ვუტოლდებოდეთ მას,10 ვაკეთებდეთ ყველაფერს, ძის სახელით,11 ყოველთვის გვახსოვდეს იგი და ვიცავდეთ მის მცნებებს ... რათა მისი სული ყოველთვის იყოს ჩვენთან“.12

  • მილიარდობით ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და იხოცება სახარებისა და ხსნისათვის საჭირო წეს-ჩვეულებების გარეშე, არ დაიკარგება. ქრისტეს გამოსყიდვის შედეგად, მთელი კაცობრიობის გადარჩენა შეიძლება სახარების კანონებისა და წეს-ჩვეულებების მორჩილებით,13 რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც ცოცხალი, ასევე გარდაცვლილი ადამიანებისთვის.14

  • ყველაფერი არ დაწყებულა დაბადებით, თქვენ იქამდეც ცხოვრობდით ღმერთის გარემოცვაში როგორც მისი შვილები და იქ მოემზადეთ ამ მიწიერი ცხოვრებისთვის.15

  • ქორწინება და ოჯახი არ არის შეთანხმება ადამიანებისთვის, რომ იცხოვრონ, სანამ სიკვდილი არ დააშორებს მათ. ეს ურთიერთობები უნდა იყოს მარადიული იმ აღთქმების თანახმად, რომლებსაც ვდებთ ღმერთთან. ოჯახი არის ზეცის ნიმუში.16

და ეს არის იმ გამოცხადების ნაკადის მხოლოდ პატარა ნაწილი, რომელიც ჯოზეფ სმითზე გადმოიღვარა. საიდან მოვიდა ეს ყველაფერი, ეს გამოცხადებები, რომლებმაც სიბნელეს სინათლე მოჰფინეს, ეჭვში ნათელი შეიტანეს და მილიონობით ადამიანი შთააგონეს და გამოასწორეს? რას უფრო ჰგავს ეს, რომ მან ყველაფერი ეს მოიგონა თუ დახმარება მიიღო ზეციდან? ის წმინდა წერილი, რომელიც მან მოავლინა, ადამიანის სიტყვას ჰგავს თუ ღმერთის სიტყვას?

დასკვნა

არ არის არანაირი დავა ჯოზეფ სმითის მიღწევაზე, მხოლოდ იმაზე, თუ როგორ მიაღწია მან ამას და რატომ. არც ამის ბევრი ვერსიები არსებობს. იგი ან თვალთმაქცი ან წინასწარმეტყველი იყო. მან რაც გააკეთა ან მარტომ გააკეთა და ან ზეცისგან მიიღო დახმარება. შეხედეთ ამ მოვლენას, მაგრამ შეხედეთ მთლიანობაში, მისი ცხოვრების სრულ მოზაიკას და არა ერთ ფრაგმენტს. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოიქცეთ ისე, როგორც ახალგაზრდა ჯოზეფი და „[სთხოვოთ] ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს და [მოგეცემათ]“.17 ასე არა მხოლოდ მორმონის წიგნისა და ჯოზეფ სმითის შესახებ გაიგებთ ჭეშმარიტებას, არამედ ამ ნიმუშით ყოველივე ჭეშმარიტებას შეიტყობთ.18

ჯოზეფ სმითი იყო ღმერთის წინასწარმეტყველი, ისევე, როგორც თომას ს. მონსონია დღეს. ჯოზეფ სმითის მეშვეობით, ღვთის სასუფევლის გასაღები კვლავ გადაეცათ ადამიანებს დედამიწაზე და ... სახარება გავრცელდება ... როგორც კლდეს მოწყვეტილი ქვა ... სანამ მთლიანად არ დაფარავს დედამიწას“.19

ღმერთი არის ჩვენი მარადიული მამა და იესო არის ქრისტე. ჩვენ მათ თაყვანს ვცემთ. ვერაფერი ვერ შეედრება მათ ქმნილებებს, ხსნის გეგმასა და ღვთის კრავის გამოსყიდვის მსხვერპლს. ამ წყობაში ჩვენ ვასრულებთ მამის გეგმას და ვაგემოვნებთ გამოსყიდვის ნაყოფს, მხოლოდ ჯოზეფ სმითის მიერ აღდგენილი სახარების კანონებისა და წეს-ჩვეულებების მიმართ მორჩილებით. მე ვმოწმობ მათზე, მარადიულ მამაღმერთზე და სამყაროს მხსნელზე, იესო ქრისტეზე. და მე ამას ვამბობ იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.