2010-2019
იყავით რწმენის ერთგულნი
აპრილი 2014


იყავით რწმენის ერთგულნი

ყოველი ჩვენგანი დიდად დაილოცება, თუ გავიგებთ რწმენისა და მსხვერპლის ისტორიებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები უფლის ეკლესიაში გაწევრიანებამდე მიჰყავდა.

მე მიყვარს ეკლესიის ისტორია. ალბათ ისევე, როგორც მრავალი თქვენგანის რწმენა, ჩემი რწმენაც განმტკიცდა, როდესაც შევიტყვე ჩვენი წინაპრების საოცარი თავდადების შესახებ, რომლებმაც სახარება მიიღეს და რწმენის ერთგულნი იყვნენ.

ერთი თვის წინ 12 000-მა შესანიშნავმა ახალგაზრდამ არიზონას ოლქის გილბერტის ტაძრიდან შთამბეჭდავი წარმოდგენის შესრულებით იზეიმა ახალი ტაძრის მშენებლობის დასრულება. მათ ამით მართალი ცხოვრების ვალდებულება გამოხატეს. მათი ზეიმის თემა იყო „იყავით რწმენის ერთგულნი“.

ზუსტად ისე, როგორც არიზონას ახალგაზრდებმა, ყოველმა უკანასკნელი დღეების წმინდანმა უნდა აიღოს ვალდებულება „იყოს რწმენის ერთგული“.

ერთ-ერთ ჰიმნში არის ესეთი სიტყვები: იმ რწმენის ერთგულნი, რომელსაც ჩვენი მშობლები გულში ატარებდნენ (“True to the Faith,” Hymns, no. 254).

ჩვენ შეგვიძლია ამას დავამატოთ: „იმ რწმენის ერთგულნი, რომელსაც ჩვენი პაპა-ბებიები გულში ატარებდნენ“.

საინტერესოა, იცოდა ყოველმა იმ ენთუზიასტმა არიზონელმა ახალგაზრდამ საკუთარი ეკლესიის ისტორია? თუ იცოდნენ თავიანთი ოჯახის ეკლესიაში გაწევრიანების ისტორია? შესანიშნავი იქნებოდა, ყოველ უკანასკნელი დღეების წმინდანს თავისი წინაპრების რწმენაში მოქცევის ისტორია რომ სცოდნოდა.

არ აქვს მნიშვნელობა, ხართ თუ არა პიონერების შთამომავალი, მორმონთა პიონერების რწმენისა და მსხვერპლის მემკვიდრეობა თქვენი მემკვიდრეობაა. ეს უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის კეთილშობილი მემკვიდრეობაა.

ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი შესანიშნავი თავი ეძღვნება იმ დროს, როცა უფლის მოციქული, უილფორდ ვუდროფი დიდი ბრიტანეთის მიწაზე ასწავლიდა იესო ქრისტეს აღდგენილ სახარებას 1840წ. ეკლესიის დაარსების სულ რაღაც ათი წლის შემდეგ.

უილფორდ ვუდროფმა და სხვა მოციქულებმა ინგლისის ლივერპულისა და პრესტონის ოლქებზე გადაიტანეს ყურადღება და მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწიეს. უხუცესი ვუდროფი, რომელიც მოგვიანებით ეკლესიის პრეზიდენტი გახდა, გამუდმებით ლოცულობდა იმისთვის, რომ ღმერთი წინ წაძღოლოდა ამ ძალზედ მნიშვნელოვან საქმეში. მისმა ლოცვებმა შთააგონეს, წასულიყვნენ სხვადასხვა ადგილებში სახარების საქადაგებლად.

პრეზიდენტმა მონსონმა გვასწავლა, რომ როცა ზეციდან ვიღებთ შთაგონებას რაიმეს გასაკეთებლად, უმალვე უნდა გავაკეთოთ ეს, არ უნდა გადავდოთ. ზუსტად ასე იქცეოდა უილფორდ ვუდროფი. სულიწმინდის აშკარა მითითებით – „წავიდნენ … სამხრეთისკენ“, უხუცესი ვუდროფი თითქმის დაუყოვნებლივ წავიდა ინგლისის ერთ-ერთ სამხრეთდასავლეთ ნაწილში, ე.წ. ჰერფორდშირში, სადაც ფერმები იყო გაშენებული. აქ იგი წარმატებულ ფერმერს, ჯონ ბენბოუს შეხვდა და იგი „სიხარულითა და მადლიერებით მიიღეს“(Wilford Woodruff: History of His Life and Labors as Recorded in His Daily Journals [1909], 117).ed. Matthias F. Cowley, 117).

დაახლოებით 600 კაციანი ჯგუფი, რომელიც უწოდებდა საკუთარ თავს გაერთიანებული საძმო, „სინათლისა და ჭეშმარიტებისთვის“ ლოცულობდა ” (Wilford Woodruff, in Teachings of Presidents of the Church: Wilford Woodruff [[2004], 91). უფალმა უილფორდ ვუდროფი იქ მათი ლოცვების საპასუხოდ გაგზავნა.

უხუცესი ვუდროფის სწავლებამ უმალვე ნაყოფი გამოიღო – მრავალი ადამიანი მოინათლა. ბრიგამ იანგი და უილარდ რიჩარდსი შეუერთდნენ მას ჰერფორდშირში და ამ სამმა მოციქულმა არაჩვეულებრივ წარმატებას მიაღწიეს.

Iსულ რამოდენიმე თვეში მათ 541 ეკლესიის წევრისთვის 33 მრევლი დააარსეს. მათი შესანიშნავი საქმე გაგრძელდა და საბოლოოდ გაერთიანებული საძმოს თითქმის ყოველი წევრი მოინათლა და გაწევრიანდა უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში.

ჩემი დიდი ბებიის ბებია ჰანა მარია ჰარისი იყო უილფორდ ვუდროფის ერთ-ერთი პირველი მსმენელი. მან შეატყობინა თავის ქმარს, რობერტ ჰარის ჯუნიორს, რომ ღვთის სიტყვა მოისმინა და მონათვლას აპირებდა. რობერტს სულაც არ მოეწონა მეუღლის ნათქვამი. მან უთხრა, რომ მორმონი მისიონერის შემდეგ ქადაგებაზე თავად მივიდოდა და ჭკუას ასწავლიდა მას.

რობერტი შეკრებილ ხალხთან ახლოს იჯდა. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, არ მოქცეულიყო გავლენის ქვეშ და სტუმრად მოსული მოძღვარი შეკითხვებითა და შენიშვნებით შეეწუხებინა, მაგრამ მას უმალ შეეხო სულიწმინდა, ისევე, როგორც მანამდე მის ცოლს. მან იცოდა, რომ აღდგენილი სახარების გზავნილი ჭეშმარიტი იყო, ასე რომ იგი მეუღლესთან ერთად მოინათლა.

მათი რწმენისა და თავდადების ისტორია ათასობით სხვას ჰგავს: როცა მათ სახარების გზავნილი ესმოდათ, მათ იცოდნენ, რომ იგი ჭეშმარიტი იყო!

როგორც უფალი ამბობს: „ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მე ვიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან“ (იოანე 10:27).

როცა მწყემსის ხმა გაიგეს, მათ აიღეს ვალდებულება, ცხოვრება სახარებისათვის და უფლის წინასწარმეტყველის მითითებისთვის მიეძღვნათ. მოწოდებას „შეიკრიბეთ სიონში“ მათ იმით უპასუხეს, რომ დატოვეს სახლი ინგლისში, გადაკვეთეს ატლანტიის ოკეანე და წმინდანებს ილინოისის შტატის ნავუში შეუერთდნენ.

მათ მთელი გულითა და სულით მიიღეს სახარება. ახალ მიწაზე დასამკვიდრებლად ისინი ნავუს ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ. ისინი მშენებლობას შრომის მეათედს წირავდნენ ანუ ყოველი მე-10 დღე ტაძრის მშენებლობაზე მუშაობდენენ.

მაგრამ მათ საქმე არ შეუწყვეტიათ! ისინი რწმენის ერთგულნი იყვნენ.

როცა წმინდანებს დევნიდნენ და ნავუდან წასვლას აიძულებდნენ, რობერტი და მარია ძალზედ მადლიერნი იყვნენ ტაძარში შემოსვის წეს-ჩვეულების მიღებისთვის. ამის წინ მათ მდინარე მისისიპი გადალახეს და დასავლეთისკენ წავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები იმაში, წინ რა ელოდებოდათ, მათ საკუთარ რწმენაში და მოწმობებში ეჭვი არ ეპარებოდათ.

ექვს შვილთან ერთად აიოვადან დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე ტალახში ეფლობოდნენ. მათ მდინარე მისურის გვერდით დროებითი თავშესაფარი აიშენეს, რაც ცნობილი გახდა, როგორც ზამთრის საცხოვრებელი.

ეს უშიშარი პიონერების ჯგუფი მოციქულთა მითითებებს ელოდებოდა იმაზედ, თუ საით წასულიყვნენ დასავლეთში. ყველას გეგმები შეიცვალა, როცა ბრიგამ იანგმა, თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტმა, მოუწოდა მამაკაცებს შეერთებული შტატების ჯარში ემსახურათ. მოგვიანებით ისინი გახდნენ ცნობილნი როგორც მორმონთა ბატალიონი.

რობერტ ჰარის ჯუნიორი იყო მორმონთა პიონერების იმ 500 კაციანი ჯგუფიდან ერთ-ერთი, რომელმაც ამ მოწოდებას უპასუხა. იგი ჯარში ჩაეწერა მიუხედავად იმისა, რომ სახლში ექვსი შვილი და ორსული მეუღლე რჩებოდა.

რატომ იზამდა იგი ამას, ან სხვა მამაკაცები რატომ წავიდოდნენ ამაზე?

პასუხის გაცემა შეიძლება ჩემი დიდი პაპის სიტყვებით. როცა მისი ბატალიონი სანტა ფესისკენ მიდიოდა, მან მეუღლეს მისწერა წერილში: „ჩემი რწმენა ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის [და როდესაც ვფიქრობ იმაზე, რაც ბრიგამ იანგმა გვითხრა] მე მისი ისევე მჯერა, როგორც ამას დავიჯერებდი დიდებული ღმერთისგან”.

მოკლედ რომ ვთქვათ, მან იცოდა, რომ ღვთის წინასასწარმეტყველს უსმენდა, ისევე, როგორც ეს იცოდნენ სხვა ადამიანებმა. აი რატომაც მოიქცნენ ასე. მათ იცოდნენ, რომ წინ ღვთის წინასწარმეტყველი მიუძღვოდათ.

იმავე წერილში მან გამოხატა თავისი ნაზი გრძნობები მეუღლისა და შვილების მიმართ და თქვა, რომ სულ ლოცულობდა მათზე, რომ დალოცვილნი ყოფილიყვნენ.

მოგვიანებით მან ასეთი ძლიერი განცხადება გააკეთა: „ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაც ვიხილეთ, გავიგონეთ და[ გამოვცადეთ] უფლის ტაძარში“.

ეს რჩევა და მის მიერ ადრე გაზიარებული მოწმობა – „ჩვენ ღვთის წინასწარმეტყველი მიგვიძღვის წინ“ ჩემთვის წმინდა წერილივით გახდა.

ბატალიონში წასვლიდან თვრამეტი თვის შემდეგ, რობერტ ჰარისი უვნებელი დაუბრუნდა თავის საყვარელ მარიას. ისინი მთელი ცხოვრების მანძილზე აღდგენილი სახარების ერთგულნი იყვნენ. მათ 15 შვილი იყოლიეს, 13 მათგანმა ზრდასრულ ასაკს მიაღწია. ჩემი ბებია, ფანი უოკერი კანადიდან, რაიმონდი, ალბერტა, იყო 136-დან მათი ერთ-ერთი შვილიშვილთაგანი.

ბებია უოკერი ამაყობდა იმით, რომ მისი პაპა მორმონთა ბატალიონში მსახურობდა და მას სურდა, რომ ყველა შვილიშვილს სცოდნოდა ეს. ახლა, როცა პაპა გავხდი, მესმის, რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი მისთვის. მას სურდა, რომ შვილების გული მამების გულებთან დაბრუნებულიყო. მას სურდა, რომ შვილიშვილებს სცოდნოდათ თავიანთი კეთილშობილი მემკვიდრეობა, რადგან მან იცოდა, რომ ეს მათ ცხოვრებას დალოცავდა.

რაც უფრო მჭიდრო კავშირს ვგრძნობთ ჩვენს წინაპრებთან, მით უფრო მეტად გვევალება გონიერი და მართალი არჩევანის გაკეთება.

ასეც არის. ყოველი ჩვენგანი დიდად დაილოცება, თუ გავიგებთ რწმენისა და მსხვერპლის ისტორიებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები უფლის ეკლესიაში გაწევრიანებამდე მიჰყავდა.

რობერტმა და მარიამ, როცა პირველად მოისმინეს უილფორდ ვუდროფის აღდგენილი სახარების შესახებ სწავლება და მოწმობა, მაშინვე იცოდნენ, რომ სახარება ჭეშმარიტი იყო.

მათ ასევე იცოდნენ, რომ მიუხედავად სირთულეებისა და გამოცდების, რომლებიც მათ წინ ელოდებოდათ, ისინი დალოცვილნი იქნებოდნენ იმით, რომ რწმენის ერთგულნი დარჩებოდნენ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მათ ჩვენი ამჟამინდელი წინასწარმეტყველის სიტყვები გაიგონეს, რომელმაც თქვა: „არც ერთი მსხვერპლი არ არის მეტად დიდი ... [სატაძრო] ლოცვა-კურთხევების მისაღებად” (Thomas S. Monson, “The Holy Temple—a Beacon to the World,” Ensign or Liahona, May 2011, 92).

გაერთიანებული სამეფოს ორ ფუნტიან მონეტაზე ამოტვიფრულია სიტყვები: „გოლიათების მხრებზე ვდგავართ“. როცა ვფიქრობ ჩვენს დიად პიონერ წინაპრებზე, ვგრძნობ, რომ ჩვენ ყველანიგოლიათების მხრებზე ვდგავართ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რჩევა რობერტ ჰარისის წერილიდან მოვიდა, მე მჯერა, რომ უამრავი წინაპარი თავის შვილებსა და შვილიშვილებს იმავე გზავნილს გაუგზავნიდა: პირველი – ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ტაძარში მიღებული გამოცდილება და ის დაპირებები და ლოცვა-კურთხევები, რომლებიც თითოულ ჩვენგანმა ტაძრის გამო მიიღო. მეორე – ჩვენ არ უნდა გვავოწყდებოდეს, რომ წინ ღვთის წინასწარმეტყველი მიგვიძღვის.

მე ვმოწმობ, რომ ჩვენ ღვთის წინასწარმეტყველი მიგვიძღვის წინ. უფალმა აღადგინა თავისი ეკლესია ამ უკანასკნელ დღეებში წინასწარმეტყველი ჯოზეფ სმითის მეშვეობით და ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ წინ მიგვიძღვიან ღვთის წინასწარმეტყველები, დაწყებული ჯოზეფიდან, შემდეგ ბრიგამი და მის შემდეგ სხვა ეკლესიის პრეზიდენტები მოყოლებული ამჟამინდელ წინასწარმეტყველამდე – თომას ს. მონსონი. მე მას ვიცნობ, პატივს ვცემ და მიყვარს იგი. მე ვმოწმობ, რომ იგი დღეს უფლის წინასწარმეტყველია დედამიწაზე.

ჩემი გულის სურვილია, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ჩვენ პატივს ვცემდეთ ჩვენი მართალი წინაპრების მემკვიდრეობას, იმ ერთგულ მორმონ პიონერებს, რომლებიც მზად იყვნენ, ყველაფერი დაედოთ საკურთხეველზე და დაეცვათ თავიანთი ღმერთი და რწმენა. მე ვლოცულობ იმაზედ, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს იმ რწმენის ერთგული, რომელსაც ჩვენი მშობლები გულით ატარებდნენ. იესო ქრისტეს წმინდა სახელით, ამინ.