2010-2019
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე
აპრილი 2014


თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე

ღმერთი გამოუცხადებს ჭეშმარიტებას მათ, ვინც ეძიებს მას ისე, როგორც ეს წმინდა წერილშია დაწერილი.

რამოდენიმე დღის წინ ჩემი 10 წლის ბიჭი ინტერნეტით სწავლობდა ადამიანის ტვინს. მას სურს ქირურგი გახდეს. არ არის რთული იმის დანახვა, რომ იგი ჩემზე ჭკვიანია.

ჩვენ გვიყვარს ინტერნეტი. სახლში ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჩვენ ვესაუბრებით სოც. ქსელების, ელ. ფოსტისა და სხვა საშუალებათა მეშვეობით. ჩემი შვილები საშინაო დავალების დიდ ნაწილს ინტერნეტის დახმარებით ასრულებენ.

როგორიც არ უნდა იყოს შეკითხვა, თუ ჩვენ მეტი ინფორმაცია გვჭირდება მის შესახებ, მას ინტერნეტით ვეძებთ. წამებში უამრავ მასალას ვპოულობთ. ეს საოცარია.

ინტერნეტი სწავლისთვის მრავალ საშუალებას გვაძლევს. მიუხედავად ამისა, სატანას სურს, ვიყოთ უბედურები და იგი ამრუდებს საგნების ჭეშმარიტ მნიშვნელობას. იგი იყენებს ამ დიდებულ იარაღს შიშისა და ეჭვის გასაძლიერებლად და ასევე რწმენისა და იმედის განადგურებისთვის.

როცა ამდენი რამ არის ხელმისაწვდომი ინტერნეტით, ჩვენ უნდა ფრთხილად განვიხილოთ ის, თუ სად გამოვიყენოთ ჩვენი მცდელობები. სატანა საქმეს გვიჩენს, ყურადღებას გვიფანტავს და გვაინფიცირებს ინფორმაციის გაფილტვრის დროს, რომელიც მეტ წილად ნაგავს წარმოადგენს.

ნაგავში არასდროს არ უნდა იქექოთ.

წმინდა წერილში არის ასეთი რჩევა, რომ ქრისტეს სული ეძლევა ყოველ ადამიანს, რათა მას შეეძლოს კეთილისა და ბოროტის გარჩევა; ამიტომ, არსებობს განსჯის ხერხი; რადგან ყველაფერი, რაც სიკეთისკენ გვიბიძგებს და გვარწმუნებს იმაში, რომ ვიქონიოთ ქრისტეში რწმენა, ქრისტეს ძალითა და ძღვენით არის გამოგზავნილი, რათა ვიცოდეთ, რომ ... იგი ღმერთისგან არის.1

რეალურად, ჩვენ იმავე დილემის წინაშე ვდგებით, როგორც ჯოზეფ სმითი სიჭაბუკის წლებში. ჩვენც ხშირად აღმოვაჩენთ, რომ სიბრძნე გვაკლია.

ღვთის სასუფეველში ჭეშმარიტების ძიებას გვიწონებენ, გვამხნევებენ მისთვის და არასდროს არ ახშობენ მას და არ გვაშინებენ. ეკლესიის წევრებს თვით უფლისგან ეძლევათ რჩევა, ეძიონ ცოდნა.2 მან თქვა, რომ უნდა ვეძიოთ ბეჯითად ... ; ვეძიოთ სიბრძნის სიტყვები საუკეთესო წიგნებში; ვისწრაფოდეთ სწავლისკენ, რწმენითა და სწავლით.3თუმცა, როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ ჭეშმარიტება სამყაროში, რომელიც უფრო და უფრო უხეშია ყველაფრის მიმართ, რაც ღმერთს ეხება.

წმინდა წერილი გვასწავლის, თუ როგორ მოვახერხოთ ეს:

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ ჭეშმარიტება მისი ნაყოფის მიხედვით.

მთაზე ქადაგების დროს უფალმა თქვა:

„ასე, ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს იძლევა, ხოლო ცუდი ხე ნაყოფსაც ცუდს იძლევა. ...

„ასე, მათი ნაყოფით იცნობთ მათ“.4

წინასწარმეტყველმა მორმონმა იგივე პრინციპი იქადაგა, როცა თქვა: „მათი საქმით გეცოდინებათ ისინი; თუ საქმე მათი კარგია, მაშინ ისინიც კარგები არიან“.5

ჩვენ ვეპატიჟებით ყველას, შეისწავლონ ეკლესიის ნაყოფი და საქმენი.

ისინი, ვინც დაინტერესებულნი არიან ჭეშმარიტებით, შეძლებენ დაინახონ ის განსხვავება, რომელიც იქმნება ეკლესიისა და მისი წევრების მიერ იმ დასახლებებში, სადაც ისინია დაარსებული. ისინი ასევე შენიშნავენ გაუმჯობესებას იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მიჰყვებიან მის სწავლებებს. ისინი, ვინც გასინჯავენ ამ ხილს აღმოაჩენენ, რომ უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის ხილი გემრიელი და სასურველია.

მეორე: ჩვენ ჭეშმარიტების პოვნა შეგვიძლია ისე, რომ თავად გამოვცადოთ სიტყვა.

წინასწარმეტყველი ალმა ასწავლიდა:

„ჩვენ შევადარებთ სიტყვას მარცვალს. ... თუ თქვენ დაუთმობთ საკუთარ გულში ადგილს თესლის დათესვას, თუ ეს იქნება ჭეშმარიტი თესლი, [და] ... თუ თქვენ არ განდევნით მას თქვენი ურწმუნოებით, ... იგი გაღვივდება თქვენს მკერდში; და ... თუ თქვენ გულში იტყვით – ეს ... კარგი თესლი უნდა იყოს, ... რადგან ის სულს მიფართოვებს; დიახ, იგი გონებას მინათებს, დიახ, იგი ჩემთვის გემრიელი ხდება. ...

„ ... და ახლა, ... განა ეს არ გააძლიერებს თქვენს რწმენას? დიახ, ეს გააძლიერებს თქვენს რწმენას. ...

„ ... რადგან ყოველ თესლს თავისი მსგავსი გამოაქვს“.6

რა დიდებული მოწვევაა უფლის წინასწარმეტყველისგან! ეს შეიძლება შევადაროთ მეცნიერულ ცდას. ჩვენ გვეპატიჟებიან სიტყვის დასაგემოვნებლად, ჩვენ გვაძლევენ პარამეტრებს და ჩვენ ცდის შედეგებს გვაცნობენ, თუკი მივყვებით ინსტრუქციას.

ასე, წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ჭეშმარიტება მისი ნაყოფის დაკვირვებით; ან პირადად მასთან ექსპერიმენტის ჩატარების გზით, როცა გულში სიტყვას ადგილს მოვუძებნით და მოვუვლით მას ისე, როგორც თესლს.

თუმცა არსებობს ჭეშმარიტების შეცნობის კიდევ მესამე გზა – პირადი გამოცხადება.

მოძღვრება და აღთქმების მე-8 თავი გვასწავლის, რომ გამოცხადება არის ცოდნა, „ცოდნა ნებისმიერი საკითხისა, რომელსაც შევთხოვთ რწმენით, პატიოსანი გულით და იმის რწმენით, რომ მივიღებთ პასუხს“.7

უფალი გვეუბნება, თუ როგორ მივიღებთ გამოცხადებას. იგი ამბობს: „მე გეტყვით გონებასა და გულში, სული წმინდის მეშვეობით, რომელიც მოგეფინებათ და დაისადგურებს თქვენს გულში“.8

ასე რომ, ჩვენ გვასწავლიან, რომ გამოცხადება მიიღება, როცა შევთხოვთ რწმენით, პატიოსანი გულითა და რწმენით, რომ მივიღებთ მას.

უფალმა ეს ძალიან ნათლად თქვა, როცა გაგვაფრთხილა: „გახსოვდეთ, რომ რწმენის გარეშე თქვენ ვერაფერს ვერ იზამთ; ასე რომ, შესთხოვეთ რწმენით“.9 რწმენა მოითხოვს საქმეს – ისეთს, როგორიცაა გონებაში გააზრება, მერე ლოცვაში კითხვა, სწორია იგი თუ არა.

უფალმა თქვა:

„ თუ იგი სწორია, მე მოვახდენ ისე, რომ მკერდში სიმხურვალეს იგრძნობთ; ასე რომ, თქვენ იგრძნობთ ამას, თუ ეს სწორია.

„მაგრამ თუ ეს არ არის სწორი, თქვენ არ გექნებათ მსგავსი შეგრძნებები, მაგრამ აზრები გაგიჩერდებათ და ასე დაივიწყებთ იმას, რაც არის მცდარი“.10

რწმენა საქმის გარეშე მკვდარია.11 ასე რომ, „ითხოვეთ რწმენით და ეჭვის გარეშე“.12

მე მყავს მეგობარი, რომელიც არ არის ჩვენი რწმენის და რომელმაც მითხრა, რომ არ არის სულიერი ადამიანი. მას არ სურს წმინდა წერილის წაკითხვა ან ლოცვა, რადგან მისი თქმით, არ ესმის ღვთის სიტყვა და არც იმაშია დარწმუნებული, რომ ღმერთი არსებობს. ეს განწყობა ხსნის მისი სულიერების ნაკლებობას და მიიყვანს მას გამოცხადების საპირისპირო მოვლენამდე, როგორც ამას ხსნის ალმა: „ასე რომ ის, ვინც გაიქვავებს გულს, მიიღებს სიტყვის უფრო მცირე ნაწილს“.

მაგრამ, დაამატა ალმამ, „ის, ვინც არ გაიქვავებს გულს, სიტყვის უფრო დიდ ნაწილს მიიღებს, სანამ მას არ მიეცემა ღვთის სასწაულების ცოდნა, სანამ არ შეიცნობს მათ სისრულეში“.13

ალმა და მოსიას შვილები არიან იმ პრინციპის მაგალითები, რომ რწმენა მოითხოვს საქმეს. მორმონის წიგნში ჩვენ ვკითხულობთ:

„ისინი ბეჯითად იკვლევდნენ წმინდა წერილს, რათა სცოდნოდათ ღვთის სიტყვა.

„მაგრამ ეს ყველაფერი არ არის; ისინი ბევრს ლოცულობდნენ და მარხულობდნენ; ასე რომ, მათ ჰქონდათ წინასწარმეტყველების სული და სული გამოცხადებისა“.14

წრფელი გულით თხოვნა ამ პროცესისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ გულწრფელად ვეძიებთ ჭეშმარიტებას, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალაშია იმისთვის, რომ ვიპოვოთ იგი. ამან შეიძლება მოიცვას წმინდა წერილის წაკითხვა, ეკლესიაში სიარული და მთელი ძალისხმევით ღვთის მცნებების დაცვა. ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ გვსურს ღვთის ნების შესრულება, როცა ვიპოვით მას.

ჯოზეფ სმითის ქმედებები, როცა იგი ეძიებდა სიბრძნეს, არის სრულყოფილი მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს იქონიო წრფელი გული. მან თქვა, რომ სურდა სცოდნოდა, რომელი სექტა იყო ჭეშმარიტი, რათა „სცოდნოდა[მას] რომელს შეერთებოდა“.15 სანამ ლოცვას დაიწყებდა, იგი მზად იყო ემოქმედა იმ პასუხის მიხედვით, რომელსაც მიიღებდა.

ჩვენ უნდა ვითხოვოთ რწმენითა და წრფელი გულით, მაგრამ არა მხოლოდ ეს: ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ მივიღებთ გამოცხადებას. ჩვენ უნდა მივენდოთ უფალს და ვიქონიოთ იმედი მის დაპირებებში. გახსოვდეთ, რა არის დაწერილი: „თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს; და მიეცემა“.16 რა საოცარი დაპირებაა!

მე ყველას ვეპატიჟები, ეძიონ ჭეშმარიტება ნებისმიერი ჩამოთვლილი მეთოდით, განსაკუთრებით ღვთისგან პირადი გამოცხადების გზით. ღმერთი გამოუცხადებს ჭეშმარიტებას მათ, ვინც ეძიებს მას ისე, როგორც ეს წმინდა წერილშია დაწერილი. ეს მოითხოვს უბრალოდ ინტერნეტში ძებნაზე მეტ ძალისხმევას, მაგრამ ეს ამად ღირს.

მე ვმოწმობ, რომ ეს არის იესო ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია. მე მინახავს მისი ნაყოფი დასახლებებში და ათასობით ადამიანის ცხოვრებაში, ოჯახის წევრების ჩათვლით; ასე რომ, მე ვიცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა. მე ჩემს ცხოვრებაში წლების მანძილზე ვცდიდი სიტყვას და მიგრძვნია მისი გავლენა ჩემს სულზე; ასე რომ მე ვიცი, რომ იგი ჭეშმარიტებაა. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ მე გავიგე მისი ჭეშმარიტების შესახებ სული წმინდის მეშვეობით, გამოცხადებაში; ასე რომ მე ვიცი, რომ იგი ჭეშმარიტია. მე გეპატიჟებით ყველას გააკეთოთ იგივე. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.