გენერალური კონფერენცია
მოიწვიეთ ქრისტე, გახდეს თქვენი ცხოვრების ისტორიის ავტორი.
2021 წ. ოქტომბრის გენერალური კონფერენცია


მოიწვიეთ ქრისტე, გახდეს თქვენი ცხოვრების ისტორიის ავტორი.

დაე, თქვენი სცენარი ეყრდნობოდეს რწმენას და თქვენს მისაბაძ მაგალითს, მხსნელ იესო ქრისტეს.

დავიწყებ რამდენიმე შეკითხვით, რომელიც თვით-რეფლექსიას ეხება.

  • პირადი ცხოვრების რა ტიპის სცენარს წერთ?

  • ბილიკი, რომელსაც აღწერთ თქვენს სცენარში, სწორია?

  • თქვენი სცენარი მთავრდება იმავე ადგილას, სადაც დაიწყო ანუ ზეციურ სახლში?

  • არის თქვენს ისტორიაში მისაბაძი მაგალითი და არის თუ არა ეს ჩვენი მხსნელი, იესო ქრისტე?

მე ვმოწმობ, რომ მხსნელი არის „ჩვენი „რწმენის მიზეზი და სრულმყოფელი“.1 თქვენ მოიპატიჟებთ მას, იყოს თქვენი ისტორიის მიზეზი და სრულმყოფელი?

მან თავიდან ბოლომდე ყველაფერი იცის. იგი დედამიწისა და ზეცის შემქმნელი იყო. მას სურს, დავბრუნდეთ სახლში მასთან და ჩვენს ზეციურ მშობლებთან. მან ჩვენში ყველაფერი დააბანდა და სურს, მივაღწიოთ წარმატებებს.

თქვენი აზრით, რა გვაკავებს იმისგან, რომ ჩვენი ისტორია მას დავაწერინოთ?

იქნებ ეს მაგალითი დაგეხმაროთ თვითშეფასებაში.

ადვოკატმა კარგად იცის, რომ დაკითხვის დროს არ უნდა დაუსვათ მოწმეს კითხვა, რომელზეც პასუხი არ იცით. ასეთი კითხვის დასმა გამოიწვევს იმას, რომ მოწმე გეტყვით თქვენ, ასევე მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს ისეთ რამეს, რაც არ იცით. შეიძლება ისეთი პასუხი მიიღოთ, რომელმაც გაგაოცოთ და იყოს საპირისპირო იმ სცენარისა, რომელიც უკვე შეიმუშავეთ ამ კონკრეტული შემთხვევისთვის.

მართალია, მოწმისთვის პროცესზე ისეთი კითხვის დასმა, რომელზედაც პასუხი არ იცით, უგუნურობაა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საპირისპიროა ჭეშმარიტი. ჩვენ შეგვიძლია, დავუსვათ მოსიყვარულე მამაზეციერს შეკითხვები ჩვენი მოწყალე მხსნელის სახელით და მოწმე, რომელიც ამ კითხებზე პასუხს გაგვცემს - სულიწმინდაა, რომელიც ყოველთვის მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ.2 რადგან სულიწმინდა მამაზეციერთან და იესო ქრისტესთან სრულყოფილ კავშირშია, ჩვენ ვიცით, რომ სულიწმინდის გამოვლენა საიმედო რამ არის. მაშინ რატომ ვეწინააღმდეგებით ხანდახან ასეთი ზეციური დახმარების მიღებას, როცა ჭეშმარიტება სულიწმინდისგან გვევლინება? რატომ არ ვჩქარობთ ისეთი კითხვის დასმას, რომელზეც პასუხი არ ვიცით, მაგრამ მოწმე არა მხოლოდ მეგობრულად არის განწყობილი ჩვენ მიმართ, არამედ ყოველთვის სიმართლეს ამბობს?

იქნებ იმიტომ, რომ არ გვაქვს რწმენა, მივიღოთ შესაძლო პასუხი? იქნებ იმიტომ, რომ ხორციელი ადამიანი ჩვენში ეწინააღმდეგება იმას, რომ სრულად მიანდოს უფალს ყოველივე და მთლიანადენდოს მას? იქნებ ამიტომ ვირჩევთ, ჩავრჩეთ საკუთარი ხელით ჩვენთვის დაწერილ სცენარში, ჩვენი ისტორიის კომფორტულ ვარიანტში, რომელსაც ოსტატ ავტორს რედაქტირება არ გაუკეთებია? ჩვენ არ გვინდა, დავსვათ კითხვები და მივიღოთ პასუხები, რომლებიც ლამაზად არ ჯდება იმ ისტორიაში, რომელსაც ჩვენთვის ვწერთ.

სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრი ჩვენგანი არ დაწერდა თავის ისტორიაში ისეთ განსაცდელს, რომელიც განგვწმენდდა. მაგრამ განა არ მოგვწონს ისტორიის ჩინებული დასასრულის წაკითხვა, სადაც ბრძოლას გმირი მოიგებს? განსაცდელი იმ ჩანაფიქრის ელემენტია, რომელიც ჩვენს საყვარელ ისტორიებს მიმზიდველს, მარადიულს, რწმენის დამამტკიცებელსა და მოყოლის ღირსს ხდის. მშვენიერი ბრძოლები, რომლებიც დაიწერა ჩვენს ისტორიებში, არის ის, რაც გვაახლოვებს მხსნელთან და განგვწმენდს, უფრო მეტად გვამსგავსებს მას.

იმისთვის, რომ დავითი გოლიათს მორეოდა, ბიჭს უნდა გაებედა გიგანტთან შერკინება. დავითისთვის კომფორტული სცენარი იქნებოდა ცხვართან დაბრუნება. მაგრამ ამის ნაცვლად იგი ფიქრობდა იმაზე, როგორ გადაერჩინა დათვისგან და ლომისგან კრავები. და ამ გმირული მიღწევების საფუძველზე მან მოიკრიბა რწმენა და გამბედაობა, ღმერთისთვის მიენდო თავისი ისტორიის დაწერა და განაცხადა: „უფალი, რომელსაც დავუხსნივარ ლომისაგან და დათვისაგან, ახლაც დამიხსნის ამ ფილისტიმელისაგან.“3 სურვილით, მიანდოს ღმერთს პირველობა, სულიწმინდისთვის ყურის დაგდებითა და მზაობით, გახადოს მხსნელი თავისი ისტორიის მიზეზი და სრულმყოფელი, ბიჭმა დავითმა დაამარცხა გოლიათი და გადაარჩინა თავისი ხალხი.

თავისუფალი არჩევნის უზენაესი პრინციპი, რა თქმა უნდა, გვრთავს ნებას, დავწეროთ ჩვენი საკუთარი ისტორია - დავითს შეეძლო, შინ წასულიყო, ცხვარი ემწყემსა. მაგრამ იესო ქრისტე მზად არის, გამოგვიყენოს როგორც ღვთიური ინსტრუმენტი, გათლილი ფანქარი თავის ხელში, იმისტვის, რომ შედევრი დაწეროს! მას გულმოწყალედ სურს, გამომიყენოს მე, თხელი ფანქარი, როგორც ინსტრუმენტი თავის ხელში, თუკი მექნება რწმენა, ნება დავრთო მას, დავუშვა, გახდეს ჩემი ისტორიის ავტორი.

ესთერი კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითია იმისა, როგორ მივანდოთ ღმერთს პირველობა. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი დაცულობის ფრთხილ სცენარს დაჯერებოდა, მან გამოავლინა რწმენა და სრულად მიენდო უფალს. ჰამანი გეგმავდა სპარსეთში ყველა ებრაელის განადგურებას. მორდექაიმ, ესთერის ნათესავმა, შეიტყო ამ შეთქმულების შესახებ და მისწერა მას, მოუწოდებდა რა, დალაპარაკებოდა მეფეს თავისი ხალხის სახელით. მან უამბო, რომ ვინც მეფეს დაპატიჟების გარეშე მიუახლოვდებოდა, სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. მაგრამ რწმენის არნახული გამოვლენით მან სთხოვა მორდექაის, შეეგროვებინა ებრაელები და ემარხულათ მისთვის. „მეც ვიმარხულებ ჩემს მხევლებთან ერთად“ „ასე წავალ მეფესთან, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება; და, თუ დავიღუპები, დავიღუპო“!4

ესთერი მზად იყო, უფალს დაეწერა მისი ისტორია, თუმცა მიწიერების თვალსაზრისით ბოლო შეიძლება ტრაგიკული ყოფილიყო. საბედნიეროდ, მეფემ მიიღო ესთერი და ებრაელები სპარსეთში გადარჩნენ.

რა თქმა უნდა, ესთერის სიმამაცის დონე იშვიათად მოგვეთხოვება. მაგრამ ღმერთისთვის პირველობის მინდობა, მისთვის ჩვენი ისტორიის მიზეზისა და სრულმყოფელის როლის მინიჭება მოითხოვს ჩვენგან მისი მცნებებისა და მასთან დადებული აღთქმების დაცვას. ჩვენ მიერ მცნებებისა და აღთქმების დაცვა გაგვიხსნის სასაუბრო არხს სულიწმინდის მეშვეობით გამოცხადებების მისაღებად. და სულიწმინდის გამოვლენის მეშვეობით ჩვენ ვიგრძნობთ მოძღვრის ხელს, რომელიც ჩვენთან ერთად წერს ჩვენს ისტორიებს.

2021 წლის აპრილში ჩვენმა წინასწარმეტყველმა, პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა, გვთხოვა, დავფიქრებულიყავით იმაზე, რას ვიზამდით, ქრისტეში მეტი რწმენა რომ გვქონოდა. იესო ქრისტეში მეტი რწმენით ჩვენ დავუსვამდით მას შეკითხვას, რომელზეც პასუხი არ ვიცით, ვკითხავდით მამაზეციერს იესო ქრისტეს სახელით, რათა სულიწმინდის მეშვეობით, რომელიც მოწმობს ჭეშმარიტებაზე, გამოეგზავნა ჩვენთვის პასუხი. მეტი რწმენა რომ გვქონოდა, ჩვენ დავუსვამდით ამ შეკითხვას და შემდეგ მზად ვიქნებოდით, მიგვეღო პასუხი, რომელიც ჩვენთვის მისაღები იქნებოდა მაშინაც კი, როცა იგი არ ჯდებოდა ჩვენს კომფორტულ სცენარში. და დაპირებული დალოცვა, რომელიც მოვა იესო ქრისტეში რწმენით მოქმედებით, იქნება მასში რწმენის ზრდა, როგორც ჩვენი მიზეზისა და სრულმყოფელის. პრეზიდენტმა ნელსონმა განაცხადა, რომ ჩვენ „მივიღებთ მეტ რწმენას, თუ გავაკეთებთ რამეს, რაც უფრო მეტ რწმენას მოითხოვს“.5

ასე რომ, უშვილო წყვილს, რომელიც უნაყოფობისგან იტანჯება, შეუძლია იკითხოს რწმენით, უნდა აიყვანონ შვილი თუ არა და მზად იყვნენ, მიიღონ პასუხი, მაშინაც კი, როცა მათ მიერ დაწერილ სცენარში სასწაული დაბადება იყო ჩაწერილი.

უფროსი ასაკის წყვილმა, შესაძლოა, იკითხოს, დადგა თუ არა მათთვის მისიაში მსახურების დრო და თუ არიან მზად, იმსახურონ, თუმცა მათ მიერ დაწერილ სცენარში ეწერა, რომ უფრო დიდ ხანს უნდა დარჩენილიყვნენ სამუშაო ადგილზე. ან იქნებ პასუხი იქნება: „ჯერ არა“ და ისინი მოგვიანებით წაიკითხავენ თავიანთ ისტორიაში, რატომ იყო საჭირო მათთვის ცოტა მეტი ხნით შინ დარჩენა.

მოზარდმა გოგომ ან ბიჭმა შესაძლოა იკითხოს რწმენით, არის თუ არა სპორტი, სწავლა ან მუსიკა ყველაზე ფასეული რამ და მზად იყვნენ, მიიღონ სრულყოფილი მოწმის - სულიწმინდის კარნახი.

რატომ გვსურს, მხსნელი იყოს ჩენი ისტორიის მიზეზი და სრულმყოფელი? რადგან მან სრულყოფილად იცის ჩვენი პოტენციალის შესახებ, იგი ისეთ ადგილას მიგვიყვანს, რომელსაც ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით. იგი დავითად ან ესთერად გვაქცევს. იგი წინ წაგვწევს და განგვწმენდს, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ მას. როცა მეტი რწმენით ვიმოქმედებთ, ჩვენი მიღწევები გაგვიზრდის იესო ქრისტეში რწმენას.

დებო და ძმებო, სულ ერთი წლის წინ ჩვენმა ძვირფასმა წინასწარმეტყველმა გვკითხა: „ თქვენ თანახმა ხართ, მიანდოთ ღმერთს პირველობა თქვენს ცხოვრებაში?… თანახმა ხართ, საკუთარ ამბიციებზე ზემოთ დააყენოთ ის, რისთვისაც მას სჭირდებით?6 მე მორჩლად ვამატებ წინასწარმეტყველის ამ კითხვებს: „თანახმა ხართ, ღმერთი იყოს თქვენი ისტორიის მიზეზი და სრულმყოფელი“?

გამოცხადებაში ვსწავლობთ, რომ ჩვენ დავდგებით ღმერთის წინაშე და განვიკითხებით ჩვენი ცხოვრების წიგნის მიხედვით, ჩვენი ქმედებების თანახმად.7

ჩვენ ჩვენი ცხოვრების წიგნის მიხედვით განვიკითხებით. შეგვიძლია ვარჩიოთ, დავწეროთ საკუთარი კომფორტული სცენარი. ან დავრთოთ ნება ოსტატ შემქმნელსა და დამგვირგვინებელს, ჩვენთან ერთად დაწეროს ისტორია, ამით მივცეთ მას ნება, შეგვასრულებინოს მის მიერ ჩვენთვის გამიზნული როლი, რაც სხვა ამბიციებზე უფრო პრიორიტეტული გახდება ჩვენთვის.

დართეთ ნება ქრისტეს, იყოს თქვენი ისტორიის მიზეზი და სრულმყოფელი!

დაე, სულიწმინდა იყოს თქვენი მოწმე!

დაწერეთ ისტორია, სადაც გზა, რომელზეც იმყოფებით, სწორია და მას მიჰყავხართ უკან, ზეციურ სახლში, ღმერთის გარემოცვაში საცხოვრებლად.

დაე, გასაჭირი და ტანჯვა, რაც ყოველი კარგი ისტორიის ნაწილია, იყოს ის, რაც დაგაახლოვებთ და უფრო მეტად დაგამსგავსებთ იესო ქრისტეს.

მოყევით ისეთი ისტორია, რომელშიც თქვენ აღიარებთ, რომ ზეცა გახსნილია. დასვით ისეთი კითხვები, რომლებზეც არ იცით პასუხები, იცით რა, რომ ღმერთი მზად არის, გამოგიცხადოთ თავისი ნება სულიწმინდის მეშვეობით.

დაე, თქვენი სცენარი ეყრდნობოდეს რწმენას და თქვენს მისაბაძ მაგალითს, მხსნელ იესო ქრისტეს. იესო ქრისტეს სახელით, ამინ.

ამობეჭდვა